როგორ დაგეგმა ფეხმძიმე რძალმა მულის 70 წლის დედამთილის მკვლელობა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სისხლიანი ოჯახური დრამის დეტალები

 

ხანდახან ფიქრობ, რა არის ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პრობლემა? პოლიტიკურ ამბებში რომ არ შევიდეთ, რიგითი ადამიანების ოცნება ტერიტორიული მთლიანობა, ღირსეული სამსახური, ღირსეული ჯამაგირი და პენსიაა. ერთი შეხედვით, მოთხოვნები არცთუ რთულია, გარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა - ჩვენი მიწები უომრად რომ დავიბრუნოთ, რუსეთის იმპერია უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად. სოციალურ მდგომარეობას რაც შეეხება... ფურცელზე, ყოველწლიურად, თითქოს, წინ მივიწევთ, მაგრამ სოციალური პაკეტების მიმღებთა რიცხვიც ყოველწლიურად იზრდება. ამას დაუმატეთ ისიც, რომ თურმე, საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც 2024 წლის 18 მარტის მდგომარეობით, არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც პოირადობის ელექტრონულ და არც არაელექტრონულ მოწმობას, ჯამში, 860 918-ია. მათ შორის, არასრულწლოვანი 691 387-ია, ხოლო სრულწლოვანი - 169 531. ამასთან, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკის მიღწევიდან ექვსი თვის განმავლობაში, აიღოს პირადობის ელექტრონული მოწმობა, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამჟამინდელი მდგომარეობით, 169 531 სრულწლოვანი ადამიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, უბრალოდ, ვერ მიიღებს. 

ისევ მოქალაქეთა პრობლემებს დავუბრუნდეთ. საცხოვრებლის პრობლემა მილიონამდე ოჯახს აქვს. ჰო, მილიონამდე ოჯახი ან საერთოდ არ ფლობს საკუთარ ფართს, ან ფლობს ისეთს, რომელიც მის სულადობას არ შეესაბამება. ბევრი ოჯახია, სადაც ხუთი-ექვსი წევრია და ისინი ერთ ოთახში ცხოვრობენ. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სულ ახლახან მოხდა და ტრაგედია სწორედ ბინის გამო დატრიალდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პოლიციის განყოფილებაში ქალბატონი მივიდა, რომელმაც განაცხადა, არ მჯერა, რომ დედაჩემი შემთხვევით მოკვდა, ის მოკლეს და გთხოვთ, საქმე გამოიძიოთო. არადა, საქმე უკვე გამოძიებული იყო და სამართალდამცავებს კითხვები არ ჰქონდათ.

„გარდაცვლილია 70 წლის ქალბატონი, გარდაცვალების მიზეზი დაცემაა, რომლის დროსაც, მან თავი სკამის კუთხეს ჩამოარტყა, რამაც თავის ქალის ძვლის მოტეხილობა გამოიწვია და ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. მის სხეულზე არ აღინიშნებოდა ძალადობის კვალი, კარის საკეტი არ იყო დაზიანებული და მეზობლებს, რომლებიც იმ დროს სახლში იყვნენ, ხმაური არ გაუგიათ“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

ოთხოთახიანი ბინა, სადაც ქალი ცხოვრობდა, პირველ სართულზე იყო და იქვე, ფანჯრის ქვემოთ, მოხუცი მზესუმზირასა და მიწის თხილს ჰყიდდა. მისი თქმით, ხმაური არ გაუგია და ის, რომ ვიღაც გარდაიცვალა, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც ქალი შვილმა იპოვა და კივილი ატეხა. თითქოს, ყველაფერი ლოგიკური და მარტივი გახლდათ, მაგრამ...

„ბოლო ორი თვის განმავლობაში, დედა ამბობდა, რომ ღამით რაღაც ხმები ესმოდა, რომ ფანჯარაზე უკაკუნებდნენ, რომ უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ და ამის გამო, ძალიან ეშინოდა. მეტიც, ის მკითხავთან დადიოდა, რომელმაც უთხრა, ჯადო გაქვს გაკეთებულიო და მთელი დანაზოგი, 3 ათას ლარზე მეტი მიატანინა, აქაოდა, ჯადო რომ მოგეხსნას, ძვირადღირებული პრეპარატები მაქვს საყიდელიო. რაც მთავარია, მე რამდენჯერმე დავრჩი დედასთან, თუმცა ხმა არ გამიგია, მაგრამ იცით, რატომ მგონია, რომ არ იტყუებოდა? სიკვდილამდე სამი დღით ადრე დამირეკა და მითხრა, ჩემს ფანჯარას გუშინ, მთელი ღამე, ქვიშას აყრიდნენო. მივედი და ფანჯრის ქვემოთ ნახევარ კილომდე ბრინჯი და წიწიბურა ეყარა ანუ ვიღაც მართლა აკეთებდა ისეთ რამეს, რაც დედას გაანერვიულებდა, ჭკუიდან გადაიყვანდა, 70 წლის ქალს მეტი რა უნდა? ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ის მკითხავი ხომ არ აკეთებდა ამას, დედას რაც შეიძლება, მეტი ფული რომ მიეტანა? არც დაცემის მჯერა, ასაკის მიუხედავად, დედა ფეხზე მყარად იდგა, სახლში არც ხალიჩა გვაქვს, ფეხი რომ წამოსდებოდა და სკამი, რომელზეც თავი ჩამოარტყა, შემთხვევით არ იქნებოდა გამოწეული, იქ ვიღაც იჯდა. დედა ან სავარძელში, ან დივანზე ისვენებდა ხოლმე, არასდროს მინახავს სკამზე დამჯდარი და ალბათ, ვიღაცამ ის სკამი გამოსწია“, - ამბობდა ქალი.

