„ენღელაბი“ ირანში? - უწყვეტი პროტესტი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

სპარსულად რევოლუციას „ენღელაბი“ ჰქვია, ვარსკვლავთმრიცხველები კი ამ ტერმინით პლანეტების ტრიალს, ორბიტაზე სვლას აღნიშნავდნენ. ძალადობრივი ქმედებით პოლიტიკური გადატრიალების მნიშვნელობა ამ სიტყვამ საფრანგეთის რევოლუციის გამო შეიძინა. გასულ საუკუნეში ირანში ერთი, „ენღელაბ-ე ესლამი“ უკვე მოხდა. ირანში ახლანდელ ამბოხს ძალადობრივის ვერ უწოდებ, მაგრამ ის შეუდრეკელი, უშიშარია და პროტესტის ათასნაირ ფორმებს მიმართავს: თავსაფრების საჯაროდ დაწვით დაწყებული მოლებისთვის ხელის აკვრით ჩალმის ჩამოგდებით დამთავრებული. ელის ირანს ახლა სხვა "ენღელაბი"? რაც უნდა დაარქვან ახლანდელ ამბოხს, მისი ბუნება დღეს გავრცელებული ლოზუნგის სამ სიტყვაში ჩანს: „ზან, ზენდეგი, აზადი“ - „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ და ის თეირანში 16 სექტემბერს მომხდარ ტრაგედიას გამოხატავს.

როგორ დაიწყო

2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ირანში, თეირანში, შორეული ქურთისტანიდან პროვინციიდან, სტუმრად ჩასული 22 წლის ქალი მაჰსა ჟინა ამინი მორალის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში წაიყვანა ბრალდებით, რომ მას თავსაფარი არ ეკეთა წესის მიხედვით. ამინი იქ ცუდად გახდა, კომაში ჩავარდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვინ ან რამ მოკლა ქალი, რომელიც ისლამური ჩაცმა-დახურვის მკაცრი წესის დარღვევისთვის დააკავეს, არაა გარკვეული, მაგრამ დღემდე არ ცხრება მისი სიკვდილის გამო, მას შემდეგ მომძლავრებული საპროტესტო მუხტი, რომელიც მთელ ირანში გავრცელდა.

ისლამური რესპუბლიკა სასტიკად უსწორდება საპროტესტო აქციების მონაწილეებს, მოკლულთა რიცხვი 300-ს ასცდა და, სავარაუდოდ, ბევრად მეტია, დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. ირანში ამბოხის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ დასავლეთის ქვენების ლიდერები.

საპროტესტო ტალღა ცვალებადია, ის ხან იზრდება და ძლიერდება, ხანაც ცხრება. მსოფლიოს ათეულობით ქალაქში, ოკეანის გადაღმა და ევროპაში, საქართველოშიც, მოეწყო სოლიდარობის დემონსტრაციები, რომლებშიც ირანელ ემიგრანტებთან ერთად ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში.

ირანის საპროტესტო გამოსვლებს ორიგინალური ფორმები აქვს ხოლმე: არაერთმა ქალმა საჯაროდ შეიჭრა თმა - ახალგაზრდა ადამიანების დატირების ძველი ფორმა გაიხსენეს. თმის შეჭრით ირანის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს გამოჩენილმა არტისტებმა, რისი ჩანაწერიც ინტერნეტს მოედო. ირანში და სხვაგან საჯაროდ წვავდნენ თავსაფარს, პროტესტის თავისებურ სიმბოლოს. ასევე გაისმის გამორჩეული ლოზუნგები, რომლებითაც მთავრობას წასვლისკენ მოუწოდებენ. არის ბევრად უხეში ლოზუნგებიც.

მუდამ მეამბოხე სტუდენტები

მასობრივი გამოსვლების ერთგვარი შენელების მიუხედავად, ხალხის გადაწყვეტილება, არ შეეპუონ მთავრობას, არ შეწყვიტონ პროტესტი, მტკიცეა. განსაკუთრებით ძლიერია ეს იმპულსი უნივერსიტეტებში. ბევრგან სტუდენტმა გოგონებმა და ვაჟებმა მოშალეს მათი გამყოფი ზღუდეები.

თეირანის შარიფის უნივერსიტეტში, რომელიც ირანის ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი უმაღლესი სკოლაა, დაშინების და დაპატიმრებების მიუხედავად, სტუდენტები არ ცხრებიან.

წყარო: რადიო თავისუფლება