ვატო ყიფიანის საქმის უცნობი დეტალები

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

რა ჩვენება მისცა უკრაინის მოქალაქემ და რატომ გაუკვირდა „კრიმინალურ ავტორიტეტს“ დაკავება 

 სამართალდამცავებმა თბილისში ვახტანგ (ვატო) ყიფიანი დააკავეს. ის საქართველოში ვახტანგ წულუკიძის სახელით იყო შემოსული, თუმცა პოლიციაც ადასტურებს, რომ ყალბი საბუთები არ ჰქონია, უბრალოდ, გვარი გამოიცვალა. ყიფიანს 2020 წელს, ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობას ედავებიან. შეგახსენებთ, რომ აფეთქებით, ორი პირის შეკვეთილი მკვლელობის მზადების ბრალდებით, ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 30 იანვარს, თბილისსა და ბათუმში, საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში, ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა და ის სპეციალური, დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. მაშინვე ითქვა, რომ ფეიქრიშვილების მკვლელობა სწორედ ყიფიანმა დაგეგმა.

 2016 წელს, ფალიაშვილზე, ყიფიანის მეგობარი, სოსო ჯოხაძე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ბადუკა ნათობაძე მალევე დააკავეს და 19 წლით თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს.

როგორც ითქვა, ნათობაძე სწორედ ფეიქრიშვილების ახლობელია და ძმებ ჯოხაძეებთან კონფლიქტის გამო, მოხდა აღნიშნული მკვლელობაც.

ჰოდა, პოლიციის ვერსიით, მეგობრის სიკვდილისთვის შურისძიების მიზნით, ყიფიანმა ფეიქრიშვილების აფეთქება დაგეგმა, თუმცა... ერთია სამართალდამცავთა ვერსია, მეორე - რეალობა.

რეალურად, ყიფიანი ეჭვმიტანილი მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინის დაკავებულმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ფეიქრიშვილების აფეთქება უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ შეუკვეთა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ეს „კრიმინალური ავტორიტეტი“, სწორედ ყიფიანი იყო.

თუ იმას ვიტყვით, რომ ყიფიანის გარდა, უკრაინაში ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტები“ არ არიან, მაშინ ის დამნაშავეა, მაგრამ ყველამ ხომ იცის, რომ „კრიმინალური ავტორიტეტები“ კი არა, უკრაინა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდებით არის სავსე, თუმცა ეს დაკავებული უკრაინელის პირველი ჩვენებაა, მისცა თუ არა მან ახალი ჩვენება და ახსენა თუ არა ყიფიანი, ვერ გეტყვით.

ამ საქმეზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2017 წლის 3 მაისი. ამ დღეს, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 26 წლის გიორგი შარაშენიძე, საკუთარ ავტომანქანაში ავტომატით ჩაცხრილეს. შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცავებმა 13 მასრა იპოვეს და ცხელ კვალზე, დანაშაულში ბრალდებული სამი პირიც დააკავეს.

გამოძიების ცნობით, მკვლელობა წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, შარაშენიძეს სოსო ჯოხაძის მეგობრებთან კონფლიქტი ბადუკა ნათობაძის გამო ჰქონდა. შესაბამისად, ამ ვერსიის მიხედვით, ეს უკანასკნელი შარაშენიძის მეგობარი იყო, დაკავებულები კი ჯოხაძეების მეგობრები არიან...

ისიც უნდა ითქვას, რომ სამართალდამცავებმა ყიფიანი, რატომღაც ორი თვის წინ არ დააკავეს ანუ მარტში, საქართველოში ექვსი დღით იმყოფებოდა, თავისუფლად გადაადგილდებოდა და მხოლოდ ერთხელ შეაწუხეს, როცა სწორედ იმ საქმეზე დაკითხეს, რომელზეც ამჯერად დააკავეს.

რა გამოდის?

დაკითხვისას, ყიფიანისგან სამართალდამცავებმა ისეთი ვერაფერი გაიგეს, რაც დაკავების შესაძლებლობას მისცემდათ, ახლა კი მარტივად გადაუგრიხეს ხელები. აღნიშნული დაკავებით, თავად ყიფიანიც ძალიან გაოცებულია - არ ელოდა დაკავებას და საქართველოს დედაქალაქშიც მეგობრების სანახავად იყო ჩამოსული.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება სასამართლო პროცესი, რადგან ჯერჯერობით, პროკურატურას მტკიცებულებების მიმართულებით, მყარი პოზიციები ნამდვილად არ აქვს. ამას ადასტურებს ყიფიანის ადვოკატიც და როგორც ჩვენ გვეუბნებიან, დაკავებული უკრაინელი ქილერის ჩვენებაშიც მხოლოდ ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტია“ ნახსენები და არა - კონკრეტულად რომელიმე პირი.

ასეა თუ ისე, სოსო ჯოხაძის მკვლელობის გამო, შურისძიება ჯერჯერობით არ მომხდარა და როგორც უნდა მოინდომონ სამართალდამცავებმა, ამ ამბავს გაგრძელება, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ექნება.

მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ 19 წელმისჯილი ნათობაძე, დღემდე სამარტოო საკანში იხდის სასჯელს და იქიდან გამოსვლას არც აპირებს. მას არ სურს „ზონაზე“ გადავიდეს და პატიმრების გარემოცვაში მოიხადოს სასჯელი, რადგან როგორც გარდაცვლილ სოსო ჯოხაძეს, ისე მის ძმა გიორგის ძალიან, ძალიან დიდი სამეგობრო ჰყავს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე