შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - "Airbus Helicopters"-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ.
საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია "H145"-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს. "Airbus"-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 26 500 000 ევროს შეადგენს.
ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.
"H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
"H145" წარმოადგენს "Airbus"-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი - ბ.კ. დააკავეს.
 
 
 
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო.
 
 
ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1999 წელს დაბადებული ი.ჯ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ბრალდებული თავს დაესხა საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალს, იარაღის მუქარით თანხა გასტაცა ბანკის თანამშრომელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დელეგაცია, საზღვრის დაცვის უფროსის - გენერალ გუნტის პუატსის ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ შარაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე.
 
შეხვედრაზე ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს საქართველოში ახლად დანიშნული მიგრაციის მეკავშირე ოფიცერი - რაიტის ტილიკსი წარუდგინა.
 
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. გიორგი ბუთხუზმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ლატვიის რესპუბლიკასთან არსებულ ეფექტიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მან, ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საზღვრის დაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მაღალ დონეს და დელეგაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა აღნიშნულ სფეროში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.
 
ვიზიტის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა - ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს პარტნიორობის ხელშეკრულებას - „ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიციას შორის თანამშრომლობის შესახებ“.
 
დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსაც ეწვივნენ, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინფორმაცია მიიღეს პოლიციის შესაბამისი დანაყოფების საქმიანობის შესახებ.
 
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი უწყების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამავე ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი, თავიდან მოშორების მიზნით, ავტომობილის ფანჯრიდან გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1984 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული კ.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო: გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ვაზნა და ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა", ხოლო კ.ჭ.-ის საცხოვრებელი სახლის და ეზოში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და გამომშრალი „მარიხუანა“.
 
ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, სახელმწიფო ნაკრძალში უკანონო ნადირობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 ვაზნა, სანადირო თოფი, აგრეთვე, ბრალდებულის მიერ ნანადირევი იშვიათი ჯიშის კავკასიური ჯიხვი.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.თ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 1 ვაზნა.
 
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1978 წელს დაბადებული მ.დ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 66 ვაზნა.
 
რაც შეეხება 1969 წელს დაბადებულ რ.ი.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რ.ი.-ს მიერ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და 8 ვაზნა.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე და 301-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე, სამუშაო ვიზიტით, ისრაელს ესტუმრა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
 
ვიზიტის ფარგლებში, შალვა ბედოიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელთან - იაკოვ შაბთაისთან. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
 
რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას, მას მსოფლიოს 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კონფერენციას ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი მასპინძლობდა.
 
ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მასების მართვა, ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლა, საზღვრის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა.
 
კონფერენციის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ისრაელის ეროვნული პოლიციის ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მათ როლს სამართალდამცავ ორგანოებში არსებული გამოწვევების დაძლევაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე, ქალაქ ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლებში.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა საჭირო და აქტუალურ თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, აგრეთვე, მართლწესრიგთან დაკავშირებით.
 
შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია "ემეგობრე პოლიციას" სექტემბერში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში უკვე ჩატარდა, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გამართა.
 
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა - გიგი ბრეგაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - მიხეილ სარჯველაძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელმა - ნინა ხატისკაცმა.
 
აღნიშნულ კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეაჯამეს ის საქმიანობა, რომელიც უწყებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. ასევე, შსს-ში შშმ პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა ისაუბრებს საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობასა და მათ ჩართულობაზე სამინისტროს სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.
 
ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.
 
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ახორციელებს სისტემურ პოლიტიკას და მიზნობრივ ღონისძიებებს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. სამინისტრომ შესაბამისი სამოქმედო გეგმები დაამტკიცა როგორც 2021 წელს, ასევე, 2022 წელს.
 
ამასთან, სამინისტროსთან შექმნილი შშმ პირთა საკონსულტაციო ჯგუფი უზრუნველყოფს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში მათ არსებით მონაწილეობას.
 
პროექტი - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ეფექტური აღსრულების ხელშეწყობა" - 2022 წლიდან, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შვედეთის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილე, შში ციაო.
მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა.
ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჭოუ ციენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ახალდანიშნულ ხელმძღვანელთან – ქერენ ჩეისონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერის მნიშვნელობას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურის განახლების, სანაპირო დაცვის ოპერატიული გაძლიერების და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარების მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პერიოდული და მიზნობრივი სწავლებების გამართვის მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ქერენ ჩეისონმა მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა სასაზღვრო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, როგორც სექტორების მშენებლობის, ასევე, ექსპერტული დახმარების გზით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა EXBS-ის ხელმძღვანელს წლების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.