„ვინც მკვლელი რუსეთის მხარესაა, სჯობს, ჩააწყონ ჩემოდნები და წაშავდნენ ჩრდილოეთში!“- სკანდალური ინტერვიუ პეტრე კოლხთან

ინტერვიუ
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რუსული სამხედრო ძალები 2 კვირაზე მეტია, უმოწყალოდ ანადგურებენ უკრაინის ეკლესია-მონასტრებს, ხოცავენ სასულიერო პირებს და ბომბავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსული ეკლესია პუტინის რეჟიმის პროპაგანდის გამავრცელებლად იქცა და მართლმადიდებლური სარწმუნოების ღირებულებებს ასცდა. მოცემულ სიტუაციაში უკრაინის ეკლესიამ მნიშვნელოვანია, ავტოკეფალია მოიპოვოს, რაც ნიშნავს ეკლესიის დამოუკიდებლად წარმოქმნის პროცესის კანონიკურ დასაბუთებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 16 მარტს მიმართვა გამოაქვეყნა.

„სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება", - აცხადებს ილია მეორე. პატრიარქმა მრევლს ერთობლივი ლოცვისკენ მოუწოდა და ამისთვის კონკრეტული დრო გამოაცხადა.

საგულისხმოა, რომ უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ამ რთულ სიტუაციაში დუმს და არანაირ განცხადებას არ ავრცელებს. „ვერსია“ დაინტერესდა, რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით ქართველი სასულიერო პირები, რის შესახებაც პეტრე კვარაცხელია (კოლხს) ვესაუბრეთ:

 

_ მამა პეტრე, საინტერესოა თქვენი პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, როგორ აფასებთ „ერთმორწმუნე“ რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვას?

_ ეს არ არის მხოლოდ რუსეთის და უკრაინის ომი. პირველ რიგში ეს ომი, როგორც წესი, ყველაზე მეტად დააზარალებს რუსეთის ე.წ იმპერიალისტურ მიდგომებს და საბოლოოდ დაასამარებს პუტინის ყველა ამბიციას. ის თვლის, რომ უძლეველი სახელმწიოფოა და მას ბევრ სახელმწიფოსთან თავისი უპირატესობა გაუვიდა, მაგრამ საბოოლოდ აუცილებლად მიხვდება, რომ თუ ვინმე დამარცხდება ამ ომში, ეს იქნება პუტინის რუსეთი. აქ არ არის საუბარი იმაზე, ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის მხარეს იქნება თუ არა ან უკრაინამ ნახა თუ არა დანაკარგი და ა.შ. ცხადია, ნახავს, რადგან სწორედ მის ტერიტორიაზეა ომი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, რუსეთმა ნახა ძალიან დიდი დანაკარგი, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ სანქციებითაც და იმ დამოკიდებულებებით და მიდგომებით, რაც გამოავლინა მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ. ეს იყო, ალბათ, ამ ხნის მანძილზე ერთადერთი და პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთს მთელი მსოფლიო ღიად დაუპირისპირდა, მაგრამ არ ვამბობ, რომ მხარი დაუჭირა უკრაინას, არა! ამ შემთხვევაში უკრაინა არ ნიშნავს პირდაპირ მხოლოდ „უკრაინას“, ეს ნიშნავს ცენტრალურ, დასავლეთ, აღმოსავლეთ ევროპას და ზოგადად ცივილიზებურ კაცობრიობას. ამ შემთხვევაში ზოგი ამბობს, უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდა და ისევ გაწირესო. ზოგი კი ამბობს,  ბრძოლის ველზე მხოლოდ უკრაინა თავის ძალებზეა დამოკიდებული და მას არ აქვს დასავლეთის იმედიო... ის სანქციები და შეზღუდვები, რაც რუსეთს დაუწესა მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით აშშ-მა, არაფერია თუ არა ხანგრძლივი ომი რუსეთის წინააღმდეგ. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ უკრაინა დაამარცხებს რუსეთს, რადგან არ მიყვარს ილუზიური დამოკიდებულებები და ანალიზი, მაგრამ მთავარი - რუსეთი შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გაანადგუროს და მიწასთან გაასწოროს (თუკი არსებობს ასეთი ცნება ბუნებაში) პროგრესულმა რუსმა ხალხმა და თუ ეს პროგრესული რუსი ხალხი არ არსებობს, მაშინ სანქციადადებული, ოლიგარქები და მათი მემკვირდრეები, რომლებიც რუსეთს უკმევენ გუნდრუკს და ამ დროს ჰარვარდის, კემბრიჯის, ოქსფორდის უნივერსიტეტებში არიან განლაგებულნი და იღებენ სწავლა- განათლებას, ვერ გაუძლებენ ასეთ ზეწოლას და აუცილებლად მოხდება შიდა დაპირისპირება, ეს არის გარდაუვალი. პრაქტიკულად, რუსეთმა საკუთარი თავის იზოლაცია მოახდინა და ამ იზოლაციაში წირვა გამოუყვანა მისი ქვეყნის ოლიგარქებსა და წარჩინებულ საზოგადოებრივ კლასს ან ფენას, რომლებიც ბუნებრივია, მხოლოდ რუსულ რუბლზე ვერ იცხოვრებს. სინამდვილეში მათ არ იციან, რა არის ნამდვილი კომფორტი, კომფორტი არის, როდესაც მეზობელ სახელმწიფოებს ძილს არ უფრთხობ და აძლევ დამოუკიდებლად არსებობის უფლებას, მაგრამ რუსეთმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს შეიძლება, ყველას წაართვას და გარშემო მხოლოდ თვითონ არსებობდეს, დანარჩენები კი იყვნენ, როგორც რუსეთის კოლონია, მაგრამ არ არის მე-18 საუკუნე, ეს არის 21-ე საუკუნე და მეტიც, არ არის 2008 წელი, მაშინ როდესაც საქართველო აბსოლუტურად მოუმზადებლად შეხვდა რუსეთის ამ ძალიან დიდ აგრესიას. 2022 წელი დგას და უკრიანა არავითარ შემთხვევაში არ იქნება ომში მარტო, რომც მოუნდეს მარტო ყოფნა, ვერ იქნება, რადგან სხვა სახელმწიფოები უკვე არიან ჩარეულნი.

_ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსული ეკლესია იქცა პუტინის რეჟიმის პროპაგანდის გამავრცელებლად, როგორ შაფასებთ ამ საკითხს? რაღა უნდა მოხდეს ამაზე მეტი, რომ ხალხი მიხვდეს, რუსეთის ეკლესია დიდი ხანია, აცდენილია ნამდვილ ქრისტიანობას?

_რაც შეეხება რუსულ ამბიციებს, რომ მას აქვს პირობა უფლის წინაშე, მართლმადიდებლობა დაამყაროს, განამტკიცოს და მან აუცილებლად უნდა იბრძოლოს უზნეობის და ამორალიზმის წინააღმდეგ, ამით კი დაიცვას ქრისტიანობა, თორემ მსოფლიო მასონური კლანი გადაუვლის მართლმადედებლობას და ეს „მისია“ თუ პირწმინდად არ იკისრა რუსეთმა, ქრისტიანობა დაირღვევა - ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს ზუსტად ისეთივე მითი და ზღაპარია, როგორი მითითაც ცხოვრობდა ქართველი ერი მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, რომ იქნებ რუსეთმა ქრისტიანობა მაინც შეუნარჩუნოს ჩვენ ქვეყანას და რუსეთთან ურთიერთობის დროს ქრისტიანებად მაინც შემოვრჩეთო. თუმცა, კარგად ვიცით ისტორიულად, რომ რუსეთმა მართლმადიდებლობა, ანუ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა, კარგად ვიცით, რომ  ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, ასევე კარგად ვიცით მხურვალე მამულიშვილები როგორ გაანადგურა და მიწასთან გაასწორა რუსეთის პოლიტიკურმა მიდგომებმა და დამოკიდებულებამ. დღეს უკვე 2022 წელია და გვინდა თუ არა, თაობები იცვლება და საზოგადოებრივი აზროვნება ვითარდება. პუტინი კია მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში ჩარჩენილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლაც მე-19 საუკუნეა. თაობები გაიზარდნენ და მიხვდნენ, ვინ არის პუტინი. პუტინი ჩემი შვილების თაობისთვის არის ჰიტლერის გადმონაშთი. ზუსტად იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გააჩნიათ პუტინის მიმართ, რაც ჰქონდათ ჰიტლერის მიმართ. თუკი ვინმესგან უნდა დაიცვას კაცობრიობამ მართლმადიდებლობა, ქრისტიანული და ჰუმანური ღირებულებები და ზოგადად, ცივილიზაციის სათავეები, ეს არის ერთადერთი ძირმომპალი და არაადამინურ ღირებულებებზე დაფუძნებული რუსეთის სახელმწიფო. სწორედ მისგან უნდა დაიცვას ქრისტიანობა კაცობრიობამ, სწორედ მას უნდა მიუჯახუნოს კარი, ყველა პროგრესულად მოაზროვნე რუსმა, რომ დაინახონ სინამდვილეში მართლაც როგორია მართმადიდებლობის არსი. სად რუსეთი და სად მართლმადიდებლობა, არაფერი აქვს რუსულ სახელმწიფოს მართლმადიდებლობისა. გარდა მისა, რომ რუსეთი იდეურად აღარ არის, უკვე არც ფიზიკურადაა მართლმადიდებელი. ვეღარ ითამაშა მართლმადიდებლის როლი ამ ბრძოლის ველზე, რადგან კარგად დავინახეთ, რომ მან არაერთი ეკლესია მონასტერი დაანგრია, არაერთი სასულიერო პირი დახვრიტა, უდანაშაულო მოსახლეობა სიცოცხლეს გამოასლმა. რომელ მართლმადიდებლობაზე ვსაუბრობთ?! რაც არ უნდა სანთლები აფრიალოს, ეს უკვე აღარ არის ქრისტიანობა! აუცილებლად პასუხისგებაში უნდა მიეცეს არა მხოლოდ სატანის