სქემა, რომლითაც 90-იან წლებში მანქანებს იპარავდნენ და ოკუპირებულ ცხინვალში ჰყიდდნენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 „გაიშნიკის“ სკანდალური აღსარება

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ძველ თაობას კარგად ახსოვს „გაი“. იმ ადგილებსაც იხსენებენ, სადაც „გაიშნიკებმა“ ჩასაფრება იცოდნენ და მანქანის სიჩქარის გადაჭარბების, ან სხვა დარღვევის გამო, მძღოლებს აჩერებდნენ, ფულს ართმევდნენ, ვისაც ფული არ ჰქონდა, აჯარიმებდნენ, ტალონს უხვრეტდნენ. მოკლედ, ეს ფულის საჭრელი მანქანა იყო და მაშინ „გაიშნიკები“ ცუდ ცხოვრებას ნამდვილად არ უჩიოდნენ. საბედნიეროდ, დღეს არ ხდება, რომ დარღვევის გამო, პატრულის თანამშრომლებმა მძღოლს ქრთამი გამოართვან. პრინციპში, შეთავაზებასაც ვერავინ ბედავს, რადგან ეს ცალკე დანაშაულია და შესაძლოა, საგზაო წესების დარღვევას, სისხლის სამართლის დანაშაული, ქრთამის შეთავაზება დაემატოს.

 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ „გაიშნიკებს“ უკავშირდება. ის მაშინ მოხდა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის გემო ახალი გაგებული ჰქონდა და „გაის“ თანამშრომლები საგზაო ინფრასტრუქტურის ისეთივე განუყოფელი ნაწილი იყვნენ, როგორც, მაგალითად, საგზაო ნიშანი ან შუქნიშანია. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში, ავტომობილების ქურდობა ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, ყველამ იცოდა, ვისთან უნდა მისულიყვნენ „ვაზვრატზე“, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ავტომობილზე შეკვეთა რუსეთიდან მოდიოდა და ასეთ დროს, „ვაზვრატიც“ გამორიცხული იყო - ავტომანქანა ცხინვალში, იქიდან კი ვლადიკავკაზში გადაჰქონდათ და მორჩა, მფლობელი ვეღარასოდეს ნახავდა. უფრო სამწუხარო კი ის გახლდათ, რომ ასეთ დროს, საქმის კურსში იყვნენ ძალოვნებიც, ისინი „შესაწირს“ იღებდნენ მანქანების გამტაცებლებისგან და ეს თანხა 300-დან 500 დოლარამდე მერყეობდა. შესაბამისად, საზღვარზე, რომლის ერთ მხარესაც რუსი ოკუპანტები იდგნენ, მეორე მხარეს კი - ქართველები, თვალს ხუჭავდნენ, რომ მანქანას არც მფლობელი მართავდა, არც ტექ-პასპორტი ჰქონდა, ხოლო მძღოლს - არც მართვის მოწმობა. ჰო, მაშინ მანქანაში მფლობელი ან საჭესთან უნდა მჯდარიყო, ან მძღოლის გვერდით, ან მძღოლს მინდობილობა უნდა ჰქონოდა.

საგზაო მილიციის თანამშრომელი, რომელიც მაშინ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა, ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ხშირად, ღამის განმავლობაში, 10 და 20 მანქანაც კი გადაუყვანიათ ცხინვალში და რადგან ზემდგომების ბრძანება იყო, მათთვის ხელი არავის შეუშლია, თუმცა ისე მოხდა, რომ რამდენჯერმე ისეთი მანქანა გადაიყვანეს, რომლის მძღოლიც შინ არ დაბრუნდა ანუ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ოჯახი ჩიოდა, მანქანასა და მის პატრონს ერთნაირად ეძებდა, მაგრამ რადგანაც ავტომობილის გადაყვანაში მაღალჩინისნები იყვნენ გარეულნი, ხმას არავინ იღებდა და ორივე - მძღლიცა და მანქანაც, უბრალოდ, დაკარგულად ცხადდებოდა.

სამაგიეროდ, სამინისტროში ეყოთ ჭკუა და მიხვდნენ, რომ ადამიანები შემთხვევით არ უჩინარდებოდნენ, ეს არ იყო რიგითი კრიმინალი და ქურდობა - მძღოლებს, უბრალოდ, თავიდან იშორებდნენ.

„ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ვერავინ ხვდებოდა, რომელი გახლდათ ე.წ. ნაყაჩაღარი მანქანა, რადგან ოჯახის წევრებს მილიციაში განცხადება, საუკეთესო შემთხვევაში, მეორე დღეს მოჰქონდათ, მანქანა კი იმავე დღეს კვეთდა პირობით საზღვარს, თანაც არცთუ იშვიათად, „ხელზე გამაზვები“ მიდიოდა ანუ ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ იყო და ქართული მხარე თუ გაატარებდა, იქეთ მოლაპარაკება ადვილი გახლდათ. აქეთ თუ რამდენიმე ასეული დოლარი ჯდებოდა, იქეთ სამი ლიტრი ჭაჭაც კი ჭრიდა. ამიტომ, დამნაშავეების დაკავება გართულდა. ან ზემოთ უნდა ეთქვათ უარი ქრთამზე ან ქვედა რგოლს გამოეჩინა სიმკაცრე და საზღვარზე ერთი მანქანაც აღარ გაეტარებინა“, - გვიყვება ყოფილი „გაიშნიკი“.

