ოკუპანტის ახალი თავსატეხი - რუსეთს „კანონიერი ქურდები“ შეესივნენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

 როგორ სარგებლობს კრიმინალური სამყარო ომით

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 თამამად შეგვიძლია, რუსეთ-უკრაინის ომი 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ დაპირისპირებად მოვნათლოთ. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოს რუსეთი ებრძვის და ამ ომმა უკვე ათასობით სიცოცხლე შეიწირა. რაც ყველაზე გულსატკენია, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, ისინი, რომლებსაც ამ ცხოვრებაში ჯერ არაფერი უნახავთ და ისინი, რომლებიც საერთოდ არ არიან დამნაშავეები იმაში, რომ უფროსები ერთმანეთთან საერთო ენას ვერ პოულობენ.

 სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ადგილობრივები საზოგადოებას რუს „მოროდიორებს“ ანახებენ. „მოროდიორებმა“ თავდასხმები ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზეც განხორციელეს.

ომით, როგორც წესი, სხვა ჯურის კრიმინალებიც სარგებლობენ ხოლმე და ამ მხრივ გამონაკლისი არც ახლანდელი მდგომარეობაა - უკრაინაში, ალბათ, ის პირებიც მარტივად შედიან, რომლებიც იმავე უკრაინის კანონმდებლობით იძებნებიან ან უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება არ აქვთ. ჰო, ე.წ. კანონიერ ქურდებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს ვგულისხმობ. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონით, ქვეყანა მათგან გაიწმინდა, თუმცა ახლა ზუსტად ვიცით, რომ რამდენიმე მათგანი უკრაინას დაუბრუნდა და პოლიციას მათთვის ნამდვილად არ სცალია. მერე, ომის შემდეგ მოიცლიან სამართალდამცავები კრიმინალისთვის, თუმცა მანამდე, კრიმინალური დაჯგუფებები ისე შეიარაღდებიან, ყველაზე თამამ ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენდნენ. ისევ ჩვენი გამოცდილებიდან - შავ ბაზარზე, იარაღის ყიდვა ყველაზე მეტად, სწორედ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების შემდეგ იყო შესაძლებელი. ეს კი არადა, შავ ბაზარზე, ძალიან დიდი მარაგი 2008 წლის ომის შემდეგაც შეიქმნა, მაშინ, როცა თითქოს სამართალდამცავები ყველაფრის კონტროლს ახერხებდნენ - ბევრად ცუდი სიტუაცია იქნება უკრაინაში.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებით თუ ვიმსჯელებთ, იარაღი პირდაპირ ქუჩაში ყრია და ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, აიღოს, წაიღოს, შეინახოს ან იბრძოლოს. ჩვენი ინფორმაციით, არიან ადამიანები, რომლებიც „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატს 50 დოლარად იხვეწებიან, მაგრამ ვერ ყიდიან და ეს მაშინ, როცა იგივე „კალაშნიკოვის“ შეძენა ომამდე, 1 500 დოლარადაც კი რთული იყო.

ომის ერთ-ერთი „სიკეთე“ ესეცაა, კაცობრიობის მკვლელი იარაღი იაფდება და ბავშვები ცარიელი ტყვიის მასრებით თამაშობენ.

ისევ კრიმინალურ სამყაროს დავუბრუნდეთ. როგორც უკრაინა, ისე რუსეთი, ახლა კრიმინალური სამყაროსთვის ნამდვილი სამოთხეა. უკონტროლო სიტუაცია კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, რადგან არცერთი ქვეყნის სამართალდამცავებს რიგითი კრიმინალისთვის არ სცალიათ და რაც მთავარია, დღეს, პოლიციელთა აბსოლუტური უმრავლესობა ფრონტის წინა ხაზზეა. მათ გამოცდილებასა და საბრძოლო უნარებს, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყანა აქტიურად იყენებს და რა ძნელი მისახვედრია, რომ იარაღთან ურთიერთობა ყველაზე მეტად, სწორედ პოლიციის თანამშრომლებს არ ეშლებათ. სწორედ ამ მიზეზით, კრიმინალის დონე რუსეთში უფრო მეტადაა გაზრდილი, ვიდრე უკრაინაში, რადგან უკრაინაში მაინც სამამულო ომი აქვთ. რუსეთს კი, განსაკუთრებით რეგიონებიდან, ყველა პოლიციელი ბრძოლის წინა ხაზზე ჰყავს და რეგიონებში, კრიმინალის მიმართულებით, კატასტროფა ხდება. როგორც გვეუბნებიან, სწორედ რეგიონებში დაბრუნდნენ რუსეთიდან გაძევებული ე.წ. კანონიერი ქურდები და მათ საზღვარი აფხაზეთიდან გადაკვეთეს, აფხაზეთში კი მას შემდეგ დაიდეს ბინა, რაც ისინი რუსეთიდან გაყარეს. მათზე მორიგი დევნა მანამ არ დაიწყება, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს არ დაამთავრებს და სანქციების გადამკიდე, ასე თუ ისე, აზრზე მოსვლას არ დაიწყებს.

დამშეული კრიმინალების დაბრუნება რუსი სამართალდამცავებისთვის ცალკე პრობლემაა, რადგან ისინი დაერივნენ იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც თავის დროზე ფულის გადახდაზე უარი თქვეს და პოლიციაში წასვლა არჩიეს. ეს ძირითადად საშუალო ბიზნესის ფენაა, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს ანუ მოსახლეობის ძალიან დიდი ფენა რუსეთში მხოლოდ იმით კი არ არის უკმაყოფილო, რომ მათი ქვეყანა უკრაინასთან ომს აწარმოებს და ამის გამო, სანქციები მათაც დაუწესდათ, არამედ, იმის გამოც, რომ ისინი კრიმინალებმა შეაწუხეს და შეავიწროვეს, პოლიციას კი მათ დასაცავად აღარც დრო აქვს, აღარც - რესურსი.

ზოგადად, ომების დასრულების შემდეგ, კრიმინალის პრობლემა ყოველთვის რთულად იდგა. მაგალითისთვის, მეორე სამამულო ომის დასრულების შემდეგ, მოსახლეობაში იმდენი იარაღი იყო გაბნეული, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, კრიმინალები კი არ დაეპატიმრებინა, არამედ, პირდაპირ ქუჩაში დაეხვრიტა. 1946-48 წლებში, მათთან ბრძოლას ათასობით სამართალდამცავი შეეწირა, რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, ომს გადარჩენილი და სამშობლოში დაბრუნებული ჯარისკაცების ნაწილი სამუშაოდ იმჟამინდელ მილიციაში წავიდა და კრიმინალების მსხვერპლი გახდა. რომ არა ასეთი დაუნდობელი ბრძოლა და ადგილზე ლიკვიდაციის ბრძანება, საბჭოთა კავშირი მაშინ ბევრად მეტ დანაკარგს მიიღებდა და შესაძლებელი იყო, არაერთი ქალაქი, უბრალოდ, კრიმინალების კონტროლქვეშ ყოფილიყო.

ყველაფერი ეს,  იმიტომ გავიხსენეთ, რომ კრიმინალური დაჯგუფებების გაძლიერება მაშინ არარეალურად ბევრმა და უკონტროლო იარაღმა გამოიწვია. ზუსტად იგივე მეორდება ახლაც და ამის შეჩერება შეუძლებელია, რადგან ომის პარალელურად, ვერცერთი ხელისუფლება იარაღის მოძრაობას, უბრალოდ, ვერ გააკონტროლებს.

ჩვენი, ქართული მაგალითი ავიღოთ - გასულ უქმეებზე, უკრაინის მიმართლებით, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, ოფიციალურად, უკრაინის საკონსულოს დახმარებით, 75 ადამიანი წავიდა. მათ დაურიგებენ იარაღს, ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს და... რამდენი მათგანი წააწყდება უპატრონოდ მიტოვებულ იარაღს უკრაინის მიწაზე, ადვილი მისახვედრია და ზუსტად იგივე დღეში იქნებიან ადგილობრივებიც. სოციალურ ქსელში ის კადრიც ვნახეთ, „კალაშნიკოვებით“ დატვირთული ავტომანქანა რომ ჩაიგდეს ხელში მებრძოლებმა და იქვე რომ თქვეს, ამ იარაღის არც ტარება შეგვიძლია, არც ადგილი გვაქვსო და მანქანა ქუჩაში დატოვეს, გზა გააგრძელეს და როგორ გგონიათ, ვინც იმ მანქანას იპოვიდა, იარაღს სამხედრო ნაწილს ჩააბარებდა თუ სარდაფში ან ავტოფარეხში შეინახავდა, ყოველი შემთხვევისთვის?!

ეს „ყოველი შემთხვევისთვის“ კი, შესაძლოა, მტრის მოგერიება იყოს და შესაძლოა, იმ რუსი „მოროდიორების“, რომლებიც უკრაინაში მრავლად არიან.