როგორი იქნება პუტინის მმართველობის დასასრული - ირაკლი ხვადაგიანის პროგნოზი ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 უკვე მე-8 დღეა, უკრაინა რუსეთის მიერ სამხედრო თავდასხმას ღირსეულად უწევს წინააღმდეგობას. ომი რუსეთის მმართველმა „სპეციალური ოპერაციის“ სახელით წამოიწყო და მოულოდნელად მძინარე კიევი დაბომბა. დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო  ერთიანდება რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას თანადგომას უცხადებს. დასავლეთი სანქციებს უწესებს პუტინის რეჟიმს, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ შეზღუდვებს გულისხმობს. რუსეთი დღითიდღე ექცევა დიდ, იზოლირებულ წრეში და პოლიტოლოგების, ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ეს რუსეთის, როგორც დიქტატურული მმართველობის, დასასრულის დასაწყისია. როგორ იქცა 21-ე საუკუნეში ვლადიმერ პუტინი ერთპიროვნულ მმართთველად და როგორ ასრულებენ მსგავსი ლიდერები მმართველობას? - ამ საკითხებზე „ვერსია“  ისტორიკოსსა და საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა:   

_ გააჩნია, რა პერიოდთან გავავლებთ პარალელს, გამომდინარე იქიდან, რომ მეოცე საუკუნის მოცემულობაა ამ ტიპის რეჟიმების არსებობა, მაინც არსობრივად ესაა შედეგი პირველი მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროსი, რადიკალიზმის, პიროვნების კულტის აღზევებისა, როცა ვინმე სათავეში აღმოჩნდებოდა და იწყებდა ასეთი მძლავრი ვერტიკალის, ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებას. დაახლოებით იგივე მოცემულობა გვაქვს პუტინის შემთხვევაში, როგორც საბჭოთა ბოლო პერიოდისა. ქართულ ფილმ „მონანიებაში“ ვარლამ არავიძის პერსონაჟი არის კრებითი სახე რამდენიმე ასეთი დიქტატორის: სტალინის, ბერიას, ჰიტლერის, მუსოლინის. ის გარეგნულადაც და არსობრივადაც აერთიანებს მათ. რეალობაშიც ასეა, რადგან ამ სისტემების ლოგიკით და ფორმით ყველა ასეთი რეჟიმი ერთმანეთს უახლოვდება, ანუ მართვის ინსტრუმენტებით, ვერტიკალის მოქმედების პრინციპით, რეპრესიების ლოგიკით, მუდმივი შიდა წმენდების და მასობრივი განადგუების, იდეოლოგიის მიხედვითაც არის გადაკვეთის წერტილები. ყველა ასეთი რეჟიმი ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს არის ახალი და უკეთესი, მაგრამ სინამდვილეში მარტივად მართვადი და მანიპულირებადი მექანიზმის ერთ-ერთი დეტალია ადამიანი. აქედან გამომდინარე, მთელი ეს გამოცდილება, ადგილობრივი კონტექსტების მინარევებით, ყოველთვის ასე მუშაობს. პუტინს შორს წასვლა არ სჭირდება...  2008 წლის შემთხვევაში თუ ჩვენ წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესია, ჩვენი ქვეყნის მასშტაბის და იმ დროინდელი საერთაშორისო მდგომარეობის გამო, შედარებით ლოკალური ხასიათის იყო, ახლა საერთაშორისო გლობალური კონფლიქტი წამოიწყო პუტინმა. როცა მკვლევარები, პოლიტოლოგები საუბრობდნენ, თუ როგორ აერთიანებს პუტინის რეჟიმი ყველაზე ტოქსიკურ და სახიფათო მემკვიდრეობას რუსული იმპერიული პროექტით, ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა ამ მოსაზრებაზე საზოგადოებას, რომელსაც ერჩივნა, კომფორტის ზონაში დარჩენილიყო და ამ რეალობისთვის თვალი აერიდებინა. მეორე მხრივ არიან ის ძალები, რომლებიც ამ სცენარში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მოკავშირეა. ახლა კი ცხადზე ცხადია, რომ პუტინის რეჟიმის, მისი იდეოლოგიის, რომელიც არის ყბადაღებული „რუსკი მირ“, რუსული სამყარო - უკიდურესად პრიმიტიული გადამღერებაა იმპერიული მემკვიდრეობის და საბჭოური ტოტალიტარიზმის, რადგან ასეთი რეჟიმების პროპაგანდა ყოველთვის დგას პრიმიტიულ, მაგრამ მუდმივად განმეორებად ტყუილზე და ტვინის რეცხვის მასობრივ ინსტრუმენტებზე. „რუსკი მირ“ ითარგმნება, როგორც რუსული იმპერიული ოცნება, აკონტროლოს ევრაზიის სივრცე, შემოიკრობის ის მიწები, რომელზეც ოდესღაც ჰქონია პრეტენზია ან რუსი ჯარისკაცის ჩექმა მდგარა. ახლა დიდ სენტიმენტებს რომ იწვევს საზოგადოების ნაწილში ეს ჩაუცმელი, ახალგაზრდა, შეშინებული დამარცხებული ჯარისკაცების სახეები, რომელსაც უკრაინელები აჩვენებენ, თუკი ისინი იარაღით ხელში შენს წინააღმდეგ აღმოჩნდებიან, მათი ტვინები მომართული იქნება იმ პროპაგანდით, რომლითაც 100 წლის წინ ჩვენთან შემოიჭრა რუსული საბჭოთა არმია და დაგვიპყრო. მაშინაც იმეორებდნენ, რომ აქ რუსული სისხლია დაღვრილი და ეს მიწა ჩვენიაო. ამ ყველაფერს პუტინი აფორმებს ხსენებული „რუსკი მირ“-ის ფარგლებში, რომ საბჭოეთი იყო რუსეთი, იქ არაა საუბარი ერებზე, ძმობა-მეგობრობაზე, არამედ პირდაპირ, ცხადად ეს ტოქსიკური და დამღუპველი სახეა ტოტალიტარიზმის და უკვე თანამედროვე ნაციონალიზმის. შეცდომა დაუშვა დასავლურმა სამყარომ, რომ არ მიჰყვა ბოლომდე საბჭოეთის ჩამოშლის შემდეგ და არ გააკეთებინა დასუსტებულ და მოწყვლად რუსეთს, საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრეს ის, რაც გააკეთეს გერმანიის შემთხვევაში, რომ სისტემურად დაეშალათ საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის მემკვიდრეობა და ამან საშუალება მისცა პუტინს, არათუ ეს მემკვიდრეობა გამოეყენებინა, არამედ ნაცისტური მინარევებითაც გაემდიდრებინა ის. ახლა რომ ესვრიან უნივერსიტეტებს, სკოლებს, ჰოლოკოსტის მემორიალიც კი დაწვეს კიევში და ის ფაქტიც, რომ კიევზე შეტევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, ამით თავისვე ინერციით არსებულ კოლექტიურ მეხსიერებას ურტყამს, გასაგებია, რამდენად კაციჭამიობასთან მიახლოებული გახდა მისი ქმედებები...

_ ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაითვალისწინა პუტინმა გლობალური მოცემულობა? ახლა ხომ არაა მეოცე საუკუნე? - დასავლეთმა უპერეცედენტო სანქციები დაუწესა და იზოლაციაში მოაქცია რუსეთი; უკრაინა წარმოუდგენელ წინააღმდეგობას უწევს ოკუპანტს... ნუთუ, პუტინი ჩაკეტილია საკუთარ ნაჭუჭში და ილუზიას იქმნის, რომ გაიმარჯვებს?

