გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით.
 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა.
 
აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა.
 
დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი უნგრეთში გრძელდება.
უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა უმასპინძლა.
უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურსა და მის უნგრელ კოლეგას შორის ასევე შედგა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) ბირთვული უსაფრთხოების საკითხების მდივნის მოადგილესა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან - ჯილ ჰრუბისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწეული შედეგები, განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში შესაძლებლობების გაძლიერება სამინისტროსთვის, როგორც ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებელი უწყებისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
მან ასევე ისაუბრა ქბრბ მასალების გამოვლენისა და საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების მიმართულებით საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომუშავე დანაყოფების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ჯილ ჰრუბიმ მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ - სეიფულლა ჰაჯიმუფთუოღლუსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - პაველ ჰერჩინსკისთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის სამეფოს, ესტონეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის სამეფოს ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხი განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აქტიურად საქმიანობს, ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინაციის გზით, ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფებისა და სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 500-მდე მოსწავლეს შეხვდნენ.


საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვობის ასაკში ქორწინება და საზიანო პრაქტიკები, არსებული გამოწვევები, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები. ასევე, მოსწავლეებთან ყურადღება გამახვილდა ამ კატეგორიის დანაშაულების აღმოფხვრის თვალსაზრისით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიციისადმი მომართვის გზებსა და საშუალებებზე.


კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განთავსდა საინფორმაციო ხასიათის პოსტერები. პოსტერებზე ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციაა დატანილი.
კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მეოთხე წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით იმართება. მისი მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილებები, კანონით განსაზღვრულ ვადაში, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.police.ge - ზე გამოქვეყნდება.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გამოტანილი დადგენილება ან გადაწყვეტილება, მოქალაქეს რეგისტრირებულ ან განცხადებაში მითითებულ მისამართზე გაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ პირს, დადგენილება ან გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდება, ბრუნდება ფოსტაში და არაუგვიანეს 60 დღისა, განმეორებით იმავე მისამართზე გაეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
ინფორმაცია დადგენილება/გადაწყვეტილების შესახებ, გამოქვეყნებისთანავე პირს მის მიერ განცხადებაში მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაეგზავნება.
გადაწყვეტილება პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა საქართველოს ბიზნესის ჩემპიონთა სუპერლიგის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და გამარჯვება მოიპოვა.
დასკვნით მატჩში ერთმანეთს სამინისტროს საფეხბურთო გუნდი და „კროკობეთი“ დაუპირისპირდნენ.
დაძაბული თამაშის შემდეგ, სამინისტროს თანამშრომლებმა ანგარიშით 4:3 გამარჯვება მოიპოვეს.
გუნდებს შორის შეხვედრა უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობის" ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად, მედიის წარმომადგენლებთან ბავშვთა საკითხების გაშუქების თემაზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა - ქეთი კოვზიაშვილმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ფონდის გენდერის ანალიტიკოსმა - მარიამ ბანძელაძემ.


ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრხოების მართვის ცენტრის "112"-ის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით უწყების მიდგომებსა და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე. ასევე, დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა წლების მანძილზე, სამინისტროს მიერ პრევენციისა და ბრძოლის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და კამპანიის ეტაპზე დაგეგმილი აქტივობების, "112"-ის აპლიკაციისა და ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესის შესახებ.
ჟურნალისტებს, განხორციელებული საქმიანობისა და სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა - მერი მაღლაფერიძემ.


შეხვედრას სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე და მორეაგირე ყველა შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


შეხვედრის მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული კომუნიკაციის სტანდარტები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში.


ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართულობით და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
UNFPA საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად უკვე მეოთხე წელია ახორციელებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ კამპანიას, რომლის მთავარი მიზანია არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე ორიენტირებულ ერთკვირიან მრავალეროვნულ საველე სწავლებას მასპინძლობს. წვრთნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნის და რეაგირების პროგრამის "PPRD East 3"-ის ფარგლებში ხორციელდება და როგორც საშტაბო, ასევე საველე კომპონენტებს მოიცავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სწავლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა სწავლების შინაარსსა და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
PPRD ევროკავშირის ტექნიკური ექსპერტული დახმარების პროექტს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე რეაგირებისა და მზადყოფნის დონის ამაღლებაა.
PPRD პროექტში საქართველოსთან ერთად, მთავარი ბენეფიციარი ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი და სომხეთი არიან.