ექსკლუზივი - „ამაღლებული განწყობით მივდივართ! არ ვფიქრობთ, რომ შეიძლება, სადმე ავფეთქდეთ...“- დომენიკ მანგოს ინიციატივით უკრაინაში საქართველოდან მოხალისეთა ჯგუფი მიემგზავრება

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

კუკური ბარამიძის (დომენიკ მანგოს) ინიციატივით, ამ წუთებში უკრაინაში საქართველოდან მოხალისეთა ჯგუფი მიემგზავრება. ავტობუსი უკვე ბათუმს უახლოვდება, სადაც ჯგუფს მოხალისეები შეემატებიან და უკრაინისკენ გაემგზავრებიან. „ვერსია“ დომენიკ მანგოს გზაში დაუკავშირდა, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

_ რამდენი ადამიანი ხარ მიემგზავრებით უკრაინაში?

_ 50 ვართ და კიდევ გვემატებიან გზაში ადამიანები.

_ სოციალურ ქსელში წერდით, რომ ზოგი საბრძოლველად მიდიხართ, ზოგი დასახმარებლად. როგორ გაქვთ ფუნქციები განაწილებული?

_ ზოგს აქვს გამოცდილება, ყოფილი მეომარია, ზოგი ლეიტენანტია. მე მაგალითად, არ მაქვს საბრძოლო გამოცდილება და ვაპირებ, რომ დაჭრილებთან ვიმუშავო. არიან გოგოები, რომლებიც გააკეთებენ საჭმელს, მოკლედ, კვალიფიკაციის მიხედვით გადავნაწილდებით.

_ ახლა სად იმყოფებით?

_ ახლა ბათუმს ვუახლოვდნებით, მოხალისეებს იქაც ჩავისვამთ და უკვე გავალთ ქვეყნიდან.

_ უკრაინაში შესვლის პრობლემა არ გექნებათ?

_ როგორც გავარკვიე, არანაირი პრობლემა არ გვექნება შესვლასთან დაკავშირებით.

_ მნიშვნელოვანია, ვინ დაგეხმარათ ფინანსურად იმისთვის, რომ მობილიზება გაგეკეთებინათ?

_ ხალხი და ავტობუსის კომპანია „ომნიბუსი“, რომელმაც მთელი მარშრუტი დაგვიფინანსა, გვერდში გვიდგას და უმნიშვნელოვანეს საქმეს გვიკეთებს, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა.

_ საინტერესოა, სპონტანურად მიიღეთ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება?

_ როცა გავრცელდა ის ვიდეო, ბავშვი რომ ველოსიპედით გამოდის ქუჩაში და ბომბი ვარდება, იმ მომენტში გავაცნობიერე, რატომ უნდა ვიჯდე სახლში კომფორტულად მოკალათებული, როცა შემიძლია, უკრაინის მოსახლეობას რაღაცით დავეხმარო-მეთქი. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ახლა ჩემთან ერთად არიან და ზუსტად იგივი სულისკვეთებით მოდიან უკრაინაში.

_ როგორც თქვით, ყოფილი სამხედროებიც არიან თქვენ შორის და ისინი ბრძოლას აპირებენ უკრაინაში...

_ რა თქმა უნდა, იარაღს დაიჭერენ და იბრძოლებენ, მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები არიან...

_ ამბობთ, რომ ხალხი დაგეხმარათ გამგზავრების ორგანიზებაში. რამდენად მასშტაბური იყო ხალხის მხარდაჭერა თქვენ მიმართ?

_ ძალიან დიდი. გუშინ, წასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დავაანონსე, გაგვაცილეთ-მეთქი და იმ მცირე ხანში შეიკრიბნენ ადამიანები, რომ გავეცილებინეთ. ფინანსური, მორალური მხარდაჭერა ვიგრძენით, ყველა რაღაცას გვთავაზობს.

_ განწყობა როგორი გაქვთ ახლა, როცა ომში მიემგზავრებით?

_ ძალიან ამაღლებული! საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება, სადმე ავფეთქდეთ მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, სადაც მივდივართ. ბედნიერები ვართ და ამაღლებული განწყობით მივემგზავრებით.

_ ღმერთი გფარავდეთ და მშვიდობით დაგვიბრუნდით!