18 დეკემბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: გულუას ქუჩა N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებულ უწყებათაშორის სწავლებაში - "საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედებისა და დაგეგმარება."
სწავლების დახურვის ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სერტიფიკატები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ - საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები.
ხუთდღიანი სწავლება მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების დროს უწყებათშორისი კოორდინაციის მექანიზმების დახვეწას, ინციდენტებზე რეაგირების, რისკების შეფასებისა და მასთან ასოცირებული პროცედურების შესახებ ამერიკული გამოცდილების გაზიარებას. ტრენინგის აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ მოწვეული ამერიკელი ექსპერტები უძღვებოდნენ.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზაციული მოდელები, ფართომასშტაბიანი ინციდენტების მართვა, ოპერაციების დაგეგმვა,: უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება და სხვ.

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული 8 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

სამების საკათედრო ტაძარში მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 5 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.
ვაჟა სირაძემ სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს და დელეგაციის წევრებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობა, განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების ავტომობილები და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. სომეხმა სამართალდამცველებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრიც მოინახულეს, სადაც იმ სერვისებს გაეცნენ, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს „ერთი სარკმლის პრინციპით“ შეუძლიათ.
ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი და დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს და შსს-ს აკადემიას ეწვევიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი - ვაჰე ღაზარიანი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვაჰე ღაზარიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მდებარე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე და ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, ხოლო სომხეთის დელეგაციის მხრიდან: პოლიციის უფროსის მოადგილეები, ერევნის პოლიციის უფროსი და სხვა დანაყოფის უფროსები დაესწრნენ.

სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს, შსს-ს აკადემიას ესტუმრებიან და მათი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში - კაორი იშიკავამ გახსნეს.
ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგისა და გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიმართულების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც თანაბარი შესაძლებლობებისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უკანასკნელ წლებში უწყების მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლის კვალდაკვალ, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სისტემაში ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის გასატარებლად, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის დანერგვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სამუშაო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევისათვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრს მიენიჭა უფლება, განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა - „საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების სპეციალისტი“.
პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდგომ, მსმენელები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ, პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.
სასწავლო ცენტრს შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე, ამ მიმართულებით მომსახურებას უწევს მომიჯნავე სამსახურებსა და სხვა ორგანიზაციებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 5 პირი ბათუმში დააკავეს.

დაკავებულები არიან:

 
1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა.
 
1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი.
 
1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა.
 
1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა.
 
1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი.
 
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1974 წელს დაბადებული კ. ქ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე კ. ქ. თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან - როზარია პუგლისთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე -პირიტ პიკერი და ახალდანიშნული სამხედრო მეკავშირე ოფიცერი რუშენ აბიდინოღლუ.

ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.