102 ახალი სტატია

რატომ დაეღუპა პირველი ცოლ-შვილი, რა პრობლემები ჰქონდა ბავშვობაში და როგორ მიაღწია წარმატებას - ბაიდენის ტრაგიკული ცხოვრება

ბლოგი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

20 იანვარს მსოფლიო ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას ელოდება. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ს ისტორიაში ყველაზე სკანდალური იყო. პრეზიდენტის იანუგურაციაც წელს განსხვავებულად ჩატარდება - ჯო ბაიდენის საინაუგურაციო კომიტეტმა საზოგადოებას მოუწოდა, კოვიდპანდემიის გამო, დაიცვას ჯანდაცვის ნორმები, დარჩნენ სახლში და იქიდან ადევნონ თვალი პრეზიდენტ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ფიცის დადების ცერემონიას.

გასაკვირი არ არის, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში განსაკუთრებული გულმოდგინებით ადევნებდნენ თვალს, რადგან სწორედ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, რა პოზიციას დაიკავებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს - დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს საქართველოში ძალიან კარგად იცნობენ, თუმცა ამჯერად „ვერსია“ გამარჯვებული კანდიდატის ჯო ბაიდენის საინტერესო, ტრაგიკული და სირთულეებით სავსე ცხოვრების დეტალებს შეგახსენებთ.

ბევრისთვის უცნობია, რომ ჯო ბაიდენის ისტორია ბავშვობაში ძლიერი მეტყველების დეფექტით, იგივე ენის ბორძიკით იწყება. პენსილვანიაში დაბადებული პატარა ბიჭი სკოლაში ამის გამო ძლიერი ბულინგის მსხვერპლი იყო. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კონგრესმენის დამ, ვალერია ბაიდენმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ტრამვულმა პერიოდმა და გამოწვევამ ასწავლა, როგორ ყოფილიყო უფრო კეთილი, შემწყნარებელი და თანამგრძნობი სხვა ადამიანების პრობლემების მიმართ.

„მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში არაფერს შეულახავს და დაუკარგავს ჩემი ღირსება ასე უცბად, მტკინვეულად და საფუძვლიანად, როგორც ენის ბორძიკს სკოლაში“, - განაცხადა ბაიდენმა 2008 წელს საუბრისას.

სწორედ ამის გამო ახალგაზრდა ჯო ბაიდენი იძულებული გახდა, მუდმივად შეწინააღმდეგებოდა იმ ბავშვებს, ვინც მას აბულინგებდა. ძლიერი ენის ბორძიკი კი მან ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში სარკესთან ლექსების გამეორებით დასძლია. მისი თქმით, დაეხმარა ისიც, რომ დედა სულ მის გვერდით იყო და გულშემატკივრობდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რომ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყოველთვის დახმარებოდა სხვადასხვა ორგანიზაციას, ძლიერი მეტყველების დეფქტის მქონე ბავშვებზე რომ ზრუნავს. 2020 წელს კი, დემოკრატების კანდიდატად წარდგენისას, ერთ-ერთი გამომსვლელი 13 წლის, მეტყველების პრობლემის მქონე, ბრეიდონ ჰარინგტონი იყო, რომელსაც ბაიდენი ნიუ ჰემფშირის შტატში შეხვდა და დაუმეგობრდა. ბრეიდენისთვის, რომელსაც ასევე აქვს მეტყველების პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის დანახვა, რომ მისნაირი ადამიანები ასეთ დიდ წარმატებას აღწევენ.

„ძალიან მოკლე ხანში ჯო ბაიდენმა შეძლო უფრო თავდაჯერებული გავეხადე, გადამელახა ის პრობლემა, რომელიც მთელი ცხოვრება მაწუხებს. მივხვდი, რომ ჯო ბაიდენისთვის ჩვენი პრობლემები სულერთი არ იყო და ის ზრუნავდა ჩემზე“, - თქვა ჰარინგტონმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ემოციური გამოსვლისას.

