ჭარბ წონას წამალი უშველის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ჭარბწონიანი მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. წლების განმავლობაში, არაერთი წამალი შეიქმნა, რომელიც ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის გზით, აქვეითებს მადას და წონის კლებას უწყობს ხელს. თუმცა, თითქმის ყველა მათგანი აიკრძალა, რადგან მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა ავსტრალიელი სწავლულების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. ისინი იკვლევდნენ პრეპარატს, რომლის მიზანიც წონის კლებაა, ოღონდ ისე, რომ მადის დაქვეითება ნერვულ სისტემაზე ზაგავლენით არ მოხდეს. ახალი წამალი ნერვის სასიგნალო მოლეკულაზე (ნეიროპეპტიდ Y-ზე) ზემოქმედებს.

სწორედ ამ მოლეკულის დახმარებით აქვს უნარი ცოცხალ არსებას, გაუმკლავდეს საკვების დეფიციტს. მედიკამენტი ნეიროპეპტიდის რეცეპტორებს თრგუნავს. შედეგად, ცხიმი, რომელიც ორგანიზმს მარაგის სახით აქვს შენახული იწვება, რაც წონის კლებას უწყობს ხელს. მღრღნელებზე ჩატარებული ცდებით, პრეპარატი არ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, არ იწვევს განწყობის ცვლილებას და 40%-ით ამცირებს წონას. გარდა ამისა, უმჯობესდება გლუკოზის მეტაბოლიზმი, ხელს უწყობს ძვლის უჯრედების ზრდას და სიმკვრივეს. ავსტრალიელთა ცდების შედეგები დამაიმედებელია, ამიტომ კვლევები გრძელდება.