საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს.

26 მაისისთვის მზადების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ადგილზე გაეცნო.

ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება, 14:00 საათიდან დაიწყება. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში უმასპინძლებს.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ, 14:00 საათიდან დაიწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
 
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები:
 
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია, ქალაქში მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულებაში დაეხმარებიან;
 
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას შესთავაზებს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ;
 
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ოთახი, სადაც ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ ნივთმტკიცებები და მენტორებთან ერთად მოახდინონ მისი ამოღება და სწორად დალუქვა;
 
  • მომსახურების სააგენტო პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლებს და მათ ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შესთავაზებს. მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც სააგენტოს თანამშრომლები სტუმრებს ონლაინ სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
 
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს საინფორმაციო-შემეცნებით შოუს მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით, ასევე ბავშვებისთვის მოეწყობა „დაბრკოლებათა ზოლი“, საცოცი კედელი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა;
 
  • სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც სანაპირო, ასევე სახმელეთო სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით;
 
  • დაცვის პოლიცია პატარა სტუმრებისთვის მოაწყობს იმიტირებულ დაცულ სახლს და მათ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას შესთავაზებს, რომელიც მოიცავს ხატვისა და ძერწვის სახალისო გაკვეთილებს. მენტორების დახმარებით ბავშვები მოირგებენ დაცვის პოლიციის აღჭურვილობას და პოლიციელის ფუნქციას შეასრულებენ;
 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს იმიტირებულ თეორიულ გამოცდას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუმრები ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილ სივრცეში გადაინაცვლებენ;
 
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსთან - რაჟდენ კუპრაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე - თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მუდმივად ხდება ანტიკორუფციული მიმართულებით თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
23 მაისს, 00:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.
ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.
მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით.
ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.
საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.
27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ახობაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელის სახელმწიფოში და მადლიერება გამოხატა ისრაელის მხარის მიმართ ქართველი პოლიციის ატაშეს მიღებაზე გამოხატული მზაობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში იაკოვ შაბთაიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა საქართველოსთან განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავეს.
 
2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
 
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
 
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 57 ვაზნა ამოიღეს.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნ.ლ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ა., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავეს.
 
პოლიციამ ნ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო ვ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და ვაზნა.
 
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. ლ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა.
 
 
ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ტ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, კარაბინი და ოპტიკური სამიზნე ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
 გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ს.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა. 1959 წელს დაბადებული ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ ამოიღო 2 სანადირო თოფი, "ეკოლის" სისტემის პისტოლეტი, კარაბინის სისტემის თოფი, სანადირო თოფის ლულა, კარაბინის თოფის 3 ვაზნა, საზენიტო იარაღის ვაზნა, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 14 ვაზნა. 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი, დანა ქარქაშით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 43 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება 1978 წელს დაბადებული გ.ქ.-ს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ხელყუმბარა.
 
 
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული რ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და ფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რევოლვერი, სანადირო თოფი და 23 ვაზნა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს, მესტიის რაიონული სამმართველოს და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი - 1976 წელს დაბადებული გ.ა. და 1976 წელს დაბადებული მ.ჭ. დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 118 ვაზნა. მ.ჭ.-ს სახლიდან საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია შაშხანა, 6 მჭიდი, ხელყუმბარა, პისტოლეტი და 123 ვაზნა.
 
 
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ვახტანგ გომელაურმა პარკში მდებარე მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-ს დანაყოფებმა „ექსპო ჯორჯიაში“ ინფორმაციული და გასართობი აქტივობები გამართეს. ადგილზე მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სიმულაციურ და შემეცნებით თამაშებში, გაცნობოდნენ დანაყოფების საქმიანობასა და სპეციალურ აღჭურვილობებს.
 
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიდან წარმოდგენილი იყო - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და სსიპ მომსახურების სააგენტო.