უნიტაზები, პლასტმასის მილები, კომპიუტერები - როგორ ძარცვავენ უკრაინას რუსი ოკუპანტები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 დიდი კორუფცია უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე - ბელორუსელი მებაჟეების ომით ნაშოვნი დოლარები

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 მიმდინარე კვირა რუსეთ-უკრაინის ომში გადამწყვეტი იქნება. რუსეთს, რომელსაც საბრძლო რესურსი ეწურება, სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვს - ვა-ბანკზე უნდა წავიდეს და ვინც არ იცის, ვეტყვი: რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, კომისარიატიდან ჯარში გასაწვევი ქაღალდი მიუვიდათ ანუ რუსეთის რესურსი უკვე ისეა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც კი ომში „ეპატიჟება“. ადამიანური რესურსის გარდა, სერიოზული პრობლემაა საბრძოლო მასალებისა თუ ტექნიკის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით რუსეთი დახმარებას ჩინეთს სთხოვს, რომელიც თავის მხრივ... ტაივანში შეჭრისთვის ემზადება. ჩინეთი ერთ-ერთია იმ იშვიათი სახელმწიფოებიდან, რომელიც რუსულ სანქციებს არ შეუერთდა და უფრო მეტიც, სანქციები მკაცრადაც გააკრიტიკა. თუ ჩინეთი რუსეთს იარაღსა და სამხედრო ტექნიკას მიაწვდის, ეს იქნება მაშველი რგოლი კრემლისთვის და, რაც მთავარია, ჩინური ბაზარი იქნება ის, რომელიც რუსეთს საერთაშორისო სანქციებს არ აგრძნობინებს. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირი კი ამტკიცებს, ჩინელებს დაველაპარაკებით და მოვახერხებთ, საერთო ენა გამოვნახოთო, თუმცა დაბეჯითებით ამის მტკიცება შეუძლებელია.

 

დაპყრობილ ქალაქებში კი რუსეთი ადგილობრივი ხელისუფლების საკუთარ წარმომადგენლებს ნიშნავს. ყველას ჰყავს თავისი „მეხუთე კოლონა“ და გამონაკლისი არც უკრაინაა. ასევე, რუს ჯარისკაცებს დაპყრობილი და დაბომბილი ქალაქების ძარცვაზე მწვანე შუქი აქვთ ანთებული. მათ მიაქვთ ყველაფერი, რისი წაღებაც კი შეიძლება, თუმცა მაინც ცდილობენ, რომ ძირითადად, ძვირადღირებული ტექნიკა დაიტაცონ, რადგან ფული და ძვირფასეულობა დევნილობაში წასულ მოსახლეობას თან აქვს წაღებული. აი, კომპიუტერები და ტელევიზორები კი ვერავინ ზიდა. ალბათ, გემახსოვრებათ, აგვისტოს ომის დროს, ქართული სოფლებიდან რუსებს უნიტაზებიც კი გაჰქონდათ და უკეთესი სიტუაცია არც უკრაინაშია - სახლებიდან სარეცხის მანქანებს, მაცივრებს, პერსონალურ კომპიუტერებს ეზიდებიან. იძარცვება სანტექნიკის მაღაზიები, საიდანაც ონკანები, პლასტმასის მილები და... ახალი უნიტაზები მიაქვთ.

„ახლა, უკრაინაში ყველაზე მეტად ისეთი მოდული ფასობს, რომელიც უსაფრთხო და დაცულია. ალბათ, იფიქრებთ, სად შეიძლება იყოს ასეთი, მაგრამ გვერწმუნეთ, არის. დანგრეული კორპუსების უმრავლეს ნაწილში, სარდაფები, სწორედ საყოფაცხოვრებო ტექნიკით არის სავსე, ზოგი მეპატრონეებმა ჩაზიდეს, ზოგიც - მოროდიორებმა, იმის იმედად, რომ როცა საქმე მშვიდობისკენ წავა, მიაკითხავენ. ჯარისკაცების მიერ ჩაზიდული ტექნიკა დანაღმულია, მეპატრონეების მიერ კი, უბრალოდ, ლამაზად დაწყობილი და მტვერი რომ არ დაედოს, შეფუთულიც კი“, - გვეუბნება უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქე.

