გიორგი აბაშიშვილი ინფლაციის დონის შემცირებას აანონსებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„რუსეთის უკრაინაში შეჭრით, მსოფლიო ეკონომიკაში სრულებით ახალ არქიტექტურას მივიღებთ“... 

„მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ინფლაცია და გაზრდილი ფასები. ჩვენ, ყველა, დაინტერესებულნი ვართ, რომ რაც შეიძლება, შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც ამ კრიზისებიდან გამომდინარეობს.

ზოგადად, ინფლაციას როცა ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ კოვიდპანდემიით გამოწეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში, არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ში, 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა. ჩვენს ქვეყანაში, როგორც მთელ მსოფლიოში, გამოწვევაა ინფლაცია და ბუნებრივია, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. გამორიცხულია, რომ გამონაკლისი იყოს, რადგან პატარა ქვეყანა ვართ - პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც აშშ-სა და ევროპაში ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია - ომი უკრაინაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ასეთი მასშტაბის ომი არ ყოფილა. ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება ყველასა და ყველაფერზე, მათ შორის, ფასებსა და ეკონომიკაზე. ამიტომ, ამას კარგად გააზრება და ჩვენი მოქალაქეებისთვის კარგად ახსნა სჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავთ, როდესაც ინფლაციასა პროდუქტების გაძვირებაზე საუბრობენ.

პრემიერის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გაზი გაცილებით იაფია, ცხადია, ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის შემდეგ. „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებს „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი და „ჯეოქეისის“ მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, გიორგი აბაშიშვილი აფასებს:

 

- ბატონო გიორგი, საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ ამშვიდებს ის ფაქტი, რომ გერმანიასა და აშშ-ში ინფლაციის მაღალი დონეა, მას საკუთარი მძიმე მდგომარეობა აღელვებს, რადგან გაძვირებული პროდუქტების შეძენა აღარ შეუძლია, არ მეთანხმებით?

- პირველ რიგში, როდესაც ინფლაციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ერთ მთავარ ფაქტორს - ინფლაციის ზემოქმედება განსაკუთრებით მძიმეა იმ ქვეყანასა და საზოგადოებაში, რომელიც დაბალშემოსავლიანია. როგორც წესი, მოსახლეობის ცხოვრების დონის ერთ-ერთი საზომი საშუალებაა, რამდენს ხარჯავს ესა თუ ის ოჯახი საკვებ პროდუქტებზე. ითვლება, რომ რაც უფრო ცოტა აქვს ადამიანს შემოსავალი, პროცენტულად, მით უფრო მეტს ხარჯავს საკვებ პროდუქტზე. რა თქმა უნდა, თანაბრად მძიმეა ინფლაცია და გაძვირებული ფასები ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით მძიმედ, ეს დაბალშემოსავლიან ოჯახებს ეხება. სამწუხაროდ, საქართველო იმ ქვეყნების სიაშია, რომლებიც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების მიხედვით, მაღალი შემოსავლებით არ გამოირჩევიან, ამიტომ საქართველოსთვის მტკივნეულია ფასების ცვლილება.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილმა გამოცემამ - „ეკონომისტმა“, საკვები პროდუქტების ფასების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ბოლო წლებში, როგორც არასდროს (სწორედ, ეს ტერმინია გამოყენებული ანალიზში), საკვებ პროდუქტებზე გაზრდილია ფასები, განსაკუთრებით, მარტში - ომის შემდგომ პერიოდში. საქართველოში, რომლის ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორები - უკრაინა და რუსეთი ომში არიან ჩართულნი და რომელიც იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, ცხადია, როდესაც მთელ მსოფლიოში პროდუქტები ძვირდება, გადმოცემის ეფექტი მყისიერი ანუ უსწრაფესი იქნება. ეს იმიტომ, რომ შემომტანი მაშინვე იწყებს ფიქრს - თუ ახლა, მის მიერ იმპორტირებული პროდუქცია ძვირად არ გაყიდა, მერე უცხოეთიდან ახალ იმპორტს ვეღარ შემოიტანს.

გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით გაძვირდა სამომხმარებლო პროდუქტები, მათ შორის, საკვები პროდუქტები, ასევე ენერგორესურსები და საცხოვრებელი ხარჯები. ცხადია, ყველაფერი ეს, სხვადასხვა ქვეყანაზე სხვადასხვაგვარად აისახება. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეულ ბალანსს ახერხებს - სხვადასხვა ტიპის ბუფერების გამოყენებით, ზოგიერთი ქვეყანა - ვერა. ამასთან, ნავთობის ფასს, როგორც მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტისა, გადამდები ეფექტი აქვს სხვა პროდუქტების ფასებზეც. ბოლო დროს, მათ შორის, გასული კვირის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებებით ირკვევა, რომ ამერიკამ გახსნა საკუთარი რეზერვები, მეორე მხრივ კი პარტნიორები მილიონობით ბარელ ნავთობს მიაწვდიან მსოფლიო ბაზარს და ეს დამაიმედებელია ნავთობის გაიაფების თვალსაზრისით.

