შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.
სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.
დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
„112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ 2021 წელს სამინისტროს ევროკავშირმა 250 ელექტრონული სამაჯური გადასცა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პანდემიის პირობებში 2020 წელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა
რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო
ცხელი ხაზი - „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით 3 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო.
პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“. - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა გააცნო და თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, ერთი მხრივ, ჩვენი თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროში ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაშიც უმნიშვნელოვანესია სამინისტროს აკადემიის როლი. აკადემიის შესაძლებლობების განვითარება ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

„ ჩვენი მთავარი ამოცანაა პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, როგორც დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მომავალში კვლავ გაგრძელდება და გაძლიერდება, როგორც საპოლიციო, ასევე, საზოგადოებისათვის სერვისების მიწოდების მიმართულებების
განვითარება“ ,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ანგარიშის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიციელები ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას და 24 საათის განმავლობაში იქნებიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების გვერდით “, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
“განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას. პანდემიის დროს მათი ფუნქციებიც გაიზარდა, მათ შორის, დაევალათ ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილი საგუშაგოების 24-საათიანი კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით.
„ განახლდა და სრულად აღიჭურვა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, განხორციელდა საოკუპაციო ხაზის კომპლექსური შეფასება, განისაზღვრა როგორც
არსებული ტაქტიკური და ლოჯისტიკური მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ეტაპობრივად გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები“, - განაცხადავახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის როლზე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. 
„მინდა აღვნიშნო სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მუდმივ რეჟიმში ხდება დეპარტამენტის გაძლიერება. კერძოდ: ტაბაწყურის ტბასთან დასრულდა ახალი კაპიტალური ბაზის მშენებლობა, მოეწყო წალკის და ახალციხის საგუშაგოები, მარნეულის და სუფსის ბაზებზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტაქტიკური და სამთო მომზადების ზამთრისა და ზაფხულის სწავლებები. მიმდინარე წელს დაგეგმილია საბრძოლო დანაყოფების საცეცხლე მომზადება და წალკის,
ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე
გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა.

„2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომსახურების სააგენტოში დისტანციური მომსახურების სხვა სერვისებიც დაინერგება. „დაინერგება დისტანციური მომსახურების სერვისი, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება. მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს სახელმწიფო სანომრე ნიშნების დისტანციურად შეცვლის გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან მყვინთავების ხელფასი გაიზარდა 100%-ით. ხელფასი გაეზარდა ყველა მეხანძრე-მაშველს. გასულ წელს, სახანძრო-სამაშველო ძალების არსებობის ისტორიაში პირველად, დღიური კვების რაციონი განისაზღვრა და ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებას სამსახური უზრუნველყოფს. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, 2021 წელს პირველად მოხდა მეხანძრე-მაშველთა EN (იენ) სტანდარტის სახანძრო ფორმების შესყიდვა, ასევე, შესყიდულია მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიური ფორმები. მიმდინარე წელს დაგეგმილია სამთო-სამაშველო აღჭურვილობის განახლება და მყვინთავი-მაშველებისთვის თანამედროვე, უახლესი სტანდარტის აღჭურვილობის
შეძენა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს ჯამში 1 270 000 დოლარის ღირებულების სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცემა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს ახალი შენობები აშენდა ბორჯომში , ჩხოროწყუსა და ანაკლიში. ახალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მშენებლობა კი ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენის დროს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამინისტროს ჩართულობასა და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

„საკითხი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, არის პანდემიასთან ბრძოლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საპოლიციო სერვისების ადაპტირება პანდემიასთან. მას შემდეგ, რაც ქვეყნაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ვირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა აჩვენეს კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები, ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ისე უწყებათშორის თანამშრომლობას”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმოკლეს ვადებში უზრუნველყოContentფდა. 

„კომპეტენციის ფარგლებში გვევალებოდა მიმოსვლის შეზღუდვა, საჯარო სივრცეებში თავშეყრის კონტროლი, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი, საკარანტინო ზონების კონტროლი და დაცვა, ასევე, პირბადის ტარების წესის აღსრულება. მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცებთან ერთად, ერთ ღამეში ააგეს 100-კაციანი საველე ჰოსპიტალი”, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, "მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე -ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.

„ნარკოდანაშაულის სფეროში მთავარ გამოწვევას ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობა წარმოადგენს, რაც მსოფლიოში ბოლო პერიოდის ყველაზე მზარდი ტენდენციაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინტერნეტით და საფოსტო გზავნილებით გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა სპეციალიზებული დანაყოფი, რომლის თანამშრომლები რეგულარულად გადიან გადამზადებას.

„ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული იქნა 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, ასევე გამოვლენილი იქნა ნარკოტიკული საშუალების დასამზადებელი ნარკოლაბორატორია“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება.

„ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. 2020 წელს ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 71 ნარკორეალიზატორი. ამავე პერიოდში პოლიციის მიერ ამოღებულ იქნა:89 კილოგრამი ჰეროინი; 1 კილოგრამი კოკაინი;6.5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;7 000 აბი სუბოტექსი და სუბოქსინი;“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე და უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. 

„გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს
შექმნაზე ისაუბრა.

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 2021 წელს გაგრძელდება მსგავსი სივრცეების მოწყობა პოლიციის დანაყოფებში“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რეფორმების ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და ყურადღება პოლიციელთა შეიარაღების
განახლებაზე გაამახვილა.

„2020 წელს პოლიციის ახალი შენობები აშენდა წალენჯიხაში, ბაკურიანში, რუსთავსა და პანკისში. ამჟამად მიმდინარეობს გურჯაანის, ომალოს, აბასთუმნის, მესტიის პოლიციის შენობების მშენებლობა. 2021 წლის დასაწყისში მნიშვნელოვნად განახლდა სამინისტროს ავტოპარკი. ასევე, მნიშვნელოვნად განახლდება პოლიციელების შეიარაღება, რაც წლების განმავლობაში მასშტაბურად არ განხორციელებულა. გაუმჯობესდება და განახლდება დანაყოფების რადიოკავშირის საშუალებები, ასევე, გაგრძელდება პოლიციელების
მაღალი ხარისხის ფორმის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფა “,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.