პრინციპული პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე კვირის წინ. დღეს უკვე, ახალი მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ წინ წაწიოს ეს პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უნდა აშენდეს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო და პროცესს იდეალურად გაუძღვება ახალი მინისტრი.
„მათ შორის იგულისხმება, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვითარების მოწესრიგება, მათ შორის იმის გადალაგება, რაც იყო დაწყებული, ვგულისხმობ რეორგანიზაციის პროცესს. უნდა აშენდეს ახალი კლინიკა, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ამ ყველაფერს საუკეთესოდ მიხედავს ახალი მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიონალიზმი და შესაბამისი თვისებები. იდეალურად გაუძღვება ის ამ პროცესს,“- განაცხადა პრემიერმა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
შეგახსენებთ, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მაშინ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრთან კომუნიკაციის კუთხით იყო უკმაყოფილება სამედიცინო საზოგადოებაში. ირაკლი კობახიძემ ამის ერთ-ერთ მაგალითად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები მოიყვანა.
15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღეა. 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
ახლახან, პროგრამა გაფართოვდა 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. ჯანდაცვის სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.
18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.
საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. როგორც imedinews-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ.
ამასთან, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღები მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული და სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან 15 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
მინდა გამოვყო სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.
პრემიერის თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება აღიზრდება.
„ეს ხედვები, ცხადია, ახალგაზრდული პოლიტიკის ზოგად ხედვაში სათანადოდ აისახება. მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტო ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით ეფექტიან და თანმიმდევრულ პოლიტიკას გაატარებს.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ წელს ამოქმედდება კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა, რომელიც ათასობით ადამიანს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში სტაჟირების გავლის ძალიან ფართო შესაძლებლობას მისცემს. ეს იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ პროფესიულ ცხოვრებაში სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა პირველი ნაბიჯები წარმატებით გადადგან და ეს იქნება ამ ყველაფრის უნიკალური შესაძლებლობა. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საბოლოო სახეს მიიღებს ახალგაზრდებთან კონსულტაციების საფუძველზე. უახლოეს დღეებში სამინისტრო წარმოადგენს პირველად დოკუმენტს, პირველად ხედვას. ამის შემდეგ გაიმართება კონსულტაციები ახალგაზრდებთან და ამის შემდეგ, ამის საფუძველზე უნდა დაიხვეწოს საბოლოო სახით ეს გეგმა და უკვე შემოდგომაზე დაიწყება ანაზღაურებადი სტაჟირების მასშტაბური პროგრამა ჩვენი ახალგაზრდებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ეს არის ჩვენი გეგმების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი.
დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გიორგი ამილახვარი წარადგენს დეტალურ გეგმას, ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას. ეს მოიცავს, როგორც ახალგაზრდების პროფესიული განვითარების, ისე დასაქმების მხარდაჭერას, ასევე მოიცავს მასშტაბურ შემეცნებით საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს. ახალი გეგმა ახალგაზრდებს მოგცემთ შესაძლებლობას ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობაში, წარმოადგინოთ, განახორციელოთ ინოვაციური იდეები, საკუთარი წვლილი შეიტანოთ ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებაში.
მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს ხელმძღვანელობას, პირადად მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს იმ საქმიანობისთვის, რომელიც გაწეულ იქნა მთელი ამ წლების განმავლობაში და ასევე იმ გეგმებისთვის, რომლებიც არის დასახული სამომავლოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, შევიდა ცვლილება. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
ცვლილების თანახმად, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან პირველ დეკემბრამდე დაბადებული პირების მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი: გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად.
რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებს, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2024 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
„პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2024 წლის 21 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ, შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი. იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ. II ეტაპი – რეგისტრაცია 1 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: ა) და-ძმაც სწავლობს სასურველ საჯარო სკოლაში; ბ) მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია; გ) ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის საჯარო სკოლის პირველ კლასში“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების განმარტებით, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
„მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისიდან დაიწყება და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
მეოთხე ეტაპი 27 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ ბავშვის სკოლაში შეყვანა.
17 მარტი გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა.
1959 წელს, სწორედ ამ დღეს, პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამკურნალო კომბინატში.
ამ ამბავს გალაკტიონის ცხოვრების და შემოქმედების მკვლევარი ვახტანგ ჯავახაძე ასე აღწერს:
„1959 წლის 17 მარტს, 17.50 საათზე, ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N5-ში, ელიტური სამკურნალო კომბინატის (ლეჩკომბინატის) ეზოში, პირველი კორპუსის მეორე სართულზე ასასვლელი კიბისა და ძირითადი კედლის კუთხეში დაეცა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა ისე, რომ წვეთი სისხლი არ დაუღვრია და მიწაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებიაო“.
