როგორ იქცა ყირიმის ნახევარკუნძული კუნძულად

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქერჩის სრუტეზე ხიდის აფეთქებამ და ანექსირებულ ნახევარკუნძულზე განსაკუთრებული რეჟიმის შემოღებამ დიდი გავლენა მოახდინა ყირიმელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რუსული საქონელი კვირებს ანდომებს ყირიმში ჩაღწევას, ავტომობილებს დიდხანს და საგულდაგულოდ ჩხრეკენ, კატეგორიულად აკრძალულია მატარებლების, კატარღებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ფოტოგრაფირება.

ქერჩის სრუტეში აშენებულ ე.წ. ყირიმის ხიდზე, რომლის სიგრძე 18 კმ-ია, აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. სწორედ ამის შემდეგ გამოსცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონში „რეაგირების საშუალო დონის რეჟიმის“ შემოღების შესახებ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოტივით, დამატებით უფლებამოსილებას ანიჭებს. რაც შეეხება ყირიმს. პუტინის ამ განკარგულებით, მოსკოვის მიერ დანიშნულ „ხელისუფლებას“, თავისი შეხედულების მიხედვით შეუძლია შემოიღოს ნახევარკუნძულზე შესვლისა და გასვლის სპეციალური რეჟიმი, შეზღუდოს გადაადგილება, გაიყვანოს მოსახლეობა ე.წ. უსაფრთხო ადგილებში, გაჩხრიკოს ავტომობილები და ა.შ.

ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები სერგეი აქსენოვი და მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნებიან, რომ ისინი ჯერ არ აპირებენ ნახევარკუნძულზე ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლას.

„კომენდანტის საათის შემოღება და შემოსვლა-გასვლის რეჟიმის შეზღუდვა ამ დროისთვის არ იგეგმება“, - დაწერა აქსენოვმა ტელეგრამის არხზე. მისი თქმით, რეგიონში უკვე ისედაც მოქმედებს ტერორისტული საფრთხის მაღალი დონე, ამიტომ არ არის საჭირო მნიშვნელოვანი ობიექტების უსაფრთხოების დამატებითი გაძლიერება.

„სევასტოპოლში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური დამატებითი ზომების შემოღება საჭირო არ არის. მოქმედებს სტაციონარული სადღეღამისო პოსტები შესასვლელთან. საგზაო პოლიცია და როსგვარდია საგულდაგულოდ ამოწმებენ შემოსულ ტრანსპორტს, განსაკუთრებით სატვირთოებს. ტოტალური შეზღუდვების შემოღებას ჯერ არ ვაპირებთ“, - განაცხადა მიხაილ რაზვოჟაევმა. 

მიუხედავად ამისა, პუტინის განკარგულების შემდეგ ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების ზომები აშკარად გაძლიერდა. ომის დაწყებიდან პირველად, სევასტოპოლის შესასვლელთან გზებზე ორმაგი კორდონები გაჩნდა. იალტის მხრიდან, საგზაო პოლიციის პირველი პოსტი გაკეთდა დაბა ფოროსთან, მეორე კი - დაბა გონჩარნისთან. ამასთან, თუ ჯერ კიდევ სექტემბერში გონჩარნისთან საგზაო პოლიციის რამდენიმე მანქანა მხოლოდ მორიგეობდა, ახლა გზის პირას ჯიხური დადგეს და სტაციონარული, 24-საათიანი საგუშაგო მოაწყვეს.

ავტომობილებს განსაკუთრებული ყურადღებით ამოწმებენ ქერჩის სრუტეზე გადასასვლელი ხიდის მისადგომებთან. 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც გაანადგურა ხიდის ორი მალი, ამ მარშრუტით სარგებლობა მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებსა და სამგზავრო ავტობუსებს შეუძლიათ. ყველა ავტომობილს საგულდაგულოდ ამოწმებენ, ზოგიერთს კი რენტგენის აპარატითაც აშუქებენ (ზაფხულში მანქანებს მხოლოდ ვიზუალურად ათვალიერებდნენ, თანაც შერჩევით). ამის გამო, თითქმის მუდმივად იქმნება საცობები გადასასვლელის ორივე მხარეს. მძღოლების თქმით, საცობები ყირიმის მიმართულებით თითქმის უწყვეტად, 3-4 კილომეტრზეა გადაჭიმული. 

