„ნაცმოძრაობის“ კრიტიკული დღეები

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

(ო) პოზიცია

 

რა გზა განვლო ყოფილმა მმართველმა პარტიამ დაარსებიდან დღემდე

 

ნინო დოლიძე

 

მხოლოდ ოპონენტები კი არა, გულმხურვალე მხარდამჭერებიც კი ხვდებიან, რომ ენმ-ში „რაღაც“ რიგზე ვერ არის. ახლა, იგივე ძირძველ „ნაცებს“, შესაძლოა, არ უნდათ დაიჯერონ, მაგრამ ფაქტია - ყოფილი მმართველი პარტიის უძლეველობა თანდათან წარსულს ბარდება. ისე, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილსაც კი უთქვამს, რა დროს ეს არისო ანუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „ნაცმოძრაობაში“ ბუნტია, ოღონდ საკითხავი ის არის, ბუნტს ვინ ვის უწყობს - ნიკა მელია სააკაშვილის ერთგულ მიმდევრებს თუ პირიქით, სააკაშვილის ერთგული მიმდევრები - მელიას? ასეა თუ ისე, ფაქტია - ენმ-ს კრიტიკული დღეები უდგას. ჰოდა, ამ ფონზე, ალბათ, უპრიანი იქნება, რომ ექსმმართველი პარტიის ე.წ. დაბადებას და ზოგადად, მის პოლიტმოღვაწეობას თვალი გადავავლოთ... ისე, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ენმ-ში ბუნტი იწყება. ამ მხრივ, ყველაზე გახმაურებული გიგა ბოკერიასა და მისი თანამზრახველების მიერ პარტიის დატოვება შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა ბოკერია ენმ-დან წლების წინ გაიქცა და მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ახლა კი ყოფილი მმართველი პარტიის „ხელში ჩასაგდებად“ ისეთი ადამიანები იბრძვიან, რომლებიც საზოგადოებამ არცთუ დიდი ხნის წინ გაიცნო, თუმცა დღეს „ვერსია“ ამ ადამიანებზე კი არა, არამედ, ენმ-ს „დაბადებაზე“ გიამბობთ. მაშ ასე, დავიწყოთ.

 

ლამის, ორი ათეული წლის წინ, პარტიას რომ აფუძნებდა, ქართული პოლიტიკის მაშინდელი ამომავალი ვარსკვლავი ანუ მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ დაუშვებდა, რომ ოდესმე დადგებოდა დრო, როცა ვიღაცები მისთვის „მშობლის“ უფლების ჩამორთმევას შეეცდებოდნენ, მაგრამ დღეს სააკაშვილი არათუ ლიდერი, არამედ, საკუთარი პარტიის რიგითი წევრიც კი აღარ არის...

ზოგადად, მნიშვნელობა არ აქვს, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გჯერათ თუ არა, ფაქტია: კაცობრიობა არაერთი ამოუხსნელი ფაქტისა თუ მოვლენის მოწმეა. ერთ-ერთი ასეთი ამოუხსნელი მოვლენა რეინკარნაციაა. აბა, თუ არა რეინკარნაცია, სხვა რითი უნდა აიხსნას, რომ ლამის საუკუნოვანი ინტერვალის შემდეგ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, გერმანული ამბავი, თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით განმეორდა?! დიახ, ყველაფერი 21-ე საუკუნეში კი არა, გაცილებით ადრე, ბებერ ევროპაში დაიწყო:

ზუსტად იმ წელს, საქართველოში რუსული ბოლშევიზმი რომ შემოიჭრა, ავსტრო-უნგრეთის ქალაქ ინის ბრაუნაუში დაბადებული ახალგაზრდა კაცი გერმანული ნაცისტური პარტიის ლიდერი გახდება. ცხადია, ადოლფ ჰიტლერს აზრადაც არ მოსდის, რომ ზუსტად 80 წლის შემდეგ, ქვეყანაში, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და რომელსაც მზიან საქართველოს ეძახიან, გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მისი ნაცისტური პარტიის რეინკარნირებას განახორციელებს.

ვერ ვიტყვით, სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰიტლერის ნაცისტური პარტიის ალიკვალიაო, მაგრამ მიშასა და ადოლფს შორის საკმარისზე მეტი მსგავსება არსებობს - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როცა ნაცისტების ლიდერი გახდა, ჰიტლერი 32 წლის იყო, სააკაშვილმა კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 34 წლის ასაკში დააფუძნა.

