შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში - კაორი იშიკავამ გახსნეს.
ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგისა და გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიმართულების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც თანაბარი შესაძლებლობებისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უკანასკნელ წლებში უწყების მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლის კვალდაკვალ, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სისტემაში ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის გასატარებლად, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის დანერგვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სამუშაო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევისათვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა - „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტი“.
პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.
სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 5 პირი ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები არიან:

 
1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.
 
1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.
 
1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.
 
1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.
 
1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.
 
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1974 წელს დაბადებული კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან - როზარია პუგლისთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე -პირიტ პიკერი და ახალდანიშნული სამხედრო მეკავშირე ოფიცერი რუშენ აბიდინოღლუ.

ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისათვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ.
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა სექსუალური ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ განსახორციელებელი რეაგირების სტანდარტებზე, პოლიციაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე და გამოწვევებზე. მან ასევე ხაზი გაუსვა, მართლმსაჯულების განხორციელებისას, სექსუალური ძალადობის დანაშაულების სპეციფიკური ბუნების გათავისების აუცილებლობას და ასეთი კატეგორიის საქმეებზე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენების მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სექსუალურ ძალადობაზე სათანადო სამართალწარმოების განხორციელება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ, სამინისტროში უკვე გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე წელს სექსუალური ძალადობის ეფექტიანი გამოძიების წარმოების თაობაზე განხორციელებული გამომძიებელთა სპეციალიზაცია, რომლის ფარგლებშიც სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულის 232 პოლიციელს სპეციალიზებული გამომძიებლის სტატუსი მიენიჭა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წელსაც უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევის პროცესში. აღნიშნული შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ბ.თ.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას - დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული - ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, სიმაღლიდან გადაგდების მიზნით, ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე.

კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1 დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული, ხოლო ს.გ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ბ.თ.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას - დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული - ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, სიმაღლიდან გადაგდების მიზნით, ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე.

კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1 დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული, ხოლო ს.გ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ნოემბერში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვა უბნებში 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული არიან: 1989 წელს დაბადებული გ. ა., 1978 წელს დაბადებული დ. ვ., 1978 წელს დაბადებული თ. ი., 1981 წელს დაბადებული ბ. ც., აზერბაიჯანის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული შ. ა., .1982 წელს დაბადებული ა. ე., 1984 წელს დაბადებული ს. ც., 2004 წელს დაბადებული ე. კ., 2004 წლს დაბადებული ნ. გ. 2000 წელს დაბადებული ნ.დ. ხოლო 2 პირი - 1982 წელს დაბადებული ა. დ., 1988 წელს დაბადებული ვ. ჟ. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას.
 
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ბუპრენორფინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
 
პოლიციამ, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ვ.ჟ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 99 აბი, ხოლო ა.დ.-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შემცველი 30 აბი, ,,ამფეტამინის“ შემცველი 10 აბი და 19 გრამამდე ნარკოტიკულ საშუალება ,,კოკაინის“ შემცველი ნივთიერება.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს აკადემიის თანამშრომლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე გადამზადების კურსი ჩაუტარდათ.

ტრენინგს პოლონეთის ქალაქ კრაკოვის საპოლიციო და სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

სწავლების თეორიული ნაწილი შსს-ს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე რეაგირება და დაშავებული პირებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა; პოლონეთის გამოცდილება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით; საპოლიციო საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; საგზაო შემთხვევის დროს კოორდინაცია საპოლიციო და სამაშველო დანაყოფებს შორის და სხვ.

სწავლების დახურვის ღონისძიებას პოლონეთის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი საქართველოში, შსს-ს აკადემიის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტრენინგი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების, საქართველოს საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერებისთვის“ - ფარგლებში ჩატარდა.