მოპარული მანქანების ტალღის შეჩერება მარტივი არ იყო. ყველაფერს „კანონიერი ქურდები“ აკონტროლებდნენ და მაშინ მათ მინისტრის დონის ძალაუფლება ჰქონდათ. ჰო, იყო ასეთი პერიოდი საქართველოში, როცა „კანონიერი ქურდები“ მინისტრის მოადგილეებზე მეტს წყვეტდნენ, მინისტრების დონის გავლენა ჰქონდათ და როცა ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მიფრინავდნენ ან მოფრინავდნენ, აეროპორტში, დიპლომატიური შესასვლელ-გასასვლელით სარგებლობდნენ, სამთავრობო მანქანებით გადაადგილდებოდნენ და ყველაფერი ეს, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა.

დაკარგული მძღოლებიდან ერთ-ერთის ცოლი ამტკიცებდა, გამორიცხული იყო, ჩემს ქმარს მანქანა ვინმესთვის გაეჩერებინა, სამსახურიდან სახლში მოდიოდა, დამირეკა კიდეც სამსახურიდან გამოსვლის წინ და შემდეგ გაუჩინარდაო. მისივე მტკიცებით, ქმარს იარაღი მუდმივად დაჰქონდა და გამორიცხული იყო, ვინმეს სროლა დაესწრო, რადგან სოლიდური შემოსავალი ჰქონდა და ნებისმიერ რამესა თუ ვინმეში საფრთხეს ხედავდა. სამსახურიდან სახლამდე, დაახლოებით, 12 კილომეტრი იყო და ამ მონაკვეთში, კაცი მანქანიანად გაქრა. სამართალდამცავებმა გზა რამდენჯერმე გაიარეს და საეჭვო ვერაფერი შენიშნეს, იმ მონაკვეთში არც ავარია ფიქსირდებოდა, არც ისეთი ადგილი იყო, კაცს რომ გაეჩერებინა, გადმოსულიყო და რაც მთავარია, მისი განიარაღება მომხდარიყო. რა მოხდა, ვერავინ ხვდებოდა, სანამ საქმეში კვლავ... „გაიშნიკები“ არ ჩაერივნენ.

„ერთ-ერთი ჯგუფი უფროსთან უკმაყოფილოდ შევიდა და თქვა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, კვირაში ერთხელ მაინც, სხვა „გაიშნიკები“ დგებოდნენ, ლუკმა-პურს ართმევდნენ, როგორც ამბობდნენ, „გამწვანებული“ ქურდებთან ჰქონდათ და საწევროსაც არ იხდიდნენ. საგზაოს უფროსმა გაოცებისგან პირი დააღო, ჩემთან არავინ შეთანხმებულა, არც ქურდებზე ვიცი რამე, როგორც კი უცხოებს ნახავთ, დააკავეთ და აქ მომგვარეთო“, - გვიყვება ყოფილი „გაიშნიკი“.

მართლაც, ორ დღეში, „ტრასის უფროსის“ კაბინეტში სამი პირი შეიყვანეს, რომლებსაც „გაიშნიკების“ ფორმა კი ეცვათ, მაგრამ საბუთი არ ჰქონდათ და როგორც სხვებს, უფროსსაც უთხრეს, რომ მათ უკან, ერთ-ერთი გავლენიანი ქურდი იდგა. მალე „კრიშა“ განყოფილებაში მივიდა და ხმაური ატეხა, ჩემს ბიჭებს ხელს რატომ ჰკიდებთ, მაგათ სხვა ფუნქცია აქვთ, გაჭირვებულ მძღოლებს არაფერს ართმევენო. სამართალდამცავების ყურადღება სწორედ ამან მიიპყრო და იმ ადგილის თვალთვალი დაიწყეს. ოთხ დღეში, „გაიშნიკების“ ფორმაში გადაცმულმა კრიმინალებმა ძვირადღირებული ავტომობილი გააჩერეს, მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს და... თავში რკინის ხელკეტის ჩარტყმით გათიშეს, საკუთარი ავტომობილის საბარგულში ჩააგდეს, შემდეგ საჭეს მიუსხდნენ და გეზი პირდაპირ ცხინვალისკენ აიღეს. ისინი გორის გზაზე დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქურდი საქმეში კვლავ ჩაერია, მომხდარის შესახებ საქმის კურსში უკვე შს მინისტრი იყო და თვალის დახუჭვა აღარ გამოვიდოდა. როგორც გაირკვა, კრიმინალები მანქანის მძღოლებს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იშორებდნენ თავიდან - კლავდნენ და დამარხვასაც არ ცდილობდნენ. როცა ცხედარს იქაური სამართალდამცავები პოულობდნენ, არც კითხულობდნენ, ვინ იყო, რა უნდოდა, ხვდებოდნენ, რაც მოხდა და უპატრონოთა სასაფლაოზე მარხავდნენ. მაშინ ასეთი ოთხი საფლავი აღმოაჩინეს, უფრო ზუსტად კი, ოთხი გარდაცვლილის იდენტიფიცირება მოხდა და სწორედ ეს შემთხვევა გახდა ცხინვალში მოპარული მანქანების გადაყვანის გამკაცრების მიზეზი.

„ეს იყო პერიოდი, როცა ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირდა და ჩვენც, სამართალდამცავებიც, ყველაზე მეტად საკუთარ სიცოცხლეს ვუფრთხილდებოდით, რადგან ჩვენი მოკვლაც ისევე მარტივად შეიძლებოდა, როგორც სხვების“, -გვეუბნება ყოფილი ძალოვანი და მისი სიტყვები დღევანდელობასაც მიესადაგება.

შესაძლოა, ახლა მკვლელობას ისე მარტივად აღარ სჩადიან და მანქანების გამოც არავის კლავენ, მაგრამ ადამიანების გარდაცვალებასა და ამ ამბის ყოველდღიურად მოსმენას მივეჩვიეთ. იმდენად მივეჩვიეთ, რომ ყოველდღიურად, გარდაცვლილი 30 თუ 40 ადამიანი, უბრალოდ, სტატისტიკური მონაცემია.