მისივე თქმით, ავტოსერვისებიდან გაჰყავთ მანქანები, ოღონდ ახლები კი არა (ახლების თითქმის 99% მეპატრონეებმა ომის დაწყებისთანავე გაიყვანეს), არამედ, გასაკეთებლად დატოვებულები. უკრაინიდან მოპარულ მსუბუქ მანქანებს, უპრობლემოდ ატარებს ბელორუსი - მესაზღვრეები 200-300 დოლარად მზად არიან თვალი დახუჭონ იმაზე, რომ ავტომობილს საბუთი არ აქვს და როგორც ამბობენ, კიდევ 200-300 დოლარის გადახდის შემთხვევაში, განბაჟებაც ხდება. როგორც ამბობენ, სწორედ რუსი ჯარისკაცების მიერ მოწყობილი ძარცვა-გლეჯვაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ რუსეთის მხარეს მსხვერპლი დიდია.  ნაძარცვი ქალაქი მათი ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს და ადვილად თმობენ, უკრაინელებისთვის კი მიწის ყოველი კვადრატული მეტრი ძვირფასია და კბილებით იბრძვიან.

აღარავინ მალავს, რომ უკრაინაში საბრძოლველად ჩასულია ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის, როგორც ჯარი, ასევე, პოლიციის დანაყოფები. შესაძლოა, მათ ამის სურვილი არ ჰქონდათ, მაგრამ „დედა-რუსეთმა“ ბრძანა და ამიტომ, ისინი უარს ფიზიკურად ვერ იტყვიან.

სამხედროები ჩავიდნენ უკრაინაში სირიიდან, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა პირადად ჩააკითხა მებრძოლებს, რათა მათი საბრძოლო განწყობა აემაღლებინა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ მიმდინარე კვირა ამ ომში გადამწყვეტი იქნება. ჰო, ცნობა, რომ 72 საათში, ვლადიმირ პუტინი უნდა მოეკლათ, რუსული სპეც-სამსახურების გავრცელებული გვგგონია. რატომ? - იმიტომ, რომ პუტინი ცოცხალია, შესაბამისად, მითი, რომ ის უკვდავია და ვერავინ მოერევა, უფრო განმტკიცდა. არ გაგიკვირდეთ, თუ რუსული მხარე იმასაც იტყვის, ჩვენს პრეზიდენტს თავს დაესხნენ, მაგრამ მოკვლა ვერ მოახერხესო.

რუსეთმა პირწმინდად წააგო საინფორმაციო ომი, რასაც ხელი იმანაც შეუწყო, რომ უცხოური სოციალური ქსელები ისეთ ინფორმაციას ბლოკავენ, რომელიც რუსების წარმატებასთან ასოცირდება. სოციალურ ქსელში, პრაქტიკულად, არ იძებნება ვიდეო, რომელიც რუსული ჯარის თუნდაც მცირე წარმატებას ასახავს და რუსეთს მოსახლეობაზე ეს უარყოფითად მოქმედებს.

რუსეთის მოსახლეობა ტყუილად არ გვიხსენებია. საქართველოში ჩრდილოეთის საზღვრიდან ყოველდღიურად ათასობით რუსი შემოდის, ისინი ქირაობენ ბინებს და ოჯახებით სახლდებიან. იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაციამ ქვეყნიდან სრულწლოვანი მამაკაცების გასვლა აკრძალა, საზღვრის გადმოკვეთას 18 წელს ზემოთ კაცები მაინც ახერხებენ და როგორც გვიხსნიან, ყველაფერი ეს რუს მებაჟეებთან 500 დოლარამდე ჯდება. მარნეული, რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი და დმანისი - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც ჯერჯერობით რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა. აღარაფერს ვამბობთ თბილისზე, სადაც რუსეთის მოქალაქეთა შემოდინება ყველაზე თვალშისაცემია.

ისიც სათქმელია, რომ რუსებთან ერთად, საქართველოში უკრაინის არაერთი მოქალაქე ჩამოვიდა და მათი გარჩევა, ცოტა არ იყოს, ძნელია... ახლობელმა, რომელსაც ჩილიმ-ბარი აქვს, მასთან შესულ რუს ტურისტებს ექსპერიმენტი ჩაუტარა, არ მიუტანა ის დასაბოლებელი, რომელიც მოითხოვეს და ყველაზე ცუდი და არაარომატიზებული დაუდო. ამის მიუხედავად, რუსებმა მორჩილად მოწიეს ის, რაც მიუტანეს, ფული გადაიხადეს და ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე წავიდნენ. რატომღაც გვგგონია, სანამ გაურკვეველია, ვის მხარეს გადაიხრება ომის სასწორი, შემოსული რუსები „ტიშე ვოდი, ნიჟე ტრავი“ იქნებიან, მერე კი...

ეს ომი უკრაინამ არ უნდა წააგოს!