სევასტოპოლში, სპეციალური რეჟიმის შემოღების შემდეგ, ჩინოვნიკები დაინტერესდნენ საცხოვრებელი კორპუსების სარდაფების მდგომარეობით, რათა საფრთხის შემთხვევაში ისინი თავშესაფრებად გამოიყენონ. ბოლო კვირების განმავლობაში ქალაქში გამოჩნდა საინფორმაციო აბრები, რომლებიც მოსახლებას ამცნობენ, თუ სად მდებარეობენ თავშესაფრები. სევასტოპოლის მცხოვრებლებს ურჩევენ წინასწარ შეარჩიონ გზა უახლოეს თავშესაფრამდე, თუ მათ სახლს არ აქვს სარდაფი ან მიწისქვეშა პარკინგი. ამასთან, ხელისუფლება უარს ამბობს თავშესაფრების ადგილმდებარეობის მითითებაზე „უსაფრთხოების მიზნით“.

რუსეთის მიერ დანიშნული ქალაქის მერის განკარგულებით, დაიწყო სარდაფების როგორც ნაგვისა და ვირთხებისგან გაწმენდა, ასევე სკამებითა და სამელის წყლით მომარაგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ადამიანებმა რამდენიმე საათის განმავლობაში დამალვა შეძლონ. რადგან ქალაქს არ აქვს ფული მუშახელის დასაქირავებლად, მიხეილ რაზვოჟაევმა შესთავაზა სევასტოპოლის მცხოვრებლებს გამოსულიყვნენ შაბათობებზე და თვითონ მოეწყოთ თავშესაფრები. 

ამასთან „საზოგადოების უსაფრთხოებაზე“ ზრუნვა ზოგჯერ მოულოდნელ ფორმებს იღებს ხოლმე ნახევარკუნძულის მცხოვრებლებისთვის. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ, მგზავრებს აეკრძალათ ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება ბორნებსა და სამგზავრო კატარღებზე, რომლებიც სევასტოპოლის ყურეში კურსირებენ. ნავმისადგომებზე გაჩნდა შესაბამისი შეტყობინებები, თუმცა არცერთ მათგანში არ არის მითითებული ადგილობრივი ადმინისტრაციის დადგენილება (ან განკარგულება), რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული გადაღების ამკრძალავი გადაწყვეტილება. არადა, დამრღვევებს სწორედაც რომ სამართალდამცავი ორგანოების გამოძახებით ემუქრებიან. თვითმხილველების თქმით, დაცვა მკაცრად აკონტროლებს მითითების შესრულებას და თუ ვინმეს „დანაშაულზე“ წაასწრებს, ტელეფონის მეხსიერებიდან ფოტოს წაშლასაც აიძულებს.

„საშუალო რეაგირების“ რეჟიმის შემოღების შემდეგ, ფოტოს გადაღება რკინიგზაზეც აიკრძალა.

„აკრძალვა მოქმედებს სპეციალურ და საგანგებო დანიშნულების სარკინიგზო შემადგენლობებზე, საინჟინრო კონსტრუქციებზე (ხიდები, გვირაბები), საკომუნიკაციო სისტემებზე, კავშირგაბმულობის ობიექტებზე, ნავიგაციისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის პუნქტებზე“, - აცხადებენ ყირიმის რკინიგზის პრესსამსახურში. ამასთან, მოქალაქეებს უფლება აქვთ გადაიღონ სურათები „პირადი სარგებლობისთვის“ როგორც მატარებლების შიგნით, ასევე სადგურებსა და ბაქნებზე. ასევე ნებადართულია მატარებლებისა და სადგურების გადაღება მხოლოდ ფართო ხედით, „დეტალებისა და კონსტრუქციის განსაკუთრებული მახასიათებლების გამოჩენის გარეშე“.