სამართალდამცავები ამ ისტორიით იმიტომ დაინტერესდნენ, რომ მკითხავზე, რომელზეც დაზარალებული საუბრობდა, ბევრი ინფორმაცია არსებობდა, რომ ის მოქალაქეებს ძარცვავდა და მუდმივად რაღაც სკანდალებში იყო გახვეული. ამიტომ, ახალგაზრდა ოპერმუშაკ გოგოს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს და მკითხავთან გაუშვეს. ოპერმა მჩხიბავს უთხრა, სამსახურის უფროსი მაიძულებს, მასთან ინტიმური ურთიერთობა მქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგდებით მემუქრება და რამე მიშველეო. მკითხავი დაპირდა, ისეთ წამალს დაგიმზადებ, უფროსი შეგეშვება, მაგრამ ყველაფერი 6 ათასი ლარი დაჯდება და შეგიძლია, ფული ნაწილ-ნაწილ გადაიხადო, თან ეს სითხეც ნაწილ-ნაწილ უნდა შეაპარო ყავაში ან ჩაიშიო. მან ბევრი ისაუბრა ჯადოზე, დახურულ ბედზე, კიდევ რაღაც-რაღაცებზე და როცა პოლიციელის მოწმობა აუფრიალეს თვალწინ, გაქცევა სცადა, თუმცა კართან კიდევ ორი სამართალდამცავი ელოდა.

„ის, რომ სულელებს ვატყუებ, ვაღიარებ, მაგრამ მე არავის ვაძალებ ფულის მოტანას, ყველას თავისით მოაქვს და მადლიერიც ბევრი მყავს. რაც შეეხება მკვლელობას, სულელი ვიყავი, ის ქალი მომეკლა? ჩვეულებრივი მეწველი ძროხა იყო, თუ რამეს შოულობდა, ჩემთან მოჰქონდა. მე, ეგებ, პროფესიონალი მატყუარა ვარ, მაგრამ მკვლელი - არა“, - განაცხადა დაკავებულმა. რაც მთავარია, იმ დღეს, როცა ქალი გარდაიცვალა, მკითხავს სპეცკლიენტი ჰყავდა, თანამდებობის პირი, რომელმაც მასთან ლამის მთელი დღე გაატარა და ეს რკინის ალიბი იყო.

გარდაცვლილს, გოგოს გარდა, ბიჭიც ჰყავდა, რომელიც ცოლსა და ორ შვილთან ერთად, ცოლის ძმასთან ცხოვრობდა. როგორც გაირკვა, დედას სარძლო არ მოსწონდა და რადგან შვილმა არ დაუჯერა, სახლიდან გააგდო. ხომ წარმოგიდგენიათ, სამოთახიან ბინაში - ცოლ-ქმარი და კიდევ ცოლ-ქმარი, ორი შვილით. ცოლის ძმას ბავშვი არ ჰყავდა, თუმცა ძალოვნებმა გაარკვიეს, რომ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ცოლი ორსულად ჰყავდა და მესამე ბავშვი ბინაში აშკარად ვეღარ დაეტეოდა. გამოდიოდა, რომ ყველაზე მეტად ქალის სიკვდილი... მის შვილს აწყობდა, ამიტომ სამართალდამცავებმა ვაჟის დაკითხვა გადაწყვიტეს.

„დედას მძიმე ხასიათი ჰქონდა, იმის მიუხედავად, რომ იცოდა, როგორ გაჭირვებით ვცხოვრობდი, ბინაში მაინც არ მიშვებდა. თუმცა, მისი მოკვლა არასდროს მიფიქრია, ის ხომ დედაა. ახლა საბუთებს ვაგვარებ და გადავალ ბინაში, მაგრამ გამიჭირდება იქ ცხოვრება, სადაც დედა გარდაიცვალა“, - ბიჭი აშკარად გულწრფელი იყო და მისგან მკვლელი ნამდვილად არ გამოვიდოდა.

