სკანდალის მოლოდინში - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, შესაძლოა, გენერალურ პროკურატურაში დაიბარონ

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

  

თაღლითობის რა ფაქტები გამოვლინდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში

 

მაკა რუხაძე

 

გამორიცხული არ არის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (ა/რ) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე გენერალურ პროკურატურაში დაიბარონ. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა სკანდალური დასკვნა, რომელიც სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურას - საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020-2021 წლების საქმიანობას ეხება. გარდა იმისა, რომ აუდიტის შედეგად უამრავი დარღვევა გამოვლინდა, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის - თაღლითობის ფაქტებიც. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის ეს ანგარიში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადაიგზავნება!

 

ხარვეზები ბიუჯეტის შესრულებაში

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში, 2020-2021 წლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს აუთვისებელი დარჩა 5 584 148 ლარი, რაც სახელმწიფო მაკონტროლებლების მტკიცებით, განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებში შეუსრულებლობით (სამუშაოების შესრულების დაყოვნება მნიშვნელოვნად გამოწვეულია კორონავირუსის - COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით), ასევე რიგი შესყიდვების პროცედურების დაგვიანებით დაწყებით და შესყიდვების უარყოფითი შედეგით დასრულებით.

მიმწოდებელი კომპანიების ნაწილმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში სამუშაოების დასრულება, ასევე, ღონისძიებების ნაწილში, შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზისა და ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაგვიანებით წარმოდგენის გამო, ვერ განხორციელდა ანაზღაურება - 3 664 300 ლარის ოდენობით. დარღვევების მაგალითებია: შუახევის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები - ღირებულებით, 1 638 883.57 ლარი, ქედის მუნიციპალიტეტში - 1 291 760 ლარი, ხულოს მუნიციპალიტეტში - 3 182 052 ლარი. ზემოთ აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დაჯარიმდნენ, ხოლო ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 2 584 995 ლარი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო მაკონტროლებლების მტკიცებით, ცალკეულ შემთხვევებში, ვერ მოხერხდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება ან ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით. მაგალითად, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ, ახალი გზის მშენებლობის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაცია მიწოდებულ იქნა დაგვიანებით. 2021 წელს, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 500 000 ლარი, თუმცა პროექტის დაგვიანებით მომზადებისა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის არსებობის გამო, დეპარტამენტმა მესამე კვარტალში უკვე იცოდა, რომ სამუშაოების შესყიდვის პროცედურები ვერ დაიწყებოდა მიმდინარე წელს, თუმცა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების დაზუსტება და სხვა პროექტებზე გადანაწილება არ უზრუნველჰყო. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის გზაზე ნაპირსამაგრი ნაგებობით ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობისა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარაპეტის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დასრულდა უარყოფითი შედეგებით, შესაბამისად, 340 000 ლარი ვერ აითვისეს.

„გარდა ამისა, „საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამაში, 2020-2021 წლებში, აუთვისებელი დარჩა 4 730 908 ლარი. მოპოვებული ინფორმაციით, აუთვისებლობის მთავარი მიზეზი იყო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გამოუყენებლობ, ასევე, შემსრულებლების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობ და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი. კერძოდ, 2021 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი იყო 850 000 ლარის ღირებულების სპეცტექნიკის შეძენა, რომლის შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 2021 წლის 21 სექტემბერს დასრულდა უარყოფითი შედეგით. დარჩენილ პერიოდში აღარ გამოცხადებულა ახალი ტენდერი.

აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ სამშენებლო და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 910 000 ლარის საზედამხედველო სამუშაოების შესყიდვა, საიდანაც აითვისეს 277 867 ლარი. ეს განპირობებულია იმით, რომ ცალკეულ შემთხვევებში, გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი ვერ გამოაცხადეს. გარდა ამისა, მიმწოდებელი კომპანიების ნაწილმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში სამუშაოების დასრულება. შესაბამისად, შეფერხდა საზედამხედველო სამუშაოებიც და ვერ იქნა ათვისებული ბიუჯეტით გამოყოფილი თანხები.