სულ ახლახანს კი, საქართველოს ეროვნულმა არქივმა ერთ მულტიმედიურ ვებგვერდზე მოუყარა თავი გალაკტიონის ცხოვრების ამსახველ იმ ფოტო, ვიდეო, ხმოვან და დოკუმენტურ მასალას, რაც არქივში იყო დაცული.
გვერდი გალაკტიონის ვიდეოჩანაწერით იხსნება - პოეტი, მისთვის დამახასიათებელი და დასამახსოვრებლი მანერით კითხულობს ლექსს „თასი“ - კინოკოლაჟის დასაწყისში გამოყენებულია თიბვის კადრები, რომლებიც გადაღებულია შოვში, 1947 წელს. ლექსს გალაკტიონი კითხულობს ალ. ჯაფარიძის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. 1946 წელია.
ეს გალაკტიონ ტაბიძის დაბადების ჩანაწერია სოფელ ჭყვიშის წმინდა გიორგის ეკლესიის 1892 წლის მეტრიკული წიგნიდან, რომელიც ასევე ეროვნული არქივის საკუთრებაა.ამ დოკუმენტის მიხედვით, გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 5 ნოემბერს (ძველი სტილით) დაიბადა და 1892 წლის 3 იანვარს მოინათლა.
მამა: გალაკტიონის დაბადებისას უკვე გარდაცვლილი ვასილ სტეფანეს ძე ტაბიძე, დედა მაკრინე გიორგის ასული. ნათლია: თადეოზ ნამიჭეიშვილი. ნათლისღების საიდუმლო აღასრულა მღვდელმა სტეფანე ტაბიძემ, რომელიც გალაკტიონის ბაბუა იყო.
ეს კი გალაკტიონის ლექსების პირველი კრებულია.ის 1914 წელს დაიბეჭდა.
მეორე კრებული - „Cran Aux fleurs artistiques“ („თავის ქალა არტისტული ყვავილებით“) - 1919 წელს პეტრე (ტუტკუ) გვარამიამ გამოსცა.
„არტისტული ყვავილების“ ეს ეგზამპლარი, რომელსაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს, დათიკო ყიფიანს ეკუთვნოდა. გალაკტიონის ლექსების ფრაგმენტებიც ყდაზე წიგნის მფლობელს გადმოუწერია.
„სადმე ყრუ ადგილს დავესახლები
- სხვა საუკუნის მგზავრი გვიანი
სადაც იქნება ცოფი ნაკლები
და უფრო ნაკლებ ადამიანი“...
„... კმარა, მოვშორდე შფოთიან ტფილისს
არ მსურს მახსოვდეს მისი სახელი“...
გალაკტიონ“.
ეროვნული არქივის ამ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ გალაკტიონის მეორე კრებულის გამომცემელი ტუტკუ გვარამია 1924 წლის რეპრესიებისას დაუხვრეტიათ.
პოეტმა მის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა, რომლის ავტოგრაფიც პეტრე გვარამიას ოჯახში ინახება და საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ გახდა ცნობილი.საქართველოს ეროვნულ არქივში, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საარქივო მასალაში, გალაკტიონ ტაბიძის ხელმოწერით არაერთი ოფიციალური დოკუმენტი ინახება.
პოეტი 1918-1919 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის კანცელარიის საქმის მწარმოებელი ყოფილა.
ამ დოკუმენტში ის ხელმოწერით ამოწმებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომის ჟურნალიდან ამიერკავკასიის ბონების გამოცემის შესახებ ამონაწერს. 1919 წლის 23 იანვარი.გალაკტიონ ტაბიძემ 1916 წლის 23 აგვისტოს ოლღა ოკუჯავაზე დაიწერა ჯვარი.
მათი ქორწინება სამოქალაქო წესით 1921 წლის 15 ოქტომბერს გაფორმდა.
ამ საარქივო დოკუმენტის მიხედვით პოეტი და სტუდენტი ქალი საკუთარი სურვილით, პირველი ქორწინებით შეუღლდნენ.
ამ დროისთვის გალაკტიონი თბილისში, სერგიევის ქუჩაზე, ხელოვნების სასახლეში (დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლი), ცხოვრობდა, ოლღა ოკუჯავა კი რუსთაველის პროსპექტის #19 ბინაში.
