როგორ მოიპოვა ქართულმა მხარემ მტკიცებულებები, რომლითაც ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის დამნაშავეებზე ძებნა გამოაცხადა

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პაატა დავითაია: „ბედნიერი ვარ, რომ ჰააგამ სანქციები ჩემს მიერ გადაცემული მტკიცებულებების საფუძველზე გასცა!“

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაასრულა. „დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მე უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში. ამასთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ასად ახმად ხანი განმარტავს: „მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად... მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაში მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფლის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით, ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც. აღნიშნული საქმეები სასამართლო პალატების წარმოებაში დარჩება, ხოლო სასამართლოს კანცელარია თავისი მრავალგანზომილებიანი მანდატის განხორციელებას გააგრძელებს“.
30 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პირველმა წინასასამართლო პალატამ საქართველოს საქმეზე სამი ადამიანის: მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაკავების ორდერების საჯარო ვერსიები გამოაქვეყნა. დაკავების ორდერები უკავშირდება მათ ქმედებას 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მოთხოვნით საქართველომ მიმართა. 2016 წლის 27 იანვარს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორს უფლებამოსილება მიანიჭა, დაეწყო გამოძიება სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ არსებული იმ დანაშაულების გამოსაძიებლად, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩადენილია სამხრეთ ოსეთში, საქართველოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. 2022 წლის 10 მარტს საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პირველი დაპატიმრების ორდერები გასცა.
დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არალეგიტიმურია და არანაირი პერსპექტივა არ ექნება.
2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა - წერია „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. ჰააგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ „ვერსია“ ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას ესაუბრა, რომელიც 2008 წლის ომის დროს დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე იყო:

- ბატონო პაატა, ჰააგისგადაწყვეტილებას რა წონა აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო ასპექტში?
- ეს, მართლაც, ისტორიული გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ დაასრულა გამოძიება საქართველოსთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია საქართველოს ერთ ჯარისკაცსაც კი კაცობრიობის წინაშე. ჰააგის სასამართლოს პროკურატურა არ იძიებდა ომის დაწყების თემას, არამედ, იძიებდა დანაშაულის საკითხს. მთავარი, რაზეც ჰააგის პროკურატურამ გაუსვა ხაზი, ისაა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები აწარმოებდნენ თავდაცვით ომს. ე.ი. ეს დასკვნა არის იდენტური დროებითი საპარლამენტო კომისიის იმ დასკვნისა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.
მინდა, შეგახსენოთ ტალიავინის კომისია, რომელიც ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული. იმ კომისიასა და ჩემი კომისიის დასკვნებს შორის იყო ერთი განსხვავება - ტალიავინის კომისიაში ეწერა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გადაამეტეს ძალის გამოყენებას. მაშინ ვამბობდი, რომ ძალიან რთულია ომის პერიოდში ძალის გადამატების დადგენა და ჰააგის გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველომ კი არ გადაამეტა, არამედ, თავდაცვით ომს აწარმოებდა. ამით ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია.
აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ რა მტკიცებულებებიც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გადასცა ჰააგის პროკურატურას, ზუსტად იმ დამნაშავეებზე გაიცა სანქციები. რა მტკიცებულებებიც დროებითი საპარლამენტო კომისიის დროს იქნა მოპოვებული - აუდიოჩანაწერები მინძაევზე და დანარჩენ ბრალდებულებზე, მხოლოდ მათზე გაიცა სანქციები, რადგან იყო უშუალო მტკიცებულება - აუდიოჩანაწერი, სადაც საუბარი იყო დანაშაულზე, მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაზე, რაც პრინციპული თემაა.
- ეს მტკიცებულებები როგორ იქნა მოპოვებული?
- ეს ძალიან სერიოზული ნამუშევარი იყო არამხოლოდ ჩემი, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, რომელმაც უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. კონტრდაზვერვის სამი ოფიცერი გადავიდა ფრონტის ხაზზე, სადაც ზურგჩანთებში ჰქონდათ მობილური კავშირების პელენგატორები და რუსულ მობილურ კავშირებს წერდნენ. იმ სამ ოფიცერს ქართველი მოკლავდა თუ რუსი, არავინ იცოდა. მათ ჩაწერეს მობილური საუბრები და ამის საფუძველზე ამოვარდა მინძაევის, ბორისოვის და ყველა ბრალდებულის დანაშაული. ეს უნიკალური ოპერაცია იყო, რაც გახდა მთავარი საფუძველი იმ მტკიცებულებებისა, რაც მოიპოვა კომისიამ და გადასცა ჰააგის სასამართლოს.
ჰააგის სასამართლოში დაიხურა გამოძიება, მაგრამ გრძელდება მუშაობა მანამდე, სანამ არ დააკავებენ მინძაევს და მისნაირებს, რადგან მათი დაკავების შემდეგ გაირკვევა, ვინ გასცა ბრძანება და ეს ნიშნავს, რომ მორჩა სპეკულაცია ომის დაწყებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ცალსახად წერია -საქართველო აწარმოებდა თავდაცვით ომს. როცა კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, ჩემი უშუალო მოთხოვნით, დასკვნაში ჩაიწერა, რომ ცხინვალში შევედით ჩვენ. ეს იმიტომ, რომ შემოდიოდა რუსული ჯარი და მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, ქართული ჯარი შესულიყო და შეექმნათ ე.წ. დერეფანი მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. ზუსტად ეს დაამტკიცა ჰააგის პროკურატურის გამოძიებამ.
ეს მართლაც, ისტორიული თემაა და ვფიქრობ, ამით ყველა უნდა ამაყობდეს. როგორც წინა ხელისუფლების, ასევე, დღევანდელმა პროკურატურამ ძალიან სერიოზული სამუშაო გასწია, მტკიცებულებები მიაწოდა. ეს არაა რომელიმე ხელისუფლების თემა. არამედ, ესაა ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ეს გვაძლევს საშუალებას, ხვალ უფრო ძლიერები ვიყოთ, არ გვეშინოდეს ე.წ. მცოცავი ოკუპაციის. დამტკიცდა, რომ ჩვენ ვაწარმოებდით თავდაცვით ომს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ კარგად.
- ბატონო პაატა, საგამოძიებო კომისიის შესახებაც მიამბეთ, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით შეიქმნა...
- 2008 წელს 3 თვის განმავლობაში მუშაობდა... ეს არ იყო საგამოძიებო, არამედ იყო დროებითი საპარლამენტო კომისია. გამოძიების ჩატარების უფლებაც არ მქონდა, მხოლოდ მოსმენის უფლება მქონდა და აღმოვაჩინე დანაშაულები, რის შესახებაც მტკიცებულებები გადავუგზავნე პროკურატურას. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ 3 თვე მაშინ ჩემი მუშაობა ჰააგის პროკურატურის დასკვნასთან ერთი ერთში დაჯდა და იმაზე ვწუხვარ, რომ არავინ კითხულობს ამ დასკვნას, მხოლოდ ფინჯან ყავაზე ჭორაობენ.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მიერ გადაცემული მტკიცებულებების საფუძველზე გაიცა სანქციები.

 

თათია გოჩაძე