ვერსიანიუსი
ახალი ამბები
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87,34% მიიღო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს, 18 მარტს, გამოქვეყნებული ეს შედეგი ოქმების 98%-ის დამუშავებით მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.
პუტინმა ყველაზე მეტი ხმა, 98,99% ჩეჩნეთში მიიღო. ოფიციალური შედეგებით, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში პუტინის მხარდაჭერა 85,57%-ია.
მეორე ადგილზეა სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი(4,3%). მას მოსდევს დუმის ვიცე-სპიკერი, პარტია „ახალი ხალხის“ კანდიდატი ვლადისლავ დავანკოვი(3,8%). მეოთხე ადგილზეა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი(3,17).
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 15-17 მარტს ჩატარდა, პუტინის გარდა, მონაწილეობდა ის სამი კანდიდატი, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდათ. მათ შორის ვერ მოხვდა, მაგალითად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით პუტინს და უკრაინის წინააღმდეგ ომს ღიად აკრიტიკებდა.
დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეფასებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბური დარღვევებით ჩატარდა, მათ შორის იყო საარჩევნო ურნებში ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა იძულება.
სამდღიანი კენჭისყრისას მოქალაქეების ნაწილი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. მათ შორის, არაერთ ქალაქში საარჩევნო ყუთებს საღებავი შეასხეს და უბნებზე ხანძარი გააჩინეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის 33 საქმე აღძრეს.
17 მარტს, კენჭისყრის ბოლო დღეს, რუსეთის და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ". მისი ინიციატორები იყვნენ ციმბირის კოლონიაში 2024 წლის თებერვალში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები.
დამოუკიდებელი უფლებადამცველი მედიაპროექტის, ОВД-Инфо-ს ცნობით, 18 მარტის 04:24 საათისთვის ცნობილია, რომ რუსეთის 21 ქალაქში სულ მცირე 86 ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი, 28 - ყაზანში.
რუსეთის საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 74,22% შეადგინა. წინა, 2018 წლის არჩევნებში ეს მაჩვენებელი 67,54% იყო. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 76,69%-ით გაიმარჯვა.
ვლადიმირ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი.
დღეისთვის, მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანმა ქალბატონმა, ესპანელმა მარია მორერამ 117-ე დაბადების დღე იზეიმა. ის 1907 წელს, სან-ფრანცისკოში დაიბადა, თუმცა რვა წლის ასაკში, ოჯახი ევროპაში გადავიდა და კატალონიაში დასახლდა. ბოლო 23 წელია, ყველაზე ხანდაზმული ქალი მოხუცთა პანსიონში ცხოვრობს. მარია მორერას ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, გარდა სუსტი სმენისა და გადაადგილების სირთულისა. უხუცესი ქალბატონი მკვლევარებს დათანხმდა, სამეცნიერო ტესტირება გაიაროს, რომლითაც მისი დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნას შეეცდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსები ფეხმძიმეებს ურჩევენ, მიიღონ „ომეგა-3“- ცხიმმჟავები ნაყოფის ტვინის განვითარების გასაუმჯობესებლად, ბოლო გამოკვლევით აღმოჩნდა, რომ ასეთი დანამატები სულაც არ აუმჯობესებენ ბავშვების კოგნიტიურ, ლოგიკურ უნარებს. გამოკვლევის შედეგები ერთ-ერთი გამოცემის სპეციალურ გამოშვებაში გამოქვეყნდა, რომელიც პატარების ჯანმრთელობას მიეძღვნა. ავსტრალიელმა სწავლულებმა ხანგრძლივი დაკვირვება ჩაატარეს, რომელიც დროსაც ფეხმძიმეები ყოველდღიურად, 800 მგ პლაცბოს ან „ომეგა-3“-ს იღებდნენ.
პირველადი კვლევებისას აღმოჩნდა, რომ 18 თვემდე ბავშვების კოგნიტიური, ენობრივი და მოტორიკის უნარების საერთოდ არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შემდეგი კვლევისთვის ოთხი წლის ასაკის პატარები აირჩიეს, როცა განვითარების ნაკლებშესამჩნევი ეფექტებიც ვლინდება. აღმოჩნდა, რომ კოგნიტიური უნარების, ინფორმაციის რთული ფსიქოლოგიური დამუშავების უნარის, ენობრივი, მეხსიერების, ლოგიკის უნარების შემოწმებისას, არსებითი განსხვავება არ გამოვლინდა პლაცებოსა და „ომეგა-3“-ის მიმღებ ჯგუფებს შორის. ამგვარად, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „ომეგა-3“-ის დანამატების მიღება არ ახდენს გავლენას ბავშვის გონებრივ განვითარებაზე.
ოქსფორდისა და ოლსტერის უნივერსიტეტების სპეციალისტები ახალ გაზიან სასმელზე მუშაობენ, რომელმაც სიმსივნური წარმონაქმნები სხივური და ქიმიოთერაპიის მიმართ უფრო მოწყვლადი უნდა გახადოს. საქმე ის არის, რომ ზოგიერი სიმსივნე ადაპტირებას ახდენს ნაკლებჟანგბადიან გარემოში. ეს კი მათ პრეპარატების მიმართ უფრო მდგრადს ხდის. სასმელი, რომელზეც ბრიტანელი სწავლულები მუშაობენ, ბუშტუკებით იქნება გაჯერებული და მათ სიმსინე უნდა „გამოკვებონ“ ჟანგბადით. ეს კი გზას გაუხსნის წამლებსა და სხივურ თერაპიას. აღსანიშნავია, რომ სასმელი უკვე წარმატებით გამოსცადეს ლაბორატორიულ თაგვებზე. მკვლევარები აცხადებენ, რომ სასმელი უპირველესად კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობისთვის იქნება განკუთვნილი.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტიიდან, ვლადისლავ დავაცვევინო „ახალი ხალხის“ პარტიიდან და ნიკოლაი ხარიტონოვი „კომუნისტური“ პარტიიდან.
რუსეთში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 112 309 947 ადამიანს შეადგენს.
პუტინის ხელახალი არჩევა მის მმართველობას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
ტურისტებმა იტალიის ქალაქ ვერონაში კვლავ დააზიანეს ჯულიეტას ქანდაკება, - წერს ადგილობრივი გამოცემა Il Mattino di Padova. შექსპირის ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება მყუდრო ეზოში, აივნის ქვეშ დგას, სადაც გადმოცემის მიხედვით, რომეო სიყვარულში გამოუტყდა გოგონას. ყოვედღიურად, ათასობით ტურისტი მიდის ქანდაკებასთან, იღებს „სელფს“ და ტრადიციისამებრ, ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედით, მის მკერდს ეხება.
წლების განმავლობაში, ამგვარმა „მომლოცველობამ“ ანუ უამრავი ადამიანის ხელის შეხებამ, ჯულიეტას მკერდი გახვრიტა. 2014 წელს, ორიგინალი ქანდაკება, რომელიც ამ ეზოში თითქმის 40 წლის განმავლობაში იდგა, მისი 15-ათასევროიანი ასლით შეცვალეს. როგორც ჩანს, ახლო მომავალში, ვერონელებს ჯულიეტას ქანდაკების კიდევ ერთი ასლის შეკვეთა მოუწევთ.