„ვერსია“ აგრძელებს შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი საზარელი დანაშაულის ფაქტის გამოძიებას - შეგახსენებთ, რომ 13 წლის  გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, რომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ექსკლუზიური ინტერვიუ დაზარალებული გოგონას მამასთან -ამჯერად „ვერსია“ ბრალდებულის ყოფილ მეუღლეს - დაზარალებულის ბებიას დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ქალბატონი 12 წელია მეუღლესთან განქორწინებულია, თუმცა შესაძლებლია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს (სტილი დაცულია):

- როგორი ადამიანია თქვენი ყოფილი მეუღლე და ხომ არ შეგინიშნავთ მასში რაიმე საეჭვომ სანამ მათან ერთად ცხოვრობდით?

-არაფერი შემინიშნავს არასდროს. პირიქით, სერიოზული მამაკაცი იყო. შინაური და გარეული იცოდა, ქალისკენ გვერდითაც კი არ გაუხედავს.

- როგორც ვიცით, თქვენ 12 წელია განქორწინებულები ხართ,  რა გახდა დაშორების მიზეზი?

-ჩვენ ხასიათებით ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. მერე საზღვარგარეთ წავედი და იქიდან დავცილდით ერთმანეთს. 23 წელი ვიყავით ერთად, მაგრამ ჩვენ შორის უხეში და ძალადობრივი არაფერი ყოფილა.

-როგორი ურთიერთობა გქონდათ თქვენ შვილიშვილებთან და როდის გქონდათ ბოლოს მათთან კომუნიკაცია?

-შვილიშვილებს ველაპარაკე 8 ოქტომბერს. პატარას მივულოცე დაბადების დღე, სიცხიანები იყვნენ. მერე ვურეკე ცხრაში თუ ათში. ეგ ამბავი რომ ყოფილა, წინა საღამოს გაუგია და სანამ პოლიციაში წავიდოდა, ზუსტად ეგ პერიოდი იყო. ზუსტი რიცხვი არ მახსოვს. წინა საღამოს ვურეკე და არ მიპასუხა. ბავშვები ხშირად არ მპასუხობდნენ. დედამისისგან მიჩვეულები იყვნენ ამას.

საბერძნეთში ვიყავი 10 წელი. სანამ ფინანსურად კარგად ვიყავი, კარგადაც მეკონტაქტებოდნენ და კარგი ბებიაც ვიყავი, მაგრამ რაც ფინანსურად გამიჭირდა, მერე დამბლოკა. 

ჩემს ვაჟს უჩივლა, დავურეკე და  ვუთხარი - რატომ აბოროტებ,  რატომ იქცევი ასე-მეთქი? - რძალმა „წიკვინი“ დამიწყო. ვეუბნებოდი, თიკო დამშვიდდი, ნუ უწევ ტონს-მეთქი. ამის შემდეგ  გამითიშა და დამბლოკა. ამ ამბის შემდეგ აღარ მიკონტაქტია. ბავშვებს იშვიათად ვნახულობდი და იშვიათად ვეკონტაქტებოდი.

- როდესაც ერთად ცხოვრობდნენ, მაშინ როგორი ურთიერთობა გქონდათ რძალთან?

- მანამდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. მითუმეტეს, როდესაც ფინანსები სჭირდებოდა, ძალიან კარგად მირეკავდა იმიტომ, რომ ჩემგან სარგებელს მოელოდა, მაგრამ ჩვენს ოჯახში როდესაც იყო, მეუბნებოდა, ვითომ ჩემი ყოფილი დედამთილი და ჩემი ყოფილი მეუღლე უშლიდნენ ჩემთან დარეკვას და არ სიამოვნებდათ. მერე მაგას იმიზეზებდა და როცა რამე უნდოდა, მხოლოდ მაშინ  მირეკავდა.

-რას ამბობდა, რატომ უშლიდნენ თქვენთან დარეკვას?

-არ უშლიდნენ, ეს იგონებდა მიზეზად.  შვილს ველაპარაკებოდი ყოფილი დედამთილისა და ქმრის წინაშე და რძალს რატომ დაუშლიდნენ? უბრალოდ, თვითონ იმიზეზებდა, როცა ფული სჭირდებოდა, მარტო მაშინ მირეკავდა. როცა ჩამოვედი და ფული აღარ მქონდა, აღარ მეკონტაქტებოდა. მე როცა ჩამოვედი, უკვე 2-3 წლის დაშორებულები იყვნენ.

-როგორც გავიგეთ, რძალი თქვენ და თქვენს ყოფილ მეუღლეს გადანაშაულებთ ოჯახის დანგრევაში, ეს მართალია?

-არავისი ბრალი არ არის. მე პირშიც ვეუბნებოდი, ძალიან ცივი იყო ქმართან. სანამ პატარას გააჩენდა, მე და ჩემი ქალიშვილი სულ ვეუბნებოდით, რომ ყურადღებით ყოფილიყო ქმართან. ვარიგებდი - ქმარს დახვდი სახლში, დახვდი ენერგიულად-მეთქი, ვეხვეწებოდით... მერე დარჩა მესამეზე ფეხმძიმედ. ჩემს გოგოზეც ნაწყენი იყო, რატომ არ გესიამოვნა ფეხმძიმედ რომ დავრჩიო? იმიტომ, რომ ოჯახს ვერ შეინარჩუნებდა მესამე ბავშვით... პირიქით, ქმართან ყურადღებით უნდა ყოფილიყო და მიფერებოდა. ხან სურპრიზებს ვუწყობდით, რომ ქმართან დაელაგებინა ურთიერთობა, მაგრამ თვითონ იყო ჭიამკვდარა გოგო. სულ იღლებოდა, სულ არ შეეძლო...

-მართალია, რომ როდესაც ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი იყვნენ, თქვენმა შვილმა მაშინ დაიწყო სხვა ქალთან ურთიერთობა და ეს გახდა დაშორების მიზეზი, იცოდით ამ ფაქტის შესახებ

- ვიცოდით, რომ ჩემს შვილს საყვარელი ჰყავდა. კიდევაც ვეჩხუბე ჩემს შვილს, ასევე რძალს ვეუბნებოდი, რომ უფრო მეტი ყურადღებით ყოფილიყო. ამ ამბავზე ნერვიულობამ მხედველობა დამაკარგვინა. მაგრამ არავის არაფერი შეეძლო, ქმარს თუ არ მიეფერები და ყურადღებას არ გამოიჩენ, სხვისკენ გაიხედება. მე რძალს სულ ვეუბნებოდი, ქმარი შენ თვითონ მიიყვანე კლდესთან შენი საქციელით  და ხრამში გადააგდე-მეთქი. მისი ბრალი რომ იყო, პირშიც ვეუბნებოდი.

