მთავრობის განკარგულებით, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ სტიქიის დროს დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის ღონისძიებას.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. როგორც თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.
მისი თქმით, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში დღეს, მაშველების მიერ ნაპოვნია მოზარდის ცხედარი.

„სტიქიის ზონაში, დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის პოვნა და პროზექტურაში გადასვენება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს, აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გზის 70% გაყვანილია და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.
„თქვენ იცით, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა სტიქიის ზონაში ჩატარდა საგანგებო თათბირი, ყველა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ მივიღეთ დავალებები, აქედან გამომდინარე მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, როგორც ცოცხალი ძალით, ისე სპეციალური ტექნიკით, თუ სხვა სპეციალური საშუალებებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, არანაირი საჭიროება დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება გრძელდება. დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიწის მასის დამუშავების დროს ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.
მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ.

მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრების შეხვედრა გუშინ მოხდა, რა დროსაც მათ გამოთქვეს სურვილი თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული რთული მდგომარეობა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

დაკარგული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან და სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ თათბირზე განისაზღვრა დამატებით ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს.
„თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი დამატებით იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. როგორც იცით დღეს, პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც დამატებით განისაზღვრა ამოცანები, რაც ხვალიდან დამატებითი ძალების მობილიზებას გულისხმობს. დამატებით თავდაცვის სამინისტროს 200-მდე თანამშრომელი იქნება ჩართული. ემატება მძიმე ტექნიკაც. დღეს, დღის განმავლობაში მოხდა მდინარის მარჯვენა მხარეს ტექნიკის გადაყვანა და მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, რომ ახლოს მივიდეთ კონკრეტულ ლოკაციებამდე. ასევე, ვადასტურებთ 11 ადამიანის გარდაცვალებას, რომელთა ცხედრებიც გადმოსვენებულია სტიქიის ზონიდან და პროზექტურაშია გადასვენებული. ამ წუთებშიც გრძელდება ინტენსიური სამძებრო სამუშაოები. დღეს თქვენ როგორც იცით, შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, ვისთანაც ვერ ხერხდება დაკავშირება. მათ ავუხსენით დეტალურად თუ რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს. დამატებით მათ შევთავაზეთ, რომ ვერტმფრენის საშუალებით შევიყვანდით სტიქიის ზონაში, რომ თვითონ დარწმუნდნენ და ნახონ რამდენად რთულ პირობებში გვიწევს სამაშველო სამუშაოების ჩატარება, რისი სურვილიც მათ გამოთქვეს“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.
დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.
დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.

შსს აღნიშნავს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არაა.

"საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ეწვია პეკინში, Huawei-ის  სადემონსტრაციო ცენტრს. მთავრობის მეთაურს კომპანიაში Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მეხუთე თაობის (5G) აპარატურა,   ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.
შეხვედრაზე ირაკლი  ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ განიხილეს  საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროებში.
ლიანგ ჰუამ გლობალურად მიმოიხილა Huawei-ის საქმიანობა და მისი 15-წლიანი მუშაობა საქართველოში. მან მოიწონა საქართველოს „ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია" 2020–2025 წლებისთვის  და ხაზი გაუსვა გაციფროვნების უახლეს ტენდენციებს, როგორიცაა სმარტნავსადგურები და ციფრული ენერგია.
ლიანგ ჰუამ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტული ცოდნის გამოყენებისათვის  საქართველოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ მხარდაჭერის ინტერესი გამოთქვა. მისი თქმით, კომპანიას უნდა წვლილი შეიტანოს საქართველოს ამბიციების აღსრულებაში, რომ შექმნას ციფრული, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სუფთა ენერგიის რეგიონალური ჰაბები, რომლებიც აზიასა და ევროპას აკავშირებს.

1987 წელს დაარსებული Huawei არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინფრასტრუქტურისა და სმარტმოწყობილობების წამყვანი გლობალური მწარმოებელი. Huawei-ს ჰყავს 207 000 თანამშრომელი და მუშაობს 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში. ის ემსახურება 3 მილიარდზე მეტ ადამიანს მთელ მსოფლიოში.
სადემონსტრაციო ცენტრის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა ვახშამი.

ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილე - დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში

დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უ იენმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას.

 „მივესალმები მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მის აღმატებულებას, ვიცე-პრემიერს ლევან დავითაშვილს, მის აღმატებულებას, მინისტრ ილია დარჩიაშვილს, მინისტრ გიორგი ამილახვარს, მინისტრ ოთარ შამუგიას, ელჩ არჩილ კალანდიას, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო და პატივცემულო სტუმრებო, არსებობს ორი ძველი ჩინური გამონათქვამი. ერთის თანახმად, როცა ყველაზე გამორჩეული სტუმრები ჩამოდიან, სწორედ მაშინ წვიმს. მართლაც ასეა. მეორე გვასწავლის, რომ სიამოვნების მომგვრელია შორიდან ჩამოსული მეგობრები, ხოლო ყველაზე გამორჩეულნი ჩვენთან სახლში მოდიან და ყველას გვაბედნიერებენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი გამონათქვამი საუკეთესოდ ასახავს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს ამ უნივერსიტეტში საქართველოს ყველაზე გამორჩეული სტუმრებისგან შემდგარ დელეგაციას.

ამიტომ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სახელით, მინდა მივესალმო მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის დელეგაციას ჩინეთის უნივერსიტეტებში ვიზიტის ფარგლებში.

გულწრფელ მადლობას ვუხდი ასევე მეგობრებს ყველა სფეროდან, როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მტკიცედ უჭერდნენ მხარს ჩინეთ-საქართველოს საგანმანათლებლო თანამშრომლობას. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტს (BLCU) ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ჩინეთი და საქართველო ყოველთვის ინარჩუნებდნენ მეგობრული ურთიერთობის დინამიკას. ეს მიუთითებს ჩვენთვის მნიშვნელოვან მიმართულებაზე - ხელი შევუწყოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ განწყობებს.

ჩინეთისა და საქართველოს განათლების სისტემები ყოველთვის ინარჩუნებდნენ მჭიდრო თანამშრომლობას. 2001 წელს საგანმანათლებლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მხარეებმა დაგეგმეს და განახორციელეს მრავალფეროვანი თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მთელი სერია, რამაც მნიშვნელოვანი და დადებითი წვლილი შეიტანა ორ ქვეყანას შორის განათლების და მეგობრული განწყობების განვითარებაში. დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის ქანდაკების გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩინური და ქართული ენებისა და კულტურების ურთიერთშესწავლის საქმეში.

ახალგაზრდა სტუდენტებმა ჩინეთიდან და საქართველოდან შეინარჩუნეს მრავალფეროვანი ურთიერთობისა და ურთიერთსწავლების ტრადიცია. ახალგაზრდები არიან ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მემკვიდრეები, პრაქტიკოსები და ხელშემწყობები, - აწ უკვე თაობიდან თაობამდე. მიჩნეულია, რომ ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, მეტი გაცვლითი პროგრამა შეიქმნება და განხორციელდება ჩინეთსა და საქართველოს ახალგაზრდებს შორის და ორი ქვეყნის ახალგაზრდები ამგვარად იმუშავებენ ერთად ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის მეტაფორული ხის დასაცავად, რაც თაობიდან თაობას გადაეცემა“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ.