ელიტური ბორდელის საიდუმლო - რატომ მოკლა 80 წლის მოხუცმა ბორდელის მეპატრონე

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული დღემდე არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასიანი ინტიმური მომსახურებით ვერ ისარგებლებთ. დედაქალაქში არაერთი დაწესებულებაა, სადაც გთავაზობენ ყველაფერს, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ და ეს იცის ყველამ, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებმა. მომსახურება არსებობს, როგორც ადგილზე, ისე ბინაზე გამოძახებით, არის ინტერნეტ-საიტები, სადაც შეგიძლიათ, სასურველი ქალი თუ კაცი შეუკვეთოთ. მოკლედ, იატაკქვეშეთში ეს ინდუსტრია ყვავის და დაახლოებით, ისეა, კლუბური ნარკოტიკი ლეგალიზებული რომ არ არის, მაგრამ ყველა კლუბში შესაძლებელია მისი შეძენა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების მფლობელს თბილისში თავი გაუტეხეს. პრინციპში, რაღა გაუტეხეს, სავარაუდოდ, ნაჯახის ფორმის ცივი იარაღი ისე ჩასცხეს თავში, ადგილზე მისული ექსპერტები ტვინის გროვებს უღებდნენ სურათებს. რა თქმა უნდა, დაიწყო ძიება, მაგრამ როგორც ხშირად ხდებოდა, გარდაცვლილის რეალური ბიზნესი და მკვლელობის სავარაუდო მოტივი არ დაასახელეს. როგორც მაშინ ამბობდნენ, ეს იმიტომ, რომ გარდაცვლილის საქმიანობას მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ლოიალურად იყენებდნენ და მისი სერვისით უფასოდ ხშირად სარგებლობდნენ. სერვისში კი, ადგილობრივების გარდა, უკრაინიდან ჩამოყვანილი გოგონების მომსახურებაც შედიოდა. დაიწყო ძიება, რომელსაც უმკაცრესად, სწორედ მაღალჩინოსნები აკონტროლებდნენ და აინტერესებდათ, ვინ გაბედა და ვინ შეეხო ადამიანს, რომელიც მათ ხორციელ ვნებებს აკმაყოფილებდა. პირველ რიგში, მისი კონკურენტების შესწავლა-გაპრესვა გადაწყდა, თუმცა სამართალდამცავებმა ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვეს. კონკურენტების ინტერესში მისი მკვლელობა არ შედიოდა, რადგან გარდაცვლილი, ძირითადად, ელიტასა და შეძლებულ ადამიანებზე მუშაობდა, მისი კონკურენტები კი შედარებით დაბალ ფენაზე ანუ მათ ჰყავდათ ქალები, რომელთა ფასი 20 ლარიდან იწყებოდა, მოკლულის „ჰარამხანაში“ კი მინიმალური ფასი 100 დოლარი იყო. გამოძიებისას გამოიკვეთა ერთი გოგონა, რომელზეც თქვეს, გარდაცვლილისგან 2 ათასი დოლარი ისესხა და შესაძლოა, დაბრუნება არ სურდაო. სამართალდამცავებმა გოგონა დაკითხეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ მას მკვლელობასთან შეხება არ ჰქონდა. გოგომ აღიარა, ვალი კი მქონდა, მაგრამ ვმუშაობდი და ნამუშევრიდან მიქვითავდა, ძალიან კომფორტული იყო ეს ყველაფერი და რატომ უნდა მომეკლაო. საბოლოო ჯამში, ვერაფერი რომ ვერ გაარკვიეს, მთელი პერსონალი შეყარეს და მოსთხოვეს, ბოლო 3-4 თვის განმავლობაში მომხდარი ისეთი რამ გაეხსენებინათ, რაც