„საქართველოში „პაქსლოვიდის“ შემოტანა ტყუილად ფულის გადაყრაა... ბევრი უკუჩვენება აქვს“- სკანდალური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი

უკანასკნელი დღეებია, მეცნიერები ალაპარაკდნენ კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ. ეს არის  შტამების, „ომიკრონისა“ და „დელტას“ ჰიბრიდი, რომელიც უკვე დადასტურდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აშშ-სა და ბრაზილიაში. მას პირობითად უკვე მიენიჭა „დელტაკრონის“ ან „დელტამიკრონის“ სახელიც.

COVID19-ის ახალი ვარიანტის დაფიქსირების შესახებ ცნობა დაადასტურა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც. ამ ეტაპზე, „დელტაკრონს“ COVID19-ის მეთვალყურეობის სამი კატეგორიიდან ყველაზე დაბალი, „ვარიანტი მონიტორინგის ქვეშ“ კატეგორია მიენიჭა.

ასევე რამდენიმე დღის წინ საქართველოში კოვიდის წამალი „პაქსლოვიდი” შემოვიდა. ინფორმაცია 22 მარტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელშიც პრეპარატი შემოიტანეს. წამლით კოვიდპაციენტებს უფასოდ უმკურნალებენ.

პანდემიური ვითარების შესაფასებლად და  მათ შორის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ვერსიას“ ესაუბრა:

 

_ ბატონო გიორგი, ბოლო დროს გამოჩნდა კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი „დელტაკრონი“, რამდენად საშიშია სხვა შტემაბისგან განსხვავებით და რა სიმპტომებით ხასიათდება?

_ დროთა განმავლობაში კორონავირუსის უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება. იმაზე საუბარი, რომ ერთი ვარიანტი უფრო მძიმეა მეორეზე, არარელევანტურია.

მედიკოსებმა ცუდი სიტუაცია შექმნეს, როცა საუბრობდნენ იმაზე, რომ გარკვეული ვარიანტები შედარებით სუსტი იყო. სამწუხაროდ, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი ამ აზრს იზაირებდა. როდესაც „ომიკრონი“ საქართველოში გამოჩნდა, ამბობდნენ, დასასრულის დასაწყისიაო, რაც ტყუილია. ეს ქმნის მოჩვენებითი სიმშვიდის შეგრძნებას. ვარიანტები შეიძლება იყოს ოდნავ უფრო ძლიერი ან სუსტი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის კოვიდი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ვარიანტი, რომელიც არსებობს და მომავალში გამოჩნდება, საყურადღებო და საფრთხილოა, რადგან პოსტკოვიდური მდგომარეობა ყველა ვარიანტის გადატანის შემთხვევაში საკმაოდ მძიმეა. „ომიკრონის“ აფეთქების დროს დღეში 50 ადამიანი იღუპებოდა და როგორ შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს შტამი იოლი იყო?! ცნობილია, რომ იმ ადამიანებიდან, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი, 70%-ს სხვადასხვა ტიპის პრობლემები გამოუვლინდათ. საქართველოში არაპროფესიონალიზმის და არაკომპეტენტურობის პიკია.

ჩემი არაერთი კოლეგა უნივერსიტეტში არ სწავლობდა ეპიდემიოლოგიას იმიტომ, რომ ახლაც კი ეს საგანი ბევრისთვის არ არის საინტერესო. მე ვარ პროფესორი ეპიდემიოლოგი, ვასწავლი საზოგადოებრივ ჯანდაცვას და მაგალითად, ქირურგს ეპიდემიოლოგია საერთოდ არ აინტერესებს. ახლა კი ყველამ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, ვინც იცის და არ იცის. ხო და ეს ჩემი კოლეგები, რომლებიც გამოდიან და სისულელეებს ბჟუტურობენ, ვხვდები, რომ მათ სამედიცინო უნივერსიტეტში არ უსწავლიათ საზოგადოებრივი ჯანდაცვა, შეიძლება საგანზე დადიოდა, მაგრამ წიგნი არ გადაუშლია. შეგეგი არის ის, რომ ცრუ მოლოდინებს აძლევენ მოქალაქეებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსი ადაპტაციას გადის, ანუ გარემოს ეგუება. ადრე ეს იყო ცხოველიდან ადამიანში გადასული ვირუსი, ახლა აბსოლუტურად ყველა ადაპტაციის ნაბიჯები გაიარა, მან შეისწავლა ჩვენი იმუნური სისტემა, თავდაცვითი მექანიზმები და უფრო მარტივად შედის ადამიანის ორგანიზმში. ადამიანი აცრილი თუ არ არის, არ იყენებს სამედიცინო პირბადეს და არ იცავს დისტანციას, გავრცელების შანსი ძალიან მაღალია.

_ რამდენ ქვეყანაშია ამ ეტაპზე „დელტაკრონი“ დაფიქსირებული?

_ „დელტაკრონი“ უკვე უამრავ ქვეყანაშია, ეს არის ჩვეულებრივად მუტაციის და ევოლუციის პროცესი. სანამ მსოფლიო ვერ გააჩერებს ვირუსს, გავრცელება არ დასრულება, გვექნება მუტაციები და სხვადასხვა ვარიანტი.

ამდენი კოშმარის შემდეგ კარგი ამბებიც გვაქვს, ყველა კვლევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ნეგატიური და პოზიტიური მომენტები ვაქცინებში. „ფაიზერის“ და „მოდერნას“ სამმა დოზამ თვისი ეფექტურობა აჩვენა, ყველა დანარჩენი ვაქცინა არაეფექტურია. ჩინეთის მაგალითი ავიღოთ, სადაც მოსახლეობის 80% აცრილია ჩინური ვაქცინებით, იქ ახლა კოვიდი მძვინვარებს, იმ ქვეყნებში, სადაც გამოყენებული იყო ჩინური ვაქცინა, ყველაგან ახლიდან დაიწყო კოვიდაფეთქება.

თუ ადამიანი „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით სამჯერ არ არის აცრილი, ის არაა დაცული. შანხაიში ლოქდაუნი, რომელიც ახლა გამოცხადდა, არის  საბოლოო ლურსმანი  ჩინურ ვაქცინაზე.

_ საქართველოში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა კოვიდის წამალი „პაქსლოვიდი“ და საინტერესოა, რა შემთხვევაში შეიძლება აღნიშნული პრეპარატით მკურნალობა კოვიდის დროს?

_ საქართველო ტიპიური ანტივაქსერული ქვეყანაა, სადაც იმედები გვაქვს, რომ წამალი მოვა და გადაგვარჩენს. ეს არის აბსურდი, ჩვენ უკვე გვაქვს ძალიან კარგი ვაქცინა „ფაიზერი“.

„პაქსლოვიდთან“ დაკავშირებით ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რამდენიმე მიზეზის გამო, მაგალითად, ამ წამალს ბევრი უკუჩვენება აქვს, ალერგიული ადამიანებისთვის სახიფათოც კი არის.

ანუ ყველა ადამიანისთვის არ შეიძლება ამ წამლის გამოყენება, ეს არის დიდი პრობლემა, ადამიანის ორგანიზმი „პაქსლოვიდის“ მიღებამდე შესწავლილი უნდა იყოს. საქართველოში  ელექტრონული ჯანდაცვა არ გვაქვს, პრაქტიკულად, არ ვიცით ადამიანს რა სჭირს, მე-2 წელია, ვსაუბრობ, რომ ამის დანერგვა საქართველოში მნიშვნელოვანია.

საქართველოში „პაქსლოვიდის“ შემოტანა ტყუილად ფულის გადაყრაა. ეს არის ჩვეულებრივი პიარ კამპანია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით არანაირ შედეგს არ მოიტანს,  რადგან ამ წამლის გამოყენებას სჭირდება ექიმების გადამზადება, ჩვენთან საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არსებობს.  ელემენტარულად პაციენტებს ვერ ვმართავთ. ანუ წინასწარ უნდა იცოდე ადამიანს რაზე აქვს ალერგია, არადა როცა ამ წამლის მიცემის საჭიროებაა, გამოკვლევის დრო ფიზიკურად აღარ არის.

_ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში როგორია „პაქსლოვიდით“ მკურნალობის მაჩვენებელი?

_ თუ რაიმე ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს, 90%-ში ამ წამლის გამოყენება რეკომენდირებული არ არის. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და 45 წელს გადაცილებულია, არ არსებობს, რომელიმე ქრონიკური დაავადების მატარებელი არ იყოს. მიზეზი ძალიან მარტივია - კვება და ცხოვრების სტილი.

_ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, „პაქსლოვიდი“ არის თუ არა აღიარებული, როგორც კოვიდ19-ის სამკურნალო წამალი?

_ ჯანმოს აღიარების კუთხით სრული აკრედიტაცია არ აქვს, კოვიდთან მზაობაში მხოლოდ ორი ვაქცინა მუშაობს - „ფაიზერი“ და „მოდერნა“, რომლებმაც თავისი ეფექტურობა აჩვენეს.

„რემდესივირთან“ დაკავშირებით ვიცით, რომ არაეფექტურია, მაგრამ საქართველოში მაინც იყენებენ, რეკლამას უკეთებენ და ასაღებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2020 წელს თქვა, რომ არაეფექტური იყო. მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან 400 000 ლარი გამოიყო ამ უვარგისი წამლის შესყიდვაზე, ჩვენი ხელისუფლება არაპროფესინალურად იქცევა, მილიონებია დახარჯული იმ წამლებზე, რომლებიც არის ნაკლებად ეფექტური და ის, რაც არის ყველაზე ეფექტური საქართველოს საზოგადოებისათვის, გამოყენებული არ არის იმიტომ, რომ არაკომპეტენტური ადამიანები მართავდნენ და ახლაც მართავენ ჯანდაცვის სისტემას.

_ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გკითხავთ - რაიმე ფორმით ხომ არ ხართ ჩართული უკრაინის დასახმარებლად ამ უკიდურესად რთულ პერიოდში?

_ კი, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ევროკავშირის მეცნიერებთან ერთად. ნახევრად  უკრაინელი ვარ და გული შემტკივა არსებული მდგომარეობის გამო. უკრაინის სამეცნიერო საბჭოს საერთაშორისო ექსპერტად ვმუშაობ, უკრაინელ მეცნიერებს ვეხმარები ანუ მე ჩემი პროფილით ვმუშაობ.

სხვათაშორის, ძალიან ბევრმა უნივერსიტეტმა და სამეცნიერო ცენტრმა ევროპაში კარი გაუხსნა კონკრეტულად უკრაინის მეცნიერებს.

უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში, „ავტომატი აიღო და გაიქცე ომში“ ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს, ჩემთვის ეს მიუღებელია. უკრაინის მთავრობის თხოვნა და პოზიცია არის ასეთი, რომ მათ  დახმარება სჭირდებათ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და პროფესიული კუთხით. მე იარაღის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ვეხმარები როგორც ექიმი.  არ შეიძლება ისეთი ადამიანების წინა ხაზზე წასვლა, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება, იმიტომ რომ შემდეგ უამრავი რესურსი იხარჯება ამ ადამიანების ევაკუაციაზე. მე ვეხმარები უკრაინას ჩემი კომპეტენციის ფარგლებში.