დოკუმენტს ახლავს საცოლისა და საქმროს ხელმოწერები.ბოლშევიკური ხელისუფლება ოლღა ოკუჯავას ტროცკისტობის ბრალდებით დევნიდა. ის 1929 წელს დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. მეორედ 1936 წელს დაიჭირეს, 1937 წელს გაასამართლეს და 1941 წელს დახვრიტეს.
„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ 1922-1923 წლებში გამოიცემოდა.სულ ლიტერატურული პერიოდული გამოცემის 9 ნომერი გამოვიდა. გალაკტიონის გვერდზე ამ ჟურნალის პირველი ნომრის სრული ვერსიაა წარმოდგენილი. ეს კი რამდენიმე გვერდია ჟურნალიდან:ეროვნულ არქივში, ვახტანგ გურგენიძის პირად ფონდში ინახება გალაკტიონ ტაბიძის პირადი ნივთები.მათ შორის, პოეტის სათვალე, ბლოკნოტი, „პაპიროზის“ ყუთი...1957 წლის 20 ნოემბრის ღამეს გალაკტიონმა ამ ფოტოს შესახებ თავის დღიურში ჩაწერა:
„აკაკი ჯოხზეა დაყრდნობილი. სახე დიდებულად აქვს. გამოირჩევა ყველასაგან...
... რა დიდებულია დავით კლდიაშვილი, იასონ ნიკოლაიშვილი და ლადო დარჩიაშვილი. სამი უმწიკვლო პიროვნება.
- დიდებულია, დიდებული! - ამბობს ის.
- ფოტოგრაფო, მე შენ შემოგყურებ, - ამბობს აკაკი სვანი.
- ხონის პროლეტარიატი იწევს, რათა ჩაებას ბრძოლაში, - ამბობს ილია ბახტაძე.
- სოციალისტების არა მჯერა რა, - ამბობს ია ეკალაძე.
- დოვუსტვინო? დოვუსტვინო? - გრიალებს ნემო.
- თხზულებანი, ბატონო, თხზულებანი! - რატომღაც გაიძახის თეოფილე ხუსკივაძე.
რას ამბობს კონსტანტინე გამსახურდია?
რას ფიქრობს ნეტა ჯაჯუ ჯორჯიკია?
რაზე ოცნებობს დათიკო მებუკე?
რა მიზნებს ისახავს მომავალში ლელიკო ჯაფარიძე?
ვარლამ რუხაძე?
ვეშაპიძე?
ტიტია? მაშინ ხომ ტიციანი არ ერქვა“.
სრული მონაკვეთის წაკითხვა შეგიძლიათ აქ.
აი, ეს ფოტო კი გალაკტიონმა სახსოვრად უძღვნა ვახტანგ გურგენიძეს: „ძვირფას ვახტანგს ნიშნად სიტყვით გამოუთქმელი პატივისცემისა“. 1955 წელი.არქივმა შემოინახა სამცხე-ჯავახეთში გალაკტიონის მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც - პოეტი ოკამის მკვიდრ მწყემსებთან. 1955 წლის აგვისტო.
წყარო: რადიო თავისუფლება
2024 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია. ღონისძიების ტრიუმფატორი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, რომელმაც 7 ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპატირებული სცენარის კატეგორიებში მიიღო. ოსკარები გადაეცათ ასევე ფილმში მონაწილე მსახიობ კაცებს - კილიან მერფისა და რობერტ დაუნი უმცროსს.
4 გამარჯვებით დაასრულა ასპარეზობა იორგოს ლანთიმოსის Poor Things-მა. ამავე ფილმის ვარსკვლავს, ემა სტოუნს საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში გადაეცა ჯილდო.