იმედი ვიქონიოთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, მსოფლიო ბაზარზე არა მხოლოდ ნავთობი, არამედ, სხვა პროდუქტებიც გაიაფდება. ფაქტია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მსოფლიოს დაანახა, რამდენად მოუმზადებელი იყო მსგავსი ტიპის ტურბულენციისგან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ომის დასრულების ვადებსაც რომ თავი დავანებოთ, ერთი რამ ცხადზე ცხადია - მსოფლიო ეკონომიკაში სრულებით ახალ არქიტექტურას მივიღებთ.

- რას გულისხმობთ მსოფლიო ეკონომიკის ახალ არქიტექტურაში?

- ახალ წყობას, ახალ ფასებს, ახალ სავაჭრო პარტნიორებს. რუსეთი ბევრი კუთხით გამოეთიშება გლობალურ ეკონომიკას და სხვა მიმართულებებით გადაერთვება. ამავდროულად, მნიშვნელოვნად შეიცვლება მიწოდების ჯაჭვები ანუ ლოგისტიკური პროცესები და ტრანზიტი გადანაწილდება სხვაგვარად. გარკვეული პერიოდის მანძილზე, ფასების ტურბულენცია გვექნება, მაგრამ მსოფლიო გლობალური ფასები სრულებით ახალ წონასწორულ მაჩვენებლებზე გადავა. თუ რა იქნება ეს წონასწორობები, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, როდესაც ახალი ლოგისტიკური სქემები დალაგდება და ახალი სავაჭრო პარტნიორული ბლოკები ჩამოყალიბდება. ფაქტია, რომ ამას ვერ გავექცევით, რადგან რუსეთს ევროკავშირის ბაზარზე დიდი დოზით აღარ დააბრუნებენ. ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის გადართვას აზიის მიმართულებაზე, მეორე მხრივ, აზიის პროდუქციის დიდი ნაწილი უფრო აქტიურად მოხვდება ევროპაში, ვფიქრობ, ჩინეთი უფრო მეტად გააქტიურდება ევროპის მიმართულებით. შესაბამისად, სრულად შეიცვლება გლობალური ეკონომიკის არქიტექტურა და ცხადია, საფასო პოლიტიკაც.

- განვაგრძობ თქვენს მსჯელობას, მას შემდეგ, რაც მძიმე ფინანსური სანქციები დაუწესეს რუსეთს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, კანადამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მზადაა, მსოფლიოს ნავთობი მიაწოდოს. მსოფლიოს ახალი ეკონომიკური არქიტექტურის კონტექსტში, ნიშნავს თუ არა კანადის ეს განცხადება იმას, რომ ნელ-ნელა რუსეთი ჩანაცვლდეს?

- კი, ბატონო, ამას ნამდვილად ვისურვებდი და საბოლოოდ, ასეც იქნება. შეუძლებელია, რუსეთი იმ დოზით და იმ მნიშვნელობით დაბრუნდეს მსოფლიო ეკონომიკაში, როგორიც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო! ყველაზე გვიან, მიმდინარე წლის ბოლოდან, რუსეთი ვეღარასდროს იქნება ევროკავშირის მთავარი მომმარაგებელი ნავთობპროდუქტებთან და ბუნებრივ აირთან მიმართებაში. ძალიან კარგია, რომ რუსეთი დიდი წარმატებით გამოეთიშა დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ბაზრებს, მაგრამ აუცილებლად გამოეთიშება ევროკავშირის ბაზარსაც. პუტინის სიცოცხლეში, რუსეთს არავინ და არასდროს არ დააბრუნებს ევროპულ ბაზარზე იმდენად, რომ მას მცირედი შანტაჟის ელემენტები დაუტოვონ, რადგან ევროკავშირის ყველა ქვეყანა დარწმუნდა - რუსეთის ნდობა არ შეიძლება! მაგალითად, ახლა, იტალია ცდილობს, ბუნებრივი აირი ალჟირიდან მიიღოს და სწორედ ესაა მანქანა, რომელიც დაიქოქა და მას ვეღარაფერი გააჩერებს - ევროკავშირის ბაზარი ალტერნატივებით დაბალანსდება.

- ბატონო გიორგი, პროგნოზების ნაწილში, პოლიტიკის ექსპერტებისგან განსხვავებით, ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები ბევრად მომგებიან პოზიციაში ხართ, რადგან თუ პოლიტიკოსების ქმედების წინასწარ განსაზღვრა ძნელია, ეკონომიკური პროგნოზი არც ისე რთულია - უკვე არსებულ ციფრებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მსჯელობთ. აქედან გამომდინარე, რამდენ ხანს გაგრძელდება ინფლაცია, მით უფრო ახლა, როდესაც ორწლიან პანდემიას რუსეთის უკრაინაში შეჭრაც დაემატა?

- ჩემი პროგნოზი რა მოსატანია მაშინ, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს ვეყრდნობი. მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის შემდგომი პერიოდიდან გამოსვლასა და დანაკარგების აღდგენას იწყებდნენ, მაგრამ ზუსტად ამ დროს დაიწყო ომი უკრაინაში. ომამდე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს - სსფ-ს, „იბიარდსა“ და „აზიის განვითარების ბანკს“ სრულიად სხვა პროგნოზები ჰქონდათ, ახლა უკვე, მთელ მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოში, ეკონომიკური ზრდის შემდგომი პროგნოზები გადაიხედა და შემცირდა. „იბიარდის“ კვლევები რომ ავიღოთ, ნოემბერთან შედარებით, პროგნოზები შემცირებულია. ცხადია, ეს ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს, მაგრამ რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებსა და გლობალურ ბაზარზე არსებულ ფასებს, ნავთობთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ფასები აუცილებლად შემცირდება.

საქართველოშიც, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწყებს კლებას, მათ შორის, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ტრადიციული, სეზონური პერიოდი, როდესაც ჩვენს ბაზარზე გამოჩნდება ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა პროდუქცია, კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქტები. შესაძლოა, ეს პროდუქტები წელს უფრო გაძვირებული იყოს, მაგრამ ახლანდელი, საერთო ინფლაციური მაჩვენებელი შემცირდება. შემდგომი პროგრესი, როგორ გაგრძელდება კლება და მოხერხდება თუ არა უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, დამოკიდებულია კონფლიქტის მიმდინარეობის ხანგრძლივობაზე. ცხადია, თუ კონფლიქტმა მძიმე ფორმები მიიღო, გასაგებია, რომ ყველა პროგნოზი ახლიდან იქნება გადასახედი, მაგრამ თუ ვითარება მეტ-ნაკლები სტაბილიზაციისკენ წავა, შესაძლებელია, ვაჭრობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს. ამდენად, აღარ ველი, რომ ფასების ზრდა დრამატულად გაგრძელდება.

- სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც „ვერსიაში“ ვრცლად გამოვაქვეყნეთ, უკრაინიდან და რუსეთიდან იდენტური სახის პროდუქტები შემოდის, ძირითად, რძე და რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, სამშენებლო მასალები. რამდენად შესაძლებელია, რომ რუსული პროდუქცია აბსოლუტურად ჩანაცვლდეს უკრაინულით და არა მარტო საქართველოში, არამედ, ევროპის ქვეყნებშიც?

- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ როგორც არ უნდა გამაგრდეს რუსეთი დონბასის მიმართულებით და დაიწყოს ახალი პროვოკაციები, უკრაინის აღდგენა შეუქცევადი პროცესია. დიდი ბრიტანეთის პრემიერის, ბორის ჯონსონის უკრაინაში ვიზიტი და მაღალი რანგის ვიზიტები კიევში ნიშნავს, რომ უკრაინის დედაქალაქი განთავისუფლებულია ოკუპანტენისგან. ვფიქრობ, უკრაინის შეიარაღების პარალელურად, ამ ქვეყნის აღდგენა დაიწყება, რაც შეუქცევადი პროცესია. შესაბამისად, უკრაინა ძალიან სწრაფად ჩაერთვება მსოფლიო ეკონომიკის ჯაჭვში, მათ შორის, როგორც მიმწოდებელი - ამ ქვეყანას ამის უდიდესი პოტენციალი აქვს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიწოდების ჯაჭვებით. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, უკრაინა შეძლებს არა მხოლოდ საკუთარი პოზიციების დაბრუნებას, არამედ, კიდევ უფრო მეტად გამყარებასაც. ამ მხრივ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მაღალი დონის ვიზიტები კიევში, სწორედ ამას მოწმობს. გარდა ამისა, ძალიან დიდ სივრცეს ვხედავ ჩვენი და უკრაინის ერთობლივი ვაჭრობისა და მოლდოვასთან ერთად, სამივე ქვეყნის ძლიერ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში.