ბენ ლადენიდან პუტინამდე - „ურჩხულის“ მინი-დოსიე

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ომის არქიტექტორი

 ავტორი: ნინო დოლიძე

 ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ, როცა მისი არსებობის შესახებ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვერავინ ან თითქმის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და, პრაქტიკულად, დედამიწის ნომერ პირველ ტერორისტად იქცეოდა. ახლა, შეიძლება, ვინმეს გადაჭარბებულ შეფასებად მოეჩვენოს, მაგრამ დღეს, ვლადიმერ პუტინი დედამიწისთვის უფრო საშიშია, ვიდრე თავის დროზე, ბენ ლადენი იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ბოლო დროს ანუ მას შემდეგ, რაც უკრაინას თავს დაესხა, პუტინს „სისხლიან მანიაკს“, „სერიულ მკვლელსა“ და „ტერორისტს“ ეძახიან. სხვათა შორის, ჩვენ, ქართველებმა, ათ წელზე მეტია ვიცით, რომ ვლადიმერის ძე მანიაკია - იმას, რასაც ახლა უკრაინაში აკეთებს, კრემლის დიქტატორმა, 2008 წლის აგვისტოში, ჩვენთან გააკეთა, მაგრამ მაშინ მსოფლიომ ნაწილობრივ დაიჯერა, რომ პუტინი ურჩხულია. დღეს? - დღეს, რუსეთის ლიდერი „კეთროვანია“ და შესაბამისად, ყველა, ვისაც კი შეუძლია, მას სანქციებს უწესებს.

ისე, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ 2008-ში, საინფორმაციო ომიც წავაგეთ, ახლა კი საინფორმაციო ომი კრემლს აქვს წაგებული. პარალელურად, ცნობილია, რომ რუსეთმა, უკრაინის დასაპყრობად დაწყებულ ომში, უკვე 11 ათასი სამხედრო და უამრავი სამხედრო ტექნიკა დაკარგა. ერთი სიტყვით, ეს ის შემთხვევაა, როცა რუსეთი ორთავიანი არწივის კი არა, დამფრთხალი ქათმის როლში გამოდის, თუმცა პუტინს თავში რა მოუვა, ჯერ კიდევ არავინ იცის.

 

ვლდიმერ ვლადიმერის ძე, როგორც ყველა ფსიქოპათი, არაპროგნოზირებადია და ეს იმთავითვე გამოჩნდა, როგორც კი ელცინმა საკუთარ მემკვიდრედ დაასახელა. რატომ დატოვა ბორისმა ვლადიმერი მემკვიდრედ? - ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხი არ არსებობს, მაგრამ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი საბჭოთა კავშირის დიდების აღდგენა იყო. აკი, პუტინმა რამდენიმე წლის წინ დანანებით აღნიშნა, სსრკ-ს დაშლა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა იყოო.

სხვათა შორის, იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ზოგი ექსპერტი საბჭოეთის აღდგენის მცდელობად მიიჩნევს, რაც უტოპიური მოსაზრება ნამდვილად არ არის. რუსეთის სისხლისმსმელმა მმართველმა ეს სცენარი, პირველად, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს გაითამაშა ანუ მხედველობაში ე.წ. ჩეჩნეთის მეორე ომი გვაქვს. მართალია, ეს ომი 1999 წლის ზაფხულში დაიწყო, პუტინმა კი ელცინი 1999 წლის 31 დეკემბერს შეცვალა, მაგრამ ომის დაწყებისას, ის რუსეთის ხელისუფლების მდივნის პოსტს იკავებდა.

სიტყვამ მოიტანა და ვიდრე პუტინის ვანდალიზმის მოკლე ქრონოლოგიას გადავავლებთ თვალს, მის ოფიციალურ ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ:

„ვლადიმერ პუტინი 1952 წლის 7 ოქტომბერს, ლენინგრადში დაიბადა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, პუტინის დედა, ვერა პუტინა საქართველოში, კერძოდ, კასპში ცხოვრობდა. თავის დროზე, ამ თემაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა დღემდე დანამდვილებით არავინ იცის, კასპელი ვერა მართლა პუტინის დედა იყო თუ არა.

„1999-2000 და 2008-2012 წლებში, რუსეთის მთავრობის მდივანი, 1998-1999 წლებში - უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი იყო, ხოლო 1999 წელს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს იკავებდა. ქვეყნის პირველი პირი გახდა 1999 წლის 31 დეკემბერს, როდესაც პრეზიდენტი ბორის ელცინი დროზე ადრე გადადგა. პირველად პრეზიდენტად აირჩიეს 2000 წლის 26 მარტს, მეორედ - 2004 წელს, მესამედ - 2012 წელს, მეოთხედ კი - 2018 წელს.

1975 წელს, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1977 წლიდან, ლენინგრადის სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კონტრდაზვერვაში მუშაობდა, 1985-1990 წლებში - სსრკ-ს საგარეო დაზვერვის რეზიდენტურაში. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენშიც მუშაობდა, როგორც სსრკ-გდრ-ის მეგობრობის სახლის დირექტორი.

1990 წლის ივნისში, ლენინგრადში დაბრუნდა, სადაც ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე გახდა საერთაშორისო საკითხებში. იმავე წელს, პოლიტიკური კარიერა დაიწყო ლენინგრადის საქალაქო კავშირის თავმჯდომარის, ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. 1991 წლის ივნისში, ანატოლი სობჩაკის სანკტ-პეტერბურგის მერად არჩევის შემდეგ, პუტინი გახდა მერიის კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საკითხებში. 1991 წლის 20 აგვისტოს, პოდპოლკოვნიკის რანგით განთავისუფლდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან. 1996 წელს, მუშაობა დაიწყო მოსკოვში, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მმართველის მოადგილემ. 1999 წლის აგვისტოში, რუსეთის ხელისუფლების მდივნად დაინიშნა“, - წერია „ვიკიპედიაში“.

რაც შეეხება ჩეჩნეთის მეორე ომს, აქ პუტინმა მთელი თავისი მრისხანება გამოავლინა და მანამ არ გაჩერდა, სანამ ჩეჩნეთი არ დაიპყრო ანუ ჩეჩნეთის ე.წ. მეორე ომი ზუსტად ათ წელს (1999-2009) გრძელდებოდა და თუ ახლა ამბობს, რომ უკრაინას ნეონაცისტებისგან წმენდს, მაშინ პუტინი ამბობდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ გაილაშქრა.

ჩეჩნეთის მეორე ომი ასე დაიწყო: 1999 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის მიერ კონტროლირებად დაღესტნის ნაწილში, ჩეჩენი პარტიზანული ძალები შევიდნენ. ნახევრად დამოუკიდებელი ჩეჩნეთისა და რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის სასაზღვრო ტერიტორიაზე, რამდენიმეთვიანი შეტაკებისა და დაძაბულობის შედეგად, მეამბოხეებმა კონტროლი მოიპოვეს რამდენიმე სოფელზე და დაუპირისპირდნენ რუსულ ჯარს. დაახლოებით, 2000 თვითგამოცხადებული ისლამისტი მეამბოხე ებრძოდა რუსული ჯარის მზარდ რაოდენობას. რუსეთის მთავრობამ გააძლიერა რეგიონში მყოფი 17 000 სამხედრო და აჯანყებულებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მეამბოხეებს მხარი არ დაუჭირა, რამაც რუსეთს მათი დაღესტნიდან გაძევებისა და ჩეჩნეთში დაბრუნების სტიმული მისცა. დაღესტნიდან გაძევების შემდეგ, რუსული სამხედრო შენაერთები აჯანყებულებს ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც სდევნიდნენ, რათა სეპარატისტული რესპუბლიკის არსებობისთვის ბოლო მოეღოთ. სასურველი მიზნის მისაღწევად, რუსულმა მხარემ სასტიკი იერიში მიიტანა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოზე.

1999 წლის 5 ოქტომბერს, რუსებმა ჩეჩნეთზე სახმელეთო შეტევა განახორციელეს, თუმცა მალევე გააცნობიერეს, რომ ჩეჩენ მეამბოხეებთან მძიმე ბრძოლაში ჩაერთნენ, რომლის უდიდესი ნაწილიც მთიან ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. დეკემბრის დასაწყისში, რუსებმა გროზნოზე მიიტანეს იერიში, რაც სრულიად განსხვავდებოდა 1994-1995 წლების ბრძოლისგან. 2000 წლის 10 იანვარს, ჩეჩნებმა კონტრშეტევა დაიწყეს გროზნოს მხარდასაჭერად. ამ თავდასხმისას, ჩეჩნებმა 26 რუსი სამხედრო მოკლეს, რაც მთელი ომის მსვლელობისას, დღიური გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო. აღნიშნულ ქმედებას რუსებმა ათასობით სამხედროს გამოგზავნით უპასუხეს, რის შედეგადაც, გროზნო კვლავ მათ კონტროლქვეშ გადავიდა.

