მცხეთის რესტორანში რუსი კაპიტანი მოკლეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ახლა ყველაფერი თითქოს მარტივია, თუნდაც საიდუმლო დოკუმენტაციის გაგზავნა მკაცრად დაცული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეიძლება, აუცილებელი არ არის, ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობა და სპეციალური კურიერების გაგზავნა. ადრე კი ასე არ იყო. თუნდაც, მხოლოდ საბჭოთა კავშირი რომ ავიღოთ, საიდუმლო ბრძანება, რომელსაც, მაგალითად, მოსკოვში გამოსცემდნენ და აუცილებელი იყო ყველა რესპუბლიკისთვის, ადგილამდე ვინმეს უნდა ჩაეტანა. ჰოდა, კავკასიაში ერთი კურიერი მოდიოდა, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არიგებდა ბრძანებებს, ბალტიისპირეთშიც ერთი - ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს სტუმრობდა, ერთიც - შუა აზიაში, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი დაუზბეკეთი უნდა მოეარა და ა.შ. რა თქმა უნდა, კურიერი არ იყო რიგითი ადამიანი, ის წოდებით, ყველაზე ცოტა, კაპიტანი უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია, უდიდესი ნდობა ჰქონოდა. ასეთ კურიერებს დაჰქონდათ სპეციალურად დალუქული კონვერტები, სპეციალურ დიპლომატებში ჩადებული, გარდა ამისა, ყველა დიპლომატს ცალკე შიფრი ჰქონდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ ყველა დიპლომატში წერილი ცალ-ცალკე იდო ანუ კავკასიაში მომავალ კურიერს თან სამი დიპლომატი ჰქონდა...

 

მცხეთაში, რესტორანში, ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ერთერთმა მიმტანმა „02“ აკრიფა, მილიციაში დარეკა და ადგილზე მისულ სამართალდამცავებს 40 წლამდე მამაკაცი დახვდათ გარდაცვლილი. უფრო სწორად, ის მოკლული იყო და ეტყობოდა კიდეც, მუცელში დანით ორი ჭრილობა რომ ჰქონდა. ჩხუბში მონაწილეეებიც იქვე იყვნენ, არც გაქცეულან, რადგან... იმდენად გახლდნენ ნასვამები, რომ გაქცევის თავი აღარ ჰქონდათ. შესაბამისად, ოპერმუშაკებს საქმე გაუიოლდათ, იქვე დაკაავეს მთავარი ეჭვმიტანილები და მკვლელის სავარაუდო იარაღიც იატაკზე ეგდო. საქმეს ეტყობოდა, რომ მარტივი იქნებოდა და გაიხსნებოდა, მაგრამ როცა გარდაცვლილის საბუთები ნახეს, მიხვდნენ, საქმე ბევრად რთულად იქნებოდა. გარდაცვლილი სამხედრო კურიერი გახლდათ და მივლინების ბარათებით თუ იმსჯელებდნენ, სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე მოვლილი ჰქონდა და საქართველოში სამი დღის ჩამოსული იყო. რა თქმა უნდა, საქმეს მაშინვე გრიფით საიდუმლო დაედო.

„სამი დღის ჩამოსული? ჩვენ მას ხვალ ველოდით... ვერ ვხვდები, რატომ ჩამოვიდა ასე ადრე და ვერც იმას ვხვდები, თუ ჩამოვიდა, რატომ არ მივიდა სამინისტროს ბალანსზე არსებულ ბინაში და რატომ არ შეგვეხმიანა“, - მხრებს იჩეჩავდა თავდაცვის უწყების წარმომადგენელი, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ საქართველოსთვის განკუთვნილი დიპლომატი არსად ჩანდა ანუ ვიღაცამ დიპლომატი გააქრო. ოფიციანტი, რომელმაც მილიციას დაურეკა, დაბეჯითებით იმეორებდა, დიპლომატი თან ჰქონდა, ზუსტად მახსოვსო და დიპლომატს ისე ახასიათებდა, ცხადი იყო, ნანახი ჰქონდა. ძალოვნებს სხვა სადარდებელი გაუჩნდათ - საქმე მხოლოდ მკვლელობას კი არა, სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას ეხებოდა და არ გამორიცხავდნენ, რომ საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ყოფილიყვნენ გარეულნი. ყველა ძალოვანი უწყება ფეხზე დადგა და ახლა მთავარი იყო, იმ დაკავებულების დაკითხვა, რომლებიც ჩხუბში და, შესაბამისად, მკვლელობაში მონაწილეობდნენ. მით უმეტეს, ექსპერტიზამ დაადასტურა, დანაზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე ნახეს, ორი დაკავებულის თითების ანაბეჭდები იყო, გარდაცვლილს კი დანა სწორედ ორჯერ ჰქონდა დრტყმული. გამომძიებელი მათ გამოფიხიზლებას დაელოდა, შემდეგ კი დაკითხვაზე შეიყვანა.

„ჩვენთვის ვისხედით და ვქეიფობდით, როცა საკმაოდ გამომწვევად ჩაცმული, ქერა ქალი შემოვიდა რესტორანში და უკანალის ქნევით, სწორედ ჩვენს მაგიდასთან ჩაიარა. ჩემმა მეგობარმა უკანალზე ხელი წამოარტყა, ქალმა ოდნავ შეჰკივლა, ის ვიღაც კი წამოხტა და გვეცა. ალბათ, სპორტსმენია, მაშინვე დაგვყარა და დანა ვიხმარეთ, მაგრამ არ მოგვიკლავს, ისეთ ადგილებში დავარტყით და ისეთი სიძლიერით, რომ არ უნდა მომკვდარიყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაკავებულმა და ამ დროს ექსპერტიზის დასკვნაც მოვიდა - კაპიტანი არა დანით, არამედ, ნარკოტიკების ზედოზირებით იყო გარდაცვლილი.

„გარდაცვლილს დანით მიყენებული ჭრილობები არ მოკლავდა, ის ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის, კონკრეტულად კი, „ოპიუმის“ მიღების შემდეგ გარდაიცვალა. „ოპიუმი“ მის სხეულში ალკოჰოლთან, კონკრეტულად, სომხური წარმოების კონიაკთან ერთად მოხვდა“, - ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში.

„ოპიუმის“ სამშობლოდ ავღანეთი კი ითვლება, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს, მას დიდი რაოდენობით ყირგიზეთსა და უზბეკეთში აწარმოებდნენ. ძალოვნებმა მიაგნეს და გაჩხრიკეს ის ოთახი, რომელიც გარდაცვლილს ჰქონდა ნაქირავები და სწორედ იქ ნახეს სომხური კონიაკი, რომელიც იმ დროს საქართველოში არ იყიდებოდა ანუ  სომხეთში ჰქონდა შეძენილი. შესაძლებელი იყო, „ოპიუმით“ კონიაკი სწორედ მეზობელ რესპუბლიკაში მოუწამლეს და მან სითხე მხოლოდ აქ მიიღო. ოთახში იყო ბანქო და... ქალის საცვალი. სახლის მეპატრონემაც დაადასტურა, რომ მასთან ერთად ქალი ცხოვრობდა, რომლის აღწერილობა... ზუსტად დაემთხვა იმ ქალისას, რომელსაც რესტორანში „უკანალზე წამოარტყეს“. სახლის მეპატრონემ ისიც თქვა, საღამოობით, აქ ბანქოს თამაშობდნენ, ეს სამხედრო, ის ქალი და კიდევ ორი ახალგაზრდა მამაკაციო... დიპლომატი არც იქ იყო საიდუმლო საბუთებთან ერთად, გამქრალი გახლდათ ტაბელური იარაღიც, რომელიც სამხედრო კურიერებს მუდმივად ჰქონდათ.

