ყველაზე უცნაური მსოფლიო რეკორდები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად ყოველთვის არაა საჭირო იყო ყველაზე სწრაფი, მაღალი ან ძლიერი. ზოგჯერ საკმარისია, იყო მხოლოდ კრეატიული და დაუმტკიცო მსოფლიოს ის, რაც აქამდე ვერავინ მოიფიქრა. ამჯერად, სწორედ ასეთ რეკორდებს გთავაზობთ.

ანდრე ორტლოფი, გერმანიიდან, საკუთარ ჰობად ახალ-ახალი რეკოდების დამყარებას მიიჩნევს. მან უკვე გამოიჩინა თავი არაქისის პასტის ჭამით და  სირბილის დროს სვიტრების ჩაცმით. მისი მორიგი რეკორდი ჟელეს ჭამაშია - ერთ წუთში, ორტლოფმა 716 გრამი ეს ტკბილეული ისე შეჭამა, რომ ხელები არ გამოუყენებია.

გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა უნიტაზი, რომელიც აარუმ შუმ შექმნა. ის სხვებისგან, სულ ცოტა, მისი ფასით გამოირჩევა - უნიტაზი 40 ათასი ბრილიანტითაა მორთული, გარდა ამისა, ის ოქროსია და ტყვიაგაუმტარია. რისთვის? - სჯობს, არ იკითხოთ...

ჩინელი ბაი დენჩუნგი რეკორდების წიგნში მიზანში მოხვედრის უნარის წყალობით მოხვდა - მან ერთ წუთში 17 საზამთროს გაურჭო სათამაშო კარტი (ბანქო). კონკურსის ძირითადი პირობის თანახმად, ბანქო საზამთროში გარჭობილი უნდა დარჩენილიყო. ჩინელმა ამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

თურქ მეჰმეტ ოზიურეკს საერთოდ არაფრის გაკეთება დასჭირდა, რათა რეკორდსმენი გამხდარიყო - უბრალოდ, ყველაზე დიდი ცხვირით დაიბადა. მისი ყნოსვის ორგანოს რეკორდული სიგრძე 8.8 სანტიმეტრია. მებაღე ტონი გლოვერი კი რეკორდების წიგნში ხახვის წყალობით მოხვდა _ მისი მოყვანილი ერთი თავი ხახვის წონამ 8 კილოგრამი შეადგინა. ეს აბსოლუტური რეკორდია. 

ამერიკელი ჯონათან ლი რიჩარდსი, გენესის რეკორდების წიგნში სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობით მოხვდა - ერთი წლის განმავლობაში, მან თემიდას საჩივრით 4000-ჯერ მიმართა. იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც რიჩარდსი უჩიოდა, ბილ გეითსი და რომის პაპიც იყვნენ. აღსანიშნავია, რომ როცა ის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, ამის გამო მან წიგნსაც კი უჩივლა.