ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე - მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს.
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.
ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია.
 
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.
სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მინისტრი სტიქიის ზონიდან მამისონის სასაზღვრო სექტორზე გაემგზავრა.
ვახტანგ გომელაური რაჭაში, სასაზღვრო სექტორში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.
მინისტრი, სექტორში მომუშავე მესაზღვრეებს შეხვდა, გაესაუბრა და მათგან მოისმინა სასაზღვრო სექტორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია.
სტიქიის ღამეს, მამისონის სექტორში მომუშავე მესაზღვრეებმა 8 ადამიანის, სასაზღვრო სექტორში უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყვეს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ მთელი ღამის განმავლობაში.
მამისონის სასაზღვრო სექტორში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს ადგილზე აკვირდება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოადგილესთან - იოსებ ჭელიძესთან ერთად კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილზე შექმნილ საველე შტაბში, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გეოლოგები, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ დარჩენილია ტერიტორიის 26%, რომლის შემოწმებაც მიმდინარეობს.
„თათბირი ჩავატარეთ, დაიგეგმა ახალი მიმართულებები. ეპიცენტრში დარჩენილია 26%, რაც შესამოწმებელია. სიახლე არის ის, რომ ერთი ავტომანქანა იქნა ნაპოვნი, შიგნით არავინ არ იყო, ცარიელი იყო ეს მანქანა. პატრონები როგორც ვიცით დაკარგულები არიან და ვეძებთ ამ ადამიანებს. ეს რომ დამთავრდება, დაიგეგმება შემდგომი სამუშაოები, მდინარის კალაპოტის შეცვლა და გადამოწმება. ამას შემდგომ დეტალურად იტყვიან და გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არ იქნა მიღებული ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის ღამეს, სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენების ჩართვის გადაწყვეტილება.
„მინდა ხალხმა გაიგოს და არა იმათ, ვინც გუშინ უაზრო განცხადებები აკეთეს. ვერტმფრენი ჩამოვიდა დღისით, მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც შუაში კუნძულზე მოხვდნენ. ამასთან ერთად მუშაობდა 5-6 სითბური დრონი, რომლებიც ბევრად უკეთესად ხედავს. ეს არის მაღალი თანამედროვე ტექნოლოგიური დრონები, სითბური გამოსახულება ძალიან მნიშვნელოვანია. მუშაობდნენ მაღალ და დაბალ სიმაღლეებზე.
კითხვას ვსვამ, ვერტმფრენიდან უფრო კარგად დაინახავდა თუნდაც ღამე, თუ ღამის ხედვის და სითბური დრონებით? დღის შუქზე დათვალიერდა ეს ტერიტორია მთლიანად, არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომ ის ამოსაყვანი ყოფილიყო და ჩვენ დავტოვეთ.
ვერტმფრენსაც რომ არ შესძლებოდა, მაშველებმაც რაც გააკეთეს, მადლობა კიდევ ერთხელ ამ ადამიანებს, ბიჭები შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ აუცილებლად. ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული ან ჩაფლული.
ვინც გამოვიდნენ და განცხადებები აკეთეს დღესაც ვერ გაიგებენ დარწმუნებული ვარ, დღესაც გამოვლენ და იმავეს გაიმეორებენ. მე ვუხსნი ხალხს ამ შემთხვევაში რომ ხალხმა გაიგოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ დაღამდებოდა, 2 საათით ადრე ვერტმფრენებმა იმუშავეს, გამოიყვანეს ხალხი, ის 140 ადამიანი იყო უსაფრთხოდ, მათთან იყვნენ ჩვენი პოლიციელები, მაშველები, საკვები და წყალი აიტანეს და არ იყო იმის აუცილებლობა, რომ ჩვენ გაგვერისკა ბავშვების ღამით ვერტმფრენში აყვანა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მედიასთან ასევე კომენტარი გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ ინტენსიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რაც ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებშია.
„ინტენსიურად გრძელდება და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი, მინისტრი ატარებდა თათბირს. დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება თუ რომელ კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. მიმდინარეობს 18 სექტორად დაყოფილი საძიებო სამუშაოები, ასევე დღეს ეპიცენტრში ნანახი იქნა ჰიუნდაის მარკის ავტომობილი, რომელშიც ჩვენი ინფორმაციით სამი ადამიანი იმყოფებოდა და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიმდინარეობს სამუშაოები. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია და დარჩენილია დაახლოებით 25-26% რომელსაც ვფიქრობთ, რომ 2 დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე და მოგვიანებით მოგახსენებთ. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება. დღეს კიდევ ერთხელ იქნება შეხვედრა მინისტრთან. როგორც გუშინ, ასევე დღესაც არის რაღაც ნიუანსები, რასაც დღის ბოლოს მოვახსენებთ მინისტრს და დავიგეგმებით გარკვეული სტრატეგიის მიმართულებით და ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით. ვიდრე იარსებებს, თუნდაც მცირე შანსი, თეორიული მცირე შანსი აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს რაც გასაკეთებელია, რაც არის ადამიანის და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში. ცოცხალი ძალის გაზრდის საჭიროება არ დგას. თუკი ამის საჭიროება დადგება, რა თქმა უნდა მზად ვართ, ფაქტობრივად ჩვენ ახლა დასასრულისკენ მივდივართ და აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ამის საჭიროება დადგეს. დარჩენილი ნაწილის შესასწავლად მაქსიმუმ 2 დღე დაგვჭირდება, თუმცა გააჩნია როგორც მოგვცემს საშუალებას თვითონ მდინარე“ - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს.

მათ შორის, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული   2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა.

სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.

დოკუმენტში  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე - საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის  ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურების და უსაფრთხოების დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისათვის.

სტრატეგია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა.  ამასთან, გაიმართა საჯარო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, რომელთა საფუძველზეც მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დოკუმენტის  საბოლოო ვერსიაში.

მთავრობის დადგენილებით, ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიით,  შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ამავდროულად - უზრუნველყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე  ეფექტურ რეაგირებას.

საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გლობალიზაცია და ევროკავშირთან მზარდი ეკონომიკური კავშირები საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში სრულად ინტეგრაციის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. ამდენად, ამ პროცესში  ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. აქვე აღინიშნა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას,  რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა.
მეორე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა და სამძებრო ღონისძიებებს პირადად აკვირდება.
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთორმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში გრძელდება.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია, როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, იმყოფება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებსა და ძებნა-შველის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.

ვახტანგ გომელაური სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა და ძებნა-შველის ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრა საველე შტაბშიც გამართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული, პაპუნა მარგველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა მინისტრი, შეხვდა მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული და დაკარგული პირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა ნამდვილად, 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი. იცით, რომ 9 ადამიანს ვეძებთ ისევ. პირველივე საათებიდან ჩართულია სამაშველო სამსახური, ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტროც პრემიერის დავალებით მალევე ჩაერთო. ასევე ჩართულია ყველა სამსახური, ინფრასტრუქტურა, 60-მდე ტექნიკა მუშაობს. მიდის სამაშველო სამუშაოები, მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო. ასევე, ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60% ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის უკვე შემოწმებულია. პირველადი დონე რაც იყო იქამდე, რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს და მერე გადაერთვება უკვე ლოკალურ სამუშაოებზე და ასევე, მდინარის 50 კმ-ის, დაახლოებით ამბროლაურამდე მონაკვეთს ამუშავებენ და კონტროლდება”, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეთერთმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 60%.
„მიმდინარეობს და გრძელდება ინტენსიური სამუშაოები, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში. რაც შეეხება, სტიქიის ეპიცენტრს, საძიებო სამუშაოების მიზნით, მიწის მასის 60% გადამოწმებულია.
18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები, კერძოდ ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიასა და მდინარის კალაპოტების 54 კილომეტრიან მონაკვეთში.
რაც შეეხება გარდაცვლილების სტატისტიკას, არ შეცვლილა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ნანახი იქნა ადამიანის ცალკეული 4 ფრაგმენტი“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი დახმარებით დარეგულირდა მოხალისეთა საკითხი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას. წითელი ჯვრის საზოგადოების საშუალებით დარეგულირდა მოხალისეთა ჩართულობის საკითხი. ძირითადად მოხალისეები გვეხმარებიან ლოჯისტიკური კუთხით, როგორც ჩვენ, ასევე თავდაცვას, გვარდიას და ადგილზე მყოფ მძიმე ტექნიკის ოპერატორებს“, - აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. გაფართოვდა ძებნის არეალი. სამძებრო სამუშაოებში ჩართული სამაშველო ნავების მეშვეობით, მდინარის და მისი მიმდებარე ტერიტორიების აქტიური მონიტორინგი ხორციელდება. სამუშაოებში ასევე, ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა. მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 24 ცხედარი, საძიებო სამუშაოები 9 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველების მიერ დღეს 3 ცხედარია ნაპოვნი. მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40 %.
„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კალაპოტში, სამივე მათგანი გადასვენებულია პროზექტურაში. გარდა ამისა, ნანახი იქნა ადამიანის ქვედა კიდური ცალკეულად და ესეც ასევე გადატანილია პროზექტურაში. პირველი ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 20 კმ-ის მოშორებითაა ნაპოვნი. დანარჩენი 2 ცხედარი კი 2 კმ-ის მოშორებით იყო ერთმანეთთან 200 მეტრის რადიუსით. პირველივე დღიდან მიმდინარეობს მდინარის მონიტორინგი, ამ ეტაპზე ვინაიდან მდინარის დონე დაწეულია გამოჩნდა ისეთი ადგილები სადაც, შესაძლებელი გახდა უკვე ადგილზე გადამოწმება. ხვალ 54 კმ სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული, ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უკვე მდინარის კალაპოტი მაქსიმალურადაა გაშლილი. ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40 %“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები, სამაშველო ნავები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

ონის მუნიციპალიტეტში მეცხრე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, ამ დროისთვის ნაპოვნია 22 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 11 პირთან დაკავშირებით გრძელდება - ამის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
როგორც თემურ მღებრიშვილმა აღნიშნა, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სამძებრო ნავები.
"დღეს მაშველების მიერ ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. ჩვენ ამ დროისთვის 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგს, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ, ეს არის ამბროლაურის ტერიტორია უკვე და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის ეპიცენტრში. ძალიან ჩქარი დინებაა , არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში და აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა, ნავების საშუალებით მივდივართ იმ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ფაქტობრივად მდინარე კლდის ძირში მოძრაობს და ფეხით იქ მიუდგომელი ადგილია. მდინარე მეტ-ნაკლებად უკვე დაწეულია, შესაბამისად გამოჩნდა რიონის კალაპოტში პატარა კუნძულები სადაც არის მოგროვილი დიდი რაოდენობით ინერტული მასალა, მორები და ამ ყველაფრის გადამოწმების შედეგად მივიღეთ ეს შედეგი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მონიტორინგი არ არის ერთჯერადი ეს იქნება იქამდე ვიდრე ვაწარმოებთ საძიებო სამუშაოებს",- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.