„ვერსიის“ ექსკლუზივი - „კანონიერი ქურდი“ გია მაღალო ორივე თვალით დაბრმავდა!

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის მოსკოვში დაჭრილი „გია მაღალო“ იგივე გია დიაკვნიშვილი, ვის აწყობდა მისი „განეიტრალება“ და რა ვერსიებზე ალაპარაკდნენ  ქურდულ სამყაროში 

6 სექტემბერს, მოსკოვთან ახლოს მდებარე სოფელ მოსტოვსკოეში გასროლის ხმა გაისმა. ოფიციალური ვერსიით, 68 წლის ე.წ. კანონიერმა ქურდმა, გიორგი დიაკვნიშვილმა (მეტსახელად „გია მაღალო“) თვითმკვლელობა სცადა. მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ექიმები ამ დრომდე იბრძვიან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გადარჩენის შემთხვევაში, დიაკვნიშვილი ერთ თვალს დაკარგავს, რადგან თვალი ძალიან არის დაზიანებული. ეს გახლავთ ოფიციალური ვერსია, თუმცა... ვინ არის დიაკვნიშვილი, რომლის გასროლასაც ისეთი ხმაური მოჰყვა, რომ მთავარმა რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამოშვება ლამის ამ ამბით დაიწყეს.

დავიწყოთ იმით, რომ მოსტოვსკოე უბრალო სოფელი არ არის. მას ახალ მოსკოვსაც უწოდებენ და, ასე ვთქვათ, მილიონერების უბანია. იქ პატარა მიწის ნაგლეჯის ფასი 300 ათასი დოლარიდან იწყება და შემდეგ ორი ამდენი, სახლის აშენება ჯდება. სწორედ იქ ცხოვრობდა ბოლო წლებში დიაკვნიშვილი.

„დიასახლისმა, ნინო შავიშვილმა, სროლის ხმა გაიგო. ის სახლის მეორე სართულზე იმყოფებოდა, როცა სროლის ხმა გაიგონა და პირველ სართულზე ჩამოვიდა, სადაც დაინახა დივანზე მჯდომი დიაკვნიშვილი, რომელსაც საფეთქელიდან სისხლი მოსდიოდა. ამის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა“,- ასეთია რუსული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

მათივე მტკიცებით, სასწრაფო დახმარების შემდეგ, ადგილზე სამართალდამცავებიც მივიდნენ და დაჭრილის სტატუსის გათვალისწინებით, ლამის მთელი სოფელი გადაკეტეს.

არსებობდა ვერსია, რომ ე.წ. კანონიერ ქურდზე თავდასხმა მოხდა და ისინი სავარაუდო ეჭვმიტანილს ეძებდნენ, თუმცა ეს ვერსია გამოირიცხა და ახლა ოფიციალური განცხადება ასეთია - დიაკვნიშვილმა თავის მოკვლა სცადა, თუმცა... არსებობს სხვა ვერსიაც. კულუარულად ამბობენ, რომ დიაკვნიშვილის დასაკავებლად და მისთვის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლის წარსადგენად, სამართალდამცავები მის სახლში მივიდნენ და როცა დიაკვნიშვილი მიხვდა, რას უპირებდნენ, ჩაბარებას და ციხეში წასვლას, სუიციდი არჩია.

მოგეხსენებათ, ბოლო წლებია, რუსეთში ე.წ. კანონიერ ქურდებს აქტიურად ებრძვიან და მათ ან ქვეყნიდან აძევებენ, ან საუკეთესო შემთხვევაში, ციხეში 12 წლით უშვებენ. 12 წელი მინიმალურია იმ კანონის შესაბამისად, რომელიც სწორედ ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ მიიღეს. ასე რამდენიმე გავლენიანი ავტორიტეტი გაუყენეს ციხის გზას და ძალიან, ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ იგივე დიაკვნიშვილისთვისაც გაეკეთებინათ. ჰოდა, 68 წლის კაცისთვის, რუსულ ციხეში 12 წლით წასვლა, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენის ტოლ-ფასი იყო. მისი დაკავება-გასამართლების შემთხვევაში, ის ციხეში არა 12 წლით, არამედ პრაქტიკულად სიცოცხლის ბოლომდე წავიდოდა.