„ჩვენ გვჭირდება ზომიერად აგრესიული ახალგაზრდები!“ - ცდებით, თუ გგონიათ, რომ ამ სიტყვების ავტორი ადოლფია. ეს ფრაზა იმხანად, როცა ნაცმოძრაობას ქმნიდა, მიხეილმა წამოისროლა და, მართლაც, ნაცმოძრაობა არაერთი „ზომიერად აგრესიული“ ახალგაზრდის ნავსაყუდელი გახდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამ „ზომიერებამ“ აღვირი (ესეც პრეზიდენტყოფილის სიტყვაა - ამას წინათ, ბრძანა, აღვირი არ მაქვსო) დაკარგა და პირტიტველა გოგო-ბიჭები, რომლებიც, თავის დროზე, გულანთებული პატრიოტები გვეგონნენ და ვთვლიდით, რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის უმწიკვლოდ იბრძოდნენ, ლამის, მონსტრებად იქცნენ.

ამ შეფასებამ ვინმეს, შესაძლოა, ნერვები მოუშალოს, მაგრამ ფაქტებს ვერსად გავექცევით! აი, ერთ-ერთი ფაქტიც:

ჰიტლერის ნაცისტურმა პარტიამ ჰოლოკოსტი შვა, სააკაშვილის ნაცმოძრაობამ კი პირდაპირ ეთერში, საფუძველი ჩაუყარა „ტრუსიკ-მაიკით დაჭერებსა“ და „ნულოვან ტოლერანტობას“.

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ბევრი რამ დავაბრალოთ. აკი, თვითონაც უთქვამს, ვიღაცები გიჟსაც მეძახიანო, მაგრამ რაც უნდა იყოს, ვერ ვიტყვით, რომ გაუნათლებელია. დიახ, პრეზიდენტყოფილი უდავოდ განათლებულია. ჰოდა, დაუჯერებელია, ვერ მიმხვდარიყო, იმის გამო, რომ საკუთარ პარტიას ნაციონალური მოძრაობა დაარქვა, ვიღაცები ჰიტლერს შეადარებდნენ, თუმცა თუკი ნლპ-ს (ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება - ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობა, რომელსაც, როგორც ამბობენ, მსოფლიოს ზესახელმწიფოების უშიშროების სამსახურები ხალხის სამართავად იყენებენ) ლოგიკას გავყვებით, შეიძლება, მივიდეთ დასკვნამდე, რომ მიხეილმა პარტიას ჰიტლერული სახელი მიზანმიმართულად დაარქვა.

ნლპ-ს ლოგიკითვე, შემთხვევითი არც „ზომიერად აგრესიული ახალგაზრდების“ ძებნა უნდა ყოფილიყო...

ერთ-ერთი პირველი, „ზომიერად აგრესიული“ ახალგაზრდა, ვინც სააკაშვილის გვერდით დადგა, ვანო მერაბიშვილი გახლდათ - 2001 წელს, „ვაშინგტონ პოსტმა“ იმ დროისთვის, პრაქტიკულად, უცნობ მოქკავშირელ დეპუტატთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც შევარდნაძის პარტიაში გამეფებულ მანკიერებებზე ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა. პოლიტმკვლევარების შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფუძნებას საძირკველი, სწორედ მერაბიშვილის ამ განცხადებით ჩაეყარა.

სხვათა შორის, ძველ დოკუმენტებში მიხეილ სააკაშვილი, როგორც პარტიის ხელმძღვანელი არ ფიგურირებს. ყოველ შემთხვევაში, იმ მასალის თანახმად, რომელიც Google-ის საძიებო სისტემაში მოიპოვება, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგისტრაცია 2001 წლის 29 სექტემბერს გაიარა (რეგ. №138) და მისი ხელმძღვანელი ზურაბ მელიქიშვილი იყო. ეს ის ზურაბ მელიქიშვილია, რომელიც ნაცმოძრაობის ზეობისას, მუდმივად ქართული პოლიტიკის ავანგარდში ტრიალებდა - ხან გავლენიანი პარტიული თანმდებობა ეკავა, ხან კი აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქმიანობდა, ერთხანობას, ქვემო ქართლის გუბერნატორიც იყო, ამის შემდეგ კი პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. როგორც ჩანს, მიშა წარსულს უფასებდა... 

ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ თავდაპირველად, სააკაშვილის პარტიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კი არა, „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს გადასარჩენად“ ერქვა.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ამ სახელწოდების პარტია საქართველოში, პირველად, 1999 წელს გამოჩნდა და მას უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მირიან მირიანაშვილი ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა ოპოზიციაში გადავიდა და საქართველოს მართვის სადავეები „ოცნებამ“ აიღო, ბატონმა მირიანაშვილმა პარტიის სახელის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისტორია სულ რამდენიმე აბზაციითა მოყოლილი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ინიციატივით, 2002 წელს დაფუძნდა და 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

2004-დან 2012 წლამდე, ჩვენმა პარტიამ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, არშემდგარი სახელმწიფო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად აქცია. საქართველო მსოფლიო ბანკმა ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა.