- თქვენ ყოფილ რძალს ქმართან თავიდანვე ასეთი ურთიერთობა ჰქონდა?

- არა ოჯახში, როდესაც პრობლემებმა იჩინა თავი, მაშინ გახდა ასეთი ცივი. ქმარი რომ ჯარში მსახურობდა, ორი კვირა ნანახი არ ჰყავდა ქმარი და მიდიოდა და  იძინებდა, არ ელოდებოდა. ქმარმა ამ ყველაფრის გამო აიცრუა გული მასზე.

-ყოფილ რძალს თქვენთან  და თქვენს ყოფილ ქმართან როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

-გადასარევი. როცა გასცილდნენ, მერე დაიწყო ცუდი ურთიერთობა. ვინც სჭირდებოდა, ყველასთან კარგად იყო თავიდან. ჩემს ყოფილ ქმარს, მის მამამთილს არ მოსწონდა მისი შვილის საქციელი და ცდილობდა, პირიქით, შვილი გაეგდო სახლიდან და რძალი დაეტოვებინა. მამამთილი თან ჰყვებოდა, მერე კი ისიც აღარ უნდოდა, როგორც მე.

-ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაშორების შემდეგ თქვენი რძალი მშობლებმა აღარ მიიღეს, ეს მართალია?

-ეგ ნამდვილად არ ვიცი. მისი მშობლები რას ეუბნებოდნენ, არც ეგ ვიცი, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, ახლო ურთიერთობა მათთან არ მქონია. მე მაგათი ფინანსებისა და ჯანმრთელობის გამო წავედი საქართველოდან. ჩემი ყოფილი მეუღლე ცალი ფეხით ამდენს ვერ აუვიდოდა, ამიტომ მე მომიწია სამუშაოდ წასვლა.

-თქვენი ქალიშვილი მამასთან არ კონტაქტობდა დიდი ხნის განმავლობაში. რა იყო ამის მიზეზი?

-რძალი ჩემზეც იგონებდა რაღაცეებს და კონფლიქტს იწვევდა ჩვენს ოჯახში. მერე ვურეკავდი და ბოდიშებს მიხდიდა, პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, რას ვაკეთებდიო.

ჩემმა ყოფილმა ქმარმა მითხრა, თავიდან მჯეროდა ყველაფრის რასაც მეუბნებოდა, მაგრამ მერე მივხვდი რომ მატყუებდაო. ასევე ჩემს გოგოზეც ეუბნებოდა მამამის, რომ ცუდად იქცევაო. მერე ოჯახი რომ ჩაერია და ბებიამ უთხრა, მამას შვილს სახლიდან რატომ აგდებინებო, გაჩუმდა და უთხრა, არ გააგდო და როცა დააშავებს, მერე გააგდეო.

-თქვენთან თუ უთქვამთ შვილიშვილებს რაიმე უცნაური ფაქტის შესახებ?

-არა, არაფერი. ჩემთან ძალიან მოზომილად ლაპარაკობდნენ. ძალიან იშვიათად მოდიოდნენ და მელაპარაკებოდნენ. თუ მოდიოდნენ, საერთოდ არაფერს არ მეუბნებოდნენ.

მე ისიც მიკვირს, რატომ არაფერი მითხრა მომხდარი ფაქტის შესახებ ყოფილმა რძალმა, მე ხომ  ჩემი ყოფილი მეუღლის მოწინააღმდეგედ ვითვლები?! თუ ჩემმა ყოფილმა ქმარმა ეს საშინელება ჩაიდინა, რატომ არ დამირეკა და მითხრა ამ ამბის გაგების მერე  - ეს რატომ გამიკეთა, რატომ გამაუბედურაო?! სანამ გაასაჩივრებდა, მე ხომ დარეკილი მქონდა, მაგრამ არ მიპასუხა. ან საერთოდ ეგ ამბავი რომ გაიგო, რამ გააჩერა? აბა წარმოიდგინეთ, ეგ ამბავი რომ ვიცოდე, ეგრევე გავიდოდი, ყველას დავურეკავდი, ყოფილ ქმარსაც და ბაბუასაც. როგორ გაძლო?! მაგან მთელი დღე შეინახა და მეორე დღეს დარეკა პირდაპირ პოლიციაში. რატომ არ გამცა პასუხი, თუნდაც რატომ არ მიმალანძღა?

- როგორ ფიქრობთ, რა მოტივით შეიძლება იგონებდეს თქვენი ყოფილი რძალი ამ ყველაფერს?

-როგორც დედა ამ კითხვას მეც ვერ ვპასუხობ,  არ ვიცი... მაგრამ მაგან ბევრი რამე მოიგონა, ქმარს პოლიციაშიც უჩივლა, ბავშვებიც მიიყვანა, უჩივლა რომ როდესაც ჩემი შვილი და მისი ცოლი ავსტრიაში იყვნენ წასულები, რძალი ბაბუას ბავშვებს არ ატანდა. მიიყვანა ბავშვები და უჩივლა, მიზეზად იძახდა, რომ რა უნდა გააკეთონ ბავშვებმა ბაბუასთანო, მეტი არაფერი ვიცი დეტალურად.

სასამართლომ მიანიჭა უფლება, რომ მამას შაბათ-კვირას წაეყვანა ბავშვები თავისთან, ეგეც მხოლოდ ბავშვების უფლებით, თუ სურვილი ექნებოდათ. მაგრამ ჩემი რძალი ისე აკეთებდა ყველაფერს, რომ მაგ დღეებშიც კი არ შესძლებოდა მამას ბავშვების წამოყვანა თავისთან. მაშინ უნდებოდა ბავშვების პიკნიკი და ყველაფერი, რაც ხელს შეუშლიდა. სულ ვეუბნებოდი რძალს, როცა იცი, რომ მამის დღეა, რატომ უკანონებ და უგეგმავ ბავშვებს სხვა რაღაცეებს-მეთქი? მაშინ არაფერი აღარ მითხრა. ასე ამწარებდა მამას, პაპას კი სულ არ ჰქონდა უფლება ბავშვების წამოყვანის.

-როგორ ფიქრობთ, ხომ არ ჰყავს თქვენს ყოფილ რძალს ვინმე, ვინც ამ საქმეში ზურგს გაუმაგრებს და დაეხმარება?!

- არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა ცხოვრებით ცხოვრობს, არ ვერევი. არც მისი ახლობელი ვიცი ვინმე, ვინც ასე დაიცავდა. არ მახსენდება ვინმე მისი ახლობელი თანამდებობაზე იყოს. არ მაინტერესებს მისი ცხოვრება, ჩემი საქმე არაა, ქმარი არ ჰყავს და შეიძლება ვინმე პატრონობს. არ ვიცი ნამდვილად ვინ ეხმარება მას. ძმა დაღუპული ჰყავს.

-რას ფიქრობთ, შეუძლია თქვენს შვილიშვილს, ეს ამბავი მოიგონოს ? გჯერათ თუ არა, რომ თქვენი ყოფილი ქმარი ამას აკეთებდა?

-99% მჯერა, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე ამის გამკეთებელი არ არის. დამალული იყოო, მოიგონეს, არადა, თბილისში იყო თავის შვილთან, არსად დამალულა. როცა ერთად ვიყავით, არ არსებობდა, ქალისთვის შეეხედა, ძალიან სხვანაირი კაცი იყო. ასეთი რაღაცები არ ახასიათებდა. მანდ ტერმინებია კიდევ, რაც მოვისმინე და საერთოდ არ ახასიათებს ეგეთი ტერმინებით ლაპარაკი.

-გამორიცხავთ, რომ თქვენს ყოფილ მეუღლეს ვიღაც განგებ აბრალებს ამ ამბავს?

-არ გამოვრიცხავ არც მაგ ვერსიას. ვალი არ ჰქონია, არც დაპირისპირება, როგორც ვიცი. თვითონ რძალს აქვს, ალბათ, რაღაც ინტერესი, ამას გამოძიება დაადგენს. შეიძლება ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა და ჩემი წასვლის შემდეგ დავშორდით, მაგრამ არ იყო ასეთი მექალთანე.  არაკაცი რომ იყოს და მექალთანე, შეიძლება, მაგრამ არ იყო და ტყუილს ვერ ვიტყვი.

- შეიძლება, რომ თქვენს რძალს ქონებრივი ინტერესი ჰქონდეს?

- შეიძლება, რა თქმა უნდა, ერთხელ ოქროს ყელსაბამზეც ჰქონდა მთელი სასამართლო ამბავი. შესაძლებლია, სხვა ინტერესიც იყოს -  ჩემი ქმრის სახელზეა პროდუქტის მაღაზია თბილისში, მანქანები. შეიძლება, ამის გამო სწამებენ ცილს - ჩემი ბიჭის სახელზე არაფერია, ყველაფერი მამამისის სახელზეა.

ავტორი სალომე ნოზაძე

 

 

„ვერსია“ აგრძელებს მუშაობას  შიდა ქართლში მომხდარი უმძიმესი საქმის მასალებზე - 13 წლის  მოზარდი გოგონა 53 წლის პაპას გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ჩვენებაში აცხადებს, რომ  მამის მამა მასზე  თითქმის 5 წლის განმავლობაში ძალადობდა. ამის შესახებ ტყუპისცალმა გოგონამ დედას 2021 წლის 10 ოქტომბერს უამბო. 11 ოქტომბერს დედამ საჩივარი პოლიციაში შეიტანა, რომლის საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ძალადობაში ბრალდებული მამაკაციც რამდენიმე საათში დააკავეს. გორის სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი 45 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.  

„ვერსიამ“  უკვე შემოგთავაზათ ინტერვიუ ბრალდებულის ადვოკატთან. შემთხვევის ადგილზე მოკვლეულ მასალებზე მუშაობისას, ასევე გავრცელებული ინფორმაციების გაანალიზების შედეგად, უამრავი უპასუხო კითხვა გაჩნდა. მათზე პასუხის მისაღებად   გოგონას მამას, ბრალდებულის ადვოკატსა და   სისხლის სამართლის საქმის გამოძიებელს დავუკავშირდით.

რაც შეეხება სავარაუდო დაზარალებულის მხარეს - მას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახაზინო ადვოკატი იცავს. „ვერსიას“ მასაც დაუკავშირდა, თუმცა უფლებადამცველმა  კომენტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ მოზარდის დედა საჯარო საუბრისგან თავს იკავებს, ამიტომაც, ოჯახთან შეთანხმების გარეშე, ვერც ერთ კითხვაზე ვერ გვიპასუხებს.  „ვერსია“ მზად არის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საუბრის მსურველ ყველა პირთან ითანამშრომლოს.

მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ სავარაუდო დაზარალებულ 13 წლის გოგონას ჰყავს ორი და (მათგან ერთი მისი  ტყუპისცალია). ბავშვები დედასთან ერთად, შიდა ქართლის ერთ-ერთ ქალაქში, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ მას შემდეგ, რაც მოზარდის მშობლები განქორწინდნენ. მოზარდის მამას ახლა სხვა ოჯახი ჰყავს და მათთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

ბრალდებული მამაკაცი 53 წლისაა.  უკვე 12 წელია მეუღლესთან გაშორებულია, დედასთან ერთად სოფელში ცხოვრობს, იგი  შშმ პირია (ახალგაზრდობის ტრავმის შედეგად, ერთი ფეხი მოკვეთილი აქვს) და  ტაქსის მძღოლობით ირჩენს თავს. მას 2 შვილი ჰყავს - გოგონების მამა და ქალიშვილი. „ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით,  ქალიშვილი  მამასთან, წლების განმავლობაში არ კონტაქტობდა, თუმცა ერთი წლის წინ შერიგდნენ.

„ვერსიამ“ ექსკლუზიურად გაარკვია, რომ დაზარალებულსა და მის დებს მამა ალიმენტის თანხას პრინციპულად არ უხდის. მიზეზად ასახელებს იმას, რომ თანხას აგროვებს, რათა ბავშვებს ბინა უყიდოს. მამა ასევე აცხადებს, რომ ალიმენტის გადაუხდელობის გამო მის ქონებას ახლა ყადაღა ადევს: „ყოფილმა მეუღლემ წელიწადნახევრის წინ მიჩივლა იმის გამო, რომ ალიმენტს არ ვიხდიდი და ამის საფუძველზე დამადეს ყადაღა. შესაბამისმა სამსახურებმაც დამიბარეს და მითხრეს, რომ ქონებას დამიყადაღებდნენ, მაგრამ ქირით ვცხოვრობ და რას დააყადაღებდნენ? მადევს უკვე ყადაღა და რომ არ გადავიხადე ალიმენტი, ჯერჯერობით, საქმე შეჩერებულია.“

„ვერსია“  დაზარალებული გოგონას მამასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ:

-თუ მიგაჩნიათ, რომ მამათქვენი დამნაშავე არაა, როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მოტივი, რის გამოც მას ასეთ მძიმე ბრალს სდებენ?

- ვერ გეტყვით, მაგრამ კონფლიქტი ჰქონდათ მამაჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს, რაც ერთმანეთს დავშორდით. რამდენჯერმე გვქონდა კონფლიქტი იმიტომ, რომ მეორე ცოლი მოვიყვანე და აბრალებდა მამაჩემს, რომ იცოდა მან ჩემი მეორე მეუღლის შესახებ და აბრალებდა, რომ ოჯახი მან დაუნგრია. ამბობდა, რომ მამაჩემმა იცოდა, ეს გოგო მიყვარდა მანამდე, სანამ გავშორდებოდი და მას აბრალებდა, რომ ოჯახი დაგვენგრა. ფინანსურ საკითხს რაც შეეხება, ჩემთან ჰქონდა ხოლმე პრეტენზია თანხასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ალიმენტს არ ვიხდი იმიტომ, რომ მინდა, ბავშვებს თანხა შევუგროვო და ბინა ვუყიდო, მაგრამ ბავშვებს ყველანაირად ვეხმარები. რეალურად, ალიმენტის გადახდა მირჩევნია, რადგან ისე უფრო მეტი მეხარჯება და მგონი, ამას არც თავად ჩემი მეუღლე უარყოფს.

- თქვენი ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, მოტივი შურისძიება იყოს, ეთანხმებით მას?

- შესაძლოა, რადგან ბევრი ისეთი მიზეზი მომიგონა, რომ საერთოდ არაფერ შუაში ვიყავი და შესაბამისად, კითხვა მიჩნდება და იმიტომაც ვეძებ სიმართლეს.

-  ჩვენი რედაქციის ინფორმაცით, თქვენი და წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდა მამათქვენს. რატომ იყო მათ შორის კონფლიქტი?

- კი, ცოტა ხანს იყო ასეთი მომენტი, როცა არ ელაპარაკებოდა. არც მე და ჩემი და ველაპარაკობდით ერთმანეთს.

- რატომ, მიზეზი რა იყო?

- ჩემმა ყოფილმა მეუღლემ ჩემი და, მამაჩემი და მე, ერთმანეთს დაგვაპირისპირა. ჩემს დაზე ამბობდა ცუდ რაღაცეებს, მამამთილს ეუბნებოდა, რომ ჩემი და ვითომ ცუდად იქცეოდა. მამამ გადაწყვიტა, თუ ასე იქცევა, ჩემს სახლში აღარ დავინახო მოსულიო. მერე ბებომ უთხრა ჩემს ყოფილ მეუღლეს, ამას რას აკეთებ, მამა-შვილს ერთმანეთს როგორ აპირისპირებო და გამობრუნდა, გამოვიდა ოთახიდან ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუბრუნდა მამაჩემს, ახლა არაფერი უთხრა და შემდეგ, როცა რამეს დააშავებს, მერე გააგდე სახლიდანო.

- მართალია, რომ დედათქვენი საზღვარგარეთ ცხოვრობს?

- არა, საქართველოშია და რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ ჩემი ყოფილი მეუღლე მასაც აღარ ესაუბრება. იმის გამო, რომ მე არ მატანდა ხოლმე ბავშვებს, ჩემზე რაღაც საჩივარი შეიტანა ჩემმა ყოფილმა მეუღლემ და დედაჩემმა დაურეკა, რატომ აბოროტებ, რაღა გინდა, ხომ გაშორდით ერთმანეთსო და ამის გამო დაბლოკა და აღარ ესაუბრება.

- მამათქვენი და დედათქვენი ერთად ცხოვრობენ თუ გაშორებული არიან?

- ერთად არ ცხოვრობენ.

- როცა ბავშვები მამასთან მიგყავდათ, იმავე სახლში თქვენც იყავით ხოლმე, რაიმე განსხვავებული ქცევა ხომ არ შეგიმჩნევიათ ბავშვებისგან?

- არაფერი. ბავშვები ძალიან იშვიათად მოდიოდნენ ჩემთანაც და მამაჩემთანაც, მამაჩემთან მითუმეტეს. სულ თითზე ჩამოსათვლელად შეიძლება დარჩენილიყვნენ მამაჩემთან მარტო. თუ იყვნენ სოფელში, ჩემთან და ჩემს მეუღლეს ერთად. შემიძლია, გავიხსენო, ბოლოს რომ ერთად ვიყავით, ეზოში მწვადს ვწვავდით, მამაჩემი მაღაზიაში მიდიოდა და კამათი მოუვიდათ დებს, მანქანაში წინ დაჯდომაზე. პაპიკოს ეძახდნენ და არანაირი დაძაბულობა ან შიში არ შემიმჩნევია. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, ვერც ერთმა როგორ ვერ შევამჩნიეთ?...

- თქვენს ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- დიდხანს ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა. ბავშვებს სკოლაში რაღაც პრობლემა ჰქონდათ ადრე და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ბოლო ერთი წელი იქნება, რაც ცოტა გამოგვისწორდა ურთიერთობა. ბავშვებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ. ჩვენს ჩხუბსა და კამათს იწვევდა ის, რომ ბავშვები არ მოდიოდნენ ჩემთან, როცა ბავშვების გამოყვანის დღე იყო, მაშინ პიკნიკები უნდა დაეგეგმა, ტორტი უნდა გამოეცხო ან ცუდად იყო და ა.შ. ბავშვებს კი ძალას ვერ ვატანდი, რომ გამოსულიყვნენ. ერთხელ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაშიც კი ვიყავი, უნდა დამეწერა საჩივარი, ბავშვებს რომ არ მატანდა. ბავშვები ჩემთან როცა იყვნენ, უკან დაბრუნება აღარ უნდოდათ და ცდილობდნენ, მე დამერეკა დედასთან და თავად ვერ უბედავდნენ, დარჩენა რომ უნდოდათ.

- თქვენს ყოფილ მეუღლესთან მომხდარის შემდეგ რაიმე სახის კომუნიკაცია გქონიათ?

- მხოლოდ ბავშვი მოვიკითხე და ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ გვისაუბრია. „ფეისბუქზეც“ დამბლოკეს, არ მპასუხობენ, ალბათ იმიტომ, რომ სიმართლეს ვარკვევ.

- პაპა ბავშვებმა ბოლოს როდის ნახეს?

- 2020 წლის სექტემბერში, როდესაც მეც იქ ვიყავი ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად.

- თქვენ ამბობთ, რომ ბოლო ერთი წელია, ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა შედარებით გამოგისწორდათ. თუ ასეა, ბავშვები პაპასთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში რატომ აღარ მიგყავდათ?

-  მე თბილისში ვცხოვრობ და ჩემთან იყვნენ ხოლმე უმეტესად. პატარა გვყავს და იმას ეთამაშებოდნენ, ქალაქშიც ვსეირნობდით. ბავშვებს სოფელში არ სიამოვნებდათ წასვლა, არ უნდოდათ. მეუბნებოდნენ, იქ მოწყენილები ვართ და ვერ ვერთობითო, ამის გამო არ გამოდიოდნენ, თორემ სხვა დანარჩენი არაფერი ცვლილება არ ჰქონიათ.  

სკანდალური საქმის დეტალებზე „ვერსია“ ბრალდებულის ადვოკატს, ზურაბ თოდუასაც ესაუბრა, რომელმაც განმარტა: „სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ძალაში დაახლოებით 2017 წლის იანვარში შევიდა, პარასკევს და შაბათს მამასთან უნდა ყოფილიყვნენ ბავშვები. როდესაც მამას ბავშვები პაპასთან მიჰყავდა, არანაირი ქცევის ცვლილება არ შეუმჩნევია, ჩვეულებრივი სიხალისით გამორჩეული ბავშვები არიან სამივე. რაც შეეხება ქონებას, განქორწინების შემდეგ გაყოფილია და მატერიალური პრეტენზიები ყოფილ მეუღლეს არ აქვს. ალიმენტიც განსაზღვრულია, უბრალოდ, მამა პრინციპულად არ იხდის, რადგან აგროვებს ამ თანხას, რომ ბავშვებს ბინა უყიდოს, როცა ისინი სრულწლოვანი გახდებიან. დანარჩენი რა დახმარებაც სჭირდებათ ბავშვებს, ტანსაცმელი იქნება ეს თუ სხვა საჭირო ნივთები, ყველაფერ ამით მამა უზრუნველყოფს.

ბავშვების დედის მშობლები სოფელში ცხოვრობენ და განქორწინების შემდეგ მათ შვილი არ მიიღეს სახლში და დღეს ეს ქალბატონი თავის სამ შვილთან ერთად ქალაქის ცენტრში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი საბავშვო ბაღშია დასაქმებული.“

ადვოკატი მოზარდის ჩვენების შესახებაც გვესაუბრება. მისი თქმით,  დედამ 2021 წლის 10 ოქტომბერს ბავშვთან დაიწყო საუბარი სექსუალური ძალადობის საკითხზე და ჰკითხა, მათაც ხომ არ ჰქონიათ მსგავსი პრობლემა? დედის თქმით, ამის შემდეგ ბავშვმა დეტალურად მოუყვა, როგორ ძალადობდა პაპა მასზე:  „ერთ-ერთმა ტყუპისცალმა დედას უთხრა, რომ მასზე პაპა ძალადობს უკვე 5 წელია. ბავშვი ძალადობას ყოფს 2 ეტაპად - 8-დან 10 წლამდე პერიოდი, როდესაც ბრალდებული გარყვნილ ქმედებას სჩადიოდა, რასაც ადგილი ჰქონდა 30-40-ჯერ, ხოლო 10-დან 12 წლამდე ისე მეფერებოდა, როგორც ქალსო, სექსუალურ აქტს ჩემთან სჩადიოდა როგორც თითით, ასევე სასქესო ორგანოს მეშვეობით და ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 50-60-ჯერო. ეს ყველაფერი ბავშვმა უამბო დედას. ამის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში დედა მშვიდადაა და ის მეორე დღის მეორე ნახევარში მივიდა პოლიციაში და განაცხადა, ჩემი შვილი გაუპატიურებულია და მსხვერპლია პაპისგან ძალადობისო. მაშინვე დაკითხეს ეს ბავშვი და ამ გამოკითხვის საფუძველზე დააკავეს პაპა. დაკითხვის დამთავრებისთანავე-მეთქი ვამბობ იმიტომ, რომ ზუსტად ამ პერიოდში პაპა იმყოფება შვილთან თბილისში, სახლში მიადგნენ, ისე გააფორმეს, თითქოს ძებნილი იმალებოდა და თავს არიდებდა პასუხისმგებლობას.

თოდუას თქმით, ბავშვი დაკითხულია სამჯერ და როგორც ადვოკატი აცხადებს, „ბავშვი თავის ჩვენებაში ძალადობას აღწერს მოქმედებას წუთებით, როგორ მოქმედებდა სექსუალური აქტის დროს.  11 ოქტომბრის ჩვენებაში ბავშვი ყვება დეტალებს, მეორე დღეს გამოკითხულია ფსიქოლოგის თანდასწრებით და აბსოლუტურად ერთსა და იმავეს ამბობს, წერტილი და მძიმეც კი არაა შეცვლილი ტექსტში. პროკურორს ვეკითხები, როგორ მიგაჩნიათ ნორმალურად, რომ 12 წლის ბავშვმა ამხელა ტექსტის დაზეპირება შეძლოს-მეთქი, ამაზე ვერ მიპასუხა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ პირველი ჩვენება არის დაბეჭდილი სადღაც, ვიღაც დაინტერესებული პირის მიერ, რამეთუ ძალიან მეეჭვება, რომ ამ ასაკის ბავშვი ასეთი ტერმინოლოგიით საუბრობდეს და მეორე დღის ჩვენება ფსიქოლოგის თანდასწრებით „კოპი-ფეისთით“ არის გადატანილი, მხოლოდ თარიღია შეცვლილი. ამ ეჭვის საფუძველს მაძლევს აზრის გადმოცემის ტექნოლოგია, გრამატიკული შეცდომები. პირველ ჩვენებაში გამომძიებელმა დაწერა „პაპას ერი ფეხი არ აქვს“ ანუ „ერთი“ უნდა ეწეროს და გრამატიკული შეცდომაა დაშვებული. იგივე ტექსტი წერია მეორე დღის ჩვენებაშიც, რაც ბადებს ეჭვს.  ფსიქოლოგი გამოკითხული არაა და მასთანაც მაქვს უამრავი კითხვა, პირველ რიგში მაინტერესებს, როგორ ყვებოდა ამბავს ბავშვი ასე დაზეპირებული ტექსტებით... ჩვენებაში ბავშვი აღწერს, როგორ ამყარებდა სექსუალურ აქტს და რას განიცდიდა ის კაცი, სისველეს ვგრძნობდი, მერე იწმენდდაო...“  

რაც შეეხება ექსპერტიზას, ადვოკატის თქმით,  სამხარაულის ექსპერტიზაში ბავშვს დედის თანდასწრებით ჩაუტარდა კვლევა და დადგინდა, რომ საქალწულე აპკი დარღვეული არ არის: „ძალადობასა და გარყვნილ ქმედებას ჰქონდა თუ არა ადგილი, ამას ექსპერტიზა ვერ დაადგენს. ბავშვი ამბობს, გამაუპატიურესო, დედაც ამბობს, გაუპატიურებულიაო და ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. პროკურორმა იცის საექსპერტო კვლევის შესახებ, დედამაც უთხრა, ფაქტობრივად, დასკვნა დევს სამხარაულში, მაგრამ კიდევ არ აქვთ ჩადებული საქმეში.“

„ვერსია“ დაინტერესდა, დაკითხული თუ არა გოგონას ტყუპისცალი და და. ზურაბ თოდუა გვიდასტურებს, რომ მეორე ტყუპისცალიც დაკითხულია: „ამბობს, რომ ჩემთან მსგავსი რამ პაპასგან არასდროს ყოფილაო. ეს დაზარალებული ბავშვი კი ამბობს, მეშინოდა, რადგან პაპა მემუქრებოდა, შენ თუ ამას იტყვი, მაშინ შენს დებსაც იგივეს ვუზამ და ამიტომ ვდარაჯობდი, რომ პაპას რამე არ დაეშავებინა ჩემი დებისთვისო. დედა გამოკითხვაში ამბობს, რომ არასდროს ქცევის  არავითარი ცვლილება არ შეუმჩნევია შვილისთვის“.

ადვოკატის იმასაც აცხადებს, რომ ბრალდებულ პაპას ფსიქიატრიული ექსპერტიზა არ ჩატარებია. იგი კარგი რეპუტაციით სარგებლობს, შეუბღალავი წარსული აქვს და არასოდეს კონფლიქტი არ ჰქონია. თუმცა „ვერსიის“ საგამოძიებო ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულს სიმთვრალეში საკმაოდ ცუდი ხასიათი აქვს და ცოთან გაყრის მიზეზიც ის გახდა, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობდა. თუმცა ამ კითხვაზე ადვოკატი გვპასუხობს:  „ასეთი რამ პირველად მესმის. შეიძლება, ოჯახში იყო კონფლიქტი და ამიტომაც განქორწინდა. არავინ დაგიდასტურებთ იმას, რომ სვამდა და ამის გამო ცოლზე ძალადობდა. კონფლიქტი რომ იყო ცოლ-ქმარს შორის, ამიტომაც განქორწინდნენ, დაახლოებით 12 წლის წინ“.

„ვერსია“ ხაშურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელს - დიმიტრი ქიმერიძესა დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს: „არ ვესწრებოდი მე დაკითხვას, მეორე გამომძიებელმა დაკითხა, მაგრამ შინაარსი დაახლოებით ვიცი. მე ვერაფერს გეტყვით იმიტომ, რომ ჩემი დაკითხული არ არის ბავშვი. გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ბავშვის ჩვენების გასაჯაროება არ მიმაჩნია სწორად ამ ეტაპზე. ბავშვმა სავარაუდო ძალადობის შემდეგ როგორი დიდი სტრესიც მიიღო, არანაკლები სტრესი მიიღო ასევე ზოგიერთი ტელევიზიის გაშუქებული სიუჟეტებით. ასეთმა გადაუმოწმებელმა ინფორმაციებმა, რომელიც ტელევიზიაში გადის, ბავშვი დააზარალა.

გამოძიება მიმდინარეობს, დაზარალებულს ჰყავს სახაზინო ადვოკატი.  მეორე გამოკითხვას ესწრებოდა ფსიქოლოგი. დედას არ აქვს სურვილი, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რაიმე სახით გავიდეს მედიასთან კონტაქტზე. ექსპერტიზა დავნიშნეთ იმავე დღეს, როდესაც ზარი შემოვიდა დაზარალებულისგან და ჯერჯერობით არ არის პასუხი, როდის იქნება არ ვიცით. მონაცემები, რომელსაც ბრალდებულის ადვოკატი ექსპერტიზის პასუხზე ავრცელებს ალბათ იმათგან მიიღო, ვინც მისგან ესწრებოდა ექსპერტიზას, თუმცა ეს რამდენად ზუსტია, არ ვიცი, რადგან ოფიციალური დასკვნა ჯერ არ არის.

ბავშვი აღწერს სავარაუდო ძალადობის რამდენიმე ფაქტს და ძალადობის სხვაგვარ ქმედებებს, მაგრამ კონკრეტული დეტალების გასაჯაროება არ შემიძლია გამოძიებიდან გამომდინარე“.

„ვერსია“ აგრძელებს მოკვლევას და მასალებს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ

ავტორები: სალომე ნოზაძე და თათია გოჩაძე

 

 

 

რა ხარვეზები გამოვლინდა პროფგანათლების პროგრამებში, სასწავლო პროცესების მართვასა და დაფინანსებაში

„ვერსიის“ საგამოძიებო ბიურო საქართველოში გახშირებული პედოფილიის ფაქტების გამოძიებას იწყებს - ჟურნალისტების ჯგუფი შეეცდება სისხლის სამართლის საქმეებზე დაყრდნობით, უპასუხოს მთავარ კითხვას - რა არის მიზეზი ამგვარი დანაშაულისა, პრევენციის რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რას ფიქრობენ ფსიქოლოგები, იურისტები, ექიმები. ასევე, გაგაცნობთ მსოფლიოში გახმაურებულ ფაქტებს. გამოძიებას კი ახლახანს, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ფაქტით დავიწყებთ. - 13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცავებმა 53 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137- მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობსგამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. რა ხდება  სინამდვილეში, რატომ გამოიყენა სასამართლო სხდომაზე საქმის სახელმწიფო ბრალმდებელმა დუმილის უფლება (?!) და რა ფაქტების საფუძველზე დააკავეს „მოძალადე პაპა“?

„ვერსიის“ ჟურნალისტი დანაშაულის ადგილზე ჩავიდა და შეეცადა საქმის დეტალები გაერკვია. 13 წლის გოგონა ტყუპისცალია. მშობლები გაცილებულები არიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვები მამას კვირაში ერთხელ მიჰყავდა ოჯახში და, შესაბამისად, უქმე დღეებს პაპასთან ატარებდნენ. ბავშვების ბებია უცხოეთშია სამუშაოდ წასული და ოჯახს საარსებო თახას უგზავნის. 53 წლის ბრალდებული ინვალიდია და ტაქსის მძღოლად მუშაობს.  

„ვერსია“ ბრალდებულ გ.მ.- ს ახლობლებს ესაუბრა - გასაოცარი იყო ის ფაქტი, რომ, მიუხედავად აღმაშფოთებელი დანაშაულისა, თითქმის არავის სჯერა, რომ პაპა დამნაშავეა. არგუმენტი  -  „ბავშვის დედას  აქვს მოტივი, ეს ამბავი სიცრუე იყოს და კაცს ცილი დასწამეს“. როგორც ერთ-ერთი მეზობელი ამბობს: ბავშვების დედა  სულ ცდილობდა ოჯახი გაემწარებინა, ამიტომ ვამბობ, რომ  ეს ამბავი მოგონილია. პაპა ბავშვებზე თანგადაყოლილი იყო.  წარმოუდგენელია ამ კაცისგან მსგავსი რამე. არავის არ სჯერა.“  მეზობლებისვე  თქმით, „მსხვერპლის დედას“  ანუ ბრალდებულის რძალს ამგვარი საქციელის მოტივი აქვს - იგი მიიჩნევს, რომ მისი ოჯახი მამამთილმა დაანგრია, ამის გამო გამწარდა და ამ გზით გადაწყვიტა დაესაჯა.  სანდრო წყარო  გვიყვება, რომ ბრალდებული და მისი ცოლიც გაცილებულები არიან და ამის მიზეზად გ.მ.-ს ძალიან ცუდი ხასიათი სახელდება - ამბობენ, რომ „მამაკაცი სვამდა და ცოლს სცემდა. ქალი მხოლოდ ბავშვების გამო ითმენდა ძალადობას, მაგრამ  როდესაც ისინი წამოიზარდნენ, ქმარს გაშორდა. დაშორების შემდეგ კაცი ისევ ლანძღავდა ცოლს. ეს აგრესია შემდეგ შვილებზეც გადავიდა. სხვათაშორის, ბრალდებულთან ქალიშვილი წლების განმავლობაში არ კონტაქტობდა, რა იყო ამის მიზეზი, არ ვიცი, თუმცა ახლა, როგორც ვიცი, შერიგებულები არიან.“

„ვერსია“ შეეცადა, გოგონების დედას დაკავშირებოდა, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, დედა და შვილები სახლში მეზობლებსაც არ უნახავთ. ამბობენ, რომ გოგონას ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება და ოჯახი სად არის წასული, არ იციან.

გორის სასამართლომ  ბრალდებულ გ.მ.-ს 45-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა 30 ნოემბრს არის ჩანიშნული და სწორედ ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, დარჩება თუ არა პატიმრობაში ბრალდებული. თუმცა მანამდე  „ვერსია“  ბრალდებულის ადვოკატს ზურაბ თოდუას ესაუბრა და რამდენიმე დეტალის გარკვევა, ასევე მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმება სცადა:

- ბატონო ზურაბ, „ვერსია“ შიდა ქართლი ჩავიდა და ადგილზე მოიკცლია ინფორმაცია, რატომ არ სჯერათ მეზობლებს დაკავებულის მიერ დანაშაულის ჩადენა და რა გამოიკვეთა წინასწარი მოკვლევით, რა  არის გ.მ.-ს დაპატიმრების მოტივი?

 -პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეში არანაირად არ ჩავერთვებოდი, თუ არ დავრწმუნდებოდი, რომ მამაკაცი უდანაშაულოა. გამორიცხულია, რაც არ უნდა გადამიხადონ, ასეთ ბინძურ საქმეში არ ჩავერთვებოდი. მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ეს კაცი დაიჭირეს, ძალიან სასაცილოა... ფაქტობრივად, არ არსებობს! უნდა მოგესმინათ და გეყურებინათ, პროკურორზე რა დღეში ჩავარდა, როდესაც ვერ მიპასუხა, თუ რა მიზეზით დააკავეს ეს კაცი - პროკურორმა დუმილის უფლებით ისარგებლა და არც ერთ კითხვაზე არ მიპასუხა. ადამიანს ასეთი მძიმე ბრალდებით ციხეში რატომ უშვებ-თქო - არც ამ კითხვაზე მიპასუხა.

ჩემი აზრით, აქ არის ოჯახური დაპირისპირება. ბრალდებულის შვილი გაშორებულია ცოლს, ამ ბიჭმა მოიყვანა სხვა ცოლი. ეს გოგო კი ოჯახის დანგრევას მის მამამთილს, ბრალდებულს აბრალებდა. ეს არის ამ ამბის თავი და თავი. ამ ბავშვს დედა მართავს.ფაქტობრივად, ბავშვი არის სამჯერ დაკითხული და სამივეჯერ ტექსტი აბსოლუტურად იდენტურია -  ვფიქრობ, დაზეპირებული ჰქონდა. 13 წლის ბავშვს რაც არ უნდა მაღალი IQ ჰქონდეს, შეუძლებელია ერთი და იგივე ტექტით ილაპარაკოს სამი დღე.

-ბატონო ზურაბ, ბრალდებული რას ამბობს - როგორც მივხვდი ამბობს, რომ ეს ამბავი რძლის მოგონილია და ცილს  სწამებენ?

- ამბობს, რომ  ბაბუასა და შვილიშვილს მხოლოდ ტრადიციული, ბაბუა-შვილიშვილისტვის შესაფერისი ურთიერთობა ჰქონდათ.

-როგორც გაირკვა ბრალდებულს 2020 წლის ოქტომბერში, ზუსტად 1 წლის წინ ჰქონდა, ბოლო კონტაქტი  შვილიშვილთან და რას ამბობსნ დაზარალებული მხარე,  ეს ამბავი აქამდე რატომ არ გამჟღავნდა?

-2020 წლის ოქტომბერში ჰქონდა ბოლო კონტაქტი შვილიშვილთან. როგორც დედა ამბობს, 2021 წლის  10 ოქტომბერს მოუნდა ოჯახურ პირობებში ბავშვებისთვის აეხსნა, თუ რა არის სექსუალური ძალადობა, ვინ არის მოძალადე და მსხვერპლი. საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე და ამის შემდეგ ჰკითხა ბავშვებს ხომ არ ყოფილა ბავშვებთან მსგავსი შემთხვევა. ტყუპი გოგონებიდან ერთ-ერთმა თქვა, რომ მსგავი შემთხვევა არ ჰქონია, მეორემ კი  დედას უთხრა, რომ 5 წლის განმავლობაში ბაბუამისი მასზე ძალადობდა. ამის შემდეგ 11 ოქტომბერს  3 საათამდე ეს ქალბატონი სახლში ბრძანდება და შემდეგ რეკავს პოლიციაში. მე დედასთან ლოგიკური კითხვა მაქვს - რაგორ მოითმინა ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ და როგორ დაიძინა ღამე მშვიდად?

-გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად ბავშვს ძალადობის არანაირი კვალი არ აღმოაჩნდა,მართალია - საქმეში თუ დევს ეს დასკვან, მაშინ სასამართლომ რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება?

_ მე მაქვს არაოფიციალური პასუხი, რომ არანაირი გაუპატიურება ბავშვს არ აღენიშნება. საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეული არ არის ანუ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ, პროკურორს ვეკითხები - რატომ არ ჩადეთ საქმეში ეს მტკიცებულება? მეუბნება, ჯერ არ მიმიღია. საექსპერტო დასკვნამ დაუდგინა დედამისის თანდასწრებით, რომ არავითარ დარღვევას ადგილი არ აქვს, ანუ გამორიცხავს გაუპატიურებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვი იტყუება და პროკურორი ცალსახად, ზედმიწევნით იმეორებს ამ ბავშვის ფანტაზიას.

-ბატონო ზურაბ, დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას. ამჯერად, დავუშვათ ვერსია, რომ  ეს ბავშვი ნამდვილად ფანტაზიორობს - მაინტერესებს პროკურატურას რატომ უნდა აწყობდეს ეს ამბავი?

-ზუსტად ამას ვკითხულობ მეც. კი ბავშვმა მოგცათ ეს ჩვენება, მაგრამ არავითარი უფლება პროკურორს არ აქვს, ამ ჩვენების ნამდვილობის გადამოწმების გარეშე, პირდაპირ აცუნდრუკდეს და დაიჭიროს. მისცა ბავშვმა ჩვენება და ერთ საათში დააკავეს კაცი. პროცესზეც  ვკითხე - რა მტკიცებულება მოიპოვეთ, რომლითაც დასტურდება გაუპატიურება? პროკურორი არ გვპასუხობს ამ კითხვაზე, იმდენი ილაპარაკა, იმდენი უფლება დაურღვია ბრალდებულსაც, შემეცოდა.

-გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული ორივე ტყუპზე ავრცელებდა სექსუალურ ძალადობას, ამაზე თუ გაქვთ ინფორმაცია და ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა ტყუპისცალს?

-სრული სიცრუეა. მეორე ბავშვი საერთოდ გამორიცხავს ბაბუისგან მსგავს საქციელს. ეს მეორე კი ამბობს, რომ მე ყურადღებით ვიყავი, ჩემი დების მიმართ არ განეხორციელებინა იგივეო. ყოველთვის ვარიდებდი ბაბუას ჩემ დებსო.

- ჩვენ დაზარალებულის მეზობლებმა გვითხრეს, რომ  ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება?

-პირდაპირ გეტყვით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბავშვი სკოლაში შეუძლოდ გახდა, სიცრუეა - ბავშვი სკოლაში ერთი წელია არ ყოფილა. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მასთან ფსიქოლოგი მუშაობს და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს დაზიანებების გამო, სიცრუეა. ბავშვი ჩვენებებზე დადის და დახტუნაობს, ღმერთმა კარაგდ ამყოფოს. საექსპერტო დასკვნამ დაადგინა, რომ არავითარი დაზიანება არ აქვს.

მეტს გეტყვით, როგორც დაზარალებული მხარე ამტკიცებს, 2017 წლის იანვრიდან 2020 წლის 20 სექტემბრამდე პაპას შვილიშვილთან  125 სექსუალური აქტი ჰქონოდა,  125 დღე ჰქონდა ურთიერთობა ანუ 125-ჯერ გააუპატიურეს. დადგენილია, რომ, სასამართლო გადაწყვეტილებით,  მამას უფლება ჰქონდა, მხოლოდ შაბათ-კვირას წამოეყვანა ბავშვები დედისგან. აქედან დროის უდიდესი ნაწილი ბავშვები იმყოფებოდნენ თბილისში მამასთან, ხოლო რამდენჯერმე, შეიძლება ყველაზე ბევრი ათჯერ, ბავშვები, მამა და მამის მეორე ცოლი ნამყოფი არიან პაპასთან სოფელში. ვეკითხები პროკურორს - 125 აქტი, როგორც ბავშვი ამბობს, ღამეში ერთხელ ხდებოდაო, რომ გავყოთ 125 ღამეა ხომ? 125 ღამე არის 125 დღე. 4 თვეა სულ და გამოდის, რომ აქაც იტყუება?! ფიზიკურად დედას მამისთვის ბავშვები ამდენჯერ არ გაუტანებია....

ასევე ბავშვი ჩვენებაში იყენებს ისეთ ლექსიკას, რომელიც მხოლოდ თინეიჯერებმა იციან და ამბობს: „პაპა ასე მომმართავდაო“... ეს არის ერთი „შოფერი“ გლეხი კაცი, 22 წლის ასაკში დაკარგა ფეხი მატარებელში. ინვალიდია მეორე ჯგუფის. ბავშვი ამბობს პაპაასე მეუბნებოდა - „პაპა მე შენ უკვე გაგჟიმე და არ თქვა არსად, თორემ შენც დაგიჭერენ და მეცო“. სიტყვა „გაგჟიმეს“ მნიშვნელობა იცის კი, არა პირველად გაიგო კაცმა. ბავშვი ამით ამართლებს ამდენხნიან დუმილს და  ამბობს,რომ მე ამას იმიტო ვმალავდი, რომ მეშინოდა მეც არ დავეჭირეო - პაპა მეუბნებოდა, რომ მეც დამიჭერენ, შენც დაგიჭერენ... თუ ამას სადმე იტყვი სანამ დამიჭერენ, შენ დებსაც ამას ვუზამო!

ავტორი: სალომე ნოზაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალი სკანდალური დასკვნა

როგორ ჩაშალა „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ თამბაქოს ინდუსტრიის მიერ დაფინანსებული ღონისძიება წინანდალში, რატომაა IQOS-ი ჩვეულებრივ სიგარეტზე საშიში და რას იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

რატომ დაინტერესდნენ სახელმწიფო აუდიტორები პედაგოგთა პროფესიული განვითარებით

თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ფოთის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა მოქმედ სტანდარტებს არ შეესაბამება!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი სკანდალური დასკვნა

2020 წელს მიღწეული შედეგების 23%-ში სისტემური ხასიათის ხარვეზებია!

„ვერსიის“ ექსპერიმენტი - რა ღირს 1 ლიტრი ზეთი ევროპასა და აშშ-ში

More Articles ...