რატომ დატოვა აზერ სულეიმანოვმა ნაციონალური მოძრაობა - სკანდალური გადაწყვეტილების ექსკლუზიური დეტალები

ექსკლუზივი
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აზერ სულეიმანოვმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ, თავად სულეიმანოვმა გაავრცელა, როდესაც სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ დროებით, პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს. მისი თქმით, ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა ამომრჩევლების შეხედულებები სათანადოდ არ შეაფასეს.

 

აზერ სულეიმანოვმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ოთხგზის დეპუტატი გახლდათ, ნაციონალური მოძრაობა დღეს, 3 აგვისტოს დატოვა. აი, რას წერს სულეიმანოვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე:

„ძვირფასო თანამემამულენო! თქვენ, მრავალი წლის განმავლობაში, ყოველ რთულ სიტუაციაში, ჩემთან ერთად იყავით და ყოველთვის გვერდში დამიდექით. სწორედ თქვენ, ყოველთვის ჩემი სიამაყის წყარო იყავით. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით! თუ კი რაიმე არასწორი ქმედებები მქონია თქვენს წინაშე, ამიტომ ბოდიშს გიხდით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ადვილი არ არის, დღეს მე უნდა მივიღო ძალიან რთული გადაწყვეტილება. მე ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომელთანაც მრავალი წელია, ერთად ვიყავი. ამის შემდეგ, მე დროებით შევაჩერებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ჩვენი მომსახურება და ამომრჩევლის შეხედულებები. ბოლო წლის მოვლენები კი ამის ნათელი მაგალითია.

პარტიაში ჩემი ბევრი მეგობრის პატივისცემის გამო, არ მინდა, რაიმე დეტალების გამჟღავნება. ვფიქრობ, ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენს წინაშე უსამართლობა იქნებოდა, თუკი გავაგრძელებდი ჩემს საქმიანობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიაში. უღრმესი მადლობა ყველას!“

მართალია, აზერ სულეიმანოვი პარტიის დატოვების რეალურ მიზეზებს არ ასახელებს, მაგრამ „ვერსიის“ კარგად ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, მას საამისოდ, რამდენიმე სერიოზული მიზეზი ჰქონდა. „ვერსიის“ კონფიდენტი წყაროს ცნობით, აზერ სულეიმანოვი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ჯერ კიდევ შარშან გაუნაწყენდა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, სულეიმანოვს ნაციონალური მოძრაობის სიის ათეულში უნდოდა მოხვედრა, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელებმა ჩააჩოჩეს და მის ნაცვლად, სიაში აბდულა ისმაილოვი შეიყვანეს, რომელთანაც აზერ სულეიმანოვს დიდი უთანხმოება ჰქონდა. წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, აზერ სულეიმანოვს მარნეულის საკრებულოს წევრობა და პარალელურად, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა სურდა, მაგრამ პარტიის ხელმძღვანელებმა ამაზეც უარი უთხრეს. სხვათა შორის, თუკი საკრებულოს წევრი გახდებოდა და იმავდროულად, ფრაქციასაც უხელმძღვანელებდა, სულეიმანოვის ხელფასი, დაახლოებით, 2 500 ლარი იქნებოდა. თუმცა, როგორც გითხარით, მას წელსაც უარი განუცხადეს და როგორც ჩანს, სულეიმანოვისთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა“, - გვიამბობს კონფიდენტი წყარო.

წყაროს ინფორმაციის გადამოწმება „ვერსიამ“ თავად აზერ სულეიმანოვთან სცადა, მაგრამ მრავალი მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ, კითხვებიც გავუგზავნეთ, თუმცა ამაოდ.

ახლა, ცოტა რამ, აზერ სულეიმანოვის შესახებ, რომელიც წლების მანძილზე, ნაციონალური მოძრაობის წევრი და საქართველოს პარლამენტის ოთხგზის დეპუტატი გახლდათ.

აზერ სულეიმანოვი 1967 წლის 27 ივლისს, მარნეულში დაიბადა. დაამთავრა აზერბაიჯანის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი. 1984-1991 წლებში, ცეკავშირის მარნეულის განყოფილების გასტრონომში მუშაობდა გამყიდველად; 1992-1994 წლებში, სხვადასხვა მაღაზიების გამგე იყო; 1995-1997 წლებში, მუშაობდა „მარნეულის სამომხმარებლო საზოგადოებაში“ ეკონომისტად; 1997 წელს, მუშაობა დაიწყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჯერ ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უფროსად; 1999 -2004 წლებში, საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი) იყო, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“; 2004-2008 წლებში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გახლდათ; 2008-2012 წლებში, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი) იყო საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“; 2012-2016 წლებში, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (მარნეულის მაჟორიტარი) გახლდათ საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“; 2016-2020 წლებში, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“, აზერ სულეიმანოვი მე-13 საარჩევნო ოლქის (მარნეულის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილი) მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. მან ხმების 38.89% (23 502 ხმა) მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა. 2021 წლის 3 აგვისტოს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.