სამაგიეროდ, ცოლის ძმის მეზობლებმა მოაღეს პირი და განაცხადეს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, ოჯახში სიტუაცია აირია და დიასახლისი მულს მუდმვიად უყვიროდა, წაეთრიეთ ჩემი სახლიდან, არ მაინტერესებს, სად იცხოვრებთ, მე მინდა ჩემი ოჯახი მქონდეს, მალე შვილი გამიჩნდება და არ მინდა, ამ საგიჟეთში მოვიყვანოო. მეტიც, ქალმა რამდენჯერმე გაფენილი სარეცხი პირდაპირ ეზოში გადაყარა, მეც სარეცხი მაქვს გასაფენი და საკუთარ სახლში რიგში დგომას არ ვაპირებო. მას შემდეგ, რაც მოხუცი გარდაიცვალა, ქალი დაწყნარდა და მშვიდად ელოდა, როდის გადავიდოდნენ მისი მდგმურები მისივე სახლიდან. გამომძიებელმა ექსპერიმენტის ჩატარება მოიფიქრა და ამისთვის გარდაცვლილის შვილები დასჭირდა. იმავე საღამოს, და ძმის დროებით საცხოვრებელში ანუ მის ცოლის ძმასთან მივიდა და მაგიდაზე ფურცელი დადო. მართალია, ნოტარიუსის მიერ შედგენილი ცნობა პოლიციის გაკეთებული და ყალბი იყო, მაგრამ ოფიციალური ბეჭედი ერტყა და ეჭვს ვერავინ შეიტანდა. ცნობაში კი ეწერა, რომ დედამ ბინა ქალიშვილს დაუტოვა და ძმას მასზე უფლება არ ჰქონდა.

„ბოდიში, ძმაო, მაგრამ ხომ იცი, მეც ოროთახიანში ვცხოვრობ, ორ შვილთან ერთად, ბავშვებს თავიანთი ოთახები არ აქვთ. ამიტომ, ამაღამ დედას ბინაში დავრჩები, ქმარ-შვილი სოფელში არიან და ხვალ დილით მოდი, შენი ნივთები, რაც გადმოიტანე, უკან წაიღე“, - მშვიდად თქვა ქალმა და ბინიდან გავიდა.

საღამოს, გარდაცვლილის ბინაში, მისი შვილი და ორი ოპერმუშაკი მშვიდად სვამდნენ ჩაის, ოღონდ ქალი ღია, განათებულ ოთახში, პირველი სართულიდან რომ კარგად გამოჩენილიყო, ოპერები - სამზარეულოში. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ოპერები გაირინდნენ. ქალმა კარი მშვიდად გააღო და ზღურბლზე თავისი ძმის ცოლის ძმის ცოლი დაინახა - ის, რომელიც ბავშვს ელოდა და რომელიც ცდილობდა, როგორმე, მული ბინიდან გაეგდო. ქალმა მოსული ოთახში შეიპატიჟა და მანაც დაიწყო:

„არ გაქვს უფლება, ძმას ასე მოექცე, ჩვენს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შეხვიდე? შენი ძმა ჩემთან რატომ უნდა ცხოვრობდეს? აქ გადმოვიდეს და აქ იცხოვრეთ ერთად, ან ის შენი ოროთახიანი დაუთმე“, - და როცა მასპინძელმა თავი გადააქნია, ყელში სწვდა და დახრჩობა დაუპირა. ოპერმუშაკებმა ხელები მარტივად გადაუტრიალეს და დივანზე დასვეს. იქვე აუხსნეს, რომ მკვლელობის მცდელობაზე უკვე დაკავებული იყო და თუ სხვა დანაშაულსაც აღიარებდა, ეგებ, სასჯელი შეემსუბუქებინათ.

„11 წელი შვილს ველოდი და აგერ, ორსულად ვარ. მივხვდი, ჩემი მულისა და მისი გიჟი ბავშვების ხელში ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნებოდა. ამიტომ, მოხუცთან დალაპარაკება გადავწყვიტე, პირადად ავუხსენი ყველაფერი და მისგან მხოლოდ დაცინვა მივიღე. ვერ მოვითმინე და ხელი ვკარი, თავი რომ ჩამოარტყა, შემეშინდა, მაგრამ სამედიცინო განათლება მაქვს და პულსი გავუსინჯე. მერწმნეთ, მაშინვე გათავდა, თორემ სასწრაფოს გამოვუძახებდი. მეგონა, ყველაფერი დალაგდა, დღეს კი, ეს ქალბატონი ნოტარიუსის ცნობით მოვიდა და ისე ვინერვიულე, კინაღამ მუცელი მომეშალა. მკვლელობის მცდელობა აფექტი იყო, მე ორსულად ვარ“, - განაცხადა დაკავებულმა.

სასამართლომ ქალს 4  წელი რეალური და 7 წელი პირობითი მიუსაჯა, ბინაში კი... გარდაცვლილი ქალის ბიჭი გადავიდა ცოლ-შვილთან ერთად.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე