მოსკოვში იტალიის საელჩოს თანამშრომელი მოკლეს

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორ ლობირებდა კრემლის გენერალიტეტი ნარკომაფიას

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

იმ დროს, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, მაგრამ ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები, ასე თუ ისე, ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებდნენ, თხუთმეტივე რესპუბლიკაში კრიმინალმა იმატა. იმატა იმიტომ, რომ ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლებს სჯეროდათ, მათთვის არავის ეცალა. სინამდვილეში, სამართალდამცავები აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ და შიდა დანაშაულების გარდა, საერთაშორისო დანაშაულების აღკვეთასაც ცდილობდნენ. ნგრევის პროცესში, სხვა ქვეყნის მოქალაქეებმაც ჩათვალეს, რომ უკანონო საქმიანობისთვის საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები საუკეთესო შესაძლებლობა იყო. სწორედ მაშინ, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება სულ რამდენიმე დღის საკითხი იყო, მოსკოვიდან შეტყობინება მოვიდა - საქართველოს გავლით, რუსეთში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - „კოკაინი“ შევიდა და ეს იმდენად სუფთა „კოკაინი“ იყო, რომ რიგითი ადამიანები, სერიოზული „კრიშისა“ და კავშირების გარეშე, ვერც შეიძენდნენ, ვერც ჩამოიტანდნენ და ვერც ქვეყნიდან გაიტანდნენ.

ეს ის პერიოდია, როცა საქართველოცა და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიც ცდილობენ, როგორმე, დიპლომატიური კავშირები დაამყარონ სხვა ქვეყნებთან, ოღონდ - არაოფიციალურად. ასევე, არაოფიციალურად, ქვეყანაში ჩამოდიან დაბალი რანგის ჩინოვნიკები და კულუარულად ხვდებიან მომიტინგეთა ლიდერებს. რაც მთავარია, უცხოელი ჩინოსნები, დაბალი რანგის მიუხედავად, ლამის ღმერთებად არიან გამოცხადებულნი და მაქსიმალურად ცდილობენ, პატივი სცენ. გამორიცხულია, საზღვრის კვეთის დროს მათი ბარგის შემოწმება და შესაბამისად, შეუძლიათ, ნებისმიერი რამ შემოიტანონ და გაიტანონ. ქართველმა მებაჟეებმა მიიღეს დავალება, რომ შეძლებისდაგვარად, გაერკვიათ, რა შემოჰქონდათ უცხოელ დიპლომატებს და საეჭვო ბარგი ისე გაეხსნათ, არაფერი დატყობოდა. ამან ვერ გაამართლა, რადგან ძირითად ბარგს, რომელიც ტანსაცმლით და სამართალდამცავთათვის სხვა, უინტერესო ნივთებით იყო გაძეძგილი, აბარებდნენ, ხელჩანთები კი პირდაპირ თვითმფრინავში აჰქონდათ და ხელიდან არ უშვებდნენ. შესაბამისად, ხელბარგის გაჩხრეკას ვერც მებაჟეები ბედავდნენ, ვერც - მესაზღვრეები და ზოგადად, ამ მიმართულებით სახარბიელო სიტუაცია არ იყო.

მაშინ, როცა ქართული მხარე ასე წვალობდა, მოსკოვში იტალიის საელჩოს თანამშრომელი მოკლეს. უფრო ზუსტად, მოკლეს პირი, რომელიც რუსი იყო და იტალიის საელჩოში მუშაობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას უზადო წარსული ჰქონდა და იმის მიუხედავად, რომ ძმა ნასამართლევი ჰყავდა, მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა და ესეც დოკუმენტურად იყო დადასტურებული. მაშ, რატომ უნდა ჩაეცხრილა უცნობს კაცი, რომელიც თითქოს არაფერს აშავებდა? მალე ისიც გაირკვა, რომ იტალიის საელჩოს გარდა, გარდაცვლილს ურთიერთობა არაბ დიპლომატებთანაც ჰქონდა. კონკრეტულად კი, არაბეთის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელს ხშირად ხვდებოდა და ისინი, ძირითადად, ჩაის სმით იყვნენ დაკავებულნი. რაც მთავარია, ეს არაბი დიპლომატი სამშობლოში ხშირად დადიოდა და უკან, რუსეთში, მუდმივად საქართველოს გავლით ბრუნდებოდა, რაც მოსახერხებელი არ იყო. ამიტომ, ქართველ ძალოვნებს, სწორედ ამ არაბი დიპლომატისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დაევალათ. იტალიის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობიდან ორიოდე კვირაში, სამართალდამცავთა მთავარი ინტერესის ობიექტი სამშობლოში წავიდა, იქიდან კვლავ ორ კვირაში დაბრუნდა და იმის მიუხედავად, რომ ქართველმა მებაჟეებმა ბარგის შემოწმება ვერ მოახერხეს, მოსკოვიდან მკაცრი მითითება მიიღეს - საქართველო-რუსეთის საზღვარზე, თუნდაც ძალის გამოყენებით, ბარგი უნდა გაეჩხრიკათ და გაეჩხრიკათ არა ზერელედ, არამედ, ყველა ჩანთის გახსნითა და მოწმეების თანდასწრებით. ეს ქართველ მესაზღვრეებს უნდა გაეკეთებინათ და ქართული მხარე მიხვდა, რუსეთი ორ კურდღელს იჭერდა. იმ შემთხვევაში, თუ არაბი სუფთა იქნებოდა, საერთაშორისო ასპარეზზე თავს იმით იმართლებდა, ბარგი ქართველებმა გაჩხრიკესო, კონტრაბანდის აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმის გახსნას თავად დაიბრალებდნენ. ამიტომ, ჩვენებს ბეწვის ხიდზე უნდა გაევლოთ და ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყდა, რომ დიპლომატი საზღვარზე კი არა, გზაზე გაეჩერებინათ და გაეჩხრიკათ. შესაძლოა, საზღვარზე ვერ გაეჩხრიკათ, რადგან დიპლომატს დაერეკა, წინააღმდეგობა გაეწია, მით უმეტეს, დაცვის სამი წევრი ახლდა, გზაში კი მისი ალყაში მოქცევა შეიძლებოდა, ოცზე მეტი შეიარაღებული თანამშრომლის ფონზე, დაცვაც წინააღმდეგობის გაწევისგან თავს შეიკავებდა. ერთი შეხედვით, სპეცოპერაცია კარგად დაიგეგმა, მაგრამ არაბმა დიპლომატმა მანქანიდან გადმოსვლა არ ისურვა, კარი შიგნიდან ჩაკეტა და მისი დაცვის წევრებმაც იარაღი მოამზადეს.

ქართველმა სამართალდამცავებმა სამინისტროს უპატაკეს, რომ ერთადერთი ვარიანტი ავტომობილის მინების ჩამსხვრევა იყო, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ დიპლომატს რამეს უპოვნიდნენ, თუ არადა, საქმე მხოლოდ საყვედურებით არ დასრულდებოდა და ვინმეს ციხეში წასვლა მოუწევდა. ის „ვინმე“ კი აუცილებლად ქართველი იქნებოდა და არა - რუსი. საბოლოო ჯამში, ე.წ. შტურმი დაიწყო, პასუხისმგებლობა შს მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს აჰკიდეს და საბედნიეროდ, დაცვამ არ გაისროლა. მანქანის ჩხრეკისას, საბარგულში 20 კილოგრამი ოქრო და ამდენივე თეთრი ფხვნილი იპოვეს. შემდეგ გაირკვა, ეს იყო სუფთა „კოკაინი“, მინარევების გარეშე, რომელიც მაშინ საქართველოში კი არა, შესაძლოა, კოლუმბიაშიც იშვიათად გენახათ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - დიპლომატის დაკავება ქართველებმა ვერ მოახერხეს, ამის თანხმობა რუსულმა მხარემ არ გასცა და მხოლოდ მისი დაცვის წევრები და მძღოლი დააპატიმრეს. იმავე დღეს, რუსეთიდან სპეციალური დელეგაცია ჩამოფრინდა, რომელმაც ამოღებული ტვირთი აღწერა, ჩაიბარა და დიპლომატთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად მოსკოვში წაიღო. ერთი შეხედვით, ქართული მხარისთვის ისტორია აქ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად. ცოტა ხანში, რუსეთიდან შეტყობინება მოვიდა, რომ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთაგან, მინიმუმ ორი, ნარკოტიკის განადგურებას და ოქროს ხაზინისთვის გადაცემას დაესწარითო. ქართულმა მხარემ გაიბრძოლა, ოქრო საქართველოშია ამოღებული და, ეგებ, ჩვენ გადმოგვცეთო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. შესაბამისად, რუსეთის დედაქალაქში ორი ოპერმუშაკი გაემგზავრა, თუმცა... სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ორივემ დაადასტურა, რომ ხელი მოაწერეს ოქროს გადაცემის პროცესს, სადაც დოკუმენტში, 20 კილოგრამის ნაცვლად, 2 კილოგრამი ეწერა და იქვე უთხრეს, ალბათ, ნულის მიწერა დაავიწყდათ და მიაწერენო, ხოლო როცა საბურავებით (?!) ცეცხლი დაანთეს და იქ 20 კილოგრამი თეთრი ფხვნილის მასა ჩაყარეს, ირგვლივ დამწვარი პურის სუნი დადგა ანუ ყველა მიხვდა, რომ სუფთა „კოკაინის“ ნაცვლად, პურის ფქვილი დაიწვა. სხვათა შორის, ასეთი მაღალი ხარისხის ნარკოტიკმა საქართველოს ტერიტორიაზე მალევე „ამოყვინთა“ და ის ერთ-ერთ ჩინოვნიკს უპოვეს, რომელიც რუსეთიდან ახალი დაბრუნებული იყო და სამსახურში ცუდად, სწორედ ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გახდა. მის ჯიბეში ნაპოვნი „კოკაინი“, სწორედ იმ შემადგენლობის იყო, რომელიც რუსეთმა ოფიციალურად გაანადგურა, სინამდვილეში კი... ეს ნარკოტიკი ჩინოვნიკთა და ელიტის წვეულებებზე უფასოდ რიგდებოდა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, იყიდებოდა. მომხდარიდან ძალიან მალე, ერთი საათის ინტერვალით, მოსკოვში ორი პოლკოვნიკი ჩაცხრილეს და საქმე დღემდე გაუხსნელია. ოფიციალურად, ეს იმ დაჯგუფებებს დაბრალდათ, რომლებსაც ისინი, თითქოს, ავიწროვებდნენ, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურების კულუარებში ამბობდნენ, რომ მათ არაბული ოქრო ვერ გაინაწილეს და საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი... გენერალიტეტმა მოიშორა.