ცნობილი მწერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - რატომ იძია სტამბის მუშამ შური გახმაურებული რომანის ავტორზე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დამოუკიდებლობა გაზეთებმაც მოიპოვეს და არაერთი ახალი გაზეთი გამოჩნდა. ამავდროულად, წიგნების დახლებზე ახალი მწერლების ნაწარმოებებმაც იმატა. წიგნები, რომლებსაც სტამბები ბეჭდავდნენ და შემდეგ უკვე მწერლის თავში საცემი იყო გასაღება, ხშირად ბანალურ ისტორიებზე აგებული სიუჟეტებით იყო სავსე. რა თქმა უნდა, ისინი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებთან ახლოსაც ვერ მივიდოდნენ, მაგრამ თავისი მკითხველი ჰყავდათ. დაახლოებით, ისე, კომუნისტების ზეობის პერიოდში, „მგლის ბილიკი“ და „შავი ვარდი“ რომ უნდა წაგეკითხა აუცილებლად.

 ამ ფონზე, არსებობდა ნაწარმოებები, რომლებსაც საზოგადოება აიტაცებდა ხოლმე, წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა, გავიდოდა ნახევარი წელი და აღარც წიგნი ახსოვდა ვინმეს და აღარც - მწერალი. მკითხველს ან ახალი კუმირი ჰყავდა, ან ისევ, ძველებს უბრუნდებოდა. ამიტომ, როცა იმ დროის ერთ-ერთი ასეთი მწერალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სამართალდამცავები ძალიან შეწუხდნენ. მკვლელობა აუცილებლად რეზონანსული გახდებოდა, რომ არა ერთი, იმჟამინდელი მილიციისთვის მაშველ რგოლად გამხდარი ფაქტი - გარდაცვლილს შაქარი ჰქონდა და ინსულინის დოზებს იკეთებდა. გვამის გვერდით ინსულინის შპრიცი ეგდო, რამაც გამომძიებლებს შესაძლებლობა მისცა ეთქვათ, რომ მწერალმა დოზა ვერ განსაზღვრა, სახელდახელოდ მოგროვილმა გარდაცვლილის მეგობრებმა ეს ვერსია დაიჯერეს და ქალაქშიც ასე გავრცელდა, თუმცა ძალოვნებმა კარგად იცოდნენ - ეს იყო მკვლელობა, რადგან ექსპერტიზის გარეშეც ჩანდა, რომ გარდაცვლილს მკვლელობამდე ორივე ხელი შეკრული ჰქონდა, ინსულინი კი კანქვეშ კი არა, ვენაში ჰქონდა გაკეთებული, რამაც სიკვდილი გამოიწვია. დიაბეტით დაავადებულ ადამიანს ასეთი შეცდომა, უბრალოდ, არ მოუვიდოდა.

„სამწუხაროდ, არ იყო კვალი, რომელიც მკვლელზე მიგვანიშნებდა. ერთადერთი, გვამთან ახლოს, წითელი ძაფის ნაწილაკები იპოვეს ექსპერტებმა და ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ეს ხელთათმანის ძაფი ყოფილიყო. ჯერ ერთი, გარეთ ციოდა და დამნაშავე კვალის დაფარვის მიზნით, ხელთათმანებს ჩაიცვამდა. ჰო, წითელი ნაწილაკები შპრიცზეც აღმოჩნდა, რამაც ხელთათმანთან დაკავშირებით ეჭვები გააძლიერა. ერთი ეგ იყო, ვერავინ ხვდებოდა, როგორ გაკოჭა უბრძოლველად მკვლელმა მწერალი, რომელიც ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო, ოთახში კი წინააღმდეგობის გაწევის კვალი არ ჩანდა“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

„წიგნებს მე და ჩემი ქმარი ერთობლივად ვწერდით, ისტორიებსაც ერთად ვიგონებდით. ახლაც, კრიმინალური ისტორიის ოთხტომეულზე ვმუშაობდით, სამი დაიბეჭდა, მეოთხე ახლა უნდა დასრულებულიყო და შედეგად რა მივიღეთ? ის სწორედ ფინალზე მუშაობდა, სადაც კვანძი უნდა გახსნილიყო და ამით ეს ისტორია სრულდებოდა. ახალი წიგნების იდეები გვქონდა, ახლა კი ყველაფერი დასრულდა“,-ეს ჩვენება გარდაცვლილის ცოლმა მისცა და ვერაფრით ახსნა, რის გამო შეიძლებოდა მოეკლათ მისი მეუღლე.

