ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.
ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა.
საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.
ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.
მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი.
ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება. ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კოორდინირებულად ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ დროისთვის, სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1200 ადამიანი.
ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.
ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი საბრძოლო მასალის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.
 
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში, ე.წ. "საოკუპაციო ხაზთან", სადაც განთავსებულია გამაფრთხილებელი ბანერები, ლითონის ორ ცალ ბოძზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღმოჩენილი იქნა სავარაუდო საბრძოლო მასალა “F-1” ტიპის მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა.
 
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოძიების პროცესში, გამნაღმველების მონაწილეობით მოხდა, "F-1" ტიპის მსგავსი, ე.წ. "სტრაიგ ბოლის" სასწავლო-ხმოვანი, პლასტიკური კორპუსის მქონე ხელყუმბარების ამოღება, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით, გამნაღმველების მიერ ადგილზევე იქნა განადგურებული.
 
საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით გრძელდება.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი ესტუმრა. ელჩს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით თამაზაშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, დავით თამაზაშვილმა სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მჭიდრო თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
 
დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შეუძლიათ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://hr.police.ge
 
 
კონკურსი გამოცხადდა პატრულ-ინსპექტორის 47 ვაკანტურ თანამდებობაზე, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე კონტროლიორი) 38 ვაკანტურ თანამდებობაზე და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60 პოზიციაზე.
 
 
პატრულ-ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე:
 
▶️ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 22 ვაკანსია;
▶️ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 2 ვაკანსია;
▶️ ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 3 ვაკანსია;
▶️ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 4 ვაკანსია;
▶️ კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 1 ვაკანსია;
▶️ იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 3 ვაკანსია;
▶️ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 5 ვაკანსია;
▶️ გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 2 ვაკანსია;
▶️ აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 5 ვაკანსია.
 
 
პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ვაკანტურ თანამდებობაზე:
 
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახური – 35 ვაკანსია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (დარიალი) – 2 ვაკანსია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება) – 1 ვაკანსია.
 
 
მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) პოზიციაზე:
 
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (ქუთაისის აეროპორტი) – 20 პოზიცია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (დარიალი) – 8 პოზიცია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური – 20 პოზიცია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს სამსახური – 12 პოზიცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ​ ვაჰე ღაზარიანს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც სავაჭრო ცენტრ “სურმალუში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მწუხარება გამოთქვა.
ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას თანადგომა გამოუცხადა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება 14 აგვისტოს, ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან დაკავშირებით.
ნება მომეცით, ამ მწუხარების ჟამს მოგმართოთ თქვენ და სომეხ ხალხს, რათა გამოვხატო თქვენდამი უდიდესი პატივისცემა და თანადგომა. მინდა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო", - წერს ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
 
დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ.
 
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
 
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს და ნარკოტიკული საშუალება "4-CMC"-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა -შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022"-ში გამარჯვებულ თანამშრომლებს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ოქროსმედალოსან სამართალდამცველებს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
 
"პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში, გაიმართა.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონები გახდნენ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კალანდაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა - კობა კობახიძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - ლევან გილიგაშვილმა ძალისმიერ წოლჭიმში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ოქროს მედლები მოიპოვეს.
 
პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, ძიუდოს სახეობაში გაიმარჯვა და ასევე ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - გიგა ბერიაშვილი.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი - ადამურ არქანია კი მკლავჭიდში 2 ოქროს მედალს დაეუფლა.
 
"პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022"-ში გამარჯვებული ქართველი სამართალდამცველები არაერთი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის პრიზიორები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.