სისხლიანი სპეცოპერაცია სოხუმში - ვინ იყვნენ სამართალდამცავები, რომლებიც პატიმრების შეარაღებულ აჯანყებას შეეწირნენ

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 სამწუხაროდ, ქართულ სკოლებში დღემდე სრულყოფილად არ ასწავლიან ბოლო წლების ისტორიას - როგორ და რის გამო დაიწყო ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როგორ დავკარგეთ ქართული ტერიტორიები, რა ედო ამ ომს საფუძვლად, როგორი იყო რუსეთის როლი, როგორ დახუჭა თვალი მაშინ დასავლეთმა ბევრ რამეზე და ა.შ.

 აფხაზეთში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოდან დაიძაბა, როდესაც 1989 წლის მარტში, აფხაზმა ნაციონალისტებმა ლიხნის კრებაზე აფხაზეთისთვის საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ამ მოთხოვნის საფუძველი ის იყო, რომ ანალოგიური სტატუსით, აფხაზეთი 1925-1931 წლებში ანუ მაშინ სარგებლობდა, როდესაც საქართველოსთან „ერთიანობის ხელშეკრულება“ აკავშირებდა. ზემოთხსენებული დეკლარაცია ხელმოწერილ იქნა სოხუმის უნივერსისტეტის რექტორის მიერ, რასაც უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართულმა სტუდენტობამ საპროტესტო დემონსტრაციით უპასუხა, თუმცა ეს დემონსტრაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა (?!). მიუხედავად ამისა, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაგრძელდა და საბოლოოდ, აფხაზ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის მხრიდან, თავდასხმის ობიექტი გახდა.

პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და აფხაზურ მოსახლეობის ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს, სოხუმში მოხდა. შეტაკებების გამომწვევი მიზეზი სოხუმში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა გახდა. შეტაკებების შედეგად, 22 დაიღუპა და 500-მდე მოქალაქე დაიჭრა. როგორც გარდაცვლილთა, ისე დაჭრილთა შორის, ქართველები ჭარბობდნენ.

80-იანი წლების მიწურულს კი სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მოსახლეობიდან იარაღის ამოღება დაიწყეს. სამწუხაროდ, აქაც მოვტყუვდით - იარაღი, ძირითადად, ქართველი მოსახლეობისგან ამოიღეს და იმის შიშით, რომ აურაცხელი საბრძოლო მასალა ვინმეს არ ჩაეგდო ხელში, ის სოხუმში, სამართალდამცავთა აზრით, ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე მიიტანეს - სოხუმის წინასწარი დაკავების იზოლატორის ერთ-ერთ საკანში დაასაწყობეს. იმ დროისთვის, იზოლატორში, 73 რეცდივისტი ელოდებოდა ეტაპს. მათ შორის იყვნენ სიკვდილმისჯილებიც და განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებიც.

„1990 წლის 11 აგვისტოს, თბილისიდან სოხუმში გავფრინდით. არსებული დაძაბული ფონის მიუხედავად, აფხაზეთის ხელისუფლებამ ჩვენს ჩასვლაზე უარი არ თქვა და ამითაც მივხვდით, რომ იქ ჯოჯოხეთი ტრიალებდა. სოხუმში ჩასულებს, იმაზე მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, ვიდრე ველოდით“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

და მაინც, რა მოხდა აგვისტოს ცხელ დღეს? - წინასწარი დაკავების იზოლატორში შემოვლის დროს, ერთ-ერთი ზედამხედველის დოყლაპიობით ისარგებლეს დაკავებულებმა და ჯერ ერთი სართული, შემდეგ კი მთლიანად ციხე აიღეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 73 რეციდივისტს 4 ზედამხედველი იცავდა, რაც ჩარჩოებში არ ჯდებოდა. პატიმრებმა მიაგნეს იმ საკანსაც, სადაც იარაღი ინახებოდა და მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ამ იარაღით არათუ ერთი საათი და ერთი დღე, ერთი წელიც თავისუფლად გაძლებდნენ. არ არის საუბარი პისტოლეტებსა და ავტომატებზე, პატიმრების ხელში რამდენიმე ტყვიამფრქვევი და „მუხა“ აღმოჩნდა. შემდეგ, ერთ-ერთ პატიმარს მოაფიქრდა და ყველას პირადი საქმეები გადაფურცლეს. სწორედ პირადი საქმეებიდან გაიგეს, ვინ თანამშრომლობდა სამართალდამცავებთან და ახლა 4 ზედამხედველის გარდა, მათ მძევლად დამატებით 6 პატიმარიც ჰყავდათ. ისინი ერთადერთი მიზეზით არ დახოცეს - ჩათვალეს, რომ ფარად გამოადგებოდათ.

„ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ადგილზე, დაკავებულთა ოჯახის წევრები მივიდნენ. იმის ნაცვლად, რომ მათ პატიმრებისთვის დანებება ეთხოვათ, ხმამაღლა უყვიროდნენ, რა ხდებოდა გარეთ, როგორ გადაადგილდებოდა მილიცია, რას გეგმავდა, რას აპირებდა... სამართალდამცავებმა სცადეს მათი მოშორება, მაგრამ პატიმრები დაიმუქრნენ, მძევლებს დავხოცავთო და ისინი დატოვეს. აჯანყებას ორი სიკვდილმისჯილი - პაველ პრუნჩაკი და მირონ ძიძაია ხელმძღვანელობდა. პრუნჩაკი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მილიციის ორი თანამშრომლის მკვლელობისთვის დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მირონს კი მთელი აფხაზეთი იცნობდა და ეშინოდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

როცა მოსკოვში მომხდარის შესახებ შეიტყვეს და ისიც გაიგეს, რომ აჯანყებულების ხელში არარეალურად ბევრი იარაღი იყო, სპეცრეისით სოხუმში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმები ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, პატიმრების ნათესავებმა აჯანყებულებს ესეც უთხრეს და მათ შესასვლელი კარი ჩახერგეს. თავიდან ციხის სახურავზე ვერტმფრენის დასმა მოითხოვეს, თუმცა გარედან მოატყუეს, სახურავი ვერ გაუძლებს, ჩამოიქცევა და თქვენც ქვეშ მოგიყოლებთო.

ამ დროს, მოსკოვიდან კიდევ ერთი მითითება მოვიდა - სპეცოპერაციის დროს, არც მძევალი უნდა მომკვდარიყო და არც - ძალოვანი, კრიმინალების დახოცვაზე მწვანე შუქი იყო ანთებული. თუ სპეცდანიშნულების რაზმი ამ პირობაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა, უარი უნდა ეთქვა სპცოპერაციის ჩატარებაზე. ამ პირობას შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი არ დათანხმდა, რაც შეეხება უშიშროების რაზმს...

„ვისაც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ უშიშროების სპეცრაზმის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ნამდვილი ლეგენდა იყო. ვიქტორ კარპუხინი არა მარტო მოწოდებით იყო ჯარისკაცი, არამედ, სერიოზული საბრძოლო გამოცდილებაც ჰქონდა, თავიც უჭრიდა. მან პირობა დადო, რომ არც რომელიმე მის ხელქვეითს დაუშავდებოდა რამე და არც - მძევლებს, თუმცა სპეცოპერაციის მოსამზადებლად ერთი დღე სჭირდებოდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

პატიმრებმა ავტობუსი მოითხოვეს, რომელიც მათ ცენტრალურ მოედანზე გაიყვანდა, იქ კი ვერტმფრენი დაელოდებოდა. რა თქმა უნდა, ამ პირობას ყველა დათანხმდა და გადაწყდა, რომ ისინი სწორედ ციხის ეზოში უნდა აეყვანათ. კარპუხინი და მისი ბიჭები მთელი დღე იმ ავტობუსზე ვარჯიშობდნენ, რომელიც პატიმრებთან უნდა მიეყვანათ, თუმცა...

მეორე დღეს მოაყენეს ავტობუსი, რომლის ბორბლებთან ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული. როგორც კი ავტობუსი დაიძვრებოდა, ასაფეთქებელს აამუშავებდნენ, საბურავები გასკდებოდა, მოულოდნელი აფეთქება პანიკას გამოიწვევდა და სპეცდანიშნულების რაზმი თავის საქმეს გააკეთებდა.

მოულოდნელად, ავტობუსის ნაცვლად, პატიმრებმა სამარშრუტო ტაქსის მიყვანა მოითხოვეს. უშიშროების ექსპერტებს ათი წუთი ჰქონდათ, ასაფეთქებლები იქ რომ დაემონტაჟებინათ. დაამონტაჟეს კიდეც და თან პატიმრებს გასძახეს, აქ 73 კაცი ნამდვილად ვერ ჩაეტევაო. მერეღა გაიგეს, პატიმრები ნაწილ-ნაწილ აპირებდნენ ქალაქის მოედნამდე მისვლას, რათა სამართალდამცავებს შტურმზე არ ეფიქრათ - ნაწილი წავიდოდა, ნაწილი დარჩებოდა, ერთმანეთთან კავშირი ექნებოდათ და მძევლებსაც ისე გადაანაწილებდნენ, რომ ყველა დაცული ყოფილიყო, თუმცა მანამდე რეციდივისტებმა „მარშუტკა“ საგულდაგულოდ შეამოწმეს და საბედნიეროდ, ასაფეთქებლები ვერ იპოვეს. ისინი გამოსვლას აგვიანებდნენ. რაღაც მანქანებით, ციხის უკანა კედელთან, ყველასთვის შეუმჩნევლად მისული უშიშრეობის სპეცრაზმის ნაწილი გასუსული იჯდა და აჯანყებულების გამოსვლას ელოდა. ამ ნაწილს შენობაში დარჩენილებზე უნდა მიეტანა შტურმი, მანქანაში მსხდომებს კი მეორე ნაწილი მოუვლიდა. აი, პატიმრებიც გამოჩდნენ და...

„სახეზე ავიფარე ხელი - ყველა მათგანს ნიღაბი ეკეთა და ყველას იარაღი ეჭირა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვერ გაარჩევდი, ვინ იყო მძევალი და ვინ - აჯანყებული. ცხადი გახლდათ, მძევლებს იარაღი ტყვიის გარეშე ჰქონდათ, მაგრამ სად და როგორ უნდა გაგვერჩია, რომელში იყო ტყვია? კარპუხინის პროფესიონალიზმიც აქ გამოჩნდა. მან ბიჭებს უთხრა, რომ ბორბლების აფეთქების შემდეგ, ყველას გასანეიტრალებლად, რვა წამი ექნებოდათ. გესმით? - რვა წამში უნდა ჩატეულიყვნენ და 13 კაცი გაეთოკათ“, -გვიყვება ბატონი თენგიზი.

პატიმრები, მძევლებითურთ, „მარშუტკაში“ ჩასხდნენ, დაიძრნენ და აფეთქების ხმაც გაისმა. ნაწილმა შენობის შტურმი დაიწყო, კარპუხინი კი, დანარჩენებთან ერთად, მანქანას ეცა. მერე თქვა რაზმის მეთაურმა, დარწმუნებული ვიყავი, საჭესთან მძევალს არ დასვამდნენ, თავად დასხდებოდნენ, რათა გზაზე მძევალს ავარია არ მოეხდინაო. გათვლა აბსოლუტურად სწორი იყო და როგორც კი კარპუხინი მანქანას მივარდა, პირველი, რაც გააკეთა, მძღოლს შუბლში დამიზნებით ესროლა. ეს ქმედება ციხის ფანჯრიდანაც დაინახეს და მიხვდნენ, დანდობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. არეულობისა და მოულოდნელობის ეფექტის მიუხედავად, მანქანაში მყოფებმა რამდენიმე გასროლა მაინც მოასწრეს და სპეცრაზმის ერთ-ერთი წევრი კისერში მძიმედ დაჭრეს, თუმცა ის გადარჩა.

მანქანაში იყვნენ პრუნჩაკი და ძიძაია, რომლებმაც იარაღის გამოყენება სცადეს და ისინი ადგილზე ჩაცხრილეს. ამ ორი პიროვნების გარდა, არ მომკვდარა არავინ, არც - პატიმრები, არც - მძევლები, არც - სპეცრაზმელები.

აფხაზებმა მხარდაჭერისთვის ქართველ კოლეგებსაც მადლობა გადაუხადეს, თუმცა მერე იყო ომი და ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ომს შეწირული ათასობით სიცოცხლე და სამოთხე, რომელიც დღეს ოკუპირებულია.

ავტორი - ბათო ჯაფარიძე