სამაგიეროდ, გარდაცვლილის მეგობრებმა თქვეს, რომ შესაძლოა, მკვლელობაში გარეული... წიგნის გამომცემელი ანუ სტამბის პატრონი ყოფილიყო. საქმე ის გახლდათ, რომ ეს იყო ბოლო წიგნი, რომელსაც მწერალი ამ სტამბაში ბეჭდავდა, მერე კი წასვლას აპირებდა სხვა გამომცემლობაში, რადგან იქ, სხვაგან, უკეთესი ხარისხის აპარატურა ჰქონდათ, რაც წიგნის ხარისხზე ავტომატურად აისახებოდა.

გამომძიებლებიც სწორედ სტამბის დირექტორთან მივიდნენ.

„მისი მოკვლის არანაირი საფუძველი და სურვილი არ მქონდა. ჯერ ერთი, მე ვიყიდე დიდი რაოდენობით ქაღალდი, ვალად დავიდე რამდენიმე ათასი დოლარი, რომლითაც სწორედ ის, მეოთხე ტომი უნდა დამებეჭდა და ამ დროს მწერლის მკვლელობა ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა. იმედი მაქვს, მისი ცოლი შეძლებს რომანის დასრულებას, თორემ ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდები“, - განაცხადა სტამბის პატრონმა.

მიუხედავად ამ ჩვენებისა, ძალოვნებმა ისიც გაარკვიეს, რომ სტამბის დირექტორი მწერლის ცოლის საყვარელი იყო და შესაძლოა, ამ მკვლელობით ორი კურდღელი დაიჭირა - საყვარელ ქალს შეინარჩუნებდა და თან არც სხვა სტამბაში გაუშვებდა. შესაძლოა, მხოლოდ ცოლის ნამუშევარი რომანები ისეთივე პოპულარული არ ყოფილიყო, მაგრამ პურის ფულს აშკარად მოიტანდა. სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, სტამბის პატრონი, ყოველი შემთხვევისთვის, 48 საათით დააკავეს, მაგრამ ყველამ იცოდა, მის წინააღმდეგ ხელჩასაჭიდ სამხილს თუ არ მოძებნიდნენ, გაშვება მოუწევდათ. სამხილი კი, უბრალოდ, არ იყო.

მწერლის გასვენებას არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო. ყველა აღნიშნავდა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ნიჭიერი ადამიანი დაკარგა. გასვენებაში იყო სტამბის დირექტორიც, რომელიც უკვე გამოშვებული ჰყავდათ და ხალხში გაბნეული სამართალდამცავებიც ამაოდ ცდილობდნენ ამბის გარკვევას, ყველამ იცოდა, რომ ის ინსულინის არასწორი დოზის გამო მოკვდა. ასე განსაჯეთ, გასვენება იმჟამინდელმა პირველმა არხმაც კი გადაიღო და საღამოს „მოამბეში“, ნახევარწუთიანი სიუჟეტიც უძღვნა. საბედნიეროდ, მკვლელობაზე იქაც არაფერი თქმულა.

„ამ საქმეს თავი და ბოლო ვერ გავუგეთ, თუმცა გასვენებიდან ორ დღეში, თავს უკვე გარდაცვლილის მეუღლეს დაესხნენ. სადარბაზოში მისი მოკვლა დანით სცადეს, თუმცა ბედად, მეზობლის ბიჭები ჩამოდიოდნენ კიბეზე და მათ დანახვისას, თავდამსხმელი გაიქცა. ადგილზე მისულებმა, თოვლში ვნახეთ მკაფიო ნაკვალევი და დავასკვენით, რომ შუა ზამთარში, მას კედები ეცვა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