2012 წლიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაშია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასავლური ტიპის, ღია პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც კოლექტიური მართვის ორგანოებისა და დემოკრატიული შიდა დისკუსიის საფუძველზე იმართება. შესაბამისად, მთელი ინფორმაცია ჩვენ შესახებ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია“.

ამ ოფიციალური ანოტაციით თუ ვიმსჯელებთ, ნაცბელადები პარტიის ისტორიას თუ არ აყალბებენ, მინიმუმ, დეტალების დამალვას ცდილობენ. თუ ასე არაა, მაშინ საინტერესოა, ენმ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმის შესახებ რატომ არაფერია ნათქვამი, რომ ნაცმოძრაობის ავანგარდში, თავის დროზე, ზვიად ძიძიგურის კონსერვატიული პარტიაც იდგა და რესპუბლიკური პარტიაც? ყოველ შემთხვევაში, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნაცმოძრაობამ ბლოკი სწორედ ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტთან შექმნა. მეტიც, თვითმხილველებს ისიც კარგად ახსოვთ, რომ ამ გაერთიანების თანათავმჯდომარის ფუნქციას ლევან ბერძენიშვილი ასრულებდა, თუმცა როგორც ჩანს, ისტორიის „გადაწერა“ პოლიტიკოსთა მავნე სტილია.

ვებ-გვერდზე განთავსებულ პარტიის ისტორიის ოფიციალურ ანოტაციაში, ცხადია, არც იმის შესახებაა ნათქვამი, რომ 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ნაციონალებმა წარმატებას, სწორედ ზემოხსენებული ბლოკის ფორმატში მიაღწიეს და თბილისის საკრებულოში გამარჯვება ლეიბორისტებთან ერთად გაიყვეს. არადა, ეს ნაცმოძრაობის X-ფალში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია - ხალხური მითოსით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტბელადის ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი როლი, სწორედ შალვა ნათელაშილმა ითამაშა ანუ ქვეყნის მთავარ ლეიბორისტს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა რომ არ დაეთმო, მიშა ვერც „ვარდების რევოლუციის“ ტრიუმვირატის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა და, შესაბამისად, ვერც - პრეზიდენტი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ პოპულარობის ევერესტის დაპყრობა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მერე დაიწყო. სხვათა შორის, ამ არჩევნებში ნაცები ისევ რესპებსა და კონსერვატორებთან ერთად ანუ ბლოკის სახით მონაწილეობდნენ. შეაბამისად, რევოლუციების ღმერთებსა თუ დემონებს სამივე ძალამ სული, ალბათ, ერთად მიჰყიდა, თუმცა 2004 წელს, როცა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, რესპებმა, ძიძიგურისა არ იყოს, ნაცებს ქოქოლის მიყრა დაუწყეს. ეს გაბლოკებაც, როგორც ჩანს, ზემოხსენებული პოლიტიკური ალგორითმის ნაწილი გახლდათ.

საერთოდ, ნაცმოძრაობიდან გაქცევა ერთგვარი ტრადიციაა და, როგორც წესი, პირწავარდნილი და მგზნებარე მიშისტები გარბიან ხოლმე. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ „გამქცევად“, შესაძლოა, ირაკლი ოქრუაშვილი ჩავთვალოთ - თავდაცვის ექსმინისტრმა მიშას პარტია 2007 წელს დატოვა. მაშინ ამბობდნენ, რომ ამით ენმ-ს სერიოზული ზიანი მიადგებოდა, თუმცა ასე არ მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ „ოქროს“ გაქცევა სისხლიან 7 ნოემბრად და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებად დაუჯდა, ნაცმოძრაობამ ორივე არჩევნებში მაინც დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია, თუმცა „დამაჯერებლობა“, ალბათ, გადაჭარბებული ეპითეტია, რამეთუ, დღემდე არსებობს ვარაუდი, რომ 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო და მაისის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

ნაცოძრაობიდან გაქცევამ მასშტაბური სახე 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მერე მიიღო, რაც ერთგვარ ტრადიციადაც იქცა: მას შემდეგ, რაც ცხრაწლიანი მმართველობა დაკარგა, ენმ ჯერ გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და კიდევ რამდენიმე ძირძველმა ნაცმა დატოვა, მალევე, მათ გზას გიორგი ვაშაძეც დაადგა.

ყოფილ მმართველ გუნდში დალხინებული ცხოვრება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც ახლაა. ყოველ შემთხვევაში, ნაცებს შორის დაწყებული დაპირისპირება კულუარებს კარგა ხანია გასცდა და ერთ დროს, „ერთ მუშტად“ შეკრული გუნდის წევრები ერთმანეთს „დინგი-დუნიის“ დასანახად ასამარებენ და ამიწებენ. 

რით დამთავრდება ეს „დამიწება“, მალე გამოჩნდება. ასე რომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...