ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთ-ერთმა ინტერნეტ-პორტალმა პლანეტაზე არსებული ყველაზე საშიში ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ რეგიონებში ექსტრემის მოყვარულთაგან ყველაზე დიდ ავანტიურისტებსაც კი არ ურჩევენ მოგზაურობას, რადგან ეს ადგილები ძალიან საშიშადაა მიჩნეული. რეიტინგში პირველი ადგილი კუნძულ პამრის მიაკუთვნეს - ის აზიაში, ბირმის ნაპირების სიახლოვეს მდებარეობს. მსოფლიოში ყველაზე საშიშ ადგილზე ყველგან ჭაობებია, თანაც შენიღბული. გარდა ამისა, ჭაობები კაციჭამია ნიანგებითაა სავსე...

სიის მეორე ადგილზეა „სიკვდილის გზა“, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, ბოლივიაში მდებარეობს. ყოველწლიურად, ამ ადგილებში 200-300 ადამიანი მაინც კვდება. ძალიან ვიწრო გზაზე ერთი მანქანისთვისაც კი არ არის ადგილი. 1930 წელს, როცა ეს გზა გაიყვანეს, ფიქრობდნენ, რომ ბუნების სილამაზე და ტერასები ტურისტებს მიიზიდავდა, ასეცაა, ამ ადგილებს ბევრი მოგზაური სტუმრობს, თუმცა აქ გავლა ძალიან საშიშია - ან გადარჩები, ან გადაიჩეხები.

მესამე „საპატიო“ საფეხურზე აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მდებარე მანჩაკის ჭაობია. ის 1915 წელს, საშინელი ქარიშხლის შემდეგ წარმოიქმნა. ბევრ ადგილობრივს სჯერა, რომ მის გაჩენაში ვუდუს ჯადოქრების ხელი ურევია. ჭაობის გარშემო ისეთი საშინელი ხმები ისმის, რომ ადამიანს ძარღვებში სისხლი ეყინება. მეოთხე ადგილზეა აფრიკაში, ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე უდაბნო დანაკილი - ეს მართლაც ძალიან საშიში ადგილია, რომელსაც „ჯოჯოხეთს დედამიწაზე“ უწოდებენ. თავად განსაჯეთ - 50-გრადუსიანი სიცხე, თითქმის გამდნარი ქვები ფეხქვეშ და გავარვარებული ქვიშით სავსე ორმოები...

პლანეტის ყველაზე საშიში ადგილების ტოპ-ხუთეულს თურქმენეთში მდებარე უზარმაზარი, გიგანტური გაზის კრატერი ასრულებს. აქაურები მას „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ უწოდებენ. კრატერი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის მავნე აირებს გამოყოფს. ერთხელ გეოლოგებმა სცადეს მისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ და ამგვარად გაენეიტრალებინათ, მაგრამ შეცდომა დაუშვეს. მცდელობისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, კრატერი კი დღემდე ბოლავს და წამლავს იქაურობას.