უნდა ჩამოერთვათ თუ არა უმძიმეს დანაშაულზე მსჯავრდებულებს შეწყალების თხოვნის უფლება

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვთქვათ: საქართველოში დღეს არსებული კრიმინოგენური ვითარება უკეთესის სურვილს ტოვებს. თვე არ გავა, უმძიმესი დანაშაულის შესახებ არ შევიტყოთ და მკვლელობებსაც მივეჩვიეთ. ზოგადად, პანდემიის გამო, თითქოს, ადამიანის გარდაცვალებამ ფასი დაკარგა, აგერ, 15 ათასამდე გარდაცვლილი გვყავს და უკვე ორ წელზე მეტია, უბრალოდ, სტატისტიკის სახით ვკითხულობთ, რომ გარდაიცვალა რამდენიმე ათეული პაციენტი. არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც კორონავირუსი არ შეეხო და ოჯახის წევრი თუ არა, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი არ შეიწირა. ძალიან პატარაა საქართველო იმისთვის, რომ ორ წელიწადში 15 ათასი ადამიანის გარდაცვალება შეუმჩნევლად გადაიტანოს, მაგრამ... მივეჩვიეთ და ვაი, რომ კოვიდის გარდა, ადამიანებიც არ ინდობენ ერთმანეთს და მარტივად კლავენ.

სამწუხაროდ, კვლავ ვერაფერს ვუხერხებთ დაავადებას, რომელსაც ნარკომანია ჰქვია. ნარკოდამოკიდებულებისადმი კანონის შემსუბუქებამ სასურველი შედეგი აშკარად ვერ მოიტანა. უფრო პირიქით - ნარკომოვაჭრეები მომრავლდნეენ და იმის მიუხედავად, რომ ყოველთვიურად, შს სამინისტრო რამდენიმე ათეულ ნარკოდილერს აკავებს, შედეგი მაინც არ არის - ისინი ისე მრავლდებიან, როგორც ნაწვიმარ ტყეში სოკოები და ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი დაკავებული 2-3 წელიწადში ციხეს ტოვებს ანუ ნარკომოვაჭრეთა აბსოლუტური უმრავლესობა სასჯელს ბოლომდე არ იხდის და სწორედ ამის იმედად რისკავენ... რისკავენ საკუთარი თავისუფლებით, რისკავენ სხვების სიცოცხლის ხარჯზე და დარწმუნებულნი არიან, რომ ნარკოტიკებით მიღებული შემოსავალი მათ შესაძლებლობას მისცემს, ციხიდან თავი მალე დაიხსნან.

მარტივ მაგალითს გეტყვით: 2010 წელს, ერთ-ერთი ნარკომოვაჭერე დააკავეს და 24 წელი მისცეს. ციხეში ყვებოდა, ნარკოტიკი ისეთ შემოსავალს ტოვებს, ვერ ჩერდები, ვერ გრძნობ, რომ საფრთხე ახლოსააო. კონკრეტულად ეს პიროვნება საფრანგეთში ყიდულობდა „სუბოტექსს“, ერთი აბი - 1 ევრო უჯდებოდა, საქართველოში კი 700 ლარად ყიდდა. ახლა, თავად დათვალეთ, 1 000 აბში - 1 000 ევროს იხდიდა საფრანგეთში, აქ კი 1 000 აბში - 700 000 ლარს იღებდა. ჰოდა, 24-წელმისჯილი პირი ციხიდან სამ წელიწადში გავიდა, ორ წელში კვლავ დააკავეს, ისევ ნარკოვაჭრობისთვის და ამჯერად, 20 წელი მისცეს, თუმცა მისი ოჯახის წევრები ისევ დარწმუნებულები არიან, რომ ამ ვადის მოხდა ბოლომდე არ მოუწევს.

ნარკოდანაშაულის გარდა, მკვლელობების რიცხვიც ძალიან გაზრდილია. აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკსა და სქესს, კლავენ ყველას და არც მიზეზია მნიშვნელოვანი - უბრალო შელაპარაკებაც საკმარისი გახლავთ ხოლმე. არის თუ არა ეს იმის ბრალი, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია? არის თუ არა ეს იმის ბრალი, რომ თუნდაც სერიული მკვლელების ისტორიები უკვე ფილმებად გამოდის და ისინი ერთგვარ ლეგენდებადაც კი ითვლებიან? საბჭოთა კავშირს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მოქალაქეებს ინფორმაციაზე წვდომა თითქმის არ ჰქონდათ, საინფორმაციო გამოშვებებში კი მხოლოდ პოზიტივზე საუბრობდნენ და ნეგატიურ ამბებს ძალიან იშვიათად აშუქებდნენ. ახლა კი, საინფორმაციო ნეგატიური ინფორმაციით თუ არ დაიწყო, პრაქტიკულად, არავინ უყურებს. ამიტომ არის, რომ მივეჩვიეთ ნეგატივს და არ გვიკვირს არც მკვლელობა, არც გაუპატიურება, არც ნარკოტიკების გაყიდვა... საერთოდ არაფერი გვიკვირს და ყველაფერი ძალიან მსუბუქად გადაგვაქვს. უმძიმეს დანაშაულებზე ორი-სამი დღის განმავლობაში მიდის აღშფოთება-შეშფოთება სოციალურ ქსელში, შემდეგ კი ყველაფერი, საუკეთესო შემთხვევაში, გვავიწყდება, უარეს შემთხვევაში კი - ქილიკში გადადის.

