შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) მიერ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიშის განხილვაში.
მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 84-ე სესიაზე განხილულ იქნა ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიში.
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში - ნიკო თათულაშვილი, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღნიშნულ განხილვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე.
ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტს ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ეროვნულ დონეზე კონვენციის იმპლემენტაციის მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ გადადგმულ იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომლებიც ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე, საკუთარი ძალებით და რესურსით, საინჟინრო დაბრკოლების ღობურებისა და ელექტრონული სასიგნალო სისტემების მონტაჟი განახორციელა.
 
ელექტროსიგნალიზაციის ღობურა წარმოადგენს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას სამართალდამრღვევ პირთა გადაადგილების შესაზღუდად შექმნილ დამაბრკოლებელ საშუალებას, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო სექტორს წინმსწრებად აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დასაცავი მონაკვეთის კონკრეტულად რომელ უბანზე მოხდა სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ან დარღვევის მცდელობა.
 
საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები დამონტაჟდა ბათუმის, ახალციხის და წითელი ხიდის სამმართველოების დასაცავ მონაკვეთებზე.
 
სახმელეთო საზღვრის დაცვის ელექტრონული ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება აძლიერებს და კიდევ უფრო ეფექტურს ხდის სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
გასულ ღამეს, თურქეთში, ქალაქ ადიამანში რამდენიმე საათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან, კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ.
ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის
ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში.
ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.
ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან.
60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს.
ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არსებითი განხილვის შედეგად, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზეც, ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა პატრულ-ინსპექტორ გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტვ "პირველის" მიერ პატრულ-ინსპექტორის - გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე, ტელეეთერში სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაავალა.
2021 წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "პირველმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი ფოტოსურათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სიუჟეტის ავტორს განუმარტა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ფლობდა.
სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო მცდარი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან - 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს, უწყება გვერდში დაუდგეს და დახმარება აღმოუჩინოს ადგილზე მომუშავე კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.
 
„ბატონო მინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
 
 
ამ მძიმე წუთებში, მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა. აქვე მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი უწყების მზაობა, გვერდში დავუდგეთ და დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილზე მომუშავე ჩვენს კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას და ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს“, - აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ფაზა 2“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
 
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ადამიანის უფლებების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა და ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში - აგატა ნიბოიმ.
 
სიტყვით გამოსვლისას, მათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს და სამომავლოდ პროექტის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შეაჯამა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროში მოქმედი შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის ეფექტურობას, ასევე, შსს-ს აკადემიაში დანერგილი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და კომუნიკაციის სტანდარტების სასწავლო მოდულისა და აღნიშნული მოდულის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კასკადური გადამზადების მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აგრეთვე ისაუბრა შშმ პირთა სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობისა და სხვა რელევანტურ საკითხებზე ჩატარებული სწავლებების პოზიტიურ შედეგებზე.
 
ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს განვითარების პროგრამას, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.
 
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.