_ აქამდე რასაც ვსაუბრობდი, ეს გარედან დაკვირვების და ჩვენი აღქმაა, ხოლო შიგნიდან როგორ აშენდა და რას დაეფუძნა რუსული ტოტალიტარიზმი - ეს სხვა საკითხია. ამას რამდენიმე შრე აქვს - ერთი, პირად ფსიქოლოგიურ დონეზე როგორ აშენდა ეს და მეორე, თუ როგორ მივიდა აქამდე, ამ დამღუპველ ნაბიჯამდე. პირველ რიგში, ეს იყო ილუზია, რაც საბჭოეთის რღვევის შემდეგ იყო გარესამყაროში, რომ ამ ტოტალიტარული მემკვიდრეობის დაძლევის გადახარშვის და გათავისუფლების ძალისმიერად ხელშეწყობის გარეშე, ხალხი მოახერხებდა მისგან გამიჯვნას. ეს რესურსი კი დაიკარგა და ამაზე დაიწყო რევანშის მშენებლობა. ამ მხრივადაც არ გამოადგა დასავლეთს წარსული გამოცდილება და ის ანდაზა მართლდება - „ისტორია გვასწავლის იმას, რომ ვერაფერს ვსწავლობთ ისტორიიდან“.

ამ აგრესიულ პუტინიზმს, იმპერიულ პროექტს, კვებავდა ანალოგიური რიტორიკა, რამაც ნაციზმის აღზევება გამოიწვია 1930-იანების საზღვარზე გერმანიაში, რომ ომში დამარცხებულმა, ეკონომიკურ კრიზისში მყოფმა გერმანიამ იპოვა მტრის ხატი - „ჩვენ დაგვამცირეს, დაგვამარცხეს, შიგნიდან გაგვტეხეს და ახლა უნდა წამოვდგეთ და ვაჩვენოთ საკუთარი ადგილი ჩვენს მტრებს“. ეს რიტორიკა მეორდებოდა და ამას სამყარო პასიურად ადევნებდა თვალს, რადგან გაჩნდა ილუზია, რომ  ორმხირივი სარგებელი რუსეთთან თანამშრომლობისა, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, იქნებოდა ის, რაც შანტაჟს გამორიცხავდა. გარესამყაროს რუსეთი დღემდე სჭირდებოდა რესურსების მიმწოდებლად, ასევე განიხილავდნენ, რომ ეს ყველაფერი რუსეთისთვისაც ორგანულად აუცილებელი იყო და ის ვერასდროს დაემუქრებოდა პარტნიორებს ამ ურთიერთობების შეჩერებით, რამაც ვნახეთ, რომ სრული კრახი განიცადა და აბსოლუტურად სხვა რეალობაში გავიღივიძეთ. ამან შექმნა გარემო, როცა პუტინის პროექტი ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაც მომენტამდე მუშაობდა ანუ იყო შანტაჟი საკუთარი მდგომარეობის მძევლად აყვანისა, რასაც ახლაც აკეთებს, თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს ინტერესესს და არ დამითმობთ, ამ რესურსებს შევაფერხებო, უფრო მეტიც, შეახსენებთ, რომ ბირთვული სახელმწიფო ვართო. აქამდე ზუსტად ამან გაათამამა და მოიყვანა პუტინი, რომ ეს ტაქტიკა მუშაობდა.