მათ უცნაურად ეჩვენათ. ძირითადად, უმნიშვნელო და არაფრისმომცემი ფაქტები გაიხსენეს, გარდა ერთისა - დაახლოებით, ორი თვის წინ, მათთან ასაკოვანი კაცი მივიდა, ქალი მინდა, ოღონდ მრცხვენია, ასეთ ასაკში რომ ვარ და ეგებ, ნიღაბი გამიკეთოთ, არ მინდა, ჩემმა სახემ გოგონები დააფრთხოსო. გაუკეთეს რაღაც სათამაშო ნიღაბი ბაბუს და მანაც გოგონების შერჩევა დაიწყო. აარჩია კიდეც ერთი გოგო, მაგრამ მოულოდნელად, არაადამიანური ხმით იღრიალა და იქაურობა ისე დატოვა, ნიღაბი არ მოუხსნია. ჰოდა, ღრიალის მიზეზი ერთ-ერთი ოთახიდან იქ მომუშავე გოგონასა და კლიენტის გამოსვლა გახდა. ვერავინ მიხვდა, ბაბუ გოგოს დანახვამ გააცოფა თუ მისი კლიენტის, მაგრამ ფაქტია, ის იქ აღარავის უნახავს. დაკითხეს გოგო - თბილისში, მშობლებთან ერთად მცხოვრები სტუდენტი, რომელმაც თქვა, არანაირი პრობლემა არ მაქვს აქ მუშაობის, სილამაზის სალონის გახსნა მინდა, ჩემით ვაგროვებ ფულს და მართალია, სახლში არ ვყვირი, სად ვმუშაობ, თუმცა იციან, რომ ჩემი შემოსავალი მაქვს და დეტალებს არ მეკითხებიანო. მისი კლიენტი კი ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი აღმოჩნდა და მას მკვლელობასთან შეხება, წესით, არ უნდა ჰქონოდა, რადგან მამამისს არც ფული აკლდა, არც გავლენა და შვილიც არაფერს იკლებდა. ვინ იყო კაცი, რომელიც ბორდელში მორიდებით მივიდა და იქაურობა ღრიალით დატოვა? ეს უნდა გაერკვიათ სამართალდამცავებს და სავარაუდოდ, მკვლელობის გასაღებსაც იპოვიდნენ. ბევრი მცდელობის მიუხედავად, გამოძიებას სიახლე არ ჰქონდა და ისინი კვლავ იმ გოგონას გარშემო დაბრუნდნენ, რომლის დანახვაზეც კლიენტი დაფრთხა. შეისწავლეს მისი ოჯახის წევრები, მამა, დედა, ძმა... არაფერი განსაკუთრებული, დედა - უმუშევარი, ძმა - სკოლის მოსწავლე, მამა - რომელიღაც საამქროს დარაჯი და თან ისეთ ასაკში, „ჰარამხანის“ ქალი კი არა, ჰოლივუდის ვარსკვლავები ვერ აგრძნობინებდნენ ვერაფერს. მამაკაცს ცოლი გვიან მოუყვანია და პატარა ბავშვებიც ამიტომ ჰყავდა. ერთადერთი, რისი იმედიც გამოძიებას ჰქონდა, გარდაცვლილზე შეხსნილი საათი იყო - დაახლოებით, 2 000-დოლარიანი, რომელიც მკვლელმა წაიღო და თუ მის გაყიდვას გადაწყვეტდა, აუცილებლად ჩაავლებდნენ. საათს ერთი დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა, უკანა ფირფიტის შიგნითა მხარეს, მოკლულის ინიციალები იყო ამოტვიფრული და წესით, მკვლელი გაყიდვას თუ დააპირებდა, ვერ უნდა ენახა, რომ საათი, პრაქტიკულად, სამხილი იყო. ყველა ლომბარდი გაფრთხილებული გახლდათ, ანალოგიური საათი თუ გამოჩნდებოდა, აუცილებლად ფირფიტის შიდა მხარე ენახათ და ისე მიეღოთ. მკვლელობიდან ორი კვირის თავზე, ერთ-ერთი ლომბარდიდან დარეკეს და თქვეს, რომ ვიღაც მოხუცმა კაცმა საათი დატოვა. მართალია, ის ადგილზე აღარ იყო, მაგრამ ნივთი პირადობის მოწმობით დატოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი პოვნა რთული არ იქნებოდა. სამართალდამცავებმა საათის ჩამბარებელი ძალიან მალე იპოვეს. რაც ყველაზე საინტერესოა, მან საათი 200 ლარად დათმო ანუ ღირებულება არ იცოდა. „ქუჩაში ვცხოვრობ, მათხოვარი ვარ, სახლი ბანკმა წამართვა. ორი კვირის წინ, მივდიოდი, დავინახე მკვდარი კაცი ეგდო და მაჯაზე საათი ეკეთა. მკვდარს დრო აღარ აინტერესებს, ჩემთვის კი შეღავათი იქნებოდა, თუ ამ ნივთს 20 ლარად მაინც გავყიდდი. ცოტა ვადროვე, ვიფიქრე, საათს ლომბარდებში დაუწყებდნენ ძებნას, ახლა კი ძალიან გამიჭირდა და როცა მითხრეს, 200 ლარს მოგცემთო, გამიხარდა, 20 ლარადაც კი დავთმობდი“, - თქვა დაკავებულმა და სამართალდამცავებიც მიხვდნენ, რომ ის მკვლელი არ იყო. ეს ძაფიც ხელიდან გასხლტა და მოლოდინი იმისა, რომ მკვლელზე სწორედ საათით გავიდოდნენ, არ გამართლდა. ის იყო, გამოძიებას ხელი უნდა ჩაექნია, რომ ერთ-ერთ განყოფილებაში ოჯახურ კონფლიქტზე შეტყობინება შევიდა. იმ გოგოს ოჯახიდან რეკავდნენ, რომლის დანახვაზეც, თავის დროზე, ბორდელში ნიღბიანი კაცი აყვირდა. ადგილზე მისულ პატრულს განუმარტეს, რომ სკანდალი ცოლმა მოხუც ქმარს მოუწყო, აქაოდა, საყვარელი გყავსო. პოლიციის თანამშრომლები დაიბნენ, ლამის 80 წელს მიტანებულ კაცს რა საყვარელი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ მალე გაარკვიეს, რომ კვამლი უცეცხლოდ არ იყო, საყვარელსაც მიაგნეს და მან დაადასტურა, რომ მამაკაცთან ურთიერთობა რეგულარულად ჰქონდა. ძალოვნებმა მოხუცი დააკავეს. „დიახ, ის გარეწარი მე მოვკალი. მეგობარი ტაქსისტისგან ვიცოდი, რომ იქ ელიტური ბორდელი იყო. ფული მოვაგროვე, წავედი, მაგრამ ასაკის მომერიდა და ამიტომ, ნიღაბი გავიკეთე. გოგონაც შევარჩიე, როცა სხვა ოთახიდან ჩემი შვილი, ჩემი გოგო გამოვიდა ანუ ის იქ მუშაობდა, ჩვეულებრივი მეძავი იყო. მაშინვე გავიფიქრე, რომ მეპატრონეს მოვკლავდი. ღამის ცვლაში ვმუშაობ და თვალთვალი დავიწყე, გავარკვიე, ვინ იყო უფროსი და ჩავუსაფრდი. როცა მივუახლოვდი, ყურადღება არც კი მოუქცევია, რადგან 80 წლის მოხუცს რა უნდა დაეშავებინა. ნაჯახი ორჯერ ისეთი სიძლიერით ჩავარტყი, მივხვდი, ვერ გადარჩებოდა. მან ჩემი შვილი გზას ააცდინა, დარწმუნებული ვარ, აიძულებდა ჩემს გოგოს იქ მუშაობას, სხვაგვარად არ წავიდოდა, არ გამიზრდია ასე“, - განაცხადა დაკავებულმა. სასამართლო პროცესის ჩატარება ვერ მოესწრო, მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომდე, გლდანის ციხის კარანტინში გული გაუჩერდა. როგორც ამბობენ, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალაო და ეს გასაკვირი არც არის. გლდანის ციხის ჯოჯოხეთში, რომელსაც ოფიციალურად კარანტინს ეძახდნენ, 12 კვადრატულ მეტრში, პაპანაქება სიცხეში, 30-40 პატიმარი ჰყავდათ კვირის განმავლობაში შეყრილი და ამ ასაკის კაცს გული მარტივად გაუჩერდებოდა.