რამდენიმე დღის წინ, კახეთში მომხდარი მკვლელობა განვიხილოთ. 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში მოკლეს, დაკავებული მკვლელი კი წარსულში გაუპატიურებისთვის არის ნასამართლევი და ახლაც ეჭვი გაუპატიურების მცდელობაზეა. ქალმა ყვირილი დაიწყო, ეზოში მყოფ ქმარს ეძახდა, მაგრამ ადგილზე მისულ მეუღლეს უკვე გარდაცვლილი დახვდა, მკვლელი კი გაქცეული. ქართულ კანონმდებლობას ერთი დიდი ნაკლი აქვს - კანონები მეტად რბილია. გაუპატიურებისთვის სასჯელი, მაქსიმუმ, 7 წელია და ეს იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი სრულწლოვანია. არასრულწლოვნის შემთხვევაში, სასჯელი შედარებით მძიმეა, მაგრამ... მხოლოდ შედარებით.

ის 43 წლის ეჭვმიტანილი, თავის დროზე ანუ პირველი დანაშაულის ჩადენის დროს, 15-20 წლით რომ გაეშვათ ციხეში, ახლა ის ქალიც ცოცხალი იქნებოდა და ჩვენც უფრო მეტად დაცულები ვიქნებოდით. ან, რატომ არ განიხილება ჩვენთან გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულთა ქიმიური კასტრაცია?! რატომ არ არის უმძიმეს დანაშაულებზე, ულაპარაკოდ სამუდამო პატიმრობა, შეწყალების თხოვნის უფლების გარეშე? რატომ არის, რომ ნარკოტიკების გამყიდველები მაინც რისკავენ და ზუსტად იციან, რომ ათიდან რვა შემთხვევაში, არა თუ სამუდამოს არ მისცემენ, არამედ, მისჯილი სასჯელის მესამედსაც კი არ მოიხდიან?! რატომ არ ვქმნით პრეცედენტს, რატომ არ გამოგვაქვს კანონი იგივე ნარკოტიკების გამსაღებლებისთვის, ულაპარაკოდ სამუდამო პატიმრობა? აბა, მერე ნახეთ, კიდევ ბევრს მოუნდება ნარკოტიკის გაყიდვა?! რატომ არის, რომ მკვლელობისთვის, უდანაშაულო ადამიანის მკვლელობისთვის, შესაძლოა, ვიღაცას 15 წელი აკმარონ და ისიც არ მოახდევინონ?

ზედიზედ, ერთს, ორს, სამს და ათს რომ გაასამართლებ მკაცრად, სამუდამოს რომ მისცემ და განაჩენში ჩაურთავ პუნქტს, რომლის მიხედვითაც მას შეწყალების თხოვნის შესაძლებლობაც არ ექნება, დანარჩენები დაფიქრდებიან. ახლა ვიღაც იტყვის, ეს მათი, თუნდაც დამნაშავეების უფლების დარღვევაა, შანსს არ ვუტოვებთო, მაგრამ მკვლელმა მსხვერპლს დაუტოვა შანსი? ნარკოტიკების გამსაღებელს რატომ უნდა ჰქონდეს იგივეს გაკეთების შესაძლებლობა, თუნდაც, 10 და 20 წლის შემდეგ? მათთვის მეორე შანსის მიცემა იცით, რას ჰგავს? პირველ ტყვიას რომ აგაცილებენ და მეორეს მიაწვდით, კიდევ ერთხელ სცადეო.

კანონია გასამკაცრებელი ნასვამ მძღოლებზეც. ნასვამმა მძღოლმა იცის, რომ გისოსებს მიღმა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ვინმეს მოკლავს. აი, მან რომ იცოდეს, მოკვლის გარეშეც ციხე ელოდება, თუნდაც ერთი წლით, ოღონდ რეალური სასჯელი, მერწმუნეთ, ნასვამი მძღოლების რიცხვი, მინიმუმ, 90%-ით მოიკლებს. სასჯელთან ერთად, მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევაც თუ ჩაიდება კანონში, იდეალურ გარემოს მივიღებთ.

ისე არ გამიგოთ, თითქოს ადამიანების ციხეში გაშვების მომხრე ვიყო, მაგრამ დანაშაულზე ადეკვატური სასჯელი უნდა არსებობდეს და პოტენციურმა დამნაშავეებმა უნდა იცოდნენ, რომ უმძიმეს ქმედებას უმძიმესი სასჯელი მოჰყვება.