შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ მარნეულში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 დაბადებული ა.ი. ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ა.მ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში

ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა - ვაჰე ღაზარიანმა უმასპინძლა.
 
შეხვედრის დაწყებამდე, ვახტანგ გომელაურმა, დელეგაციის წევრებთან და სომხეთის პოლიციის უფროსთან ერთად, გვირგვინით შეამკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების მემორიალური კედელი.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებიან მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი.
 
ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისათვის მზაობა გამოთქვეს. ვახტანგ გომელაურმა და ვაჰე ღაზარიანმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სომხეთის ახლად შექმნილ საპატრულო სამსახურს წარმატებები უსურვა.
 
შეხვედრის დასასრულს, სომხეთის პოლიციის უფროსის - ვაჰე ღაზარიანის ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური და საქართველოს დელეგაციის წევრები დაჯილდოვდნენ მედლით - „თანამშრომლობის გაძლიერებისათვის“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს - ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის.
 
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით.
 
"რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო ვერ შევძელი მასთან შეხვედრა. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართული მთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე გასული წელი შევაჯამეთ. მანამდე, რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ცოტა ხნის წინ სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და კანონის უზენაესობის დასაცავად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
 
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობა უსურვა.
 
ვახტანგ გომელაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს - ვაჰე ღაზარიანს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა სომხეთის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
ვახტანგ გომელაურმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის ხელმძღვანელებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავა, ქუთაისში კი 3 არასრულწლოვანი ამხილა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს.
რაც შეეხება მხილებულ პირებს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი - 2007 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული ლ.მ. და 2008 წელს დაბადებული ს.მ. ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, 5 ავტომანქანა გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა სამივე არასრულწლოვანი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოთში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, ხოლო ქუთაისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.თ. ქუთაისში დააკავეს. მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.
 
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 30 იანვარს, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში პისტოლეტის მუქარით ფარმაცევტებს დაახლოებით 300 ლარის ოდენობის თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღური გზით დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
 
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
 
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
რაც შეეხება ა.ლ.-ს, პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს.
 
1973 წელს დაბადებული შ.ა.-ს, 1975 წელს დაბადებულ ბ.შ.-ს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს - 1988 წელს დაბადებულ ა.გ.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევ პირებს: 1993 წელს დაბადებული ე.ა.-ს და 1994 წელს დაბადებული ე.ჯ.-ს ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო 1990 წელს დაბადებული გ.კ., უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ე. ს., 1980 წელს დაბადებული თ. ს. და 1960 წელს დაბადებული ი. დ. ნარკორეალიზაციისთვის არიან დაკავებული.
 
დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის", „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
 
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", 5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით, ნარკოტიკული საშუალება "ლიზერგიდის" (LSD) შემცველი 300 ფირფიტა, 5 კილოგრამამდე "მარიხუანა", ნარკოტიკული საშუალება “ამფეტამინი”, ასევე, 35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება "პსილოცინის" შემცველი სოკო.
 
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების "ა" ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1961 წელს დაბადებული გ. მ.
 
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 იანვარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თანასოფლელს - 1985 წელს დაბადებულ გ. ჩ.-ს.
 
​პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღო.
 
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს.
 
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა - ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს - 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა.
 
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა.
 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.