ჯამში, 283 405 ლარის აუთვისებლობა გამოწვეულია იმით, რომ ბეტონის შესყიდვასთან დაკავშირებით, კომპანიებმა დროულად არ წარმოადგინეს ლაბორატორიული დასკვნები, რამაც შეაფერხა ანგარიშსწორების პროცედურები, ხოლო ერთ-ერთმა კომპანიამ ვერ მოახერხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მზა ბეტონის სრულად მიწოდება, რის გამოც შეწყდა ხელშეკრულება. 2020-2021 წლებში, დეპარტამენტს ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 12 231 675 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბიუჯეტის დროული დაზუსტება და თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება, ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე“.

 

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დეპარტამენტში, 2020 წელს, დასაქმებული იყო 63 საჯარო მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გადახდილია 987 257 ლარი, ხოლო 2021 წელს დასაქმებული იყო 60 საჯარო მოსამსახურე და მათმა ანაზღაურებამ შეადგინა 953 693 ლარი. გარდა აპარატში დასაქმებული პირებისა, „საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 2020-2021 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა მერყეობდა 442-458 ადამიანს შორის, რომელთა შრომის ანაზღაურებამ, 2020 წელს - 2 470 640 ლარი, ხოლო 2021 წელს - 2 665 563 ლარი შეადგინა.

შრომის ანაზღაურების შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2020 წელს, „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში, შრომის ანაზღაურება გაცემულია ფიზიკურ პირზე, რომელიც არ იყო დეპარტამენტის თანამშრომელი, შესაბამისად, გადარიცხვის საფუძვლები არ არის ავთენტური. აღნიშნულ ჩარიცხვებს ახორციელებდა გადარიცხვებზე პასუხისმგებელი პირი, საფინანსო საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი, საკუთარ ანგარიშზე. ჯამში ჩარიცხულ იქნა 4 800 ლარი, რომელიც ზედმეტად გადახდილი თანხაა და შეიცავს თაღლითობის რისკებს (?!). ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა 2019 წელსაც, თუმცა ამ შემთხვევაში, პირთან არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებული პირის ანაზღაურება გაცემულია ორჯერ, ჯამში - 880 ლარი და რომელიც ჩარიცხულია ზემოთ აღნიშნული პირის ანგარიშზე. ამრიგად, ჯამში განხორციელებულია 13 საეჭვო ტრანზაქცია, რომელთა საფუძველზე გადარიცხულია 5 680 ლარი.

გარდა ამისა, აუდიტორული პროცედურების დროს გამოვლინდა 24 ანგარიშის ნომერი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობისას უკვე გაუქმებული იყო, ასევე, დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი აღარ მუშაობს დეპარტამენტში. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაფერისი რწმუნება აღნიშნული ანგარიშების მფლობელების შესახებ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან - 5 680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე!

 

არათანაბარი კონკურენცია შესყიდვებში

აუდიტორებმა დარღვევები სახელმწიფო შესყიდვებშიც გამოავლინეს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, 2020-2021 წლებში, შესყიდვების განხორციელებისას გამოვლინდა პრეტენდენტთა მიმართ არათანაბარი მიდგომები. კერძოდ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილია, რომ პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს თანამედროვე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისი მანქანა-მექანიზმები, რომელთა საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს სარეგისტრაციო მოწმობის ასლები, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, როგორც შესაბამისი ხელშეკრულებების, ასევე, სარეგისტრაციო მოწმობების ასლებიც.

უმცირესი ფასის - 109 777 ლარის წარმომდგენი პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია, რადგან პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მეიჯარე იღებს ვალდებულებას, მის საკუთრებაში არსებული მანქანით შეასრულოს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამუშაო. სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ რადგან აღნიშნული ხელშეკრულებით ტექნიკის გამოყენების არეალი არ სცდებოდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიას და სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებდა სატენდერო წინადადების მოთხოვნებს და მას დისკვალიფიკაცია მისცა. შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა 28 162 ლარით მეტი, უმაღლესი ფასის - 137 939 ლარის წარმომდგენი პრეტენდენტი.

ანალოგიური შემთხვევა იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისას, რა დროსაც დეპარტამენტმა მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება. კერძოდ, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა წარადგინა იჯარის ხელშეკრულება, სადაც ავტოამწის გამოყენების არეალად მითითებულია ქალაქ ბათუმის ტერიტორია. სატენდერო კომისიას მისი დისკვალიფიკაციის საკითხი არ განუხილავს მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და გამარჯვებულთან გააფორმა 37 747 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების თანახმად, შესყიდვაში მონაწილე პირმა უნდა წარადგინოს მანქანა-მექანიზმების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, საკუთრების შემთხვევაში - მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობის ასლები, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, როგორც შესაბამისი ხელშეკრულებები, სადაც მითითებული იქნება ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ასევე, სარეგისტრაციო მოწმობების ასლებიც. გამოცხადებულ სამ ელექტრობულ ტენდერში, სატენდერო წინადადებაში არსებული მოთხოვნის მიუხედავად, გამარჯვებულად გამოცხადდნენ პრეტედენტები, რომელთაც არ აქვთ წარდგენილი მანქანა-მექანიზმების სარეგისტრაციო მოწმობების ასლები. ამასთან, ერთ შემთხვევაში წარდგენილია აუდიტორული დასკვნა, რომლითაც ვერ დგინდება მანქანა-მექანიზმების იჯარით სარგებლობის ხელშეკრულების ვადა, რაც აუცილებელი მოთხოვნა იყო. მიუხედავად დისკვალიფიკაციის საფუძვლებისა, პრეტენდენტები გამოცხადდნენ გამარჯვებულად და გაფორმდა 811 849 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2020-2021 წლებში, დეპარტამენტმა გზებისა და გზებზე ხელოვნური ნაგებობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, გამოაცხადა ოთხი ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტს მოეთხოვებოდა ანალოგიური სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, მათ შორის, 400 000 ლარი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში. ოთხი შესყიდვიდან ერთ შემთხვევაში, გამარჯვებული გამოვლინდა შპს „პროჯეკტ კომპანი“, ხოლო დანარჩენში - შპს „გზაპროექტი“. იმ შესყიდვებში, სადაც მოთხოვნილია 400 000-ლარიანი გამოცდილება, შესყიდვები მიმდინარეობდა მინიმალური კონკურენციით, სადაც უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა დაზუსტებული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო. პირველი შესყიდვის დროს შედგა კონკურენცია და სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით 29%-ით (98 364 ლარი) დაიკლო სახელშეკრულებო ღირებულებამ. მიუხედავად დადებითი გამოცდილებისა, შემდგომი შესყიდვებისათვის პრეტენდეტებისათვის დაემატა მოთხოვნა - ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, 400 000 ლარის ღირებულების გამოცდილების თაობაზე. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, შპს „გზაპროექტს“ გააჩნდა მსგავსი გამოცდილება 2019 წელს, დეპარტამენტთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ღირებულება მერყეობს 140 000-დან 350 000 ლარამდე, იგივე მოთხოვნებია განსაზღვრული, რაც 2 000 000-დან 4 000 000 ლარამდე სამუშაოებისათვის (?!). შედეგად, იმარჯვებენ ერთი და იგივე კომპანიები. ამასთან, შესაძლებელია, არსებობდნენ სხვა კომპანიები, სამუშაოს შესრულების დიდი გამოცდილებით, მაგრამ სპეციალური მანქანების საკუთრებაში არქონის გამო, ვერ მონაწილეობდნენ დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში. გარდა ამისა, კომპანიების მიერ წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ეტაპზე არ იყენებენ სატენდერო წინადადებაში მითითებულ ტექნიკას, ხოლო ზოგიერთი ტექნიკა საკმაოდ მოძველებულია, ამიტომ სპეციალური ტექნიკის საკუთრება არ ნიშნავს იმას, რომ ის გამართულია და მას იყენებენ.

სატენდერო დოკუმენტაციაში, ზოგ შემთხვევაში, მითითებულია მანქანა-მექანიზმების ზუსტი მახასიათებლები, რაც შემზღუდველი გარემოებაა. მაგალითად, საავტომობილო გზა „შუახევი-ჩირუხის“ მონაკვეთებზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში, ერთ შემთხვევაში მოთხოვნილია სამი ექსკავატორი კონკრეტული მახასიათებლებით, ხოლო მეორე შემთხვევაში - არა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ტენდერში მონაწილეობდნენ დეპარტამენტის შესყიდვებში აქტიური პრეტენდენტები, მსგავსი მოთხოვნების განსაზღვრა ხელს უშლის ჯანსაღ კონკურენციას.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ პრეტენდენტთა შერჩევის ეტაპზე არსებული ხარვეზების მიუხედავად, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გააფორმა 987 535 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, სატენდერო დოკუმენტაციაში დაუსაბუთებელი მოთხოვნების არსებობა წარმოშობს შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტებზე მისადაგებისა და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.