საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამართალდაცვით სფეროში ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით აღნიშნული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელთან - პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ვახტანგ გომელაურმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი მიმართულებები და ევროკავშირის სააგენტოებთან წარმატებული ურთიერთობა განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა პაველ ჰერჩინსკის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა რეფორმირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - აშოტ სმბატიანთან, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგა.
ვახტანგ გომელაურმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
 
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა.
თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. ამ დრომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა.
აღნიშნული უფლება ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან მიიღო.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრს, დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.
2020-2021 წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ძირითადი დატვირთვა ქოლ-ცენტრებსა და მომსახურების ცენტრებზე განხორციელდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და უმოკლეს დროში მოახერხა ახალ გარემოებებთან ადაპტირება.
"112"-ის მიზანია სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი რესურსის გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით.
პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც სახელმწიფო სექტორის უწყებებს და კერძო კომპანიებს, ასევე, უშუალოდ ქოლ-ცენტრებში დასაქმების მსურველ კერძო პირებს. ტრენინგის დასრულების შემდგომ, მსმენელებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.
პროგრამას განახორციელებენ „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები. „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს შეიქმნა და დღემდე 8000-მდე პირი გადამზადდა, მათ შორის მომიჯნავე სამსახურების წარმომადგენლები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 4 პირი.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.ი. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 ვაზნა ამოიღეს.
 
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1983 წელს დაბადებული ი.ბ. ახალქალაქში დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღო.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.კ, ჩოხატაურში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციის მიერ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 ვაზნა.
 
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საქართველოს პრეზიდენტმა გუდაურის ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, ჯანდაცვის მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
„პირველ რიგში, მინდა მივესალმო დაღუპული გმირების ოჯახებს, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ეს არის არა მხოლოდ თქვენი, არამედ ეს არის ქვეყნის მწუხარება.
მინდა მივესალმო შს მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას.
ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა ბოლომდე გაწირავ თავს იმისთვის, რომ გადაარჩინო სხვა. ეს, ალბათ, არის უმაღლესი ღირსება ადამიანის, როცა შეგიძლია სხვისი სიცოცხლისთვის თავი გაწირო. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს თანადგომა აღუთქვა.
ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა გარდაცვლილი თანამშრომლების დაჯილდოებისთვის. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს, უწმინდესსა და უნეტარესს - ილია II-ს, პატრიარქის თანამოსაყდრეს - მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს თანადგომისთვის.
„ამ ოპერაციის დროს 8 ადამიანი დაიღუპა - 4 მფრინავი, 2 მაშველი და 2 ექიმი, რომლებიც ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას. ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება იყო, სამაშველო ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დამთავრდა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირები, პროფესიონალები.
მინდა კიდევ გავიმეორო, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, თუ რამით შეიძლება, ცოტათი მაინც რომ შეგიმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი. დღევანდელი ღონისძიებაც ზუსტად ამის გამოძახილია და მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, ქალბატონო პრეზიდენტო. ეს არის დიდი დაფასება ყველასთვის, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას სახელით. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს გვერდში დგომისთვის, დაფასებისთვის. აგრეთვე, მინდა უღრმესი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გვერდში დგომისთვის, იმ ტკივილის გაზიარებისთვის, მეუფეებს, მეუფე შიოს და სრულიად საპატრიარქოს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის".
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა ​თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან - ნიკოლ დე მურთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
ვახტანგ გომელაურმა სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების თაობაზე.
თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული საქმიანობა ე.წ. გასვლის კონტროლის მექანიზმის ეფექტიანი განხორციელების კუთხით, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციას. ამასთანავე, ნიკოლ დე მურმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები დასახეს.
ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს დელეგაცია ასევე ესტუმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ადგილზე გაეცნობა მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერებს არსებულ ინფრასტრუქტურას.