გარკვეულ ყოფით უხერხულობას, რომელიც ყირიმელებს ბოლო დროს შეექმნათ, არანაირი კავშირი არ აქვს სპეციალური რეჟიმის ამოქმედებასთან. გადამწყვეტ როლს ხიდის მწყობრიდან გამოყვანა თამაშობს. მას შემდეგ, რაც ქერჩის სრუტეზე გადებულმა ხიდმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა შეწყვიტა, მნიშვნელოვნად გართულდა ყირიმისათვის ტვირთების მიწოდება. სატვირთო ავტომობილებს სრუტის გადაკვეთა მხოლოდ ბორნით შეუძლიათ, როგორც ძველად, ხიდის აგებამდე ხდებოდა. ამასთან, ამჟამად მხოლოდ ოთხი ბორანი მუშაობს, რაც საკმარისი არ არის. ბორნების ეს რაოდენობა ვერ აუდის სატრანსპორტო ნაკადს, შედეგად იქმნება ხერგილები და უსაშველო, ათეულობით კილომეტრზე გადაჭიმული რიგები. მძღოლების თქმით, ბოლო დღეებში მცირეგაბარიტიანი მანქანების ბორანზე ასვლის მოლოდინის დრო 13 საათამდე შემცირდა, სატვირთო მანქანებს კი 4 დღე უწევთ ლოდინი. კრასნოდარის ტერიტორიის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 1 ნოემბრის მდგომარეობით, ბორანზე ასვლის რიგში 800-მდე სატვირთო ავტომობილი იდგა. ნავსადგურში ინსპექტირებისას ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მძღოლებს მანქანების სრულად დაცლას აიძულებენ, შემდეგ კი ტვირთებს სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით ამოწმებენ. 

რუსეთის ხელისუფლება მძღოლებს ნახევარკუნძულზე მოსახვედრად ალტერნატიულ მარშრუტს სთავაზობს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლის სახით. ზოგიერთი მძღოლი იძულებულია ისარგებლოს ამ შეთავაზებით.

„მე თვითონ ყოველკვირა დავდივარ კრასნოდარიდან ყირიმში, ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ მხოლოდ შემოვლითი გზით. თუ თქვენ გაქვთ სურვილი გამოიძინოთ და არაფერი აკეთოთ ხუთი დღის განმავლობაში, კი ბატონო, იარეთ ბორნით“, - ამბობს ვიტალი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

თუმცა, ბევრი თავს იკავებს უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გზის არჩევისგან, რადგან სულ ცოტა ხნის წინ იქ საბრძოლო მოქმედებები წარმოებდა: არც უსაფრთხოა და აღარც გზის ხარისხი ვარგა, გასაგები მიზეზების გამო.

„სჯობს ერთი დღე ბორნის რიგში იდგე, ვიდრე იგივე დრო გზაზე იჯაყჯაყო“, - ამბობს სერგეი კიმი, სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

 
 
 

იმისათვის, რომ გამკლავებოდნენ ყუბანის მხრიდან ბორნის მისადგომებთან წარმოქმნილ მრავალკილომეტრიან რიგს და საავტომობილო ნაკადი მიემართათ ოკუპირებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებისკენ, კრასნოდარის ხელისუფლებამ 27 ოქტომბრიდან ჩაკეტა საბორნე გადასასვლელისკენ მიმავალი გზა სატვირთო ავტომობილებისთვის. გამონაკლისი დაუშვეს მხოლოდ სამხედრო და სპეციალური ტვირთებისთვის (მედიკამენტები, სამშენებლო აღჭურვილობა, მალფუჭებადი პროდუქტები, ასევე გარკვეული სახის საკვები და გადაუდებელი საჭიროების არასასურსათო ნივთები).

ლოგისტიკასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და ნახევარკუნძულის ფაქტობრივად კუნძულად გადაქცევამ, განაპირობა ის, რომ ყირიმს დიდწილად შეფერხებით მიეწოდება სასურსათო და სამეურნეო საქონელი. უპირველეს ყოვლისა მომხდარმა ცვლილებამ კვალი დაამჩნია რძის პროდუქტებით მომარაგებას, რადგან, ცნობილია, რომ რძის ნაწარმი ვერ „იტანს“ რიგში დიდხანს გაჩერებას. ამ გარემოების გამოძახილია ის, რომ ყირიმში პოპულარული საცალო ქსელ „მაგაზინჩიკის“ ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ „რძე საწყობებში საკმარისზე მეტი აქვთ, მაგრამ ქსელში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის შეტანა ხერხდება 

ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საკურიერო მოსახურების რუსული სერვისებით საქონლის მიღების როგორც ვადები, ასევე ტარიფები. Ozon-ისა და Wildberries-ის მეშვეობით შეკვეთილი საქონელი ჩვეულებრივ ყირიმში სამიდან ხუთ დღეში აღწევდა. ახლა ეს ვადები, სულ ცოტა, გაორმაგდა.

იალტის მკვიდრმა ელენა საველიევამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რუსეთიდან გამოწერილი პატარა პაკეტის მიღებას თითქმის ორი კვირა დასჭირდა. კომპანიის წარმომადგენლობამ დაგვიანება იმით ახსნა, რომ ტვირთის მიწოდების სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ ამანათები ყირიმიდან ჯერ იგზავნება კრასნოდარის დახარისხების პუნქტში და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდება ყირიმში. შედეგად, გამოწერილმა ტვირთმა ორჯერ გადაკვეთა ქერჩის სრუტე. 

ნახევარკუნძულის მცხოვრებლებს ასეთი უხერხულობის ატანა ერთი ხანობა კიდევ მოუწევთ. ბოლო მონაცემებით, ყირიმის ხიდზე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება არა უადრეს 2022 წლის 1 დეკემბრისა. ზოგადად, დაზიანებული მალების შეკეთება მინიმუმ 2023 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდება - ამ ვადით გაფორმდა ხელშეკრულება კონტრაქტორთან, რომელმაც უნდა აღადგინოს მწყობრიდან გამოყვანილი მაგისტრალი.

ხიდზე აფეთქება და სპეციალური რეჟიმის შემოღება „კარგად“ დაემთხვა ტურისტული სეზონის დასრულებას. ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში ტურისტების ნაკადი თითქმის ნულამდე დაეცა. 

„ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ყირიმში დამსვენებლები მეტ-ნაკლებად კიდევ ჩადიან, მაგრამ მთლიანობაში, ტურისტული აქტივობა მაინც კლებულობს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამინდის ფაქტორიც. წელს კლება საკმაოდ დიდი და თვალშისაცემი იყო. დამსვენებელთა სიმცირე გამოიწვია ომმა და ავიარეისების შეზღუდვამ, რაც ასევე მიმდინარე ომთანაა დაკავშირებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ყირიმის ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გასტანს ყირიმში 8 ოქტომბერს გამოცხადებული „რეაგირების საშუალო რეჟიმი“. რუსეთის მიერ ანექსირებული ნახევარკუნძულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ საფრთხის გაზრდის შემთხვევაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

„ყველაფერი დამოკიდებული იქნება ვითარებაზე, რომელიც ასევე განსაზღვრავს რესპუბლიკაში შესვლისა და გასვლის წესების ცვლილებას. თუ ეს აუცილებელი იქნება ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად ან რაიმე ღონისძიებების ჩასატარებლად, გადაწყვეტილებები მიიღება უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა კრემლის მიერ დანიშნულმა ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა.

წყარო: რადიო თავისუფლება