ბაიდენს მეტყველების პრობლემებმა სწავლაში ხელი მაინც ვერ შეუშალა და 1965 წელს, მან ბაკალავრის ორმაგი ხარისხი ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებეში, მაინორით კი ინგლისურ ენაში მიიღო. სირაკუზას უნივერსიტეტში იურისპრუდენციის სწავლისას პირველ მეუღლეს, ნეილია ჰანტერს შეხვდა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს: ბო, ჰანტერი და ნაომი. 1972 წელს ბაიდენი დელავერის შტატის სენატორი გახდა, ჩაატარ წარმატებული საარჩევნო კამპანია, რომელშიც უსახსრობის გამო მთელი მისი ოჯახი აქტიურად მონაწილეობდა. თუმცა სწორედ ამ ზეიმისა და წარმატების დროს ოჯახს თავს საზარელი ტრაგედია დაატყდა - 18 დეკემბერს ავტომობილს, რომელშიც ნაიომი მართავდა და უკან მისი შვილები ისხდნენ, ტრაქტორის ტიპის მანქანა დაეჯახა. სენატორი ბაიდენის ახალგაზრდა მეუღლე და ქალიშვილი ნაომი ავტოკატასტროფაში ადგილზევე დაიღუპნენ, მისი ვაჟები კი მძიმედ დაშავდნენ. ბაიდენი ინტერვიუებში იხსნებს, რომ წინა ღამით მის მეუღლეს თითქოს რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა, რადგან საკმაოდ უცნაური კითხვა დაუსვა: „რა მოხდება მომავალში, ჯო? ყველაფერი ზემდეტად კარგადაა“.


სენატორისთვის ეს იმდენად მძიმე პერიოდი იყო, რომ სუიციდზეც კი დაიწყო ფიქრი, თუმცა მისმა ბიჭებმა და მათზე ზრუნვამ მალევე დაუბრუნა ცხოვრების სურვილი. ის თანამდებობაზე უარის თქმაზეც კი აპირებდა, რათა მძიმედ დაშავებულ შვილებზე ეზრუნა, თუმცა ბიჭების ჯანმრთელობის გაუმჯობესებული მდგომარეობა მისგან ამ მსხვერპლს არ მოითხოვდა. მიუხედავად ყველაფრის, პირველ რიგში, ის იყო მამა და მისი პრიორიტეტი ყოველთვის შვილები იყვნენ, რასაც ყოველთვის ქმედებებითაც ამტკიცებდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ჯო ბაიდენის სენატორად დამტკიცების ცერემონია სწორედ იმ საავადმყოფოში შედგა, სადაც მისი შვილები მკურნალობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგაც კი, ვაშინგტონში მუშაობის მიუხედავად, სენატორი მატარებელში რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, ყოველ საღამოს ბრუნდებოდა სახლში და სადილობდა თავის ბიჭებთან ერთად, რათა მათ მამის მზრუნველობა არ მოკლებოდათ და დილით სკოლაში გაეცილებინა.

1977 წლის ივნისში მეორედ, მასწავლებელ ჯილ ბაიდენზე დაქორწინდა და მასთან ქალიშვილი - ეშლი შეეძინა.
„მან ჩემი დაკარგული სიცოცხლე დამიბრუნა და პირველად დამაფიქრა, რომ ჩემი ოჯახი ისევ სრულფასოვანი შეიძლება ყოფილიყო“ - ამბობს ბაიდენი მეორე მეუღლეზე.

ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ ცხოვრება თითქოს ჩვეულ რეჟიმში ჩადგა და ჯო ბაიდენმა კარიერული წინსვლა განაგრძო - 2008 წელს არჩეული პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადამინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი გახდა. სწორედ ვიცე-პრეზიდენტობის დროს დაატყდა თავს მეორე ტრაგედია - მის ვაჟს, ბო ბაიდენს, თავის ტვინის კიბოს აგრესიული ფორმა აღმოაჩნდა და მალევე გარდაიცვალა. 45 წლის ბო ბაიდენს ორი შვილი ჰყავდა და წარმატებული კარიერა ჰქონდა, რითაც მამა ყოველთვის ამაყობდა. მან იმსახურა ჯარში, იბრძოდა ერაყში, შემდეგ კი დელავერის შტატის გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა. მამა-შვილი ძალიან აქტიურად საუბრობდა პოლიტიკაზე და იმაზეწც, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანია. პოლიტიკა სწორედ ის თემა იყო, რომელმაც ისინი უფრო დაახლოვა და მათი ურთიერთობა განსაკუთრებული გახადა. ჯო ბაიდენი ბოს პოლიტიკაში მისი საქმის მემკვიდრედ, მის გამგრძელებლად და მასზე ბევრად უკეთეს და ღირსეულ ვერსიად მიიჩნევდა. ის ყოველთვის თვლიდა, რომ ერთ დღეს ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებლად დაიკავებდა მნიშვნელოვან ადგილს. ბოს გარდაცვალების შემდეგ, კი ბაიდენისთვის კიდევ ერთი კრიზისული პერიოდი დადგა. სწორედ ამ ტრაგედიისა და დიდი დანაკარგის გამო 2016 წელს მან უარი თქვა, გამხდარიყო საპრეზიდენტო კანდიდატი. 2020 წლის საარჩევნო კამპანიისას კანდიდატი ჟურნალისტებთან იგი აღნიშნავდა, რომ არჩევნებში მონაწილეობით სწორედ ბოსთვის მიცემულ პირობას ასრულებს, რაც ძალიან დიდ ძალას აძლევს. სწორედ ამიტომ ბოზე ლაპარაკის დროს ემოციებს ვერასდროს მალავს.

„მე კი არა, ბო უნდა იყრიდეს კენჭს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად,“ - თქვა ბაიდენმა 2020 წლის იანვარში - „ის არის ჩემი, მეორე შვილს, ჰანტერისა და ეშლის განუყრელი ნაწილი. “   

  

მეორე შვილთან, ჰანტერ ბაიდენთან კი, უკვე ამჟამინდელ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჰქონდა ბევრი შეკითხვა და პრობლემა უკრაინასთან და ჩინეთთან უკანონო საქმიანი კავშირების გამო მაშინ, როდესაც მამამისი ვიცე-პრეზიდენტი იყო. რესპუბლიკელების თქმით, ის სარგებლობდა მამის თანამდებობით და სწორედ ამის გამო ისიც აქტიურად იყო ჩართული 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. მას ახსენებენ იმასაც, რომ ის წარსულში სხვადასხვა ნარკოტიკზე იყო დამოკიდებული, რაც ტრამპმა დებატების დროსაც გაახსენა მოწინააღმდეგეს. ჯო ბაიდენმა კი უპასუხა, რომ ის ძალიან ამაყობს მისი შვილით, რადგან მას, ისევე როგორც ძალიან ბევრ ადამიანს ამერიკაში, ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკებზე დამოკიდებულის პრობლემა, თუმცა მან ის დაძლია, დაამარცხა და ამაში სასირცხვილო არაფერია. ეს საპრეზიდენტო დებატების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო.

                                                                    

დახასიათებებისას მეგობრები და ნაცნობები ამბობენ, რომ ჯო ბაიდენი ადამიანია, რომელიც ყველაფრის და ყველა ტრაგედიის მიუხედავად აუცილებლად პოულობს ძალას, ფეხზე დადგეს და ნელ-ნელა გააგრძელოს ცხოვრება.

ჯო ბაიდენი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა - პირველად 2008 წელს, ომიდან რამდენიმე დღეში, როცა იგი სენატში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა ომით დანგრეულ ქვეყანას და 2009 წელს. ჯო ბაიდენი საქართველოს ხელისუფლებამ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა!

                                                   

რუსა ხავთასი