არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ევროკავშირმა ჩვენგან მოითხოვოს დამოუკიდებლობის, პრინციპებისა და ღირებულებების დათმობა - ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით სიარული ჩვენი ამოცანების შესრულებისკენ, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი.
„ამ შეკრებას აკვირდებოდა აბსოლუტურად ყველა, აკვირდებოდნენ როგორც ჩვენი მხარდამჭერები, ასევე პოლიტიკური ოპონენტები, პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თუ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ გზავნილებს, რომლებიც იყო წარმოდგენილი დღეს გამოსვლებში, რა თქმა უნდა, ადრესატი იყო აბსოლუტურად ყველა. ჩვენ ყველა შესაბამის სუბიექტამდე უნდა მივიტანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი. ეს გზავნილი არის ერთი რამ - ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით სიარული ჩვენი ამოცანების შესრულებისკენ, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა, ჩვენ გვჭირდება ღირებულებები. ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც საუბარია ურთიერთობებზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რა თქმა უნდა, აქ ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს საუბარი, ორმხრივ ვალდებულებებზეც. როდესაც შენ ხდები ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამით თმობ სუვერენიტეტის საკმაოდ დიდ ნაწილს, მთელი რიგი გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკვანძო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ეხება ქვეყნის ბედს, მიიღება უკვე საერთაშორისო დონეზე, ანუ ამ კომპეტენციის დელეგირება ხდება ევროკავშირში. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ქვეყანა შედის ევროკავშირში, არამედ ევროკავშირიც შედის ქვეყანაში და იმ ოჯახში, რასაც ჩვენი ქვეყანა ჰქვია. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ურთიერთობები მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე შეიძლება იყოს აგებული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ევროკავშირმა ჩვენგან მოითხოვოს დამოუკიდებლობის, პრინციპებისა და ღირებულებების დათმობა. შესაბამისად, აქ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ბოლომდე პრინციპულები“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული წლების განმავლობაში იყო სერიოზული რყევების მცდელობა, რევოლუციის 2 მცდელობა მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, 2020 წლიდან მოყოლებული.
„ყველაფერი გადავიტანეთ, დავიცავით ჩვენი პრინციპები, დავიცავით ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი ღირებულებები და ბოლოს, მართალია მთელი რიგი სირთულეებით, მაგრამ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, საზოგადოებას აქვს ჩვენი ნდობის საფუძველი და როგორც გვენდნენ გასული 3 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ქართველ ხალხს მადლობა ამისთვის, ასევე შეუძლიათ ენდონ „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ამ ნდობის, საზოგადოების მხარდაჭერისა და პრინციპების ერთგულების პირობებში ჩვენ შევძლებთ საბოლოოდ საკმაოდ მალე გავხდეთ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული, ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.