შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ.
 
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბ.წ.-მ და მ.წ.-მ აღნიშნული პირები მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით.
 
სამართალდამცველებისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.
 
სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს.
 
 დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
 

დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ს. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 6 მასრა.
პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას.
 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - თომას მიულმანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, გერალდ ჰიორმანი.
 
მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.
 
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
 
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული რ.ი., 2002 წელს დაბადებული ა. ა., 2003 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.ი., 1974 წელს დაბადებული ს.კ. და 1982 წელს დაბადებული ხ.ა., 1990 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ე.ა., 1979 წელს დაბადებული ფ.ა., 1975 წელს დაბადებული ა.ა. და 1988 წელს დაბადებული ნ.მ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები- 45 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქუტურული პროექტების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. .
დღეიდან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და საექსპერტო შემოწმება ახალ, თანამედროვე სტანდარტის შენობაში განხორციელდება. სერვისი სრულად არის მორგებული მოქალაქეთა კომფორტულ და სწრაფ მომსახურებაზე.
შენობა დაყოფილია 12 გამტარ პუნქტად და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამის პუნქტებში გადანაწილდნენ. ასევე, ცალკე გამოიყო სატვირთო ავტომობილების დასათვალიერებელი 2 გამტარი პუნქტი.
აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, აღსანიშნავია, რომ სერვისის მიღების მსურველი ადგილზე, მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღებს დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების აქტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021". ქალთა გაძლიერების ფორუმი USAID/PROLoG-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
 ნინო ცაციაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქალთა უფლებების დაცვა და ქალების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისაგან დაცვა, ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქალთა უფლებებს და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს უკავშირდება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ბავშვობის ასაკში ქორწინება, რაც წარმოადგენს ქალებისა და გოგონების უფლებების სერიოზულ დარღვევას.
ნინო ცაციაშვილმა ამ მხრივ პოლიციისადმი მიმართვიანობის ტენდენციებსა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს როლზეც და აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უწყებამ უნდა შეძლოს და ეფექტიანად მოახდინოს ქალთა უფლებების დაცვა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა სამართალდამცველთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, ამ მიზნით ჩატარებულ და მიმდინარე სწავლებებზე.
ნინო ცაციაშვილმა ​ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც სამართალდამცველმა სისტემამ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.