რატომ გაძვირდა თბილისში უძრავი ქონება და უნდა ველოდოთ თუ არა ფასის დასტაბილურებას ახლო მომავალში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რომელიც აპრილის ბოლოს გამოქვეყნდა, 2022 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასები 3,4%-ით არის გაზრდილი.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — კერძო სახლებზე 1%-ით, ხოლო ბინებზე 4,5%-ით.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში როგორც ახლად აშენებული ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტში, ყველაზე ძვირად მთაწმინდის უბანში არსებული უძრავი ქონება ფასობდა.

ახალაშენებული ბინების სეგმენტში თბილისის უბნების მიხედვით, კვადრატული მეტრის ფასები ასე ნაწილდება: მთაწმინდა – 4,458 ლარი; ვაკე – 3,690 ლარი; კრწანისი – 3,143 ლარი; საბურთალო – 3,072 ლარი; ჩუღურეთი – 3,030 ლარი; დიდუბე – 2,980 ლარი; ნაძალადევი – 2,809 ლარი; ისანი – 2,665 ლარი; გლდანი – 2,619 ლარი; სამგორი – 2,482 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლი, მწვანე კარკასის მდგომარეობით, საშუალოდ 3 077 ლარი, თეთრი კარკასით — 2 664, ხოლო შავი კარკასით — 2 280 ლარი ღირდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ინდექსის ზრდასა და კლებაზე, სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც ახდენს გავლენას, რადგან RPPI ეროვნულ ვალუტაშია დათვლილი. როდესაც ლარი უფასურდება, ეს ინდექსის ზრდას იწვევს, ხოლო როდესაც მყარდება — პირიქით.

აღსანიშნავია, რომ RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

  თუმცა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფასი გაზრდილია ძველ აშენებულ კორპუსებზეც. უძრავი ქონების ფასის ზრდას ძირითადად სამშენებლო მასალების და სხვადასხვა სერვისის გაძვირება განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ყიდვა-გაყიდვაზე მკვეთრად არ გაზრდილა და გასაყიდი ბინების თუ კერძო სახლების რაოდენობა უამრავია, ფასის ზრდის ტენდენცია კვლავ მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ ბინების ფასი გარკვეული პერიოდის შემდეგ დასტაბილურდება, თუმცა, ეს ქვეყნის და ასევე მსოფლიო ბაზრის ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებაზეა დამოკიდებული. ქონების შესყიდვის სიხშირეზე და მოთხოვნაზე დაკვირვებით, შედარებით სწრაფად იყიდება მცირე ფართიანი საცხოვრებელი ბინები და კერძო სახლები.

ყიდვა-გაყიდვის ფასის ზრდასთან შედარებით, მწვავე პრობლემას წარმოადგენს ქირის ფასის ზრდა, რასაც ხელი შეუწყო რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების შემოსვლამ. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გაიზარდა მოთხოვნა და აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ქართველ გამქირავებლებს შედარებით მაღალ თანხას სთავაზობდნენ, ვიდრე ქართველები.

გუშინ, პირველ მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში გადატანა გააპროტესტეს. მიზეზი კი თბილისში ბინების ქირის გაძვირება გახლდათ. სტუდენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ბინებს ვერ ქირაობენ.

როგორც ჩანს, ბინების ქირის ფასის მცირედით დაწევა და დასტაბილურება უახლოეს მომავალში მოხდება, რადგან გაძვირებიდან გამომდინარე, ქართველი დამქირავებლის მხრიდან მოთხოვნა შემცირდება. თუმცა, ყიდვა-გაყიდვის ფასების შემცირების პერსპექტივა ახლო მომავალში, სამწუხაროდ, არ შეინიშნება.