აი, ესაა დიდი განსხვავება და ჩვენს საზოგადოებას უჭირს ამის აღქმა დასავლურ ცივილიზაციის მოდელსა და ამ აბსოლუტურად საპირისპირო ალტერნატივას შორის, როგორ მიიღება იქ გადაწყვეტილებები და იცვლება გლობალური კურსი. დასავლეთი არ არის მონოლითური, ეს არის დიდი სახელმწიფოები, სხვადასხვა ზომის, გავლენის, რესურსის, თანამშრომლობა, ალიანსები, რომელთაც არ შეუძლიათ ძალიან სწრაფად, ერთიანი კურსით, კოორდინაციით გამოვიდნენ, თუ რაღაც შოკისმომგვრელი არ ხდება, რაც ახლა ვნახეთ და ამან განსაზღვრა მსგავსი კოორდინაცია. ხოლო, ასეთ ტოტალიტარულ რეჟიმებს შეუძლია, ძალიან ხისტად და სწარაფად იმოქმედონ, რადგან კონკრეტული ადამიანის ნებაზეა მთელი ვერტიკალი აწყობილი. ამანაც გაათამამა პუტინი, ის გაცილებით სწრაფი ჩანდა თავის მოწინააღმდეგეებთან, თითქოს ინიციატივა იყო მის ხელში, ის კარნახობდა პირობებს და მუდმივად აშანტაჟებდა დასავლეთს, რომ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამდა  და ამან გამოიწვია რეალობიდან აცდენა. ამას ემატება ასეთი რეაჟიმების სიმყიფე, ბიბლიური იგავიც მოჰყავთ ხოლმე მაგალითად - „თიხის ფეხებზე მდგარი გოლიათი“, დიდი, ძლიერი, მონოლითური, მიუვალი, მაგრამ ძალიან მყიფე ნიადაგზე დგას, რომლის გამოცლის შემთხვევაში ის ჩამოიშლება, რადგანაც ასეთი რეჟიმი აგებულია ტოტალიტარულ ტყუილზე. ყველა ქვემდგომი რგოლი ატყუებს ზემდგომს, რომ რაღაც წესრიგშია და შეგვიძლია, ეს გეომეტრიული პროგრესიით წარმოვიდგინოთ, როგორ მიდის ეს ტყუილი ზემოთ ცენტრში, სადაც გადამოწმების და შიდაკონტროლის მექანიზმი არ არსებობს...

_ თან, როდესაც პროპაგანდისთვის ასე მასშტაბურან იყენებენ მედიას...

_ ამ შემთხვევაში პროპაგანდას არ აქვს მნიშვნელობა, საუბარია შიდა განწყობაზე, რომ თითქოს, მზაობა არის ასეთი მკვეთრი ნაბიჯისთვის. პრაქტიკაში ჩანს, რომ მითი რუსული არმიის შესახებ ყოველწუთიერად იმსხვრევა, ნადგურდება და ახლა უკანასკნელი მითის ჩამოშლის ზღვარზეა რუსეთი - მისი ბირთვული შეიარაღებით „ჟონგლიორობის“, მუქარის კარტის გათამაშებაღა დარჩა. აი, აქამდე მიიყვანა სიტუაცია და ამ ფონზე, ამდენი ხნის განმავლობაში ამ ტიპის სახელმწიფოს სათავეში ყოფნა... 23 წელია, რაც მართავს პურტინი რუსეთს. შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრების პროექტი იწყებოდა ახლა ამ ნაბიჯით, რომელიც მისი გეგმით უნდა წარმართულიყო, თუმცა დაემსხვრა. ამ ადამიანის ფსიქოლოგია და პორტრეტი შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, ხომ ყველას თვალწინ გვიდგას მისი სახე, მანერები როგორ იყო და ამ შოკის, მძიმე დარტყმის შემდეგ შევაფასოთ, რა მდგომარეობაში იქნება. ვხედავთ კიდეც, რომ ეს არის უკიდურესი პარანოია, ჩაკეტილობა უნდობლობა და შიში, რადგან ჟანრის კანონი ასეთია - ან მთელი სისტემა უნდა ჩაჰყვეს მას ამ კატასტროფაში და მასთან ერთად განადგურდეს, ან რაღაც გამოსავალი იპოვოს და ამის ყველაზე აპრობირებული მეთოდი არის მისი ფიზიკური განეიტრალება და მასზე ხელის შეწმენდა მთელი სისტემისა, რომ მის გამო ხდება ეს, რაც მან, რა თქმა უნდა, იცის. უკრაინის ელჩმაც შეახსენა გაეროში მოხდენილად და სარკასტულად, რომ თუ უნდა, დაასრულოს ეს კატასტროფა, საუკეთესო მაგალითი აქვს მისი „წინაპრის“, როცა შეუძლია, საკუთარი ხელითვე მარტივად გააკეთოს ეს. ერთადერთი იმედი და გამოსავალი ამ ომის ჩიხიდან და კატასტროფიდან არის ის, რომ სავარაუდოდ, ის ჯგუფი, რომლის ფინანსურ და გავლენის რესურსზეც დგას, მისი მართვის ვერტიკალი, იძულებული იქნება, თვითონვე გაანეიტრალოს ადეკვატურობიდან საკმაოდ შორს წასული ლიდერი, რომელიც მსოფლიოს საფრთხობელად იქცა.

_ ხედავთ თუ არა უკვე რეალურ ნიშნებს პუტინის რეჟიმის რღვევისა? ეს პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდება თუ დროში გაიწელება?

_ ეს, რა თქმა უნდა, დღეების და კვირების პროცესი არ იქნება, ძალიან კარგად მეტყველებს ამის მოლოდინი ჩვენი საზოგადოების უმწიფრობაზე, როცა ომის წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ეს რამდენიმე დღეში არ მოხდება, მაგრამ რუსეთი აუცილებლად გადაიხდის ამის საფასურს და განადგურდება იმ სახით, როგორიც დღეს არის, ეს ჩათვალეს სუსტ გამოსვლად. როცა პირიქით, ძალიან მკაფიო გზავნილი იყო, რომ ზღვარი გადავლილია, ყველანაირი მოლაპარაკების და კომპრომისის რესურსი ამოწურულია ამ აგრესიული თავდასხმის გამო მეთოდურად მოხდება რუსეთის იზოლაცია, მისი, პრაქტიულად, კედლით გამოყოფა პოლიტიკურად, ეკონომიკურად, კულტურულად და საერთოდ იდეოლოგიურად მთელი დანარჩენი სამყაროსგან. გარდა იმ რეჟიმებისგან, რომლებიც მას მხარს უჭერს და ამ რეჟიმებისთვისაც საკმაოდ მკაცრი სიგნალია ეს, რომ არ ჩაყვნენ მას. ამ ყველაფრით ისევ პუტინის ფსიქოლოგიასთან მივდივართ. აღმოჩნდა, რომ ის მზად არ იყო ასეთი სცენარისთვის, არ ელოდება ტოტალურ სანქციებს და იზოლაციას დასავლეთის მხრიდან, არადა აღმოჩნდა ამ მოცემულობის წინაშე, როცა მთელი მისი იმპერიის ფინანსური და ეკონომიკური სიძლიერე არის გლობალური ქსელის ნაწილი და არ არის ცალკე განყენებული, იზოლირებული ისე, როგორც საბჭოეთის დროს იყო და ამ პირობებში გადაწყვიტა, მთელ სამყაროს დაპირისპირებოდა. როცა ეს ხაზი ჩაიჭრება, პუტინს მოუწევს, შეინარჩუნოს ხელისუფლება, ააშენოს საბჭოეთი რუსეთში რეალური სახით, რასაც სჭირდება ათწლეულები, რისი რესურსიც მას არ აქვს  და ისტორიული გაკვეთილი ამ შემთხვევაში არ გამოადგება. სტალინმა ააშენა ასეთი საბჭოეთი არა იმიტომ, რომ ასე უნდოდა თავიდან, არამედ იმ მოცემულობით, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომით განადგურებული და  ნანგრევებზე დაამყარა დიქატატურული რეჟიმი, რომელიც ჩაკეტილი კედლის შიგნით ააშენა და მერე დაიწყო გარესამყაროსთან უერთიერთობა. ახლა კი პირიქითაა ყველაფერი, გარესამყაროსგან იზოლირებული ქსელი იჭრება, სისხლისგან იცლება... ამის ნანგრევებზე სტალინს დასჭირდა 15-20 წელი, რომ აეშენებინა ასეთი სისტემა უკიდურესად დიდი მასშტაბის რეპრესიების, განადგურების, ერების გენოციდის ხარჯზე და ახლა გავთვალოთ, რამდენად აქვს ამ პირობებში პუტინს და მის გარემოცვას ამის სურვილი და რესურსი.