კერძი, პუტინი, არამედ მისი გოშია, ნაშიერი და პირსისხლიანი არაადამიანი, რუსეთის პატრიარქი კირილი, რომელიც კიდევ უფრო საშიშია პუტინზე. პუტინი იმას ახმოვანებს, რასაც ის ეუბნება. დიახ, ორივე ერთად სასტიკი და დაუძინებელი მტერია მართლმადიდებლობისა, ადამიანობის და ყველა ღირებულებების, რაზეც დღემდე დგას კაცობრიობის ისტორია. ამასთანავე, ჩვენს ქვეყანაში არის დაჯგუფებები, მე მათ ვუწოდებ ბანდიტურ დაჯგუფებებს, რომლებიც ისევ ჩრდილოეთისკენ იშვერენ თითს და ვითომ ჩრდილოეთის დახმარებით ცდილობენ ისევ მართლმადიდებლობის შენარჩუნებას. ამ ტიპის ადამიანები ჩვენს ქვეყანაში უნდა გამოცხადნენ მოღალატეებად და მათ უნდა აეკრძალოთ ყველანაირი საზოგადოებრივი აქტივობა. ისინი არ უნდა იყვნენ მიწვეულნი ტელევიზიებში, მათგან არ უნდა აიღონ ჟურნალისტებმა ინტერვიუები, აბსოლუტურად იზოლაციაში უნდა მოაქციოს საზოგადოებამ და უნდა დააიგნოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში პოზიციაც და ოპოზიციაც არის გაყიდული და ხელს უწყობენ ამ ტიპის ადამიანების პოპულარიზაციას. მე პირადად სადაც ხმა მიმწივდება, ყველგან, ყოველთვის ვიტყვი, ვიდრე ცოცხალი ვარ, რომ ზუსტად ისეთივე მორწმუნე და მართლმადიდებელია რუსეთი და ყველა მისი მიმდევარი, როგორიც მორწმუნე და მართლმადიდებელი იყო ქრისტეს მოციქული იუდა. მე მათ შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავ, პირიქით საოცრად ავსებენ ერთმანეთს. გარეგნულად ქრისტეს მოწაფე იყო იუდა ისევე, როგორც გარეგნულად ქრისტიანია რუსეთი, მაგრამ შინაგანად კარგად ვიცით, რომ იუდამ გაყიდა ისე, როგორც რუსეთმა გაყიდა ქრისტიანობა. საკამოდ მკვეთრად და მკაფიოდ უნდა ვისაუბროთ და ყველას გავაგონოთ, რომ რუსეთი არის მკვლელი, რუსეთი უარყოფს მართლმადიდებლობას და დევნის ქრისტიანობას. ამიტომ ნურავის ჰგონია, რომ უკრიანა მარტოა ამ ომში. ყველა ჩვენგანი ვართ ომში, უბრალოდ უკრაინამ იტვირთა ის, რაც კაცობრიობამ ამ ხნის მანძილზე ვერ შეძლო. დიახ, უკრაინის მიწაზე ისე უნდა იქცეს ნაცარტუტად რუსეთის იმპერია, როგორც დაიშალა ერთ დროს რომის უძლეველი იმპერია. მე ამ ომში მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და დღე და ღამე, 24 საათის განმავლობაში ვლოცულობ, რომ განადგურდეს პუტინის რუსეთი. ამინ!

_ მამა პეტრე, რას აკეთებს უკრაინის საპატრიარქო, როგორ უძლებს ამგავრ აგრესიას რუსეთისგან, ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ?

_ უკრაინის საპატრიარქო ყოველდღიურად აქვეყნებს მკვეთრ და მკაფიო განცხადებებს და ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრული უფლება და მობილიზაცია, რომ ჩვენი ქვეყანა და ეკლესია ვიხსნათ მტისგან და იმ მახვილით განვგმიროთ, რომლითაც ჩვენ ქვეყანაში არიან შემოსულებიო. დიახ! უკრაინის ოფიციალური ეკლესიას აქვს გააზრებული, რომ ზუსტად ისეთივე სხვაობაა რუსეთსა და ქრისტიანობას შორის, როგორიცაა ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის.

_ უკრაინის ავტოკეფალიას საქართველო დღემდე არ აღიარებს. როგორ ფიქრობთ, დრო არ არის, ჩვენმა საპატრიარქომ თავისი წვლილიც შეიტანოს ამ გადამწყვეტ სიტუაციაში?

მხოლოდ უკრაინის ეკლესიამ არ უნდა გააჟღეროს იმ სხვაობის შესახებ, რომელიც მაღლა ვახსენე, რომელიც მოწინავეა, აბსოლუტურად მედროშეა პუტინის, რუსეთის უკვე ძალიან დამყაყებული და ძალა გამოცლილი იდეების წინააღმდეგ, არამედ ჩვენმა ეკლესიამაც აუცილებლად, ამ მოცემულ სიტუაციაში, როცა ასეთი მძიმე ფონი დგას უკრაინაში, მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, თორემ მოვა დრო და ჩვენ ამ დუმილის აუცილებლად შეგვრცხვება და ისტორია სათანადო პასუხს გაგვცემს. მე არ ვუშვებ მეორე ვარიანტს, ამ მოცემულ სიტუაციაში განვიხილავ მხოლოდ ერთ ვარიანტს, რომ უკრაინამ აუცილებლად უნდა იზეიმოს და მიწასთან გაასწოროს, ნაცარტუტად აქციოს პუტინის რუსეთი და როდესაც ეს მოხდება, ჩვენს ქვეყანაში მე დავიწყებ მხილებას, ვინც ოდნავ მაინც არის ამ მკვლელი რუსეთის მხარეს, სჯობს, ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე, ჩააწყონ ჩემოდნები და წაშავდნენ ჩრდილოეთში!

_  ექსპერტების მოსაზრებით, კირილი პირდაპირ ჩართულია და პროპაგანდას ეწევა უკრაინის მიმართ და ხალხს აჯერებს, რომ უკრაინაში მიდის დასავლური „გარყვნილი ხალხის“ გაწმენდა, როგორი პოზიცია გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით?

_  რუსეთზე გარყვნილი ხალხი არ არსებობს, ამას ამბობს ის ერთუჯრედიანი ხალხი, რომელიც კირილის უჯერებს, რა თქმა უნდა, ფანატიკურად. მათ ისტორია წაკითხული არ აქვთ. არ მინდა ახლა ვისაუბრო იმ უზნეობასა და ამორალიზმზე, რა თქმა უნდა, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, დოკომენტალურად, თუ როგორი გარყვნილი ხელისუფლების წამრომადგენლები ჰყავდა რუსებს საუკუნეების მანძილზე, გნებავთ სექსუალურად, ზნეობრივად, მორალურად თუ ა.შ. არაფერს არ იკლებდნენ საუკუნეების მანძილზე. ყველა ცოდვას, ყველა აღვირახსნილობას, რაც ვიცით და რაც არ ვიცით, რუსეთი ატარებდა თავის არსში და რაც ყველაზე მთავარია, რითიც რუსეთი თავს ვერ გაიმართლებს ვერავის, მათი მომავალი მემკვიდრეების წინაშე, რუსეთი არის ქურდი მისი ეკლესიის და ავაზაკი. მან ჩვენი ქვეყნიდან არამხოლოდ საეკლესიო ხატები და ჯვრები გაზიდა. ეკლესია-მონასტრებიდან, დავით გარეჯის ლავრიდან წმინდა ბერთა ნეშტები გაიტანა და მიაწერა, რომ ვითომ რუსი წმინდა ბერები იყვნენ. ეს ბევრმა არ იცის და როცა არ იცის, გაჩუმდეს მაინც და ისწავლოს უვიცობას, რომ ავლენს!

_ საქართველოს საპატრიარქო რაიმე სახის დახმარებას თუ უწევს უკრაინის ეკლესიას?

_ მე ვიცი ერთი ფაქტი, რომ რამდენიმე ტონა ჰუმანიტარული დახმარებით მხარში დაუდგა ქართული სამოციქულო ეკლესია უკრაინელ ხალხს და ეს ყველასთვის ცნობილია, ბევრგან გაჟღერდა კიდეც და მედიამაც, რა თქმა უნდა, გააშუქეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. დღეს, ჩემი აზრით, (მე ხომ მაქვს უფლება, მქონდეს ჩემი აზრი) ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს ქართულმა ეკლესიამ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. აბა, როლები შევცვალოთ და ჩვენ ვიყოთ უკრაინის ადგილას, ჩვენი მთავარი ამოცანა ხომ იქნება ის, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალია ეღიარებინა მსოფლიოს, ხოდა ზუსტად ერთ ხაზს გავდივართ, ერთი განსაცდელის წინაშე ვიმყოფებით ჩვენც და უკრაინაც, რადგან ჩვენ ორივეს ერთი მტერი გვყავს და ეს არის ანტიქრისტეს კერძი, პუტინის რუსეთი.

ავტორი: ანი სარდლიშვილი