ოსკარის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან:
საუკეთესო ფილმი:
American Fiction
Anatomy of a Fall
Barbie
The Holdovers
Killers of the Flower Moon
Maestro
Oppenheimer
Past Lives
Poor Things
The Zone of Interest
საუკეთესო რეჟისორი:
ჟიუსტინ ტრიე - Anatomy of a Fall
მარტინ სკორსეზე - Killers of the Flower Moon
კრისტოფერ ნოლანი - Oppenheimer
იორგოს ლანთიმოსი - Poor Things
ჯონათან გლეიზერი- The Zone of Interest
საუკეთესო მსახიობი კაცი:
ბრედლი კუპერი, Maestro
კოლმან დომინგო, Rustin
პოლ ჯიამატი, The Holdovers
კილიან მერფი, Oppenheimer
ჯეფრი რაითი, American Fiction
საუკეთესო მსახიობი ქალი:
ანეტ ბენინგი, Nyad
ლილი გლედსტოუნი, Killers of the Flower Moon
სანდრა ჰიულერი, Anatomy of a Fall
კერი მალიგანი, Maestro
ემა სტოუნი, Poor Things
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი:
სტერლინ კ. ბრაუნი, American Fiction
რობერტ დე ნირო, Killers of the Flower Moon
რობერტ დაუნი უმცროსი, Oppenheimer
რაიან გოსლინგი, Barbie
მარკ რაფალო, Poor Things
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი:
ემლი ბლანტი, Oppenheimer
დენიელ ბრუქსი, The Color Purple
ამერიკა ფერარა, Barbie
ჯოდი ფოსტერი, Nyad
დავინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers
საუკეთესო ანიმაცია:
The Boy and the Heron
Elemental
Nimona
Robot Dreams
Spider-Man: Across the Spider-Verse
საუკეთესო უცხოური ფილმი:
Io Capitano
Perfect Days
Society of the Snow
The Teachers' Lounge
The Zone of Interest
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:
Bobi Wine: The People's President
The Eternal Memory
Four Daughters
To Kill a Tiger
20 Days in Mariupol
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი:
The After
Invincible
Night of Fortune
Red, White and Blue
The Wonderful Story of Henry Sugar
საუკეთესო მუსიკა:
American Fiction
Indiana Jones and the Dial of Destiny
Killers of the Flower Moon
Oppenheimer
Poor Things
საუკეთესო სიმღერა:
Flamin’ Hot
Barbie
American Symphony
Killers of the Flower Moon
What Was I Made For?
Barbie
საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი:
Barbie
Killers of the Flower Moon
Napoleon
Oppenheimer
Poor Things
საუკეთესო მონტაჟი:
Anatomy of a Fall
The Holdovers
Killers of the Flower Moon
Oppenheimer
Poor Things
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის განცხადებით, ტიმოთესუბნის ეკლესიაზე მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი მეთოდოლოგიითა და შეუსაბამო მასალების გამოყენებით ჩატარდა. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ეკლესიის ავთენტური სახე, დაკნინდა მისი არქიტექტურული ღირებულება.
კვლევის ავტორების თქმით, ძეგლის რესტავრაციისას, გამოიყენეს შეუსაბამო მასალები, რომლებიც პროექტით არც იყო გათვალისწინებული. ამან მომავალში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ეკლესიის ისტორიულ საშენ მასალას - აგურსა და კირის დუღაბს, ისე კედლის მხატვრობას.
„ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარებული სამუშაოები კიდევ ერთხელ აყენებს ძეგლთა დაცვის სისტემაში არსებული ვითარების ფართო პროფესიული განხილვისა და საფუძვლიანი კორექტირების აუცილებლობის საკითხს. უცნობია, რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხსენებული პროექტისა და სამუშაოების მხარდაჭერისას, როგორი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რა არგუმენტები და მოსაზრებები გამოითქვა სააგენტოს მეთოდოლოგიურ საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას.
სისტემური საკითხების მიმართ სათანადო ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტიმოთესუბნის ტაძრისთვის, რამდენადაც პროექტი ინტერიერში განსახორციელებელ სამუშაოებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მიდგომისა და მასალების თვალსაზრისით ფასადებზე უკვე გამოყენებულის იდენტურია და შესაბამისად რისკების შემცველი, პირველ რიგში - ტაძრის მოხატულობისთვის. უფრო ფართოდ, არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს უძრავ ძეგლთა მომავლისთვის, ვინაიდან ქმნის წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას“,–წერია დოკუმენტში.
ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 2022-2023 წლებში ჩატარდა. „ჩუბინაშვილის ცენტრის“ მეცნიერები უარყოფითად აფასებენ ტიმოთესუბნის ეკლესიის სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებსაც:
„ტიმოთესუბნის ეკლესიას ყოველთვის ლორფინის საბურველი ჰქონდა. ის კარგად ეხამება აგურითა და კირით ნაგები შენობის სადა, ფირუზისფერი ჭიქური ელემენტებით მინიმალისტურად გაფორმებულ ფასადებს და ორგანულად ასრულებს მას. ლორფინის სახურავი ეკლესიის ავთენტური სახისა და არქიტექტურული ღირებულების ერთ-ერთი არსებითი ელემენტია. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ეს არსებითი ელემენტი ხილული აღარ არის, ის სპილენძის სახურავით დაიფარა. სპილენძის სახურავის მოწყობის დროს დაზიანდა ლორფინის ფილები (როგორც განახლებული, ისე ავთენტური). მათი რესტავრაცია-კონსერვაცია და წყალგაუმტარობის მიღწევა ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ამ სამუშაოს ჩატარებამდე იყო“,–წერია შეფასებაში.