მომხდარიდან მეორე დღეს, წყნეთში, ტყის მასივში, ახალგაზრდა კაცის გვამი იპოვეს. მის გვერდით დაკარგული დიპლომატი ეგდო, რომელშიც დალუქული წერილი ხელუხლებელი იდო, მაგრამ იარაღი არსად ჩანდა. გაირკვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი იმავე რესტორანში მტვირთავად მუშაობდა. მისი ფოტო ბინის მეპატრონეს ანახეს და მან დაადასტურა, რომ ბანქოს მოთამაშე ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთი, სწორედ ეს იყო. ექსპერტიზამ დალუქული წერილი შეამოწმა და დაადგინა, რომ ის არავის გაუხსნია ანუ სახელმწიფო საიდუმლო გადარჩა, მაგრამ ძიება, რაღა თქმა უნდა, მაინც გრძელდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ძალოვნებს მხოლოდ მითიური ქერათმიანი, მკერდსავსე ქალი უნდა ეძებნათ, კიდევ უნდა მოენახათ ბანქოს მეოთხე მოთამაშე, რომელსაც სავარაუდოდ, ყველაფერს ათქმევინებდნენ. რადგანაც კვალი იმ რესტორანში მიდიოდა, ბინის მეპატრონეს ყველა თანამშრომლის სურათები დაათვალიერებინეს და მან ხელი... იმ ოფიციანტის ფოტოს დაადო, რომელმაც მილიციაში დარეკა და რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთვარი მოწმე იყო. რაღა თქმა უნდა, მისი დაკავება მარტივი იქნებოდა, მაგრამ თვალთვალის დაწესება ამჯობინეს. უკვე მეორე დღეს, ოფიციანტი ქუჩაში ქერა, მკერდსავსე ქალს შეხვდა, ცოტა ხანს ესაუბრა, მერე კი ორივე ოფიცანტის ბინაში წავიდნენ. დაყოვნებას აზრი არ ჰქონდა - ბინაში შესვლისთანავე, ოპერმუშაკები ფეხდაფეხ მიჰყვნენ წყვილს და ხელებზე ბორკილები დაადეს. პირველი, რაც ქალმა იყვირა, ძალოვნების ყურს საამოდ მოხვდა - „მე არ მომიკლავს!“ ეს იმას ნიშნავდა, რომ ქალმა იცოდა, რისთვის დააკავეს და თანამშრომლობისთვისაც მზად იყო.

„ოფიციანტი ჩემი მეგობარი მამაკაცია. სწორედ მან მთხრა, ვიღაც სამხედროა ჩამოსული, ბანქოს მოთამაშეებს ეძებს და რაც მთავარია, ბევრი ფული აქვსო. ამიტომ, ჩვენი მტვირთავი წავიყავნეთ და წავედით. ასე, 500 მანეთი მოგვიგო, ძალიან გაუხარდა და მე მთხოვა, ჩემთან დარჩიო. დავრჩი, დავლიეთ და სწორედ მაშინ მითხრა, ძალიან ბევრი ფული მაქვს, მარტო წერილების კურიერი კი არ ვარ, „ოპიუმიც“ დამაქვს, მე არავინ მაჩერებს და არავინ მჩხრეკსო. დიპლომატში 30 ათასი მანეთი ედო. გადავწყვიტეთ, როგორმე დიპლომატი მოგვეპარა და მეორე დილით, კვლავ ბანქოსთვის უნდა შევკრებილიყავით. ცოტა „ოპიუმი“ მოვიპარე, კონიაკს ვსვამდით და კონიაკის ბოთლში ჩავუსხით. გვეგონა, იქვე გაითიშებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მერე თქვა, საქმე მაქვსო და ყველა წამოვედით, თუმცა მე დავუყარაულე და უკან გავყევი, შეიძლებოდა, შუა ქუჩაში გათიშულიყო და დიპლომატი უნდა მომეპარა. რესტორანში მივიდა და შევყევი. მოხდა ის, რაც დაგეგმილი არ იყო, დანაზე წამოაგეს, თან ნარკოტიკებმაც სწორედ მაშინ იმოქმედა და მე დიპლომატი ავიღე, არეულობაში იქაურობას გავერიდე. ის იდიოტი მტვირთავი მერე ჩვენ გვაშანტაჟებდა, ფული სულ მე მომეცით, თორემ მილიციას შევატყობინებო. ოფიციანტმაც მოკლა და ტყეში დააგდო, წერილისთვის ხელი არ გვიხლია, მივხვდით, საიდუმლო იყო და არ გვინდოდა, ამის გამო, დამატებით ვეძებნეთ“,-განაცხადა ქალმა.

ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა. ოფიციანტი და მისი მეგობარი ქალი დააკავეს, შეისწავლეს მარშრუტი, რომლითაც კაპიტანი მოძრაობდა და ყაზახეთში დააკავეს კოლმეურნეობის ხელმძღვანელი, რომელიც კაპიტანს „ოპიუმით“ ამარაგებდა. იმის გათვალისწინებით, რომ კონიაკის ბოთლში „ოპიუმი“ ოპფიციანტმა შეიყვანა, მას სასჯელის მაქსიმალური ზომა შეუფარდეს, მაგრამ შემდეგ 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს და ამის ერთადერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ სიკვდილმისჯილების თემით დასავლეთი განსაკუთრებით ინტერესდებოდა და არ სურდათ, მომხდარის შესახებ ევროპული თუ ამერიკული ქვეყნების წარმომადგენლებს საქმის დეტალები გაეგოთ.

 

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე