შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
 
სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა (SCOPE) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით არაერთი პრევენციული საპოლიციო ღონისძიება ტარდება, რათა დროულად მოხდეს სამართალდარღვევის თავიდან აცილება და აღკვეთა. აქედან გამომდინარე, უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას, მოზარდებთან თანამშრომლობის და სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის გზით.
 
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელმა - სარა რუპერტმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა.
 
SCOPE პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებს შორის დანაშაულის შემცირება და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხოლო კონფერენციის მიზანი იყო განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეფასება.
 
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, სკოლის, საზოგადოების და პოლიციის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მხარეები არასრულწლოვანთა მიმართ/მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციის მიზნით ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ.
 
კონფერენციის დასასრულს, პროგრამაში ჩართულ სამართალდამცველებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დილბარო მანსური ხელმძღვანელობს.
ვიზიტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანია მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე საქართველოს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო საქართველოში მოქმედი თავშესაფრის სისტემა, ასევე ესაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე.
დილბარო მანსურიმ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის მხარისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და მზაობა გამოთქვა, მომავალშიც გაგრძელდეს მხარეთა შორის თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. მინისტრის მოადგილემ პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობაში საქმიანობის გაგრძელება მიულოცა.
ვაჩიანში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. ვაჩიანის პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 19 სოფელსა და 11 000-მდე მოქალაქეს მოემსახურებიან.
ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე, თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახი და სპორტული დარბაზი.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, უწყების დანაყოფებისთვის არაერთი ახალი შენობა აშენდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები იზრდება. მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, 20:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ამის შესახებ უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართება.",-  ნათქვამია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში 4 პირი დააკავეს.

 

1983 წელს დაბადებული ნ. ჯ. (მეტსახელად „ჯოჯიკა“), 1983 წელს დაბადებული გ. ა. (მეტსახელად „მავნე“) და 1977 წელს დაბადებული ვ. დ. "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არის დაკავებული. ხოლო, 1997 წელს დაბადებული ა.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.

 

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრი ნ. ჯ. და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი გ.ა., „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა.

 

ბრალდებულებმა, აღნიშნული დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თბილისში მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ - ოთარ კვარაცხელიას ძმა, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც ესწრებოდა.

 

,,ქურდული გარჩევის“ დროს, ნ.ჯ-მ და ვ.დ.-მ, დაშინებისა და ზემოქმედების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს.

 

ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებულებმა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს მოსთხოვეს ამავე კომპანიაში არსებული თავისი წილის ნახევრის ნ. ჯ.-ის სახელზე გადაფორმება, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.

 

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი, 8640 აშშ დოლარი, „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა და ნარკოტიკული საშუალება.

 

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინრასტრუქტურული და სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების, ასევე საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა.
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ცენტრი მოადგილეებთან ერთად გახსნა. ცენტრის გახსნას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - მიხეილ შაყულაშვილი და გორის მერი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
 
დღეიდან, შიდა ქართლის მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, „ერთი სარკმლის“ პრინციპით, ერთ სივრცეში მიიღებს, მათ შორის: ავტომობილი მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.
 
საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
 
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტი, ეტაპობრივად სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და აჭარაში 5 პირი დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1980 წელს დაბადებული მ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მ.გ. ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 11 ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით არის დაკავებული 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად, გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კუსტარული წესით დამზადებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.ღ. დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. სამართალდამცველებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „აკ 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 100 ვაზნა, 3 მჭიდი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, ასევე, „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ 1989 წელს დაბადებული ა.ბ. აღნიშნული დანაშაულისთვის ხელვაჩაურში დააკავა. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის შემოწმების შედეგად, რევოლვერები, 12 ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დეტალები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ზუგდიდის შემდეგ, იმერეთის რეგიონში, ქუთაისის 4 სხვადასხვა სკოლაში: აკაკი წერეთლის სახელობის N1, იოსებ ოცხელის სახელობის N2, ასევე, N30 და N32 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გამართეს.
 
 
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით ​შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ თემებზე. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებზე, ნაადრევი ქორწინების, მისი ზიანისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე, ბულინგის, ორგანიზებული დანაშაულის და ძალადობის სხვადასხვა ფორმის თაობაზე.
 
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოზარდებს საგანგებო სიტუაციებისას ქცევის წესები განუმარტეს, ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებმა მათ აუხსნეს, რა შემთხვევაში უნდა დარეკონ 112-ზე და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
 
კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება. საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები და სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე რეგიონში გაიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე.
 
 
ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
 
შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნული შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი წარუდგინა.
 
ვახტანგ გომელაურმა და შალვა ბედოიძემ შიდა უსაფრთხოების ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები რეგიონების სხვადასხვა სკოლაში. სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბათუმის შემდეგ, სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, აკაკი წერეთლის სახელობის N1, მერაბ კოსტავას სახელობის N2, ასევე, N3, N4 და N9 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით ​შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება გუშინ რუსთავში დაიწყო და ყველა დაინტერესებულ ადამიანს დღესაც შეუძლია, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ესტუმროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საგამოფენო სივრცეებს.
საზოგადოებრივი საინფორმაციო-შემეცნებითი ღონისძიებები და სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.