2003 წელს, გაერომ გროზნოს „პლანეტის ყველაზე განადგურებული ქალაქის“ სტატუსი მიანიჭა.

გროზნოზე რუსეთის დროშის აღმართვას ჩეჩნეთის რესპუბლიკის დაშლა მოჰყვა, ანუ დამოუკიდებელი იჩქერია ისევ რუსეთს დაექვემდებარა, თუმცა ფორმალური გამარჯვება აჯანყების დასრულებას სულაც არ ნიშნავდა. 2000-2009 წლებში, ჩეჩნები აგრძელებდნენ აჯანყების ტალღას. ჩეჩნეთში კონტრშეტევითი ტალღის დასრულების შემდეგ, ჩეჩენმა ტერორისტებმა თავდასხმითი ქმედებების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე განაგრძეს, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ბესლანის ტრაგედია და დუბროვკას თეატრის მძევლების კრიზისი იყო.

საერთოდ, ბესლანის ტრაგედიის დროს, პუტინმა საკუთარი სახე კიდევ უფრო მძაფრად გამოაჩინა - მან უდანაშაულო ბავშვებსაც კი არ გაუწია ანგარიში და სპეცოპერაციის ჩატარების ბრძანება გასცა. ისე, ყველა საომარ მოქმედებას პუტინი სპეცოპერაციას უწოდებს და აკი, ახლა, რუსეთში კანონიც მიიღეს, რომლის თანახმადაც, ყველა, ვინც სიტყვა ომს ახსენებს, 15-წლიანი პატიმრობით დაისჯება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს კანონი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ პუტინმა რუსეთსა და დანარჩენ ცივილურ მსოფლიოს შორის რკინის ფარდა ჩამოაფარა და ახლა დედამიწას ატომური იარაღით აშანტაჟებს.

ვოვასგან გასაკვირი არ იქნება, თუ ატომურ ბომბს მართლა გამოიყენებს, რადგან ის ხომ ჩვეულებრივი ფსიქოპათი მანიაკია, რომელიც ანგარიშს სხვა კი არა, საკუთარ ერსა და ხალხსაც არ უწევს. დიახ, ის ფსიქოპათი შეშლილია, შეშლილი, რომელსაც მსოფლიო ბატონობა უნდა, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწევს, რადგან ჯერ ერთი, ექსპერტების თქმით, უკრაინის ომი პუტინს დაასამარებს; მეორეც, ცივილურმა ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტს ეკონომიკური სანქციები უკვე დაადეს. ეს კი პუტინისთვის უმნიშვნელო არ უნდა იყოს, რადგან იგივე დასავლეთში მას აურაცხელი ქონება აქვს, რასაც არცთუ დიდი ხნის წინ, ე.წ. Pandora Papers-ის სახელით გავრცელებული ოფშორული დოკუმენტებიც მოწმობს.

კერძოდ, ამ საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქონების ნაწილი დამალულია მონაკოში ანუ მონაკოში მდებარე, სვეტლანა კრივონოგის აპარტამენტებს კავშირი აქვს იმ კომპანიასთან, რომელსაც გენადი ტიმჩენკო და პეტრე კოლბინი უწევდნენ მომსახურებას - სამივე ეს ადამიანი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია.

დოკუმენტების მიხედვითვე, მონაკოში მდებარე ბრწყინვალე, მდიდრული აპარტამენტები, რომლებიც ნავსადგურს გადაჰყურებენ, სვეტლანა კრივონოგს ეკუთვნის, რომელმაც შენობა 2003 წელს, 3.6 მილიონ დოლარად შეიძინა.

სხვათა შორის, არსებობს ცნობა, რომ სვეტლანა კრივონოგი ვლადიმერ პუტინის საყვარელი ქალი და 2003 წელს დაბადებულ გოგონას დედაა. ამის თაობაზე, თავის დროზე დასმულ კითხვებს, პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა არაერთხელ უპასუხა და აცხადებდა, რომ ამ ქალზე არაფერი იცოდა. საერთოდ, პუტინის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია...