პუტინმა სტივენ სიგალი "მეგობრობის ორდენით" დააჯილდოვა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა მსახიობმა სტივენ სიგალმა, რომელიც 2016 წლიდან რუსეთის მოქალაქეა, შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან "კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობის" გაღრმავებისთვის ჯილდო მიიღო. ვლადიმირ პუტინის ბრძანება რუსეთის სახელისუფლებო ვებგვერდზე 27 თებერვალს გამოქვეყნდა.

70 წლის ამერიკელი მსახიობი რუსეთის მოქალაქეა. 7 წლის წინ სტივენ სიგალს რუსული პასპორტი პირადად პრეზიდენტმა გადასცა. 2018-ში კი ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი გახდა შეერთებულ შტატებთან და იაპონიასთან ურთიერთობების მიმართულებით. მისი ოფიციალური მისია კულტურული კავშირების გაძლიერება და ერთმანეთთან ახალგაზრდა ხელოვანების დაკავშირებაა. კრემლის მტკიცებით, ის ამ საქმიანობას მოხალისეობრივად აგრძელებს და ანაზღაურებას არ იღებს.

17 თებერვალს სიგალი თავის უშუალო უფროსს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, შეხვდა. უწყებამ მაშინ დაწერა, რომ "მსოფლიოში გამწვავებული კონფრონტაციის გათვალისწინებით, ახლა განსაკუთრებით აუცილებელია არასამთავრობო დონეზე [ქვეყნებს შორის] კონტაქტის შენარჩუნება".

სიგალისა და პუტინის ურთიერთობის შესახებ მის მიერ მოქალაქეობის მიღებამდეც ცნობილი იყო. ორივე 1952 წელსაა დაბადებული და ორივეს აქვს შავი ქამარი იაპონურ საბრძოლო ხელოვნებებში. პუტინი ძიუდოს ოსტატია, სიგალი - აიკიდოს. მსახიობი მოქალაქეობის მიღებამდეც არაერთხელ იყო რუსეთში. ნამყოფია ანექსირებულ ყირიმში ბაიკერების ულტრამემარჯვენე ჯგუფთან, "ღამის მგლებთან" ერთად. მან ყირიმის ანექსიას "ძალიან გონივრული" უწოდა, შემდეგ კი, 2021 წელს, პროკრემლისტურ პარტიასაც შეუერთდა. გასულ ზაფხულს რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ესრუმრა და სეპარატისტ ლიდერებს შეხვდა. 2017 წელს უკეაინამ სტივენ სიგალს ქვეყანაში შესვლა "ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებით" ხუთი წლით აუკრძალა.

სიგალს მაყურებლები მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით იცნობენ. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია 1992 წლის Under Siege ("ალყაში"). ფილმში ის სამხედრო მზარეულის როლს ასრულებს, რომელიც ბირთვული რაკეტებით დატვირთულ ხომალდს გადაარჩენს ტერორისტებისგან. მისი ბოლო ფილმი 2019 წელს გამოვიდა. კინოპორტალ IMDB-ზე იგი შეფასებულია 3,7 ქულით, 10 შესაძლებლდან. მაყურებლების და კრიტიკოსების გული უკანასკნელ წლებში მისმა ვერცერთმა ფილმმა მოიგო. "სტივენ სიგალის ერთადერთი ადამიანური ქმედება ისაა, რომ დასავლეთში ფილმების გაკეთება შეწყვიტა", - დაწერა "ტვიტერზე" ამერიკელმა ისტორიკოსმა იან გარნერმა.