„რა კანონიერი ქურდი? ვინ არიგებს ამ ტიტულებს? კანონიერი ქურდი ხართო, რომ მეკითხებით, რომ ვთქვა, ნაპოლეონი ვარ-მეთქი, დამიჯერებთ? ასაკიანი კაცი ვარ, შვილები მყავს, შვილიშვილები, მაცადეთ მშვიდად ცხოვრება“,- ეს ის სიტყვებია, რომელიც დიაკვნიშვილმა 2017 წელს, მორიგი დაკავების დროს განაცხადა. მაშინ ქვეყნიდან მის გაძევებაზე საუბრობდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში, ის რუსეთში დატოვეს და თითქოს მისი არსებობა დაივიწყეს კიდეც. თავის მხრივ, ბოლო წლებში, დიაკვნიშვილი მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობდა და კრიმინალურ ქრონიკებში მისი ხსენება აღარ ყოფილა, თუმცა, ისე ჩანს, „მაღალოს“ არსებობა ვიღაცას ისევ გაახსენდა და გაახსენდა ისიც, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი იყო და... სავარაუდოდ, არის კიდეც. გარჩევებში რომ არ ერეოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი სიტყვა არ ფასობდა.

და მაინც, ვინ არის გია დიაკვნიშვილი?!

გია დიაკვნიშვილი 1954 წლის 22 ივლისს თბილისში დაიბადა და დიდუბეში, დიღმის მასივში გაიზარდა. პირველად 17 წლის ასაკში დააკავეს ჩხუბის გამო, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რადგან მაშინ ახალგაზრდებს მეორე შანსს აძლევდნენ. 1974 წელს, ერევანში თავხედური ქურდობა მოხდა და მთელი იქაური მილიცია ფეხზე დადგა. დაკავებულების ვინაობა მალე გახდა ცნობილი - ადგილობრივებთან ერთად, გისოსებსმიღმა, 20 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი, გია დიაკვნიშვილიც აღმოჩნდა. ჰო, ამ ასაკისთვის მას უკვე იმდენი „დამსახურება“ ჰქონდა, რომ „კანონიერ ქურდად“ ისეთმა გავლენიანმა ავტორიტეტებმა მონათლეს, როგორებიც  თამაზ ჯარიაშვილი (მეტსახელად „ინტელიგენტი“), ნიკოლაი ბარსეგოვი და სარხატ მანასელიანი (მეტსახელად „სარიკ ავლაბარსკი“) არიან.

სწორედ ერევანშ დაკავების შემდეგ დაიწყო დიაკვნიშვილის მოგზაურობა ციხეებში და ის არაერთხელ იხდიდა სასჯელს, თუმცა ეს ყველაფერი მის სახელს მეტ დიდებას მატებდა. როგორც ძველი გავლენიანი ავტორიტეტები ყვებიან, გიას უზადო ავტორიტეტი და სამართლიანი კაცის სახელი ჰქონდა. მას უდიდეს პატივს სცემდნენ და ასე იქცა დიდუბელი ბიჭი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ე.წ. კანონიერ ქურდად. მას ყველა ითვალისწინებდა, მისი სიტყვა კანონი იყო და რაც მთავარია, ის ყოვველთვის ცდილობდა, გადაწყვეტილება ვინმეს სასარგებლოდ კი არა, სამართლიანად მიეღო. ამიტომ, არც თუ იშვიათად, სხვა გავლენიანი ქურდები, ცდილობდნენ „მაღალო“ გარჩევებში არ ჩაერიათ, თუმცა იშვიათად ახერხებდნენ.

ასე, მაგალითად, 2009 წელს, ტარიელ ონიანთან კონფლიქტის გამო, დიაკვნიშვილმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისთვის „ტარო“ ქურდი აღარ იყო, რამაც მაშინ ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია, თუმცა ერთ მაგიდასთან ონიანის და დიაკვნიშვილის დასმა და საქმის გარჩევა ვერ მოხერხდა, რადგან ტარიელი სასჯელს იხდიდა, შემდეგ კი, როცა გაათავისუფლეს, ორ საათში ისევ დაიჭირეს და ესპანეთში გადაიყვანეს, სადაც ასევე ციხეში შეაბრუნეს. იქიდან გათავისუფლების შემდეგ კი ონიანმა ევროპისა თუ აზიის ქვეყნებს მიაშურა და ცდილობს, სამართალდამცავებს თვალში ნაკლებად გაეჩხიროს. თუმცა, რატომ მხოლოდ ონიანი, დიაკვნიშვილმა 2015 წელს ჯემალ მიქელაძე უმცროსიც არაქურდად გამოაცხადა და იმავე წელს იგივე ბედი დავით ბოჟაძეს (მეტსახელად „როკო“) და გელა ქარდავას (მეტსახელად გელა „გალსკი“) ეწიათ. მართალია, არცერთი ზემოთნახსენები ე.წ. კანონიერი ქურდები დიაკვნიშვილის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ „მაღალოს“ სიტყვა ბევრისთვის კანონი იყო.

სწორედ 2015 წლის შემდეგ შეეცადა დიაკვნიშვილი კრიმინალურ სამყაროს ჩამოცილებოდა და დარჩენილი ცხოვრება მშვიდად გაეტარებინა, თუმცა ამ საქმიდან თავიდან არაფერი გამოვიდა. მასთან არამარტო ჭკუის საკითხავად, არამედ საქმის გასარჩევადაც მიდიოდნენ და საბოლოოდ, მან ხმაურიან და ჭრელ მოსკოვში ცხოვრებას, სოფელ მოსკოვსკოეში გადასვლა არჩია. როგორც გვიყვებიან, სოფელში დასახლების შემდეგ, ის არ იღებდა სტუმრებს, რომლებსაც შეეძლოთ გავლენიან და მდიდარ სამეზობლოში რაიმე ეჭვი გამოეწვიათ და მართალია, მისთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი არავის ჩამოურთმევია, პრაქტიკულად, აღარ იყენებდა და არაფერში ერეოდა.

სწორედ ამიტომ, საინტერესოა, ვის და რატომ გაახსენდა დიაკვნიშვილის არსებობა და რატომ არ დააცადეს მას მშვიდი ცხოვრება. რუსეთში დღესაც არიან საქმეს ჩამოშორებული გავლენიანი კრიმინალები, მაგრამ სამართალდამცავებმა იციან, რომ ისინი არაფერში ერევიან და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობასაც აძლევენ. ასე იყო ბოლო 4 წლის განმავლობაში „მაღალოსთან“ მიმართებაშიც, მაგრამ...

ვარაუდი იმის შესახებ, რომ დიაკვნიშვილის შეწუხება მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, არსებობს. საქმე ის გახლავთ, რომ საქმეებს ჩამოშორებული ე.წ. კანონიერი ქურდების გარდა, რუსეთში არიან ისეთებიც, რომლებიც ბოლო ხმაზე ყვირიან, რომ ქურდის სტატუსს ფლობენ და მათ სამართალდამცავები არ ეხებიან. ჰოდა, სწორედ ასეთი ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სურდათ გალაშქრება რუსეთიდან გაქცეულ და ევროპაში მიმოფანტულ კოლეგებს და ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი გიას ხელით უნდა მომხდარიყო. რამდენად დათანხმდებოდა დიაკვნიშვილი მშვიდი ცხოვრების არევას, სხვა საკითხია, თუმცა დიდი შანსია, რომ ვიღაცამ ან ვიღაცეებმა თავი დაიზღვიეს და ისეთი ავტორიტეტისგან, როგორიც დიაკვნიშვილია, უბრალოდ გათავისუფლება არჩიეს. დაჭრილის გარემოცვა ამბობს, რომ გამორიცხული იყო, მას რაიმე გარჩევაში მიეღო მონაწილეობა, იმდენად მოსწონდა მშვიდი ცხოვრება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს სჯეროდა მხოლოდ გარემოცვას და არა სხვებს.

პ.ს. მასალა უკვე მომზადებული გვქონდა, როცა გვითხრეს, რომ დიაკვნიშვილი კომიდან გამოვიდა, ახლობლებს ესაუბრა კიდეც, თუმცა ექიმებმა დადასტურებულად თქვეს, რომ ის ორივე თვალით სრულად დაბრმავდა, რადგან ტყვიამ ორივე თვალის ნერვი დააზიანა და თანამედროვე მედიცინის პირობებშიც კი, ამ ეტაპზე მათ აღდგენაზე საუბარი არ მიდის.

პატიმარი #0578