იმ პერიოდში ბევრს უჭირდა და შესაბამისად, ზამთარში კედები კი არა, ზოგი ზაფხულის სანდლებით დადიოდა. ამიტომ, ერთი შეხედვით, ეს არ იყო განსაკუთრებული ნიშანი, თუმცა ერთ-ერთი ოპერმუშაკი ამბობდა, კედებითა და წითელი ნაჭრის ხელთათმანებიანი კაცი, ამ საქმის წარმოების დროს, სადღაც ვნახე, მაგრამ ადგილს ვერაფრით ვიხსენებო. გარდაცვლილის მეუღლესაც ჰკითხეს, ხომ არ იცნობდა ვინმეს, ვინც კედებითა და წითელი ხელთათმანებით დადიოდა, მაგრამ მან ასეთი ვერავინ გაიხსენა. რაც მთავარია, ქალმა სიბნელეში ვერც თავდამსხმელის სახე გაარჩია და გამოძიებას ვერაფრით დაეხმარა.

ერთი ეგ იყო, სახლიდან გარეთ არ გამოდიოდა და მისთვის საკვები სტამბის დირექტორს მიჰქონდა. ასე გავიდა კიდევ ერთი კვირა და მოულოდნელად, ოპერმუშაკი გამომძიებლის კააბინეტში ყვირილით შევარდა - „გავიხსენე, გავიხსენე!“ მისი თქმით, წითელი ხელთათმანებითა და კედებით მამაკაცს იმ კადრში მოჰკრა თვალი, რომელიც პირველმა არხმა გადაიღო და ტელევიზიით გაუშვა. რა თქმა უნდა, მაშინ არც ინტერნეტი იყო, არც - ტელე-პროგრამების გადახვევა შეიძლებოდა ტელევიზორში, ამიტომ სამართალდამცავები ტელევიზიაში წავიდნენ და ჩანაწერი ამოიღეს. მართლაც, კადრში კარგად ჩანდა ადამიანი, რომელსაც კედები და წითელი ხელთათმანები ეცვა და ის სტამბის თანამშრომელი იყო. ჰო, იმ სტამბის, სადაც წიგნები იბეჭდებოდა. ოპერმუშაკებმა ის ბინაში აიყვანეს, ჩხრეკის შედეგად კი კედები და ხელთათმანები ამოიღეს. წითელი ნაჭერი დაემთხვა იმას, რომელიც მამაკაცის მკვლელობის ადგილზე ნახეს და დიდად არც მკვლელს დაუმალავს, რომ დანაშაული მან ჩაიდინა.

„მთელი ცხოვრება სტამბაში ვმუშაობ, ჩემს ხელში უამრავმა წიგნმა გაიარა, მაგრამ ყველაზე მეტად ამან დამიანტერესა. როცა გავიგე, რომ მეოთხე ტომით რომანი სრულდებოდა, ბევრი ვინერვიულე, არ მინდოდა დასრულებულიყო, სულ მინდოდა მეკითხა. ამიტომ, ავტორს მივაკითხე და ადამიანურად ვთხოვე, რომ ნაწარმოები გაეგრძელებინა, მაგრამ დაცინვის მეტი ვერაფერი მოვისმინე. მერე ყველაფერი ავტომატურად მოხდა, მოულოდნელად გავკოჭე და ინსულინი ვენაში გავუკეთე. დიდი დოზა იყო, მეგონა, დიდი დოზა მოკლავდა. თურმე, ინსულინი ვენაში არ შეიძლება და მცირეც მოუღებდა ბოლოს. შემდეგ მის მეუღლეზე გავბრაზდი, რომელმაც დაადასტურა, რომ რომანს მეოთხე ტომით დაასრულებდა და მისი მოკვლაც განვიზრახე, არ გამომივიდა“, - აღიარა დაკავებულმა.

სასამართლომ მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მანამდე კი სამედიცინო დასკვნა დაიდო. იმის მიუხედავად, რომ სტამბის მუშას რაღაც გადახრები ჰქონდა, დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო. მას ციხიდან გამოსვლა არ ეღირსა, რადგან ტუბერკულოზით დაავადდა და ციხეშივე გარდაიცვალა. პატიმრები ამბობდნენ, რომ ციხეში, მთელ დღეებს კთხვაში ატარებდა, თუმცა ყოველი წიგნის დასრულების შემდეგ ამბობდა, რომ უკეთესი ჰქონდა წაკითხული და სავარაუდოდ, იმ ოთხტომეულს გულისხმობდა, რომელმაც ციხის კარამდე მიიყვანა.