შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სამართალდამცველებმა ო.რ. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას საკუთარი ავტომანქანით უკანონო იარაღი გადაჰქონდა. პოლიციამ, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1000-მდე საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი: "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და "კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა. ახალი ავტომობილებიდან არც ერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის.
 
ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები - ვლადიმერ ბორცვაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე დაესწრნენ.
 
ახალი ავტომობილები გადაეცა პოლიციის დანაყოფებს თბილისსა და რეგიონებში, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.
 
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ა.ბ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
 
ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, "მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“.
 
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
 
სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
 
ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი).
 
წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
 
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.
 
ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია: სიახლეები და უახლესი მონაცემები”.
2020 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პოლიტიკის დონეზე იქცა პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ პროცესში უწყებას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები. მინისტრის მოადგილემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომლები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებშიც.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ერთიანი სტატისტიკის შეგროვების შემუშავებული მოდელის მნიშვნელობაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ წარმოებული მონაცემები გახდეს კიდევ უფრო ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა მემორანდუმის მონაწილე უწყებების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და მსგავსი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია იქნა შემუშავებული.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი 2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
p

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ.
 
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბ.წ.-მ და მ.წ.-მ აღნიშნული პირები მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით.
 
სამართალდამცველებისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.
 
სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს.
 
 დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.