მერკელმა ყველაზე გავლენიანის ტიტული დათმო

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა რეიტინგში, 11 წლის შემდეგ პირველად, ლიდერი შეიცვალა. 2011 წლიდან, ამ სიას სათავეში ანგელა მერკელი ედგა, რომელმაც გერმანიის კანცლერის პოსტი ახლახანს დატოვა. ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით, მე-18, ყოველწლიურ 100-კაციან სიაში შედის 40 გენერალური დირექტორი, 19 მსოფლიო ლიდერი, იმუნოლოგი და სხვა.

წელს, გავლენიან ქალთა მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა მწერალი მაკენზი სკოტი, რომელიც Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლია. უმდიდრეს ქალებს შორის, ის მესამე ადგილზეა. ის ფაქტი, რომ სკოტს უპრობლემოდ მიუწვდება ხელი ამ ფულზე და მის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს, კონკურენტებზე მაღლა აყენებს, - აღნიშავს გამოცემა. სიის მეორე ნომერი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დაიკავა, მესამეზეა ევროპის ცენტრალური ბანკის მეთაური, კრისტინ ლაგარდი.

ხუთეულის საფეხურზე, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა General Motors-ის გენერალური დირექტორი, მერი ბარა, ხოლო მეხუთეზე - ბილ გეითსის ყოფილი მეუღლე, მელინდა ფრენჩ გეიტსია. გავლენიან ქალთა ათეულში შედიან, ასევე, კომპანია Fidelity Investment-ის პრეზიდენტი, მილიარდერი ებიგეილ ჯონსონი, ესპანელი ბანკირი ანა პატრისია ბოტინი, ევროკომისიის მეთაური ურსულა ფონ დერ ლიაენი, ტაივანელი პოლიტიკოსი ცაი ინვენი და კომპანია Accenture-ის გენერალური დირექტორი, ჯული სვიტი. რეიტინგში მოხვდნენ, აგრეთვე, ოპრა უინფრი, რიზ უიზერსპუნი, რიანა, ბიონსე და ტაილორ სვიფტი, დედოფალი ელისაბედ II, ფინეთის პრემიერი სანა მარინი და ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.